მთავარი,სიახლეები

7 ვაკანსია აჭარის განათლების სამინისტროსა და ახალგაზრდულ ცენტრში

10.10.2019
7 ვაკანსია აჭარის განათლების სამინისტროსა და ახალგაზრდულ ცენტრში

აჭარის ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში  ხუთი ვაკანტური ადგილის შესავსებად კონკურსი გამოაცხადეს, მათ შორის ისევ არ არის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია. ამ თანამდებობაზე დავით მიქელაძე მოვალეობის შემსრულებლად რჩება.

ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე  აჭარის მთავრობას კონკურსი ერთხელ უკვე გამოცხადებული ჰქონდა, თუმცა განათლების ახალი მინისტრის, მაია ხაჯიშვილის დანიშვნის შემდეგ, კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადეს. როგორც  მინისტრმა მოგვიანებით ახსნა, მიზეზი კვალიფიკაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები იყო, მან კონკურსით გათვალისწინებული მოთხოვნები არასაკმარისად მიიჩნია.

ხუთივე თანამდებობაზე საკონკურსო მოთხოვნებშია  უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, ინგლისური ენის ბ1- დონეზე ფლობა და სამუშაო გამოცდილება.

ხუთი საკონკურსო თანამდებობიდან ოთხზე სახელფასო სარგოდ 1400 ლარია მითითებული, გამონაკლისია მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა, სადაც სახელფასო სარგოს სახით 2300 ლარია მითითებული, ამ შემთხვევაში განსხვავებულია მოთხოვნებიც. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს მუშაობის სამწლიანი გამოცდილება და იურისტის ან ფინანსისტის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

კონკურსი გამოცხადებულია ასევე ინტელექტუალურ-კულტურული და საერთაშორისო პროექტების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, ამ თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილებით.

კონკურსანტი უნდა ფლობდეს ასევე კომპიუტერულ პროგრამებსა და ინგლისურ ენას [ბ1 დონე]. ამ თანამდებობაზე დასაქმებულის ხელფასი 1400 ლარი იქნება.

კონკურსი გამოცხადებულია ასევე შემეცნებითი და გასართობი პროექტების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსის სპეციალისტის თანამდებობაზე, საკონკურსო მოთხოვნები და განსაზღვრული სახელფასო სარგო იდენტურია.

ახალგაზრდულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა ასევე  ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილების  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის [ბუღალტერი] შესარჩევად. ამ შემთხვევაში კონკურსანტი უნდა ფლობდეს ეკონომისტის კვალიფიკაციას. გარდა ამისა, საკონკურსო პირობა 2-წლიან სამუშაო გამოცდილებას ითხოვს. სახელფასო სარგო ამ თანამდებობაზეც იდენტურია.

საკონკურსო პირობები იდენტურია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზეც [საქმისმწარმოებელი].

აჭარის საარქივო სამმართველოში ორ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადებული აქვს აჭარის განათლების სამინისტროსაც. [ ეს უწყება განათლების სამინისტროს ექვემდებარება]

კონკურსი გამოცხადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა  [რედაქტორი] და დაკომპლექტებისა და დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობებზე. პირველ შემთხვევაში ხელფასი 1500 ლარი, მეორე შემთხვევაში კი – 1400 ლარია.

ახალგაზრდულ ცენტრში სულ 25 შტატია გათვალისწინებული.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: