მთავარი,სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 39.79%-ით გაიზარდა, ბათუმში – 2.01%-ით

10.10.2019 • 1290
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 39.79%-ით გაიზარდა, ბათუმში – 2.01%-ით

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 139 955 მგზავრს მოემსახურა.

სააგენტოს ცნობით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 5.40%-ით არის გაზრდილი. დაფიქსირებული მაჩვენებელი დაახლოებით 9-10%-ით ჩამორჩება სააგენტოს საპროგნოზო მონაცემებს მოცემული პერიოდისთვის, რაც, სააგენტოს განცხადებით, 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება.

მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ასე ნაწილდება:

[checklist]

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ცხრა თვეში 2 971 398 მგზავრს მოემსახურა, რაც 0.68%-ით (20 180 მგზავრით) მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკაზე.
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 524 068 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 2.01%-ით (10 336 მგზავრით) მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლებზე.
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გადაყვანილ იქნა 629 618 მგზავრი, სულ 179 201 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. ამ აეროპორტში მგზავრთნაკადი 39.79%-ით გაიზარდა.

[/checklist]

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 6 497 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 093 მგზავრით, შესაბამისად 20.23%-ით მეტია ვიდრე გასულ ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ ცხრა თვეში 1 519 მგზავრი მიიღო, რაც 193 მგზავრით მეტია (15%) ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მგზავრების რაოდენობა.

სააგენტოს ცნობით, 2019 წლის განვლილი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 512 რეისით მეტი განხორციელდა, ვიდრე გასული წლის სამ კვარტალში. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 19 307, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 901, ხოლო ჩარტერების  – 2 406. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 2.72%-ს შეადგენს. უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით. მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 18 507.686 ტონა შეადგინა, რაც 380.08 ტონით, შესაბამისად, 2.01%-ით ნაკლებია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 13%-ით შემცირდა, რაც ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: