ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რას უპირებს აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმის“ ტერიტორიას ანგისაზე

21.08.2019
რას უპირებს აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმის“ ტერიტორიას ანგისაზე

აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან იმ ტერიტორიის ნაწილს ითხოვს, რომელიც შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია. საუბარია ანგისაში [საწვრთნელ ბაზასთან] მდებარე 14 013 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე.

„აღნიშნული ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განიკარგება სხვა საინვესტიციო პირობების განხორციელების მიზნით“, – აღნიშნულია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ბათუმის საკრებულოში შესულ წერილში. კონკრეტულად რა „სხვა საინვესტიციო პირობებზეა“ საუბარი, სამინისტრო წერილში არ აკონკრეტებს.

14 013 კვ/მ მიწის ნაკვეთი იმ ქონების ნაწილია [ჯამში 72 626 კვ/მ მიწა], რომელიც შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია და რომელიც ანგისის საფეხბურთო ბაზის განვითარების რეგულირების გეგმის მიხედვით უნდა მოხმარდეს სწორედ ამ ბაზის განვითარებას. ეს ქონება უნდა გადასცემოდა შპს Lamini-G-ს, რომელსაც აჭარის მთავრობამ შპს „დინამო ბათუმი“-ს 100%-იანი წილიც უნდა გადასცეს მართვის უფლებით – 49 წლის ვადით.

სამინისტროს წერილში აღნიშნულია, რომ ანგისის საფეხბურთო ბაზის განვითარებისთვის Lamini-G-ს 72 626 კვ/მ მიწის ფართობის ნაცვლად სჭირდება მხოლოდ 58 613 კვ/მ, ამიტომ სამინისტრო მიწის დარჩენილ ნაწილს სხვა საინვესტიციო პირობებით განკარგავს. შესაბამისად, სამინისტრო ითხოვს, რომ საკრებულომ Lamini-G-სთვის სარგებლობაში გადასაცემი ფართობი დააზუსტოს და განსაზღვროს 58 613 კვ/მ-ით.

ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში კი აღნიშნულია: „რაც შეეხება სარგებლობაში გადასაცემი უძრავი ქონების დაზუსტებას, მსგავს ცვლილებებს ბათუმის მერია ვერ განახორციელებს, რადგანაც მიწის ნაკვეთი არსებული სახით შეტანილია შპს „დინამო ბათუმის“ კაპიტალში, იგი წარმოადგენს მის საკუთრებას, ხოლო შპს „დინამო ბათუმის“ 100%-იანი წილი უკვე გადაცემულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის“.

შპს „დინამო ბათუმის“ 100%-იანი წილი ბათუმის საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 24 მაისს გადასცა.

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმს“ ასხვისებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: