მთავარი,სიახლეები

„ეს ვიზიტი პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია“ – ნატოს საბჭოს დელეგაცია ბათუმშია

03.10.2019
„ეს ვიზიტი პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია“ – ნატოს საბჭოს დელეგაცია ბათუმშია

დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დაიწყო, რომელსაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი  და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაეწრებიან.

ალიანსის დელეგაციას როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები.

ოფიციალური შეხვედრა დღის მეორე ნახევარში დაიწყება, კონფერენციის დაწყებამდე კი მოკლე შეფასებები გაკეთდა.

ნატოში საქართველოს წარმომადგენლის ალექსანდრე მაისურაძის შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში გაჩნია ორი მთავარი მიზანი. პირველი, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გზავნილი, ხოლო მეორე – პრაქტიკულ თანამშრომლობაში მიღწეული შედეგები.

„ნატო ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და მთლიანობას. ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით გაგვაჩნია კონკრეტული გეგმები, საუბარია როგორც სანაპირო დაცვის პოლიციისა და ნატოს მუდმივმოქმედ საზღვაო შენაერთს შორის თანამშომლობაზე, ასევე ინფორმაციის გაცვლაზე, რომელიც დინამიურად და მიზანმიმართულად განხორციელდება“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

მისი თქმით, საუბარი შეეხება ნატოსა და საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში ერთობლივი წვრთნების კიდევ უფრო გაძლიერებას და ახალი კონკრეტული მიმართულებების ჩამოყალიბებას, „რომელიც კიდევ უფრო დააახლოვებს ჩვენს ქვეყანას მის მთავარ პოლიტიკურ მიზანთან –  ნატოში სრულფასოვან გაწევრიანებაზე“, – აცხადებს მაისურაძე.

მთავარი ფოტო: ალექსანდრე მაისურაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: