განათლება,მთავარი,სიახლეები

ლექციაზე GIPA-ს ლექტორი რომაელი მეომრის აღჭურვილობით მივიდა

09.10.2019 • 3057
ლექციაზე GIPA-ს ლექტორი რომაელი მეომრის აღჭურვილობით მივიდა

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი ნიკა ხოფერია, ლექციაზე რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობით მივიდა. ლექციის ამსახველი ფოტოები მან საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ „რომის ისტორია მისი ერთ-ერთი სისუსტეა“.

ლექტორი ასევე წერს, რომ მიმდინარე სემესტრში საქართველოს ისტორიას ასწავლის სტუდენტებს GIPA-ში. „მივადექით პომპეუსის იბერიულ ლაშქრობას და, შესაბამისად, დიდი რომაული ამბებიც გვქონდა დღევანდელ ლექციაზე, რომელიც რომაელების აღმოსავლეთში გამოჩენის და მათი კავკასიის ხალხებთან ურთიერთობების თემას შეეხებოდა.

გვქონდა I-II საუკუნეების რომაული აღჭურვილობის მთავარი ნაწილები (ნატურალური ზომა-წონის), მრავალფეროვანი სლაიდები და სცენები რომაელებზე გადაღებული რამდენიმე ფილმიდან (HBO Rome, Ben-Hur, Centurion), რომელთა ჩასმაც გარკვეული საკითხების უკეთესი აღქმისთვის მივიჩნიე საჭიროდ.

ცოტა რომაული სამაგიდო თამაში Latrunculi-ც ვითამაშეთ.

GIPA-ში მისვლამდე და ეზოში ინტერესიც არანაკლები იყო. მიხარია, რომ სტუდენტებს მოეწონათ“, – წერს ლექტორი.

ნიკა ხოფერია ლექციაზე რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობით
ფოტო: ფეისბუქის გვერდიდან

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლებაში ვიზუალიზაცია და ხშირად იყენებს თუ არა მსგავს მეთოდებს, ნიკა ხოფერია ამბობს, რომ აკადემიურ ლექციას სჭირდება დამატებითი ღონისძიებები, სტუდენტებისთვის უფრო საინტერესო და ადვილად დასამახსოვრებელი რომ გახდეს საჭირო ინფორმაცია.

„შესაძლებლობის ფარგლებში აუცილებელია ვიზუალური მასალა, დოკუმენტური ფილმები, გარკვეული ისტორიული ნივთების რეალური ასლები და ა.შ. ამის შესაძლებლობა, ბუნებრივია, ყოველთვის არ გვეძლევა ლექტორებს, მაგრამ როცა ჩემთვის ხელმისაწვდომია, ვცდილობ, სალექციო პროცესში გამოვიყენო.

ნიკა ხოფერია სტუდენტებთან

ამჯერად ჩვენ რომის იმპერიის აღმოსავლეთში გამოჩენას და კავკასიისადმი მათ ინტერესსა და ლაშქრობებს შევეხეთ. შესაბამისად, ვეცადე რომაელი ლეგიონერის იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო მეომრის აღჭურვილობა, ტაქტიკური უპირატესობა კარგად მეჩვენებინა, რაშიც მეგობარს, მხატვარ ბრუნო ვეფხვაძეს ვთხოვე დახმარება. ის რომაულ აღჭურვილობას ფლობს, რომელსაც ხშირად მის ნახატებზეც ნახავთ. ამას სხვადასხვა ფილმის ეპიზოდები, რუკები და სხვა მასალა დავუმატე და საბოლოოდ, ვფიქრობ, საინტერესო ლექცია მივიღეთ, რომელმაც სტუდენტებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ამის დამალვა არც უცდიათ.

ამას გარდა, ინსტიტუტში მისვლამდეც უამრავი ადამიანი გახალისდა თბილისის ქუჩებში მძიმედ აღჭურვილი რომაელი ლეგიონერის დანახვით“, – გვეუბნება ნიკა ხოფერია.

ლექტორი ამბობს, რომ მსგავს ღონისძიებებს კიდევ გეგმავს და იმედი აქვს, „ასეთივე საინტერესო გამოვა“.

ნიკა ხოფერია GIPA-ში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე საქართველოს ისტორიას ასწავლის, ასევე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე – „გვიანანტიკური სამხედრო საქმე და ლაზიკის ომი“.

გადაბეჭდვის წესი