მთავარი,სიახლეები

„სასამართლოს სურს, ტელევიზიის დირექტორი ახალმა ბორდმა აირჩიოს“ – უარი ენმ-ის მოთხოვნაზე

10.10.2019
„სასამართლოს სურს, ტელევიზიის დირექტორი ახალმა ბორდმა აირჩიოს“ – უარი ენმ-ის მოთხოვნაზე

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უარი თქვა „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის კანდიდატების შესარჩევი კომისიის მუშაობის შეჩერებაზე. განჩინებაში მოსამართლემ პირდაპირ ჩაწერა, რომ ეს „მნიშვნელოვნად დამაზიანებელი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებისთვის“.

„მოსამართლე პირდაპირ წერს, რომ დავის განხილვის დასრულებამდე ახალ ბორდს ვეღარ აირჩევენ, თუკი კომისიის უფლებამოსილება გაუქმდება და იგი ვეღარ აირჩევს ახალ დირექტორს. რატომ სურს მოსამართლეს, რომ ახალმა ბორდმა აირჩიოს ტელევიზიის დირექტორი? სამწუხაროდ, სასამართლო ხელისუფლების ინტერესს ატარებს,“ – ამბობს გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი. ამ ფრაქციამ მიმართა სასამართლოს და იმ საკონკურსო კომისიის მუშაობის შეწყვეტა ითხოვა, რომელმაც ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს. ფრაქციის არგუმენტი იყო ის, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, რეგლამენტი დაარღვია და ფრაქციებთან კონსულტაცია არ გაიარა.

„ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ საჯარო ინტერესებსაც…“ – დასძენს მოსამართლე განჩინებაში. მოსარჩელე კი შერჩევით სამართალზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან წინა შემთხვევაში – 24 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეაჩერა. ამ შემთხვევაში ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი – გიორგი კოხრეიძე დავობდა მრჩეველთა საბჭოს წინააღმდეგ. მან საბჭოს სხდომაზე, რომელსაც 4 წევრი ესწრებოდა [მათგან ერთმა კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა], 2 ხმა მიიღო და მიიჩნევს, რომ არჩეული დირექტორი თვითონაა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მოსამართლე კობა გოცირიძემ მიიღო.

„სასამართლომ კოხრეიძის შუამდგომლობის განხილვისას რატომ არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი ინტერესები და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შეაჩერა დირექტორის არჩევის კომისიის მუშაობა?“ – კითხულობს გია აბულაძე.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დირექტორის კონკურსის შეჩერებაზე უარი უთხრა ასევე ნათია კაპანაძეს, ტელევიზიის წინა დირექტორს, რომელსაც 19 აპრილს იმპიჩმენტი მოუწყვეს. კაპანაძე მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტი უკანონია და დავის განხილვამდე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შეჩერებულიყო კონკურსი. მაშინ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ თქვა, რომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულ ნათია კაპანაძეს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: