მთავარი,სიახლეები

ტროტუარის გარეშე დარჩენილი კაჩინსკების ქუჩა ბათუმში

10.10.2019 • 1717
ტროტუარის გარეშე დარჩენილი კაჩინსკების ქუჩა ბათუმში

ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის თითქმის ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთი ტროტუარის გარეშეა დარჩენილი. საავტომობილო გზას, მშენებარე ობიექტებსა თუ სამშენებლო ღობეს შორის მხოლოდ გამწვანებული ზოლია დარჩენილი, ისიც ნაწილობრივ. ფეხით მოსიარულეები იძულებულნი არიან, გაზონზე იარონ. ქუჩის ამ პერიმეტრზე [მდინარე მეჯინისწყლიდან წრიულამდე აეროპორტის მიმართულებით], სადაც ტროტუარი არ არის,  მუნიციპალური ავტობუსის 2 გაჩერებაცაა – რა თქმა უნდა, მოსაცდელების გარეშე. ასევე, არის შშმ პირებისთვის განკუთვნილი ავტოპარკინგიც.

„ამ ტერიტორიაზე ფეხით რომ გაიარო მოქალაქემ, ან სამანქანე გზაზე უნდა იარო, ან მინდორზე, რომლის გასწვრივაც ხეებია დარგული და საცალფეხო ბილიკივითაა გაკეთებული. მშენებარე ობიექტს გაზონამდე ტერიტორია სრულად აქვს ათვისებული, ბეტონი აქვს დასხმული. ამ მინდორზე რომ არ მევლო, გადავედი ბეტონზე. იქვე მყოფმა დაცვის წევრებმა გადაადგილების საშუალება არ მომცეს, მითხრეს, რომ კერძო საკუთრებაში ვიყავი და ისევ გაზონზე დამაბრუნეს,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის ამ მონაკვეთში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი მშენებლობებია. ქუჩის გასწვრივ მდებარე ნაკვეთები მდინარე მეჯინისწყლიდან აეროპორტისკენ [ლორთქიფანიძისა და ზღვის პირის ქუჩებს შორის მონაკვეთში] სხვადასხვა კომპანიის საკუთრებაშია: სააქციო საზოგადოება „მეტრო სითი ლეჯენდ ბათუმი“, შპს „ეიჩ-2“ [რომლის მესაკუთრეა „ეიარ-მერიდიანსი“], შპს „ეიჩ-1“[მესაკუთრეები: ეიარ მერიდიანსი და „ანაგი ჰოტელ დეველოპმენტი“], შპს „ეიარ-მერიდიანსი“ და შპს „ორბი ჯგუფი მილენიუმი“.

ნაკვეთები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერაა გასხვისებული [მათ შორის პირობებიანი აუქციონით] და ყველა ამ კომპანიას აქვს გარკვეული ვალდებულება სამინისტროს წინაშე.

საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ბოლოდან [ბორდიურიდან] ამ ნაკვეთების საზღვრამდე არსებული ტერიტორია სიგანით – ზოგან 4,2 მეტრი, ზოგან 4,7 მეტრი – საჯარო რეესტრის მიხედვით, ქალაქ ბათუმის საკუთრებაშია. მშენებლობას თუ სამშენებლო ღობესა და ბორდიურს შორის მანძილი კი, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ამის ნახევარიც არ არის დატოვებული.

რატომ არ არის ტროტუარი კაჩინსკების ქუჩაზე, იგეგმება თუ არა ტროტუარის მოწყობა და აღნიშნული მშენებლობების გამო ხომ არ არის დარღვეული ქალაქის და კერძო საკუთრების საზღვრები? – ამ კითხვებით ქალაქის მერიას დავუკავშირდით.

„მაგ მონაკვეთში ტროტუარი არ ყოფილა, თუმცა აუცილებლად იქნება. ტროტუარი კი მას შემდეგ გაკეთდება, როცა მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყობა. რაც შეეხება საზღვრებს, სპეციალური მოწყობილობის გარეშე ძნელია თქმა, ამიტომ შესაბამისი სამსახური გადაამოწმებს, არის თუ არა დარღვეული საკუთრების საზღვარი. მოგვიანებით გაგცემთ პასუხს“, – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

კონკრეტულად როდის იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა და ტროტუარის გაკეთება, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში? – ამ კითხვაზე ბათუმის მერიაში პასუხი არ აქვთ.

ადგილი, სადაც მოქალაქეს მობეტონებულ ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილების საშუალება არ მისცეს, უთხრეს, რომ კერძო ტერიტორიაა / ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა ბათუმში / ფოტო: „ბათუმელები“

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა ბათუმში / ფოტო: „ბათუმელები“

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა ბათუმში / ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: