განათლება,მთავარი,სიახლეები

შეძლებენ თუ არა მასწავლებლები ერთზე მეტი საგნის სწავლებას – სამინისტროს ახალი პროგრამა

10.10.2019 • 6233
შეძლებენ თუ არა მასწავლებლები ერთზე მეტი საგნის სწავლებას – სამინისტროს ახალი პროგრამა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამოქმედდება ახალი, სპეციალური პროგრამა – „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის მომზადდნენ პედაგოგები სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით.

„გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან და მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში. მასწავლებლები მიიღებენ სახელფასო დანამატს“, – აცხადებს სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა  საშუალებას იძლევა გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის  ან მომიჯნავე საგნებში ასწავლონ ერთზე მეტი საგანი.

მასწავლებლებს მოამზადებენ:

[checklist]

      • ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების
      • ბიოლოგია და ქიმიის
      • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
      • ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების
      • დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)  მიმართულებით.

[/checklist]

სამინისტროს ინფორმაციით, მსმენელებს ასევე მოამზადებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

როგორც „ბათუმელებს“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის სწავლა 1-ელ ნოემბერს დაიწყება, პროგრამაში რეგისტრაცია კი 11 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ გახდა აუცილებელი მსგავსი პროგრამის ამოქმედება მაშინ, როცა მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში მუშაობის დასაწყებად არსებობს სხვა პროგრამებიც, ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ამის საჭიროება შესაძლოა გაჩნდეს 2020 წლიდან, როცა კიდევ უფრო მეტი პენსიონერი მასწავლებელი დატოვებს სკოლას.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის დიპლომის მქონე პედაგოგებს, ვისაც სურვილი აქვს გადამზადდეს რამდენიმე საგანში. „ერთწლიანი ინტენსიური კურსია მომზადებისთვის, მსურველები ჩააბარებენ პრეტესტს, სადაც გამოავლენენ საბაზისო ცოდნას და შემდეგ დაიწყება ტრენინგები,“- გვითხრეს პრესცენტრში.

მათივე თქმით, პრეტესტისგან თავისუფლდება ის, ვინც საგნობრივ გამოცდაზე 40 პროცენტზე მეტი ბარიერი გადალახა. „მასწავლებლები გარდა თეორიულისა, გადიან პრაქტიკულ მომზადებასაც, მენტორობას უწევს ადგილობრივი მასწავლებელი და სკოლაში შედიან მაძიებლის სტატუსით. ვფიქრობთ, სანამ ისინი გახდებიან უფროსი მასწავლებლები, დაენიშნოთ გარკვეული სახელფასო დანამატი, მაგრამ ოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული. საუბარია იმაზე, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში, სადაც მასწავლებლების დეფიციტია, დასაქმდნენ ეს ადამიანები“.

ცენტრის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილე პირები გადამზადებას გაივლიან როგორც რაიონულ ცენტრებში, ასე თბილისშიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: