მთავარი,სიახლეები

როგორ აგროვებს 3 ძმა ფულს ჰოლანდიაში საქართველოს მოხუცთა სახლებისთვის 

09.10.2019
როგორ აგროვებს 3 ძმა ფულს ჰოლანდიაში საქართველოს მოხუცთა სახლებისთვის 

გიორგი ვენკო 14 წლის მოზარდია, რომელმაც ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა, ბროწლიანის მოხუცთა და შშმ პირთა სათნოების სახლის დასახმარებლად. შენობას არ ჰქონდა ფანჯრები, სახურავი, წყალი და სარეცხი მანქანა – ამ პრობლემების მოსაგვარებლად ფიქრი გიორგიმ 12 წლიდან დაიწყო, ის ამსტერდამის ინტერნაციონალურ სკოლაში სწავლობს და აქვე დაიწყო პრეზენტაციების მოწყობა საქართველოს შესახებ, დააარსა საქველმოქმედო ფონდი „Help the Republic of Georgia”.

როგორც გიორგის დედა, თიკა სვანიძე-ვენკო ,,ბათუმელებთან“ ამბობს, გიორგის ინიციატივით სკოლა ძალიან დაინტერესდა და ბიჭს ყველა დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდნენ. ამსტერდამში გიორგიმ საქველმოქმედო კონცერტიც ჩაატარა და  საქველმოქმედო ფონდში შეგროვილი თანხით წელს სრულად განახლდა ბროწლიანის სათნოების სახლი.

გიორგის დედის, თიკა სვანაძის თქმით, სათნოების სახლს არ ჰქონდა წყალი, კვირაში ერთხელ მათ 250 ევრო მხოლოდ  წყლის შესაძენად სჭირდებოდათ, ხელით რეცხავდნენ სარეცხს, დაზიანებული იყო შენობის ფანჯრები და სახურავი. შენობის რეაბილიტაციამდე ბროწლიანის სათნოების სახლში მხოლოდ 25 ბენეფიციარი იყო, რეაბილიტაციის შემდეგ კი სახლი 50 ბენეფიციარს დაიტევს.

,,გიორგის ორი ძმა ჰყავს, ლევანი და თემური, ლევანი ცამეტისაა, თემური – თორმეტის. ორივე მოხუცთა სახლებს ეხმარება, ლევანი წნორის მოხუცთა სახლს, თემური კი  – ბოდბისხევისას. გიორგი ბროწლიანის თავშესაფრის მზის ბატარეებით აღჭურვას აპირებს. ამისთვის თანხის შეგროვება უკვე დაწყებული აქვს და პროექტი თებერვალში უნდა დასრულდეს. ასე სათნოების სახლი ელექტროენერგიის ფულს დაზოგავს და სხვა მიზნისთვის გამოიყენებს, გიორგის მიერ შეგროვილი თანხის დარჩენილი ნაწილი კი ბენეფიციარების მედიკამენტებსა და ოპერაციებს მოხმარდება“, – ამბობს ქველმოქმედი მოზარდების დედა, თიკა სვანიძე-ვენკო.

თიკა ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელია, აქვს საკუთარი ტურისტული კომპანია, რომელიც 20 წელია საქართველოს პოპულარიზაციას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც თიკა სვანიძე ამბობს, მისი ბიზნესის მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობას ხმარდება. არის ასევე ქართველ ემიგრანტთა კავშირის დამფუძნებელი, რომლის მიზანიცაა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიმართ ინტერესის გაზრდა და უწყვეტი დისკუსია.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ ზაფხულს სიღნაღში ჩამოვედით, ჩვენს სოფელ მაშრაანში. მე და ჩემი ძმა აქ ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდით. გიორგის გაუჩნდა სურვილი, საქართველოს რამით დახმარებოდა.

გადავწყვიტეთ ახლომდებარე ადგილებიდან დაგვეწყო პრობლემების მოძიება და ჩვენს სოფელთან ახლოს აღმოვაჩინეთ ბროწლიანის თავშესაფარი. აქაურობამ გიორგი საშინლად დაასევდიანა. ასე დაიწყო ყველაფერი, სარეცხი მანქანები იმავე ზაფხულს შეუძინა სახლს გიორგიმ, მერე კი ფონდი დააარსა და თანხის შეგროვება დაიწყო შენობის რეაბილიტაციისთვის“, – ამბობს თიკა სვანიძე.

გიორგისთან ინტერვიუ საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობის თემაზე გასულ წელს ინდონეზიის ერთ-ერთ ტელევიზიაშიც გავიდა.

,,ჩვენ ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ, ჩემი მეუღლის საქმიანობა მოითხოვდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გვეცხოვრა: სინგაპურში, ამერიკაში, შვეიცარიასა და ახლა ჰოლანდიაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ვფიქრობდით საქართველოზე, მის პოპულარიზაციაზე. ჩემმა ტურსააგენტომ, მაგალითად, საქართველოში ჩამოიყვანა პირველი ტურისტები ტაილანდიდან, ინდონეზიიდან სინგაპურიდან, მალაიზიიდან და ბრუნეიდან. საქართველო ჩვენს ოჯახში ყოველთვის მთავარი თემაა, ალბათ ბიჭებსაც ამიტომ გაუჩნდათ ქველმოქმედების სურვილი“, – ამბობს თიკა სვანიძე-ვენკო.

ვენკოების ოჯახი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.