მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

რიგითი მოქალაქის მოსაზრება

10.10.2019 • 2087
რიგითი მოქალაქის მოსაზრება

ავტორი: ნათია სირაბიძე

რამდენიმე წლის წინ კუვეიტში ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლება დავაპირე. ჩემმა მეგობარმა, რომელიც იქ ასწავლიდა, მითხრა: ძალიან კარგი პირობებია, მაგრამ ყველაზე დიდ სირთულეს სტუდენტების მოტივირება წარმოადგენსო. რა გინდა უთხრა ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, რომლებიც მილიარდერები არიან და სკოლაში “ლამბორჯინით” დადიან. ისწავლე, განათლება მიიღე და… რა?

საქართველოში ყველა მეხუთე ბავშვი მშიერი მიდის სკოლაშიო, ერთმა მკვლევარმა თქვა. მასწავლებლები და მშობლები მათ მოტივირებას მომავლის იმედით ახდენენ: ისწავლეთ, იშრომეთ და აუცილებლად გექნებათ წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებაო… რამდენი სტუდენტისთვის მითქვამს, რომ აუცილებლად მიაღწევენ მიზანს თუ ბევრს ისწავლიან, უწყვეტად იზრუნებენ განათლებაზე, ინოვაციურ გზებს/საშუალებებს მოიფიქრებენ, იაზროვნებენ, ეყვარებათ და ეცოდინებათ თავიანთი ქვეყანა და კულტურა.

ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება, ჩანასახშივე კლავს მოტივაციას და ერთადერთ იმედს ტოვებს, აქ თუ არა, უცხოეთში ხომ მაინც დაფასდება ცოდნა. მაშინ, როცა მსოფლიო ჯილდოზე იყო ქართველი მასწავლებელი წარდგენილი და ჩვენი ახალგაზრდა ნიჭიერი გამომგონებლები ნასაში მიდიან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას უპირებენ ადამიანს, რომელსაც უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს… არ იცნობს საქართველოს კულტურას და ისტორიას. დიპლომი და კარგი ნიშნები არაფერს ნიშნავს ჩემთვის, ბევრი დიპლომიანი სწორხაზოვანი ადამიანი შემხვედრია, მაგრამ შელახულ ავტორიტეტს რა უშველის?

ბუნებრივია, ერთი და ორი ადამიანის ლიტერატურის თუ მითოლოგიის უცოდინრობას ან უდიპლომობას არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა, არაერთ დეპუტატს თუ მაღალჩინოსანს იგივე პრობლემა ექნება, კარგად რომ გამოიკვლიონ. ისიც ფაქტია, ამ კონკრეტულ კანდიდატს ბევრი სხვა პროფესიული ცოდნა და უნარი აქვს, სხვა მხრივ კერძო სექტორშიც ვერ დაიმკვიდრებდა თავს, მაგრამ უავტორიტეტო უვადო მოსამართლე რა იმედს გვიტოვებს?

ალბათ, ბევრს გააზრებული არ აქვს, რას ნიშნავს სასამართლო ხელისუფლება. ყველა ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო ძლიერ და მიუკერძოებელ სასამართლოზე დგას. ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ  სასამართლოში სამართლიანობის აღდგენის შანსი ყოველთვის არის. იმედი მაინც რჩება ხოლმე ბრძოლის და მოქმედების გასაგრძელებლად. სამართლიანობის აღდგენაც პირობითია. მაგალითად, თვალდაკარგული ადამიანი რაც უნდა დაზარალებულად სცნონ და დამნაშავეები დასაჯონ, თვალს ვერავინ დაუბრუნებს. ვერ აღდგება. რეალურად, უფრო მორალური სამართლიანობისთვის ვიბრძვით და როცა ამის იმედიც არ რჩება, ძალიან მძიმეა.

უღირდა კი ბატონ თადუმაძეს თავმოყვარეობის და ავტორიტეტის შელახვად ეს გამოსვლა? თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ იუსტიციის საბჭო ერთხმად (უპირობო გუნდურობის პრინციპით, სადაც განსხვავებული აზრი დანაშაულია) დაუჭერს მხარს მის უვადო მოსამართლეობას. ეს უპირობო გუნდურობაც უცნაურია, როგორ შეიძლება თუნდაც ერთი პარტიის წარმომადგენლებს განსხვავებული აზრი არ ჰქონდეთ? თუნდაც რომელიმე პიროვნებაზე? წარმოუდგენელია რომელიმე ამერიკელ კონგრესმენს უთხრა, შენ რესპუბლიკელი ხარ და ამიტომ ვისაც გეტყვით, უპირობოდ ის უნდა მოიწონოო.

მაშ, რატომ ვთხოვთ ჩვენს შვილებს, სტუდენტებს აზროვნებას? რატომ უნდა ისწავლონ, განათლება მიიღონ, თვალსაწიერი გაიფართოონ, სამყარო შეიმეცნონ, იდეები მოუვიდეთ გონებაში, ახლებურად და განსხვავებულად შეხედონ მოვლენებს? კი ისინი აუცილებლად იპოვნიან სამსახურს და შეიქმნიან კეთილდღეობას, მაგრამ თუ სასამართლოში დასჭირდათ თავის დაცვა, “საჭიროებისამებრ გაცემული” დიპლომიანი ადამიანები გადაწყვეტენ მათ და მათი შვილების ბედს?

რა ვუთხრა ჩემ შვილს? რატომ სწავლობს ასე შორს, ასეთ რთულ პროგრამაზე, რომელიც 90% დაფინანსების შემთხვევაშიც, თითქმის ხელმიუწვდომელია რიგითი მოქალაქესთვის და 5 ადგილას მუშაობას მოითხოვს. უი ხო, მალე ამასაც შემიზღუდავენ და მორჩა. ვეღარც ამდენს ვიმუშავებთ და ვეღარც ხარისხიან განათლებაზე გვექნება პრეტენზია. რა საჭიროა?

როგორ მოვახდინო ახალგაზრდების მოტივირება ქვეყანაში, სადაც ავტორიტეტი თითქმის აღარავის და აღარაფერს შერჩა? სადაც განათლება პრიორიტეტია, მაგრამ განათლებული ადამიანები ნაკლებად. სადაც კანონმდებლობით გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი თანამდებობის პირს, მინისტრს ან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს სულაც არ მოეთხოვება უმაღლესი განათლება.

ამ ნიჭიერ ბავშვებში როგორ გავაღვივოთ იმედი, რომ დიდი ცვლილებები ელოდებათ, სწორედ მათი ინოვაციურობის, კრეატიულობის, პრაგმატულობის და ფართომასშტაბიანი აზროვნების გვჯერა და სწავლა-განათლება დიდ წარმატებას მოუტანს როგორც მათ, ასევე ქვეყანას.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, საჯაროობა და გამჭვირვალობა მაინც შემორჩა, საჯარო მოსმენები და თავისუფალი მედია რომ არა, ვერც ვერაფერს გავიგებდით. მაგრამ იქნებ სჯობს არ ვიცოდეთ და ვიყოთ მშვიდად? დავიბრმავოთ თვალი და დავიხშოთ ყური?

ილიას ლელთ ღუნიამ “რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბასო”. იქნებ ჩვენ გვაწყობს? უმრავლესობამ გადაწყვიტოს. მე მხოლოდ ერთი რიგითი მოქალაქე ვარ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: