მთავარი,სიახლეები

ერთი ელექტროსამაჯურის შესაძენად 1790 დოლარი იხარჯება – რამდენი სამაჯური აქვს ხელისუფლებას?

09.10.2019
ერთი ელექტროსამაჯურის შესაძენად 1790 დოლარი იხარჯება – რამდენი სამაჯური აქვს ხელისუფლებას?

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტრომ ახალი ელექტროსამაჯურები იყიდა. 80 სამაჯური „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ“ შეიძინა და თითოეულში 1790 ამერიკული დოლარი გადაიხადა. ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მოგვაწოდა. ამ უწყებას ვკითხეთ: რამდენი ელექტრონული სამაჯური აქვს იუსტიციის სამინისტროს და მათგან რამდენია დღეს გამოყენებული.

ელექტრონულ სამაჯურებს 2018 წლის პირველი იანვრიდან იყენებენ. სამაჯურებს მაშინ უკეთებენ მსჯავრდებულებს, როცა მათ სასამართლო სასჯელის სახით შინაპატიმრობას უფარდებს. შინაპატიმრობის დროს მსჯავრდებული თავის სახლში დარჩება, თუმცა მის გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით გააკონტროლებენ. შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ასევე ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. წესების დარღვევის შემთხვევაში, შინაპატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება, ანუ ციხეში სასჯელის რეალურად მოხდით.

ელექტროსამაჯური მოსამართლის გადაწყვეტილებით შეიძლება გაუკეთონ ბრლადებულსაც.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყებას სულ 280 ელექტროსამაჯური აქვს. ამ ეტაპზე ქვეყანაში 150 ადამიანს უკეთია სამაჯური, ანუ ეს პირები შინაპატიმრობაში იმყოფებიან.

იუსტიციის სამინისტრო ელექტრონულ სამაჯურებს ტენდერის გზით არ ყიდულობს და გამარტივებულ შესყიდვას იყენებს.

„ხარისხის გაუარესებისა და აპარატურის შემდგომი ექსპლუატაციის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, შესყიდვა ხორციელდება იმავე მიმწოდებლისგან, რომელიც 2015 წლიდან უზრუნველყოფს ელექტრონული ზედამხედველობის/მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობების მოწოდებას და ტექნიკურ მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ პრობაციის სააგენტოში არსებულ სერვერზე შეუძლებელია სხვა მწარმოებლის მიერ წარმოებული აპარატურის დაერთება,“ – მოგვწერეს პრობაციის ეროვნული სააგენტოდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, პრობაციის სააგენტო პირდაპირი შესყიდვის გზით ელექტროსამაჯურებს ისრაელში დაფუძნებული კომპანიისგან „Attenti Electronic Monitoring Ltd“-სგან ყიდულობს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: