მთავარი,სიახლეები

საია ნათია კაპანაძის საქმეზე: ბათუმის სასამართლომ პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა

03.05.2019 • 1615
საია ნათია კაპანაძის საქმეზე: ბათუმის სასამართლომ პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ არსებული პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მარიამ გოგოსაშვილი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.  ბათუმის სასამართლომ დღეს, 3 მაისს, უარი თქვა აჭარის ტელევიზიაში დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე.

ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს. კონკურსი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის შესარჩევად 25 აპრილს გამოცხადდა. სასამართლოში ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. არსებითი განხილვა ამ საქმეზე ჯერ არ დაწყებულა. ნათია კაპანაძე შუამდგომლობით ასევე ითხოვდა უკვე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ამ კონკრეტულ საკითხზე იმსჯელა დღეს სასამართლომ.

„ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ, ფაქტობრივად, უარი უთხრა ნათია კაპანაძეს. უარი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მისი სარჩელი დაკმაყოფილდება,“ – ამბობს იურისტი მარიამ გოგოსაშვილი. მისი განმარტებით, ვიდრე სასამართლო განხილვა დასრულდება, კონკურსის წესით ტელევიზიაში ახალი დირექტორი შეირჩევა. ნათია კაპანაძე კი ტელევიზიის დირექტორად ვეღარ დაბრუნდება მაშინაც კი, თუკი ის სასამართლოს მოიგებს.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კონკურსის შეჩერებაზე უარი თქვა, ასეთია: ნათია კაპანაძეს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს.

„ეს ხომ არალოგიკური მსჯელობაა? როგორ შეიძლება ნათია კაპანაძე დირექტორად აირჩიოს ბორდმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მას უნდობლობა გამოუცხადა?“ – უკვირს მოსამართლის დასაბუთება საია-ს იურისტს.

ამ სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილებაც ახლდა. შესაბამისად, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნახა, როგორ შეაჩერა კონკურსი მისმა კოლეგა მოსამართლემ ანალოგიურ ვითარებაში. საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, რომლის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი 2013 წელს მრჩეველთა საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა. მაშინ სასამართლომ გამოცხადებული კონკურსი შეაჩერა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

რას ნიშნავს ერთგვაროვანი პრაქტიკის დარღვევა თავად ეფექტური მართლმსაჯულებისა და ამ სისტემის სანდოობისთვის?

მარიამ გოგოსაშვილი მიჩნევს, რომ ჯუმბერ ბეჟანიძის დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს სასამართლო სისტემის მიმართ.

„განსაკუთრებულ შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია შეცვალოს პრაქტიკა, თანაც როცა არ არსებობს რაოდენობრივად ბევრი გადაწყვეტილება მიღებული. მაგრამ პრაქტიკის შეცვლა სჭირდება შესაბამისი დასაბუთება და იგი უნდა იყოს მიმართული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ და არა პირიქით… ამ შემთხვევაში კონკურსის შეჩერება არავითარ ზიანს არ იწვევდა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ არის პოლიტიკური მოტივებით მიღებული გადაწყვეტილება. ვნახოთ. ეს ალბათ გამოვლინდება,“ – გვითხრა იურისტმა მარიამ გოგოსაშვილმა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მოსამართლემ კონკურსი არ შეაჩერა, საჯარო ინტერესია, ანუ ტელევიზია რამდენიმე თვით დირექტორის გარეშე რჩებოდა. იურისტი ვერც ამ მიზეზის ლოგიკურობას ხედავს, რადგან ტელევიზიას ჰყავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ტელევიზიის მუშაობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: