მთავარი,სიახლეები

„ეს უკავშირდება აპოკალიფსს“ – ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სასამართლო დავა იწყება

09.10.2019 • 2791
„ეს უკავშირდება აპოკალიფსს“ – ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სასამართლო დავა იწყება

„ელექტრონული პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უშუალოდ უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას,“ – მიიჩნევენ ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი. ისინი საქართველოს პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ დავობენ საკონსტიტუციო სასამართლოში. სასამართლო დღეს, 9 ოქტომბერს, განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, უნდა განიხილონ თუ არა ეს სარჩელი არსებითად. 

დავის საგანი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის, ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონია, ასევე იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებები, რომელთა მიხედვითაც პირადობის მოწმობა, ასევე, ბიომეტრიული პასპორტი ელექტრონული ფორმით გაიცემა.

საკონსტიტუციო სასამართლომდე მოსარჩელე ნანა სეფაშვილმა საერთო სასამართლოების სამივე ინსტანცია მოიარა. მას 2016 წელს არაელექტრონული პასპორტის გაცემაზე უარი უთხრეს. სამივე ინსტანციამ ნანა სეფაშვილს უარი უთხრა მოთხოვნაზე, მიეღო არაელექტრონული პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

„დღეისათვის საზოგადოების ნაწილმა თავისი პროტესტი ელექტრონული პირადობის მოწმობის დამკვიდრების წინააღმდეგ გადმოიტანა სასამართლო კედლებში და შეეცადა მართლმსაჯულების დახმარებით გადაეწყვიტა ეს პრობლემა, მაგრამ, სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ კანონისა და კანონქვემდებარე აქტების განმარტების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა გათვალისწინებით იძულებული ვართ, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს,“ – აღნიშნავენ ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი.

„წმინდა კინოტი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ვინაიდან ეს სისტემა ფლობს შესაძლებლობას, მარტივად გადასხვაფერდეს/შეიცვალოს, ვფიქრობთ, რომ ქრისტიანთათვის ხილული საფრთხეა, ძალადობრივად დაირღვეს მათი რელიგიური თავისუფლება, ართმევს რა მათ შესაძლებლობას, თავისუფლად აღიარებდნენ თავიანთ რწმენასა და ქადაგებდნენ ქრისტეს სახარებას.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აღნიშნული სისტემის გამოყენების ძალაუფლება გადადის გაურკვეველ  ორგანიზაციათა ხელში, რაც სახელმწიფოს ან/და კერძო პირს მიემართება. სიადვილე საშუალებას აძლევს მათ, რომ მათი ხასიათის და მიხედვით მინიჭებულ ბარათში (გარკვეული ინფორმაცია) დაამატონ ან/და გამოაკლონ, ამასთან ერთად არსებობს გაუთვითცნობიერებელ მორწმუნეთა  სახელით ანტიქრისტიანულ სიმბოლოთა გამოყენების ალბათობაც, რის გამოც სთხოვდნენ საბერძნეთის ხელისუფალთ  ელექტრონული სახის „სამოქალაქო პირის ბარათის“ ოფიციალურ დოკუმენტად გამოცემას მსვლელობა არ მისცეს, ხოლო მორწმუნეებს ურჩევენ გამოიყენონ შეთანხმების მიხედვით დადგენილი ხმარებაში არსებული მათი საიდენტიფიკაციო საშუალება“, – აღნიშნულია კონსტიტუციურ სარჩელში.

სარჩელში ხაზგასმულია სინოდის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც „ელექტრონული პირადობის მოწმობა არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით ეთხოვოს მთავრობას ალტერნატიული პირადობის მოწმობის დაშვება“.

 

გადაბეჭდვის წესი