მოწმეები, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ


„სარფის საბაჟოზე მითხრეს, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მაქვს. ვერ მითხრეს, რატომ,“ – ამბობს გიორგი ბ. მას სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეში მოწმის სტატუსი აქვს, თუმცა არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც გიორგის საზღვრის კვეთის უფლება არ აქვს.

იგივე პრობლემა აქვს გელა ც.-საც. ორივე მათგანი თურქეთში სეზონურ სამუშაოზე აპირებდა გადასვლას. ისინი მბობენ, რომ პროკურატურის ამ ზეპირი გადაწყვეტილებით ძალიან დაზარალდნენ – დღემდე მათ არც პოლიცია და არც პროკურატურა არ აძლევს განმარტებას, რის გამო ვერ სარგებლობენ კონსტიტუციით გარანტირებული „გადაადგილების თავისუფლებით“. მათ არც ვინაობის გამხელა სურთ „ზედმეტი პრობლემების“ თავიდან აცილების მოტივით.

„ძალიან გვიჭირს ოჯახში. უნდა გადავსულიყავი და ჩაი მეკრიფა… სარფის საბაჟოზე ჩემი ძმაც არ გაუშვეს, ისიც მოწმეა კონკრეტულ საქმეზე… ამასთან წადი, იმასთან წადი, გვითხრეს საბაჟოზე, მაგრამ ვერსად კონკრეტული პასუხი ვერ მითხრეს. ბოლოს საქმის პროკურორ რამაზ შავაძეს შევხვდი. მითხრა, რომ ვერსად წავალ, ვიდრე სასამართლოს ჩვენებას არ მივცემ… შენ რომ ახლა წახვიდე, აღარ დაბრუნდებიო,“ – გვიყვება გიორგი ბ.

გიორგი ბ. იმ საქმეშია მოწმე, რომელიც ბათუმის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ. საუბარია გასული წლის დეკემბერში მომხდარ შემთხვევაზე – სესხად გაცემული 18 ათასი დოლარის გამო კაცმა დეიდაშვილი გაიტაცა და ფულის ამოღებას ამ გზით ცდილობდა. ამ საქმის ბრალდებულებმა ბათუმში პირველად  ნაფიცი მსაჯულები მოითხოვეს, თუმცა ამ დრომდე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ვერ ხერხდება. ადვოკატ დავით ჩავლეიშვილის თქმით, შერჩეულია მხოლოდ სამი ნაფიცი მსაჯული. ადვოკატებმა და პროკურორებმა ერთად 14 ნაფიცი მსაჯული უნდა შეარჩიონ.

ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი განმარტავს, რომ ამ საქმის განხილვა შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურა კანონით შეზღუდული არ არის. განსაზღვრულია მხოლოდ წინასწარი პატიმრობის ვადა, ანუ გატაცებაში ბრალდებულები სასამართლომ 3 თვის შემდეგ უნდა გაუშვას წინასწარი პატიმრობიდან, თუკი მანამდე ნაფიცი მსაჯულები ვერ შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ვიდრე ნაფიცი მსაჯულები არ შეიკრიბებიან და მოწმეებს არ მოუსმენენ,  გიორგი გ. და მისი ძმა ვერ დატოვებენ ქვეყნის საზღვარს.

საზღვარზე არ უშვებენ და არც იცის როდის მისცემენ ქვეყნიდან გასვლის უფლებას გელა ც.-ს. ის ქურდობის მცდელობის საქმეზე გამოკითხეს პოლიციელებმა მოწმის სახით. გელა ამბობს, რომ გამომძიებელს წერილობითი დასაბუთება მოსთხოვა, თუმცა ვერ მიიღო.

„…სარფის საბაჟოზე მითხრეს, ვერ გაგიშვებთო, წადი და გამომძიებელს ჰკითხეო. გამომძიებელმა მითხრა, რომ ძიება არ დასრულებულა და არ ვიცი, როდის მოგცემთ ქვეყნიდან წასვლის უფლებასო,“ – გვითხრა გელა ც.-მ.

საქართველოდან გავიდა, მაგრამ უკან ვეღარ ბრუნდება საქართველოს მოქალაქე მალხაზ აბუსელიძე. მისი ძმა, რევაზ აბუსელიძე ამბობს, რომ მალხაზი რუსეთიდან საქართველოში ლარსის საბაჟოდან 4 ივნისს აპირებდა შემოსვლას და გაურკვეველი მიზეზით უარი უთხრეს.

„1986 წლიდან რუსეთში ცხოვრობს და დროდადრო ჩამოდის საქართველოში… ახლა მისი ცოლი და შვილი შემოუშვეს, თვითონ – არა. ვერაფერი გავარკვიეთ,“ – ამბობს რევაზ აბუსელიძე.

„ეს სცდება სამართლებრივ ფარგლებს“, – ასეთია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, პაატა დიასამიძის შეფასება პრობლემაზე, რაზეც ეს ადამიანები ჰყვებიან. რამდენიმე მათგანს ახლა სამართლებრივად საია ეხმარება.

„ყველა ამ შემთხვევაში, როცა საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას უზღუდავენ, არ არსებობს არანაირი დოკუმენტი შეზღუდვასთან დაკავშირებით, გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება, რომლის მითითებითაც ხდება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა, სცდება სამართლებრივ ფარგლებს… საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.

საია-ს იურისტის, პაატა დიასამიძის თქმით, ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო ინფორმაციაც არ გასცა.

„შსს-ში ყველა დარეკვაზე ხდება სხვადასხვა პირთან გადამისამართება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო განცხადება შსს-ში გავაგზავნეთ დაახლოებით ერთი თვის წინ, ამ დრომდე ვერ მივიღეთ პასუხი. როგორც შსს-ში განმარტავენ, უახლოეს რამდენიმე კვირაში პასუხს ვერ მივიღებთ. ვერც იმის დასაბუთება ხდება, რა ინფორმაციის დამუშავებისთვის არის საჭირო დრო… შსს-დან არ ხდება იმ ინფორმაციის გაცემაც, თუ ვინ არის ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. მხოლოდ გვეუბნებიან სახელს, რის გამოც არაერთხელ მივუთითეთ, რომ მოხდებოდა შსს გენერალური ინსპექციისათვის მიმართვა, რაზეც განგვიმარტეს, რომ ეს პირველი არ იყო და მიგვემართა,“ – გვიყვება პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი.

ეთიკური პრინციპის დარღვევაზე საია-მ შსს-ს გენერალურ ინსპექციას უკვე მიმართა და დაიწყო მოკვლევა. საია ასევე აპირებს მიმართოს სასამართლოს შსს-ს წინააღმდეგ, რომელმაც არ გასცა ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის დროს მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემაზე.

რატომ უზღუდავენ ადამიანებს ქვეყნის დატოვების ან ქვეყანაში შემოსვლის უფლებას? – კონკრეტულ პირებზე ინფორმაციის მიღების მიზნით ჩვენ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინიტროს მივმართეთ. შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით ვერ მოგვაწვდიან ამ ინფორმაციას. პროკურატურას კი, ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა პროკურორ რამაზ შავაძესაც, რომელიც გიორგი ბ.-ს საქმის პროკურორია. პროკურორმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

ეს პრობლემა აღნიშნულია სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც. გასულ წელს ომბუდსმენის აპარატს რამდენიმე მსგავსი შემთხვევა შეუსწავლია.

„გამოიკვეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გარკვეული მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისა და გასვლის უსაფუძვლო აკრძალვა,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმულია ის, რომ ამ პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობდა.

„საქართველოს მოქალაქეებს უსაფუძვლოდ შეეზღუდათ ქვეყნიდან გასვლის უფლება, მაშინ, როცა მათ მიმართ არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა და კანონმდებლობის შესაბამისად არ ყოფილა მიღებული მათი პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი