კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაგონებისთანავე კერძებზე მეტად ალბათ შენობები გახსენდებათ, მაგრამ საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გარდა არსებობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაც, რომელშიც 9 ქართული კერძია შეტანილი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რიგ შემთხვევებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ამ კერძების მომზადების წესს მიანიჭა ძეგლის სტატუსი.
- ხაჭაპური – უცნაური იქნებოდა, ამ სიაში ხაჭაპური რომ არ იყოს. მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიულ ლექსიკონში ხაჭაპური განმარტებულია, როგორც ყველიანი ქადა, რომელიც შესაძლოა ადრე ხაჭოს შერევით მზადდებოდა და სწორედ აქედან მოდის სახელწოდება. ხაჭაპური საქართველოს რეგიონებში სხვადასხვაგვარად მზადდება, თითქმის ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება ორი უმთავრესი ინგრედიენტი – ცომი და ყველი [ხაჭო], რომელსაც ზოგ რეგიონში კვერცხს უმატებენ.
- ბორანო – ბორანო აჭარული კერძია. მას მეორენაირად აჭარული სუფრის „სასწრაფო დახმარებასაც“ ეძახიან, რადგანაც სწრაფად მზადდება. აჭარაში ამზადებენ ბორანოს რამდენიმე ვარიანტს. კლასიკური ბორანო ადუღებულ კარაქში ჩამდნარი ყველია, რომელსაც ძირითადად მჭადს ატანენ. დარბილებული ყველი და ცხელი კარაქი ერთგვაროვან მასად იქცევა და ნაზად იწელება.
- კუბდარი – ეს ტრადიციული სვანური კერძია, დაკეპილი ხორცითა და სანელებლებით შეზავებული ღვეზელი. გურმანები ამბობენ, რომ ამ კერძის მთავარი საიდუმლო სწორად შეზავებული გულსართია.
თაშმიჯაბი – კიდევ ერთი კერძი სვანური სამზარეულოდან. მის მოსამზადებლად საჭიროა კარტოფილი და ჭყინტი ყველი. ესაა კერძი, რომელიც ერთდროულად ელარჯსაც წააგავს და პიურესაც.
- დამბალხაჭო – კერძი ფშავური სამზარეულოდან. ესაა ხაჭოს გამშრალი კვერები, რომლებსაც საშუალოდ 1,5-2 თვე ინახავენ და შემდეგ მიირთმევენ მშრალად, ყველის მსგავსად, ან მისგან ამზადებენ ხაჭო-ერბოს [დამბალხაჭოსა და ერბოს მიქსი ტაფაზე] და ხინკალსაც კი.
- ტენილი – ეს მესხური ყველია. ვიზუალურად გრძელ და წვრილ ძაფებს მოგაგონებთ. ყველს ქოთანში ტენიან, სადაც დამარილების გარეშე მწიფდება, შემდეგ კი ამ მასას ადნობენ. ტენილი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ყველებისგან.
- კახური პური [დედას პური] – კახური პურის ტრადიცია ფართოდაა გავრცელებული კახეთის ყველა ქალაქსა და სოფელში. მას თიხისგან დამზადებულ ტრადიციულ საცხობში – თონეში, შეშაზე აცხობენ. კახური პური თხელი, წაგრძელებული ფორმისაა. სწორედ თონის დამსახურებით პურს გამორჩეული არომატი და გემო აქვს.
- ფეტვიანი ხაჭაპური – როგორც სახელწოდება გვეუბნება, ეს იგივე ხაჭაპურია, მხოლოდ ფეტვი აქვს დამატებული, რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს. ფეტვიან ხაჭაპურს სვანეთში ამზადებენ, თუმცა მას სვანეთის გარდა ზოგიერთი რესტორნის მენიუშიც შეიძლება შეხვდეთ.
- კახური ჩურჩხელა – ჩურჩხელას საქართველოს ბევრ რეგიონში ამზადებენ, თუმცა კახური ჩურჩხელა განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. კახური ჩურჩხელა პურის ფქვილის, ბადაგისა (ყურძნის დადუღებული წვენი) და ნიგვზისგან მზადდება.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია ასევე „ლაღიძის წყლები“, მეგრული აჯიკა და სვანური მარილი. რაც შეეხება ქართული ღვინის დაყენების ტრადიციას,
ამ დროისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში 49 ძეგლია.