მთავარი,სიახლეები

დიდი ბრიტანეთის ელჩი: ყველას თანავუგრძნობ, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა 20 ივნისის მოვლენებისას

09.10.2019 •
დიდი ბრიტანეთის ელჩი: ყველას თანავუგრძნობ, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა 20 ივნისის მოვლენებისას

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი გასულ კვირას ბათუმში იმყოფებოდა. ელჩი ბათუმში დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებული მეგობრობის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. „ბათუმელები“ დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებზე, 2020 წლის არჩევნებზე, „გავრილოვის ღამის“ გამოძიებასა და სხვა თემებზე ესაუბრა.

  • მინდა პირველივე შეკითხვა ბათუმში მიმდინარე  ღონისძიებასთან დაკავშირებით დაგისვათ, ამჟამად ბათუმში მიმდინარეობს ალიანსის საბჭოს შეხვედრა და საინტერესოა თქვენი მოაზრება, ხედავთ თუ არა საქართველოს პროგნოზირებად მომავალში როგორც ნატოს წევრ ქვეყანას ან რა პირობები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ საქართველო იყოს ნატოს წევრი? 

სასიამოვნო იყო აქ, ბათუმში ყოფნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს  რიგით მეხუთე ვიზიტის დროს საქართველოში. ეს ვიზიტი კიდევ ერთი დემონსტრირებაა ნატოს მხრიდან საქართველოსადმი პარტნიორობისა და მხარდაჭერის.

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. 2008 წლის შემდეგ ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან და ნატოს მოკავშირეებთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმებს თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით.

2019 წელს, უელსის ნატოს სამიტიდან ხუთი წლის თავზე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი პაკეტი, რომელიც მოკავშირეებმა უელსის სამიტზე შესთავაზეს საქართველოს.

რეალურად, ეს არის პარტნიორული შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე ფართო პაკეტი ნატოსა და სხვა ნებისმიერ ქვეყანას შორის და ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, ნატოს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩართულობით. ჩვენი ყველას საერთო ინტერესია ამ რეგიონის სტაბილურობა.

  • საქართველოს ხელისუფლებას ბოლო წლებში ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ რუსეთთან პოლიტიკის შერბილების გამო. თქვენი დაკვირვებით, აქვს თუ არა შედეგი რუსეთთან შერბილების/დათმობის პოლიტიკას

მე კარგად ვიცი იმ წნეხისა და ზეწოლის შესახებ, რომელსაც ბევრი ქართველი გრძნობს ყოველდღე რუსეთის პოლიტიკის შედეგად. პირველ რიგში,  ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფ ხაზებთან, რომელიც კვეთს მთელ საქართველოს  და როგორი, ყოვლად მიუღებელი გავლენა აქვს ამ გაყოფას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ უფლებებზე.

ასევე, ვფიქრობ იმ ასობით ათას ქართველზე, რომლებიც რუსული პოლიტიკის შედეგად ათწლეულებია უკვე საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირებად მიიჩნევიან და ყველა ადამიანზე საქართველოში, რომელთა ცხოვრებაც შეიცვალა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კონფლიქტების შედეგად.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტების მოგვარებისთვის მოიძებნოს ისეთი გზები, რომლებიც მდგრად შედეგებამდე მიგვიყვანს და რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებთან. გეოგრაფია გეოგრაფიაა, ისტორია – ისტორიაა, რუსეთი საქართველოს მეზობელია და დარჩება საქართველოს მეზობლად. ასე, რომ მესმის, რატომ უწევთ მთავრობებს ეძებონ თანაარსებობის გზები და ამავდროულად, დაიცვან თავიანთი მოქალაქეებისა და ქვეყნების ინტერესები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაძაბულობის  დროს და გასაგებია, თუკი მთავრობა ეძებს ამ დაძაბულობის შემცირების გზებს და ეს გონივრული ქმედებაა. თუმცა ცხადია, ეს არ ნიშნავს კომპრომისს, რომელიც იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ხარჯზე. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა დიდი ბრიტანეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

  •  2016 წელს, არჩევნების წინ, ლიბერალშიგამოქვეყნდა თქვენი წერილი, სადაც წერთ, რომ საქართველოში ყველა, ვისაც ხვდებით, გეუბნებათ, რომ პოლიტიკური პროცესებისა და პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობის ხარისხი თანდათან იზრდება. ახლა გვიახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც წინ უძღოდაგავრილოვის ღამედა აქციების სერია საქართველოს პარლამენტის წინ. როგორ ფიქრობთ, საქართველოში პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობა გაიზარდა თუ შემცირდა

ნება მომეცით ვთქვა სამი რამ. პირველი – მე კვლავ მძაფრად ვგრძნობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია,  ეს არის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება. მიმაჩნია, რომ ეს უფლება ჩვენ გვაკისრებს ვალდებულებასაც და პასუხისმგებლობასაც და რომ ეს ხმა დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. ეს ეხება როგორც ბრიტანეთს, ისე საქართველოს.

მეორე, რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ, რა თქმა უნდა, მთავარი სხვაობა 2016 წლისა და 2020 წლის არჩევნებს შორის იქნება ძალიან დიდი, ვინაიდან ახლა მიმდინარე ცვლილებებით 2020-ის საპარლამენტო არჩევნები, ახალი, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ამაზე დისკუსიები და მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები 2020-ში ჩატარდეს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის შედეგად. სწორედ ეს შექმნის პირობას, 2020-ის არჩევნების შემდგომი პარლამენტი იყოს აქტიური და პლურალისტური.

ასევე, მოვუწოდებდი თითოეულ პარტიას ყურადღებით მიჰყვნენ ეუთოს რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც გასულ არჩევნებს შემდეგ გამოქვეყნდება და სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება. ვფიქრობ, ბრიტანეთშიც და საქართველოშიც, ყველანი ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა არ აღმოვჩნდეთ პერმანენტულ საარჩევნო კამპანიის პირობებში. ეს დიდი ცდუნებაა და მე მესმის. მაგრამ ვისურვებდი, რომ ისევე როგორც ჩემს ქვეყანაში, ასევე საქართველოში, მეტი ყურადღება მიექცეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ახლა დგას და რომელთა გადაჭრაც არ უნდა გადაიდოს 2020-ის არჩევნების შემდეგ.

ჩვენი ყურადღებაც და საქართველოს მთავრობასთან მუშაობაც, იქნება ეს სხვადასხვა რეფორმის თუ პროექტის გარშემო, სწორედ ამისკენ არის მიმართული, რათა მნიშნვნელოვანი საკითხების  არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის  გადადება არ მოხდეს.

  • თბილისში 20 ივნისის აქციას თქვენ ტვიტერზე გამოეხმაურეთ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეთ გამჭვირვალედ წარმართულიყო გამოძიება და ასევე, მხარეებს მოუწოდეთ კომპრომისისკენ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა ციხეში რჩება 20 ივნისის ღამეს დაკავებული აქციის მონაწილე, რომელსაც ასევე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს [8ოქტომბერს 20/21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქური გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს]. თქვენი აზრით, რამდენად გამჭვირვალედ და კომპრომისულად წარიმართა გამოძიება?   

ყველას გულითადად თანავუგრძნობ, ვინც დაშავდა, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა 20 ივნისის მოვლენებისას. თითოეულს სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ვფიქრობ, 20 ივნისის მოვლენები საფუძვლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნეს გამოძიებული.  როდესაც გამოძიების შედეგებს გავეცნობით და თუ გამოძიება დაადგენს, რომ ცალკეულმა ადამიანებმა კანონს გადააბიჯეს ან დაკისრებული ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულეს, მნიშვნელოვანი იქნება, ამაზე სწორი რეაგირება მოხდეს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან.

კიდევ ორ რამეს დავამატებდი 20 ივნისის შესახებ. პირველი, როგორც ჩემს ტვიტერზე ვთქვი, ქართველებს უფრო მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე ჰყოფთ და მოხარული ვარ, როგორც საქართველოს მეგობარი, როდესაც ვხედავ, რომ საზოგადოება უყურებს იმას, რაც მათ აერთიანებს, და არა იმას – რაც მას ხლეჩს. ვფიქრობ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ უახლოესი პერიოდისთვის, რომელიც საქართველოს გასავლელი აქვს.

მეორე რამ, რასაც ვიტყოდი, ვფიქრობ ის არის, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა ყველა პარტიიდან მოუსმინონ,  რას ამბობენ საზოგადოების წევრები, ახალგაზრდები, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლა მიიღება, რეალურად მიიღება ახალგაზრდების სახელით, ისევე როგორც საზოგადოების დანარჩენი ნაწილის სახელით. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდები დემოკრატიულად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში იყვნენ წარმოდგენილები და თავს ჩართულად გრძნობდნენ. და ჩვენ, ყველას, გვაკისრია პასაუხისმგებლობა, ხელი შევუწყოთ ამ ჩართულობას. თუ ახალგაზრდები არ იგრძნობენ თავს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების და სისტემის მონაწილეებად, ვშიშობ, ეს მომავალში დიდ გამოწვევებს წარმოშობს.

  • წელს აღინიშნება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებული მეგობრობის სეზონი სამთვიანი პროგრამით. რა ღონისძიებებს მოიცავს ეს პროგრამა?

მოხარული ვარ, რომ საქართველოში პირველად ვახორციელებთ ამგვარ ფესტივალს. სამი თვის განმავლობაში განვახორციელებთ 60-ზე მეტ ღონისძიებას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აჭარაშიც. ვიმედოვნებთ, ხალხი მეტ ახალს გაიგებს დიდი ბრიტანეთის შესახებ, დაწყებული ბრიტანულ მუზეუმში დაცული მე-12 საუკუნის დავით აღმაშენებლის მონეტიდან, 21-საუკუნის უახლესი მუსიკით, თეატრისა და ქორეოგრაფიის ჩათვლით. იმედი მაქვს, ყველა იპოვის რაღაც საინტერესოს ამ ბრიტანულ სეზონზე. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იყო, ეს სეზონი საქართველოს სხვადასხვა რეგიონამდე მიგვეტანა.

  • 2014 წელს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ჩაეყარა საფუძველიუორდროპის დიალოგისსახელით ცნობილ თანამშრომლობის ფორმატს. რა არის ამ ფორმატის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა და რა სიახლეები იგეგმება სამომავლოდ?

ძალიან ვამაყობ, რომ „უორდროპის დიალოგის“ ფორმატი გვაქვს. მისი არსი უკავშირდება ჩვენი მეგობრობის ფესვებს, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს, როცა ოლივერ უორდროპი აქ, საქართველოში, იმყოფებოდა. თუმცა, რაც განსაკუთრებით მახარებს, ამ ისტორიული მნიშვნელობის ფორმატში ჩვენ ვზრდით და ვავითარებთ უაღრესად თანამედროვე პარტნიორობას განათლების, ბიზნესის, კულტურის, სპორტისა და სხვა მრავალ სფეროში. ურთიერთობა ბრიტანელ და ქართველ ხალხს შორის იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე აქამდე მომხდარა. ასე რომ, როცა თქვენ მეკითხებით მომავლის შესახებ, დარწმუნებული ვარ, რომ უორდროპის დიალოგის ფორმატით გამორჩეული მეგობრობა საქართველოსა და ბრიტანეთს შორს გაგრძელდება საინტერესო და ხშირად მოულოდნელი გზებით.

  • სავიზო პოლიტიკას რომ შევეხოთ, საქართველოში ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღება ძალიან რთულია. თუ შეგიძლიათ ზოგადი ტენდენციის შესახებ გვითხრათ, მაგალითად, წელიწადში რამდენი ადამიანი მიმართავს ბრიტანეთის საელჩოს ვიზის მისაღებად და აქედან რამდენი იღებს ვიზას?

ეს არის კითხვა, რომელიც ყველა სხვა კითხვაზე უფრო ხშირად დაუსვამთ ჩემთვის და კარგად ვიცი, რომ ხალხს ეს პროცესი რთულად ეჩვენება. მხოლოდ ორ რამეს ვიტყოდი, ერთია ის, რომ ჩვენ ვუსმენთ თქვენს უკუკავშირს და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს პროცესი გახდეს რაც შეიძლება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი. და მეორე – მოხარული ვარ, რომ რეალურად, ბევრი, ათასობით ქართველი სტუმრობს დიდ ბრიტანეთს ყოველწლიურად იქნება ეს სასწავლებლად, ბიზნესვიზიტით თუ უბრალოდ დასათვალიერებლად. მოვუწოდებ ყველას, ეწვიონ დიდ ბრიტანეთს და ასევე ეძებონ ისეთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობები, როგორიცაა ჩივნინგის სტიპენდიების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად საშუალოდ  15-17 ბრწყინვალე ახალგაზრდა ლიდერი და პროფესიონალი ეუფლება სამაგისტრო პროგრამებს დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

  • ორ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიიღო, შესაძლებელია თუ არა დადგეს დღის წესრიგში საქართველოს მოქალაქეების დიდ ბრიტანეთში უვიზო მიმოსვლის საკითხი? თქვენი მუშაობის პერიოდში ყოფილა ამაზე მსჯელობა? ან საქართველოს მთავრობას ჰქონია რაიმე ინიციატივა ამ საკითხის განსახილველად?

ეს საკითხი ამჟამად არ განიხილება. თუმცა, როგორც აქამდე ვთქვი, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არსებულმა სისტემამ იმუშაობს ქართველი სტუმრების სასარგებლოდ და განვაგრძობთ მუშაობას, რათა სისტემა გახდეს უფრო ეფექტური, რამდენადაც შესაძლებელია. მოხარული ვარ, რომ ვიზიტორთა რიცხვი ორივე მიმართულებით მნიშვნელოვნად გაზრდილია.

  • დიდ ბრიტანეთში არის დაძმობილებული ქალაქები: თბილისი და ბრიტოლი, ქუთაისი და ნიუპორტი, ახალციხე და ნიუ ქასლი. ჩვენ ახლა ბათუმში ვართ, ამ ქალაქის ისტორიას კავშირი აქვს დიდ ბრიტანეთთან, ვგულისხმობ ბრიტანული ჯარის შემოსვლას ბათუმში მე-20 საუკუნის დასაწყისში. ხომ არ იგეგმება ბათუმის დაძმობილება რომელიმე ქალაქთან

შესანიშნავი იდეაა. ეს ინიციატივები თავად ქალაქებისგან უნდა მოდიოდეს, მაგრამ მოხარული ვიქნებოდი, თუ ბათუმი იპოვის თავის მეგობარ ქალაქს დიდ ბრიტანეთში. თქვენ უკვე გაქვთ ლონდონის სკვერი ბათუმში. ერთ-ერთი ამბავი, რაც განსაკუთრებით მახარებს ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, ის კავშირებია, რომლებიც საქართველოსა და ბრიტანულ ქალაქებს შორის არსებობს. ვიმედოვნებ, ბათუმიც მალე დაემატება ამ სიას.

_______________

ფოტოზე: ჯასტინ მაკკენზი სმიტი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: