ჭიბონის ოსტატი ქედიდან


თემურ არძენაძე ჭიბონს ბავშვობიდან ამზადებს. ქედელ ხელოსანს ჭიბონის დასამზადებლად  არამარტო ქართველი, არამედ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებიც ხშირად აკითხავენ. ჩასაბერი საკრავის დამზადებასთან ერთად ქედელი ხელოსანი ჭიბონის საუკეთესო დამკვრელიცაა.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში მცხოვრებმა თემურ არძენაძემ პირველი ჭიბონი 12 წლის ასაკში დაამზადა. ახლა 52 წლისაა და ამბობს, რომ წლების განმავლობაში ათეულობით დამზადებულმა ჭიბონმა პროფესიონალ ხელოსნად აქცია.

„არ მახსოვს დღემდე რამდენი ჭიბონი მექნება გაკეთებული, ვერც იმას ვიტყვი, რომ ადვილი გასაკეთებელია. წლებმა დიდი გამოცდილება მომიტანა და დღეს უფრო ადვილად ვამზადებ და უფრო ხარისხიანს. ჭიბონის გაკეთება ბავშვობაში, მეზობლისგან ვისწავლე. ჩვენთან, ახლოს, ვასო ირემაძე ცხოვრობდა, ის ამზადებდა ჭიბონს. ვუყურებდი. ტყავის დამზადებაც მისგან ვისწავლე, მერე მეც დავიწყე კეთება“, –  ყვება თემური.

ჭიბონი თხის ტყავისგან მზადდება. დამზადებისას ტყავი არ უნდა დაზიანდეს და მხოლოდ იმ ადგილზე უნდა გაიჭრას, საიდანაც დასაკრავად უნდა ჩაჰბერო. თუ ტყავი დაზიანდება, ის საჭიბონე მასალად აღარ გამოდგება.

„თხის ტყავს სპეციალური მომზადება სჭირდება. ტყავის გასუფთავებას ვიწყებ ბეწვისგან, შემდეგ ვრეცხავ და ნაცარ-ტუტში ვაჩერებ, იქედან ამოღებულ ტყავს ისევ ვრეცხავ და შემდეგ გაწმენდას ვიწყებ, ვაცლი ზედმეტი ნაწილებს. ტყავის გაწმენდისთვის სპეციალური ხსნარები არ არის საჭირო, ჩვეულებრივად იწმინდება. ჭიბონის კეთების პროცესში მნიშვნელოვანია ტყავის სათანადოდ გამოშრობა. გაბერილ ფორმაში უნდა გამოშრეს, რადგან თუ ჩვეულებრივ ფორმაში გამოაშრობ, იმ ფორმაში დარჩება და საჭიბონედ თითქმის გამოუსადეგარი იქნება. ზაფხულის მზიან ამინდში ორ დღეში შრება, ზამთარში უჭირს გამოშრობა, რამდენიმე დღე სჭირდება. ტყავი ან უნდა გაბერო, ან შიგ ისეთი მასალა მოათავსო, რომლის გამოღებასაც გამოშრობის შემდეგ შეძლებ. მე, მაგალითად, შიგ ხმელ ბალახს ვათავსებ და როცა გამოშრება ტყავი, ბალახს ვიღებ“,  – ამბობს თემური.

თემური ახლა ღიმილით იხსენებს იმ დროს, როდესაც საკრავის დამზადებას იმაზე მეტ დროს ანდომებდა, ვიდრე დღეს:

„როცა კარგად არ ვიცოდი ტყავის დამუშავება, ჭიბონის დამზადებას დიდ დროს ვუთმობდი. ერთ-ერთ მეჭიბონეს როცა ვკითხე, როგორ იღებ ტყავს-მეთქი, მითხრა ყელიდანო. მომატყუა, მაგრამ მაშინ ამას ვერ მივხვდი, ხორცს ყელიდან ვიღებდი, ეს კი საკმაოდ რთულია. ამ მეთოდით ჭიბონს დიდხანს ვაკეთებდი, მიჭირდა კიდეც, მაგრამ თუ არ იწვალე, პროფესიონალი ვერ გახდები. ჭიბონის დამზადება საკმაოდ რთული და შრომატევადია. როცა არ ვიცოდი ის მეთოდი, რა მეთოდითაც ახლა ვამზადებ, ერთ ჭიბონს სამი თვე ვამზადებდი, ახლა 15-20 დღეში ვაკეთებ, თუმცა რაც უფრო მეტ დროს უთმობ ტყავის დამუშავებას, მით უფრო კარგი და ხარისხიანი გამოდის საკრავი“.

ქედელ ხელოსანს ჭიბონის დამზადებაში ოჯახის წევრები ეხმარებიან, განსაკუთრებით კი ცოლი –  დარიკო. ამბობს, რომ ჭიბონის გაკეთება შვილებსაც ასწავლა, თუმცა მათ დამოუკიდებლად გაკეთება ჯერ არ უცდიათ.

„წლის განმავლობაში მინიმუმ 20-30 ჭიბონს მაინც ვაკეთებ, ეს ჩემი მთავარი შემოსავლის წყაროა, საქმიანობაში ოჯახიც მეხმარება, განსაკუთრებით – ცოლი. სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგო, ყველა დაოჯახებულია. გოჩას, რომელიც  ბათუმში ცხოვრობს, შეუძლია დამოუკიდებლად გააკეთოს ჭიბონი, მაგრამ ჯერ არ უცდია. აქ, სოფელში, ჩემთან ერთად მირზა ცხოვრობს, მასაც შეუძლია გაკეთება, მაგრამ დამოუკიდებლად კეთების ინტერესი არ აქვთ. ჩემი ხელობა განსაკუთრებით ცოლს შევასწავლე, დამხმარე ხომ მინდოდა? დაკვრაც იცის, რომ დასჭირდეს, დაუკრავს კიდეც“, –  გვიყვება თემური.

ოჯახში დამზადებული ჭიბონისთვის ქედელ ხელოსანს უცხოელი ტურისტებიც ხშირად აკითხავენ. ამბობს, რომ განსაკუთრებით ჰოლანდიელები არიან დაინტერესებული აჭარაში გავრცელებული ძველი საკრავით.

ჭიბონის ოსტატი თემურ არძენაძე ქედიდან

ჭიბონის ოსტატი თემურ არძენაძე ქედიდან

„საუკეთესო ხარისხის საკრავს რომ ვამზადებ, მსურველებიც ბევრი მყავს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი დამზადებული ჭიბონი საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ანსამბლს აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ უცხოელები უფრო მაკითხავენ, ვიდრე ქართველები. არ ვიცი როგორ მაგნებენ. რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიელები მყავდა, გასაყიდი რომ აღარ მქონდა, 26 წლის წინ გაკეთებული, საკუთარი ჭიბონი გავყიდე. რაც შეეხება ღირებულებას – ხარისხზეა დამოკიდებული. დიდ და პატარა ჭიბონს ერთნაირი შრომა სჭირდება. საშუალო ზომის ჭიბონი 350 ლარი ღირს, მაგრამ შემიძლია ვაჩუქო კიდეც. თუ თანხა არ აქვთ, ფასს ვუკლებ, თუ აქვს შესაძლებლობა მყიდველს  –  იმდენში ვყიდი, რაც ღირს. იყო ისეთი შემთხვევა, 600 ლარიც გადამიხადეს. იმდენად კარგი ხარისხის საკრავს ვამზადებ, რომ თუ არ გახიე ან თაგვმა არ დააზიანა, არაფერი მოუვა“.

ქედელ მეჭიბონეს კავშირი აქვს თავის კოლეგებთანაც: „აჭარაში ცნობილი სულ სამი მეჭიბონე ვართ, ძირითადად, ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ საბოლოოდ ჩემთან მოაქვთ ასაწყობად. ჩემი აწყობილი ჭიბონი მიაქვთ სხვა მეჭიბონეებსაც.“

გარდა იმისა, რომ საკრავს აკეთებს, თემური ჭიბონის უბადლო დამკვრელიცაა და ხშირად სხვადასხვა ფესტივალსა თუ ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე გამოდის. უკრავს ქედაში ჩამოსული ტურისტებისთვისაც. ასე მის საყვარელ საქმესაც აკეთებს და მნახველსაც ახალისებს:

„ჯარშიც კი მქონდა წაღებული ჭიბონი, თავისუფალ დროს ჯარისკაცებისთვის კონცერტს ვმართავდი. რადგან სასაზღვრო ჯარში ვმსახურობდი, მიწევდა სხვადასხვა ქვეყანაში შესვლა, შესაბამისად, ჭიბონი ხშირად დამიკრავს სირიასა და იუგოსლავიაში… მე დაკვრასაც ვასწავლი  – სხვა მუსიკალური ინსტრუმენტებისგან განსხვავებით ჭიბონზე დაკვრა უფრო რთულია. თუ ადამიანი რომელიმე საკრავზე უკრავს, ის ადვილად ითვისებს ამაზე დაკვრასაც. ვყოფილვარ გასტროლით საზღვარგარეთაც“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი