12 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო  მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

სააგენტოს ცნობით, 12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში – თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე – ლიპყინული.

13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 -ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელი დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ – იუწყება სააგენტო.

ბათუმში კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1988 წელს დაბადებულ მ.ვ.- ს და 1981 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ 11 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს, რომელიც ასევე თურქეთის მოქალაქეა, 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 185 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 404 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 699 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 34 992 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 564 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 431 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 89 148 ერთეული [+82]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 058 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 69 507 ერთეული [+157]
  • სპეცტექნიკა – 4 022 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 101 909 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 495 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 628 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 844 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 815 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვაშინგტონი და კიევი, რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, განიხილავენ წინადადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა შესაძლოა ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანდეს. ამის შესახებ The Washington Post-ის მიმომხილველი, დევიდ იგნატიუსი, ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ზოგი სკოლა 3 ცვლაში მუშაობს, შემოიხედონ კლასებში რა მდგომარეობაა“ – მასწავლებელი განათლების ხარისხზე

„რომელ ხარისხზე ვსაუბრობთ, როცა სკოლები დანგრეულია. ჩვენი სკოლაც ორ ცვლაში მუშაობს და ზოგიერთი, სამ ცვლაში. შემოიხედონ კლასებში და ნახონ რა მდგომარეობაა“, – ამბობს თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი, თამარ ცანავა „ბათუმელებთან“.

მას ვესაუბრეთ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სასკოლო ცვლილებებსა და მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაზე.

  • ქალბატონო თამარ, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2026 წლიდან მასწავლებელს კარიერული წინსვლისთვის აღარ მოუწევს გამოცდის ჩაბარება. „ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ „პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომაზე გადავდივართო“ და თუ პრაქტიკაში მასწავლებელი ძლიერია, მაშინ შეუძლია აიმაღლოს სტატუსი. თქვენ როგორ გაიგეთ ეს და ხედავთ თუ არა რაიმე სიახლეს ამაში?

სამინისტრომ ისიც თქვა, თუ რესურსებზე დაკვეთა იქნება მასწავლებლის მხრიდან, ჩვენ ხელს შევუწყობთო. მიაწოდებენ რესურსცენტრებს რა სჭირდებათ და, შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ მასწავლებლებსო.

  • რესურსების საჭიროებაზე 13 წელია საუბრობთ პედაგოგები და ჯერ არ გაუგიათ რა სჭირდებათ მასწავლებლებს კლასში?

ჩვენ, მაგალითად, ყოველი წლის დასაწყისში გვეკითხება დირექტორი, რა გვჭირდება კათედრაზე. იქნება ეს პოსტერები თუ რაღაც ჭურჭელი ლაბორატორიისთვის, ისედაც ყიდულობს ხოლმე სკოლა, თუ არის ამის საშუალება. მაგრამ, ჭკვიანი დაფა მჭირდება-მეთქი, რომ მოვითხოვო, რომელიც 3000-5000 ლარი ღირს, სკოლა ვერ იყიდის. ვერც რესურსცენტრი იყიდის და რით აპირებენ ჩვენ გამხნევებას, მაინც ვერ გავიგე კარგად.

  • სამინისტრო ამბობს, რომ მასწავლებელს რაც შეუძლია კლასში უნდა დაამტკიცოს – ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილი და სკოლასაც დაეხმაროს შიდა ხარისხის ამაღლებაში. რამდენად გააზრებული აქვს სამინისტროს ის, რაზეც საუბრობენ?

ჩემთვის ხარისხიანია ისეთი გაკვეთილი, სადაც ყველა ბავშვი ჩართულია თანაბრად. ხარისხიანია გაკვეთილი, სადაც მასწავლებელი სხვადასხვა მეთოდს იყენებს მიზანზე გასასვლელად, მაგრამ ასევე სკოლიდან არის ხელშეწყობა ინფრასტრუქტურულად.

მე, ინგლისურის გაკვეთილს ხარისხიანად ვერ ჩავატარებ მხოლოდ დაფით და ცარცით, როგორც ეს იყო მე-19, მე-20 საუკუნეში. აუცილებლად მჭირდება პროექტორი, დინამიკი და სხვადასხვა რესურსი – პოსტერები, ფლაერები, ფლიპჩარტები და ათასი ნივთი, რომ ხარისხიანი გაკვეთილი გამოვიდეს.

დაფით და ცარცით ბავშვებს მაქსიმუმ გრამატიკული წესები ვასწავლო და ვაწერინო, მაგრამ 21-ე საუკუნის ბავშვი მხოლოდ ცარცით ვერ მიხვდება, რა არის ონლაინქვიზები, თამაშები, ათასი რაღაც არსებობს.

კი, მასწავლებელზეც არის დამოკიდებული ხარისხი, მაგრამ სკოლა როგორ შეუწყობს ხელს ამაში, ამაზეც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული.

თბილისის სკოლებში შესაძლოა არის პროექტორები, მაგრამ რაიონის სკოლებში, მაღალმთიანეთში კატასტროფული სიტუაციაა, საპირფარეშოებიც კი არ არის სკოლებში მოწესრიგებული, არათუ სხვა ინფრასტრუქტურა და დამხმარე მასალები. ასეთ ვითარებაში საუბრობენ, რომ აი, მობილურები უნდა შევზღუდოთ და ასე შემდეგ.

  • ამ დროს, მობილური შესაძლოა ძალიან კარგად ჩართო საგაკვეთილო პროცესში, თუ იქნება კლასში ინტერნეტი, არა?

მობილური ტელეფონების არამიზნობრივად გამოყენება კლასში ჩვენ ისედაც შეზღუდული გვაქვს. დილას, დამრიგებლები აგროვებენ ხოლმე მობილურებს და ინახავენ. ეს სკოლის შინაგანაწესზეა დამოკიდებული და აქ ახალი არაფერია.

მაგრამ, დღეს ჩავატარე გაკვეთილი ადამიანის უფლებებზე და გაკვეთილის ბოლოს ბავშვებს ვათამაშე „კაჰუტი”, რომელიც მჭირდება იმისთვის, რომ გავარკვიო, როგორ გაიგეს ბავშვებმა კონკრეტული მასალა. ისინი წინასწარ გავაფრთხილე, რომ ყველას ჰქონოდა მობილური ტელეფონები. ზოგჯერ საჭიროც კია ტელეფონი გაკვეთილზე და როცა საჭიროა, ვერავინ ამიკრძალავს მე, მასწავლებელს, რომ მობილური გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში.

  • როცა მასწავლებელს ეუბნებიან – „მაჩვენე ხარისხი გაკვეთილზე“, ხომ არ უნდა იყოს პირიქით, რომ ჯერ სამინისტრომ გვაჩვენოს, როგორ კლასში შეჰყავს მასწავლებელი და მოსწავლე?

რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ასე უნდა იყოს. ჯერ შემოიხედონ კლასში და ნახონ რა მდგომარეობაა. დაინახავენ რა სჭირდება ხარისხიან გაკვეთილს. ან რომელ ხარისხზე ვსაუბრობთ, როცა სკოლები დანგრეულია. ჩვენი სკოლა ორ ცვლაში მუშაობს და ზოგიერთი სამ ცვლაშიც.

მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, სკოლების – არა. ვარკეთილში, ახლა სადაც ვცხოვრობ, დაახლოებით ოთხი მიკრორაიონია და თითო სკოლა აღარ არის საკმარისი. ირგვლივ კიდევ ემატება კორპუსები. 5 კლასზე მეტი ვერ იხსნება სკოლაში – რადგან ორ ცვლაში ვართ, ფიზიკურად არ არის საკლასო ოთახები.

თუ სკოლები არ დაამატეს და ინფრასტრუქტურულად არ აღჭურვეს, როგორ განვითარდება ბავშვი?

საიდანაც ცვლილება უნდა დაიწყოს, ეს არის ახალი სკოლების მშენებლობა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. ბავშვების რაოდენობა უნდა შეამცირონ ჯერ საკლასო ოთახებში – 40-წუთიან გაკვეთილზე 28-30 ბავშვია კლასში და ხარისხზე როგორ უნდა გახვიდე?

მაშინ, 7-8 საათამდე უნდა ისწავლონ ბავშვებმა სკოლაში. მასწავლებლებს ისედაც დილის 9-იდან 18:00 საათამდე უწევთ სკოლაში ყოფნა, ვინც ორ ცვლაში მუშაობს. აი, ამ პრობლემების მოგვარება იყო ჯერ საჭირო და არა მობილურების აკრძალვა ან სკოლის ფორმების შემოტანა.

  • კარიერული წინსვლის გამოცდა იმიტომ ავკრძალეთ, რომ სკოლის საჭიროებებზე არ იყო ორიენტირებულიო. ახლა კი, მასწავლებელი დაწერს ამ საჭიროებებზე და წარმოგვიდგენს ერთწლიან პროგრამასო. რამდენად დამაჯერებელია, რომ ის, რაც არ შეცვალეს 13 წელში, ამის შემდეგ შეცვლიან?

მეც ვერ გავიგე, ეს რატომ წერია. ახალი სქემის დოკუმენტი როცა მომივიდა, გავუგზავნე უკუკავშირი, თუმცა რაიმე განსაკუთრებული სიახლე ამ ახალ სქემაში არ არის. ვთქვათ, გამოცდა მოიხსნა, მაგრამ ამის ნაცვლად რა ხდება? წამყვანის და მენტორის კურსებით ჩაანაცვლეს ეს გამოცდა და რაღაც ტრენინგებზე მაინც ხომ მოუწევს სიარული და ბოლოს რაღაც ქვიზის თუ ტესტის დაწერა მასწავლებელს?

ანგარიშების დაწერა ახლაც მიწევს მე, როგორც წამყვან მასწავლებელს და ისედაც ხომ მაქვს გარკვეული ვალდებულებები ამ სტატუსის ფარგლებში – ვითანამშრომლო კათედრებთან სკოლის გარეთ თუ შიგნით. ხშირად, მასწავლებლებს მაინც იმაზე მეტის გაკეთება გამოგვდის, ვიდრე გვევალება.

სქემა ნებაყოფლობითიაო, რომ ამბობენ, უფროსისთვის არის ნებაყოფლობითი, მაგრამ წამყვანმა და მენტორმა, გვინდა თუ არა, მაინც უნდა ვაკეთოთ რაღაცები სქემის მიხედვით. თუ ვთქვათ, რესურსცენტრი გამოაცხადებს, რომ რაღაც პროექტისთვის სჭირდება მენტორი მასწავლებლები, ამ პროცესში ავტომატურად ჩაერთვებიან ეს მასწავლებლები. ვინმე გადაუხდის ამ ზედმეტი მუშაობისთვის მასწავლებელს?

თუ არავინ არ გვიხდის და მაინც ვიქნებით ვალდებული, რომ ჩავერთოთ, მაშინ, სად არის ნების და არჩევანის თავისუფლება? ეს რაღაცები გასარკვევია და იმედი მაქვს, ამ კითხვებზე პასუხები იქნება გაცემული.

  • რეალურად, ამ სქემაშიც იმიტომ ერთვებოდნენ მასწავლებლები, რომ სტატუსზე ემატებოდათ ხელფასი. თუმცა სტატუსის დანამატი ამილახვრის მინისტრობის დროს გაუქმდა და ახლა რატომ ექნება მოტივაცია მასწავლებელს, რომ მეტი იშრომოს?

ასეა. წამყვანი მასწავლებელი ვარ და მენტორი თუ გავხდები, 150 ლარით მომემატება ხელფასი. ამის სანაცვლოდ გიწევს აკეთო აქტივობები, კვლევები და ამაზე მიწევს ჩემი რესურსების ხარჯვა. თუ რესურსცენტრი მომაწვდის რესურსებს, კი ბატონო, მაგრამ თუ არავინ არ მომაწვდის, ჩემი ხარჯი გადის ხომ? მიღირს კი ხელფასის 150-ლარიანი მატება ამად? მირჩევნია ეს დრო დამრჩეს ჩემი მოსწავლეებისთვის, ვისთვისაც ისედაც ვაკეთებ ამ ყველაფერს.

  • აქამდე სულ იყო დაპირებები ხელფასების ზრდაზე, ახლა კი არც ამას ჰპირდებიან მასწავლებლებს?  

აქაც იყო ორაზროვნად ნათქვამი, რომ საჯარო მოხელეებს ემატებათ ხელფასიო, მაგრამ მასწავლებელი საჯარო მოხელე არ არისო. თუ საჯარო მოხელე არ ვარ, მაშინ რატომ ვრცელდება ჩვენზე ორ სამსახურთან დაკავშირებული შეზღუდვები? მერე თქვეს, საჯარო დაწესებულებაში რომ მუშაობთ, იმიტომო. მაშინ ხელფასის ზრდაც უნდა შეგვხებოდა, მაგრამ – არა.

შეეხო მხოლოდ დირექციას და ტექნიკურ პერსონალს. მათ ნამდვილად უნდა მომატებოდათ, რადგან ტექნიკური პერსონალის ხელფასი ძალიან დაბალია, მაგრამ მასწავლებლის ხელფასიც უნდა გაზრდილიყო, 2024 წლის შემდეგ ფასებმა ხომ მოიმატა პროდუქტებზე.

  • გამოცდების გაუქმება ან ის „სიახლეები“, რომელზეც „ოცნების“ განათლების მინისტრი და სხვები საუბრობენ, ბევრმა შეაფასა როგორც პოპულიზმი. რა გვექნება თუნდაც 5-6 წლის შემდეგ, ამ ე.წ. რეფორმით, თუ არ გამოსწორდა ის პრობლემები რაზეც ისაუბრეთ?

ორი-სამი წლის მერე გვექნება უფრო გადატვირთული საკლასო ოთახები და სკოლები ახალ მოსწავლეებს ვეღარ მიიღებენ ფიზიკურად.

თუკი სკოლები არ ააშენეს, სახელმძღვანელოების პრობლემა არ მოაგვარეს და არ მოარგეს თანამედროვე სტანდარტებს ინფრასტრუქტურა, მერე ყველა პრობლემა ერთდროულად იფეთქებს.

ამიტომ, სანამ შესაძლებელია, მანამდე იზრუნონ ამ პრობლემების მოგვარებაზე. ეს არის გამოსასწორებელი სასწრაფოდ, ვიდრე ის მარტივი საკითხები, რაზეც დაიწყეს საუბრები.

უნდა გვქონდეს კრიტიკის მიმღებლობაც, რადგან ეს არ აზიანებს სისტემას. პირიქით, ყველას გვინდა კარგი სამუშაო და სასწავლო გარემო. ხომ შეიძლება მოგვისმინონ და გაითვალისწინონ. მასწავლებლებსაც ხვდებიან კი, მაგრამ ხშირად 200 ადამიანი რომ ზის დარბაზში, 2-3 თუ ამოიღებს ხმას. ასეთი მიდგომებით არაფერი შეიცვლება.

მასწავლებლებიც საჭიროებების მიხედვით უნდა გადამზადდნენ და არ არის საჭირო ეს თავსმოხვეული სქემები. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ამერიკაშიც ვიყავი და მსგავსი სქემებით არსად ხდება მასწავლებლის პროფესიული ზრდა. სულ სხვა სტანდარტებია იქ.

ამიტომ, შემოიხედონ სკოლებში და ნახავენ რა სჭირდება ხარისხიან განათლებას. ბევრი მასწავლებელი იღებს უკვე ამაზე ხმას და მოგვისმინონ. მშობლებსაც მოუსმინონ და მიხვდებიან სინამდვილეში რა პრობლემები გვაქვს.

სახალხო დამცველს თანამშრომელმა სასამართლო დავა ნაწილობრივ მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია სახალხო დამცველის მიერ მიღებული კონკრეტული ბრძანება, რომელიც მისივე თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის – საყვედურის გამოცხადებას ითვალისწინებდა.

სასამართლოში საქმის მოგების შემდეგაც ლევან პაპავა ისევ სახალხო დამცველის თანამშრომელია. ის სახალხო დამცველის წარმომადგენელია სამეგრელოში.

თანამშრომელი რომ სახალხო დამცველს სასამართლოში უჩიოდა, ამის შესახებ „ბათუმელები“ 2024 წელს წერდა. ლევან პაპავა ამბობდა, რომ ის უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაც სახალხო დამცველმა არ განიხილა. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში სახალხო დამცველმა სასამართლო დავის შესახებ საჯაროდ ინფორმაცია გაავრცელა.

ლევან პაპავა სასამართლოში ითხოვდა კონკრეტული ბრძანების ბათილად ცნობას, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა განსხვავებული შეხედულების ნიშნით და მორალური ზიანისთვის სიმბოლური თანხის დაკისრება სახალხო დამცველისთვის კი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სახალხო დამცველის 2024 წლის 11 აპრილის Nკ/255 ბრძანება ლევან პაპავასთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ვინაიდან იგი მიღებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნათა დარღვევით“, – აღნიშნულია მოსამართლე ნინო ბუაჩიძის 2025 წლის 5 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

„ჩემს სარჩელში მითითებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ახლა ლევან იოსელიანმა იფიქროს, რამდენად არის ყოველივე ეს ალტერნატივა და გამოსავალი მისთვის.

როცა სასამართლო დაადგენს, რომ სახალხო დამცველმა კანონი დაარღვია, ვფიქრობ, ამგვარი სურათი კატასტროფულია…

უმარტივესად და სალაპარაკო ენაზე რომ შევნიშნო, სახალხო დამცველი უფლებამოსილია სხვა უწყებებს მიმართოს წინადადებით კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ, ხოლო მის დაქვემდებარებულ თანამშრომელს კანონდარღვევით უფარდებს პასუხისმგებლობის ზომას,“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლევან პაპავა.

სახალხო დამცველი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს:

“თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, არ დაკმაყოფილდა ლევან პაპავას მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, ის დღემდე აპარატში დასაქმებული პირია და სასამართლო დავის მიუხედავად აგრძელებს საქმიანობას, რაც იმას მოწმობს, რომ მის მიმართ არანაირი დისკრიმინაცია ან დევნა არც დავის დაწყებამდე და არც მას შემდეგ არ განხორციელებულა.

სასამართლოს ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 11 აპრილის Nკ/255 ბრძანება, თუმცა აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას ლევან პაპავას მიერ ჩადენილი იყო თუ არა დისციპლინური გადაცდომა, მიუხედავად იმისა, რომ ლევან პაპავა სარჩელში და სასამართლო პროცესის განმავლობაშიც მიუთითებდა, რომ მას დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მოსაზრებით დაცული არ იყო დისციპლინური წარმოების დაწყების ვადა. სასამართლოს ამ შეფასებას სახალხო დამცველი არ ეთანხმება და შესაბამისად დავა გაგრძელდება სააპელაციო სასამართლოში,”- მოგვწერეს სახალხო დამცველის პრესცენტრიდან.

 

რატომ არ თქვა სუს-მა გამოძიებაში, რას ურევდნენ წყლის ჭავლში 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე

10 დღეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, რა ქიმიური ნივთიერება შეურიეს წყლის ჭავლში, რომელიც 28-29 ნოემბრის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოიყენეს.

არც შსს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობენ კითხვაზე, რა შეურიეს წყლის ჭავლში 30 ნოემბერს ან 1-4 დეკემბრამდე პერიოდში.

გამოძიების დაწყებიდან 5 დღეში სუსმა თქვა, რომ გამოძიება დაასრულა და ნივთიერება, რომელიც აქციის დასარბევად 4-5 დეკემბერს გამოიყენა, არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი.

რატომ საუბრობს სუსი იმაზე, რა გამოიყენეს 4-5 დეკემბერს და რატომ არ ამბობს, რას ურევდნენ წყლის ჭავლში 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე? – ეს შეკითხვა პოლიტოლოგ ლელა ჯეჯელავას დავუსვით.

„თუ ჩვენ საერთოდ რაიმე მნიშვნელობას ვანიჭებთ სუს-ის გამოძიებას, მაშინ ეს კითხვა, ცხადია, ლეგიტიმურია.

როგორ შეიძლება, ხუთი დღის განმავლობაში გამოეძიებინა სუს-ს ქიმიური მოწამვლის საქმე?  ქიმიური მოწამვლის დადასტურება ან უარყოფა, ხუთ დღეში რამდენად იყო შესაძლებელი? 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ერთი კვირა მაინც იყენებდნენ აქციებზე ჭავლს და ეს ყველაფერი 5 დღეში გამოიძიეს?

ამ აქციის მონაწილეებს კარგად ახსოვთ რა დაზიანებები გამოიწვია ამ ჭავლმა, ამიტომ მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ სუს-ის გამოძიება საერთოდ უნდა მივიღოთ რამის მტკიცებულებად ან უარყოფად.

ერთი რამ ჩანს ცხადად – სუს-ს და „ქართულ ოცნებას“ გაცილებით უფრო მძიმედ აქვთ საქმე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. უბრალოდ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ ამას ადეკვატურად ვუპასუხოთ.

პირველი და მთავარი კითხვა – რაში სჭირდებოდა საერთოდ გამოძიება იმას, თუ რა ნივთიერება გამოიყენეს? მათ ხომ ძალიან კარგად იცოდნენ? პროტოკოლის გარეშე, შესაბამისი მითითების და ბრძანებულების გარეშე შეუძლებელია, რომ რამე ნივთიერების გამოყენება მომხდარიყო. ზეპირი ბრძანებით ხომ არ მოხდებოდა ეს?

BBC-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ძალიან მკაფიოდ იყო ნაჩვენები, რომ 2019 წელს ინვენტარში შსს-ს ჰქონდა ცნობილი კოდებით გაერთიანებული ორი ნივთიერება, რომლის გამოყენებაც პრაქტიკულად შეუძლებელია და არის დანაშაულის ტოლფასი.

სუს-ის გამოძიება იყო სატყუარა ისევ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის. ეს არც საერთაშორისო რეპუტაციული ზიანის გასანეიტრალებლად არ ყოფილა, არც ჩვენთვის არ ყოფილა. ფაქტია, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მათთვის ნაკლებად საინტერესოა.

ეს „გამოძიება“ ჩატარდა სწორედ „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომელსაც შემდეგ მოჰყვა აი, ის საშინელი ფსიქოლოგიური ტერორი სოციალურ ქსელებში, რაც განახორციელა “ქართულმა ოცნებამ” და რომელიც შეიძლება ნაკლებ დამაზიანებელი არ იყოს ადამიანის ფსიქიკისათვის, ვიდრე ნებისმიერი ქიმიური იარაღის გამოყენება. ეს მოხდა რეალურად.

გარდა ამისა, ფაქტია, რომ სუ-მა იცრუა, როდესაც საავადმყოფოში მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათი მონაცემებიდან ძალიან მალე საიამ დადო ოფიციალური დოკუმენტი. ამ დოკუმენტის თანახმად, საიამ გასული წლის დეკემბერში ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. სამინისტროდან კი მიიღეს ოფიციალური პასუხი, რომ 207 ადამიანი გადაიყვანეს სასწრაფო დახმარებით სტაციონარებში. ანუ ოთხჯერ მეტმა ვიდრე სუს-ის გამოძიებით გვითხრეს. ცალკეა თვითდინებით მისული ადამიანები. რომ შევაჯამოთ, სტაციონარებში მისული ადამიანების ზუსტი რიცხვი ზუსტად აღწერილი არ არის და ის შეიძლება დაადასტუროს მხოლოდ ნამდვილმა გამოძიებამ.

ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრი რამ აქვს დასამალი და სუს-ის გამოძიება სწორედ ამისთვის შედგა, რომ მაქსიმალურად, რამდენადაც შესაძლებლობას იძლევა მოცემულობა, დაემალათ ის, რაც დასამალი აქვთ.

აქედან ერთადერთ გამოსავალს ვხედავ – საერთაშორისო გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა ნივთიერებას იყენებდნენ 29-ში, პირველში, 4-5-ში თუ მთელი ის პერიოდი, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეებს წყლის ჭავლით არბევდნენ.

მეორე ამბავიცაა – ჩვენ დადასტურებით ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ სპეცრაზმი, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაზარალებულებს სცემდა, აწამებდა, დაკავების მანქანებში გაზის კაფსულებს უყრიდა და ეს ყველაფერი გათანაბრებულია არაადამიანურ მოპყრობასთან. როცა ეს ყველაფერი დადასტურებულად ვიცით, არ ვიცი, რატომ უნდა შეეპაროს ვინმეს ეჭვი, რომ მათ გამოიყენეს ისეთი ნივთიერება მოსახლეობის დასაშლელად, რომელიც აკრძალულია?! ან არ არის აკრძალული და ისეთი დოზით გამოიყენეს, რომელიც უტოლდება აკრძალული ნივთიერების გამოყენებას. ყველაფერი შესაძლებელია.

სანამ ჩვენ ზუსტი პასუხები არ გვექნება, ვერაფრით ვერ უარყოფს „ქართული ოცნება“ იმას, რომ მათ გამოიყენეს აკრძალული ნივთიერება.

პირდაპირი ეთერები არსებობს, სადაც ჩანან ადამიანები, რომლებიც 28-29 ნოემბრის ღამეს მოხვდნენ წყლის ჭავლში. უჭირს სუნთქვა, სპაზმური შეტევები აქვთ, დამწვარი აქვთ სახე, ვერ ახელენ თვალებს. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ წყლის ჭავლში რაღაც შეურიეს. როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მოქმედებას, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ასეთ ძალადობრივ საშუალებებს იყენებს?!

ჩემი შეფასება სრულიად კარგავს აზრს, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად „ქართული ოცნების“ პრემიერად წოდებულმა თვითონ შეაფასა ეს პროცესი – „ნულოვანი თანაგრძნობაო“ – როდესაც გამოაცხადა.

ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ხალხის მიმართ აქვს ნულოვანი თანაგრძნობა. ეს არის დეჰუმანიზებული ხელისუფლება, რომლის მსგავსსაც სამწუხაროდ კაცობრიობის ისტორია და მათ შორის თანამედროვე ისტორიაც იცნობს და ყველამ იცის მათი ბედი როგორ დასრულდა… დაწყებული ჰუსეინიდან, კადაფი და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ ჩამონათვალს.

ვერსად ვერ გაექცევა ირაკლი კობახიძე თავის იმ შეფასებას – „ნულოვანი თანაგრძნობისას“, რომელიც პოლიტიკად აქცია „ქართულმა ოცნებამ“.

აი, ახლა ბოლო ცვლილებები რომ შეაქვთ კანონში, ტროტუარზე დგომის დროსაც ნებართვა იქნება საჭირო. შალვა პაპუაშვილმა ძალიან საინტერესო წინადადება თქვა, ანუ ეს იყო რეალურად წამოცდენა: „არაფერი ამ კანონში ადამიანური სტანდარტებისგან აცდენილი არ არისო“. ანუ მათ მიაჩნიათ, რომ სამართალი ადამიანურობის გარეშე შეიძლება არსებობდეს.

აი, ეს არის მათი ხელისუფლების ფილოსოფია, მათი მართვის მოდელი და ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ.

ჩემთვის ყველაფერი დგას თავის ადგილზე. ამიტომ არიან ისინი ანტიცივილური სამყაროს ნაწილი – იმას ნაწილი, რასაც რუსეთი ჰქვია, რასაც ჩინეთი ჰქვია, რასაც ირანი ჰქვია. ცივილიზებული დასავლეთის ნაწილად არ განიხილავენ თავს, სადაც, რასაკვირველია, შეიძლება არსებობდეს პრობლემები, მაგრამ ნებისმიერი პრობლემის მიუხედავად, რომელიც დასავლურ სამყაროში არსებობს, იქ მაინც რჩება ძალიან მყარი პრინციპი, რომ ადამიანი არის ღირებულება. ანტიცივილური სამყაროსათვის კი ადამიანი არის საშუალება.

ასე განიხილავს „ქართული ოცნებაც“ თავის მოსახლეობას: რომ ადამიანი არის საშუალება, რომელიც მათ ძალაუფლებას უნდა მოემსახუროს და არა ღირებულება“ – ამბობს ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“.

უსახლკაროები: ბათუმის მერიამ ქირის ფულს მოგცემთო, მაგრამ მესაკუთრეები ხელშეკრულებას არ გვიფორმებენ

„მთელი ქალაქი დავიარე, გასაქირავებელ ყველა ბინაში მივედი, ერთი მესაკუთრეც კი ვერ ვნახე, რომელიც თანახმაა ხელშეკრულების გაფორმებაზე,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე. ის ერთ-ერთია ბათუმელ უსახლკაროებს შორის, რომელიც წლებია ყურადღებას ითხოვენ.

უსახლკაროები ბათუმის ახალი მერის, გიორგი ცინცაძის მიდგომაზე ჰყვებიან: მერიას ამჯერადაც არ აქვს კონკრეტული პროგრამა, უსახლკაროებს არც ბინებს აძლევენ მერიის საბინაო ფონდიდან, მაგრამ გიორგი ცინცაძე უსახლკაროებს სთავაზობს ქირის ფულის გადახდას 6 თვით, თვეში 900 ლარამდე.

„მერია გვთხოვს ბინის გამქირავებელმა გაგვიფორმოს ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმება არავის სურს,“ – თითქმის ერთნაირად აღწერენ უსახლკარო მოქალაქეები პრობლემას.

ქირავნობის ხელშეკრულების დარეგისტრირების შემთხვევაში, რასაც ბათუმის მერია უსახლკარო მოქალაქეებს სთხოვს, ბინის მესაკუთრემ შემოსავლის 5% ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს. ასევე, შეავსოს წლიური დეკლარაცია ფინანსური შემოსავლის შესახებ.

რა გამოსავალს სთავაზობს ბათუმის მერია უსახლკაროებს? – ბათუმის მერიაში „ბათუმელების“ შეკითხვები უსახლკაროების პრობლემებზე დღესაც უპასუხოდ დატოვეს.

მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში წლებია მთავრობის ყურადღებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე აჭარის მთავრობას ან ბათუმის მერიას უსახლკაროებისთვის ცალკე პროგრამა არ შეუქმნია. ამ ადამიანებს შორის არიან მარტოხელა დედები, შშმ პირები, სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული პირები… წლებია ამ ოჯახების საჭიროებები აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას არც კი შეუსწავლია. 

უსახლკარო მარტოხელა დედები: მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს წინასაარჩევნო პერიოდშიც შეხვდნენ და დაპირება მიიღეს, რომ პრობლემა მოგვარდებოდა. ისინი ჰყვებიან, რომ მერის დაპირება ჯერ კიდევ არ სრულდება.

მზიური ბალაძე ახლობლის დახმარებით წლებია ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს, მაგული ფუტკარაძე კი, უკვე ნაქირავებ ბინაშია იმ იმედით, რომ მერია დაეხმარება და თავად უშოვის ბინას, სადაც ხელშეკრულება გაფორმდება და ქირის თანხასაც გადაუხდიან.

„ორი თვეა ვარ ნაქირავებ ბინაში, როგორც ჩანს, ისევ ქუჩაში უნდა დავრჩე ჩემს შვილთან ერთად, ის შშმ პირია,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე, – „მანამდე, რამდენიმე თვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის დახმარებით მაცხოვრეს ფსიქიკური ჯანმრთელების პრობლემის მქონე მოქალაქეების საცხოვრისში, როგორ ვთქვა, მაგრამ აღარ შემეძლო იქ ყოფნა…

წინასაარჩევნოდ დამპირდა გიორგი ცინცაძე, რომ 900 ლარამდე თანხის გადახდა შეეძლო მერიას, ოღონდ ხელშეკრულებაა საჭიროო. დავიარე ბინები ილონასთან ერთად [კიდევ ერთი უსახლკარო დედა, რომელსაც 3 შვილი და ქმარი შშმ პირი ჰყავს] და ვერსად ვნახეთ ასეთი ბინა. მესაკუთრეები არაფერს ამბობენ, მაგრამ გვითხრეს, რომ არ სურთ ხელშეკრულების რეესტრში გაფორმება.

არჩევნების მერე შევხვდი ისევ გიორგი ცინცაძეს. მერიის სხვადასხვა სამსახური ჩართო და ყველას დაავალა, ასეთი ბინა უნდა მოიძებნოსო. ორი თვე გავიდა და არაა. ხვალ მაქვს გადასახდელი ისევ ბინის ფული, რომელსაც აქამდე სხვების დახმარებით ვიხდიდი, არ ვიცი, რა უნდა ვქნა… მე ჩამირიცხონ ეს 900 ლარი და მე გადავუხდი თავად მესაკუთრეს, ამის დადასტურებაც არის შესაძლებელი, თუ მერიას დოკუმენტი სჭირდება,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

მაგული ფუტკარაძე

„არჩევნების შემდეგ მივედი ისევ მერიაში, ბათუმის საკრებულოს ახალ თავმჯდომარესაც შევხვდი, მაგრამ არაფერი არ იცვლება. დაპირებები არ სრულდება . საკრებულოს თავმჯდომარე უხეშად მელაპარაკა, თქვენ 500 ლარი გაქვთ აღებულიო,“ – გვიყვება მზიური ბალაძე. ისიც უსახლკარო დედაა. მზიური ბალაძის შვილიც შშმ პირია. 

მზიური ბალაძეც წლებია დგას საპროტესტო აქციაზე, მათ შორის, პროევროპულ საპროტესტო აქციაზე და უსახლკარობის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

მზიური ბალაძე და მაგული ფუტკარაძე

„ბათუმში არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც თანახმა იქნება ხელშეკრულებაზე… არ მახვედრებდნენ არც გიორგი ცინცაძეს, მაგრამ მაინც შევხვდი, როცა ავტომანქანით ტოვებდა მერიის ეზოს. მითხრა, რომ ქირის გადახდა შეუძლია.

ჩემთვის ქირა მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ მივიღებ საცხოვრებელ ბინას. ამდენი წელია ქუჩაში ვარ, ვიბრძვი. რასაც ვუყურებ, ნდობა დაკარგული მაქვს…

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო მაისურაძემ ისიც კი მითხრა, თქვენი განაცხადი არ არის შემოტანილიო, არადა, იმდენჯერ მაქვს დატოვებული განცხადება. მაშინვე ჩავედი მოქალაქეთა მისაღებში და დავადასტურე, რომ ნამდვილად მქონდა დატოვებული განაცხადი,“ – გვიყვება მზიური ბალაძე.

„ის ფაქტი, რომ უარს ეუბნებიან მოქალაქეებს ხელშეკრულების გაფორმებაზე, ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ბაზარზე პრობლემურია ისევ სამართლებრივად გამართული დოკუმენტების არსებობა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში,“ – ამბობს იურისტი თამარ წულუკიძე. იურისტი განმარტავს, რომ უსახლკაროებისთვისაც უკეთესი იქნება, თუ ხელშეკრულება გაფორმდება, მაგრამ რადგან ეს ვერ ხერხდება, იურისტის აზრით, მერიამ ალტერნატივაზე უნდა იფიქროს:

„ქონების გამქირავებლები თავს იკავებენ მსგავსი ტიპის ხელშეკრულების დადებისგან, რადგან ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადასახადის გადახდა, რომელიც არის კანონით გათვალისწინებული. მათ უწევთ საშემოსავლო გადასახადის არა 20%-ით გადახდა, არამედ 5%-ის ოდენობით. პირდაპირ გვაქვს საგადასახადო კანონმდებლობაში გაწერილი, რომ 5%-იანი გადახდის ვალდებულება საცხოვრებელი ფართის გაქირავების შემთხვევაში, როდესაც ფიზიკური პირი არის მდგმური, ეს არის სავალდებულო.

შესაძლებელია, მერიამ იფიქროს ალტერნატივაზე: ვთქვათ, ვაუჩერიზაციის პრინციპი, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ეს თანხა. ბუნებრივია, უნდა არსებობდეს იმის გარანტია, რომ ამ თანხის გამოყენება შემდგომ სწორედ ქირის დანიშნულებით მოხდება,“ – აღნიშნა იურისტმა თამარ წულუკიძემ „ბათუმელებთან“.

რატომ არ სთავაზობს „ოცნების“ მთავრობა არაფერს უსახლკაროებს, როცა ის ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს? – ბათუმის მერიისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.

სოციალურად დაუცველი უსახლკაროები წლებია ბათუმში მთავრობის ყურადღებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არანაირი პროგრამა არ შეუქმნიათ. მათი საცხოვრებელი პირობები და რეალური ქონებაც კი რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან არავის შეუსწავლია.

„ოცნების“ მთავრობა წლების განმავლობაში აიგნორებდა უსახლკარო ადამიანებს, მაგალითად, „ოცნების ქალაქში“, კრიტიკულ ეტაპზე კი, 2022 წელს „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველი ადამიანები საარჩევნო სქემაში ჩართო: „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები თვითმმართველობის წინა არჩევნებზე მასობრივად დაარეგისტრირეს ბათუმში და დაჰპირდნენ ბინების გადაცემას, თუ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდნენ მხარს.

2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია, შუალედური არჩევნები ჩატარდა. საბოლოოდ, „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. 

მაშინ არჩევნებში „ოცნების ქალაქის“ ამ სქემის გამოყენების შედეგად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სწორედ რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და დევნილებთან და ეკომიგრანტებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. დღეს რამაზ ჯინჭარაძე „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.

მთავარ ფოტოზე: მაგული ფუტკარაძე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, 2024 წლის 16 ოქტომბერი, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამ თემაზე:

უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

რას ამბობს მოსამართლე, რომელიც „ოცნების“ ახალი კანონის გამოყენებაზე ისევ უარზეა

დღეს, 10 დეკემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უკვე მე-6 საქმეზე შეაჩერა საქმისწარმოება. თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული, რეპრესიული სამართლებრივი ნორმით ადამიანების გასამართლებაზე უარს ამბობს.

„ჯარიმის გადაუხდელობის გამო ადამიანი შეიძლება იყოს ხანგრძლივ პატიმრობაში. ეს არის აშკარად არაკონსტიტუციური სასჯელი,“ – აცხადებს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ შეჩერებული საქმისწარმოება ეხება წვრილმან ხულიგნობას [ასკ-ის 166-ე მუხლი], ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას [ასკ-ის 173-ე მუხლი]. ამ მუხლებით აკავებენ ყველაზე ხშირად პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეებსაც. მოსამართლე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ იქნას ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წელს შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც შეეხება სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას, ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას.

ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ  შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი, მოსამართლემ შეაჩეროს საქმისწარმოება და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როცა მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა არაკონსტიტუციურია? როგორ რეაგირებს სასამართლო სისტემა ერთი კონკრეტული მოსამართლის თამამ გადაწყვეტილებაზე?

მოქმედი მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუა „ბათუმელებთან“ განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის მექანიზმი გამოიყენოს:

„ჩვენთან კანონმდებლობა არ არის დახვეწილი, ბევრი რაღაც არის საკამათო, მაგრამ არის პრობლემები, რომლებიც შეიძლება ისე გადაჭრა მიმართვის გარეშე, თვითონ საქმის წარმოების პროცესში ისეთი გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ როცა ახლა კანონმდებელი ასე კეტავს მოსამართლეს, რომ გინდა არ გინდა უფლება უნდა ჩამოართვა, გინდა არ გინდა უნდა დააპატიმრო, როცა მიგაჩნია, რომ არასამართლიანია – კანონი ამბობს და გაჰყვე ამ კანონს, დაემორჩილო მხოლოდ არასამართლიან კანონს, არ მიმაჩნია სწორად. ამის გამო გადავწყვიტე, მიმემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის…

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ, პირველ რიგში, კონკრეტული ადამიანის უფლებები არის დაცული. ადამიანს აქვს კონსტიტუციური გარანტია, რომ კონსტიტუციის შეუსაბამო კანონების მიღებით მისი უფლება ვერ დაირღვევა. ასევე, ამას შეიძლება ჰქონდეს შემაკავებელი ან პრევენციული ღონისძიების ეფექტი, რომ სხვა დროსაც არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები.

სასამართლოს მიაჩნია, რომ, მაგალითად, ჯარიმის გადაუხდელობის გამო ადამიანი იყოს ხანგრძლივ პატიმრობაში, ეს არის აშკარად არაკონსტიტუციური სასჯელი, როცა ეს უნდა გავრცელდეს ყველაზე, განურჩევლად მათი წარსულისა და სხვა ფაქტორებისა, როგორიც არის: ასაკი, განათლება, სამუშაო ადგილი, შემოსავლის წყარო, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა.

სასამართლო თვლის, რომ ყოველი ამგვარი საქმე, თუ კონკრეტული პირის მიმართ რაიმე უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს, ეს შეიძენს ისეთ ხასიათს, რომ შემდგომ ამის გამოსწორება სამართლებრივი გზითაც თითქმის შეუძლებელია,“ – უთხრა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ბათუმელებს“.

რა რეაქცია ჰქონდა სასამართლოს სისტემას, როცა მხოლოდ ერთმა მოსამართლემ გააპროტესტა „ოცნების“ მიერ შემოღებული სამართლებრივი ნორმა?

„მე არა მაქვს კომუნიკაცია მოსამართლეებთან, არც სამართლებრივ საკითხებზე… სისტემის შიგნით ასეთი საკითხები არ იხილება. სამწუხაროდ,“ – გვიპასუხა უვადოდ გამწესებულმა მოსამართლემ.

კლანს არ ჰქონია რეაქცია? შეიძლება თქვენ წინააღმდეგ აამოქმედონ კონკრეტული მექანიზმები, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია. – ვკითხეთ ვლადიმერ ხუჭუას.

„არა, არავითარი ხმა არ მოსულა. მე არავითარი კომუნიკაცია არა მაქვს…. შეიძლება ამის გამო გემუქრებოდეს ადამიანს საფრთხე, მაგრამ მე, ყოველ შემთხვევაში, ამას არ ვუწევ ანგარიშს. ჩემთვის უკვე ეს ბარიერი გადალახულია დიდი ხანია,“ – გვიპასუხა ვლადიმერ ხუჭუამ.

თუ რომელიმე მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ბუნდოვანია, ან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მას შეუძლია საქმის განხილვა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. საქმისწარმოების განახლება ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

მუხლებს, რომლებსაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში, ყველაზე ხშირად იყენებენ საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების დაკავების დროს. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ განსახილველი საქმეები არ უკავშირდება საპროტესტო აქციებს, თუმცა მისი წარდგინების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლო „ოცნების“ მიერ მიღებულ, კონკრეტულ ახალ სამართლებრივ ნორმებს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს, სადავო მუხლებს დღეს მოქმედი რედაქციით „ოცნება“ დემონსტრანტების წინააღმდეგაც ვეღარ გამოიყენებს.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.

ამ თემაზე:

მოსამართლემ მოქალაქე არ დასაჯა და საკონსტიტუციოს მიმართა – „არაკონსტიტუციურია“

ბათუმის აეროპორტის გაფართოება გზშ-ს გარეშე გაგრძელდება

ბათუმის აეროპორტი თვითმფრინავების სადგომ ბაქანს და მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობას აფართოებს. სამუშაოები აეროპორტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე დაიწყო, ვინაიდან ამ სამუშაოებისთვის გზშ-ს მომზადება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საჭიროდ არ მიიჩნია.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აეროპორტმა სააგენტოს ისევ მიმართა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ამჯერად დღის წესრიგში ბაქნის დამატებით 500 კვ/მეტრით გაფართოების აუცილებლობა დადგა.

„2025 წლის 11 აგვისტოს გაცემული სკრინინგის გადაწყვეტილებით, აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ბაქანი გაფართოვდა 8 200 კვადრატული მეტრით, თუმცა, დეტალების დაზუსტების პროცესში გამოიკვეთა, რომ ბაქნის გაფართოება საჭიროა დამატებით 500 კვადრატული მეტრით.

ბაქნის დამატებითი გაფართოების სამუშაოები მიმდინარე გაფართოების სამუშაოებთან ერთად ჩატარდება.

ამასთან, დაგეგმილი ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ასევე ითვალისწინებს აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული საწვავის რეზერვუარების გვერდით, დამატებით ერთი, 2 400 ლიტრი მოცულობის დიზელის საწვავის მიწისზედა რეზერვუარის და ჩამოსხმის სვეტის მოწყობას“ –  წერია დოკუმენტებში.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დამატებით სამუშაოებთან დაკავშირებითაც გადაწყვიტა, რომ გზშ-ს მომზადება საჭირო არ არის.

„მიღებულ იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ექსპლუატაციის პირობის ცვლილება გზშ-ის ანგარიშის წარდგენას არ საჭიროებს“ – წერია სააგენტოს მიერ 2025 წლის 9 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

დოკუმენტების მიხედვით, ბათუმის აეროპორტში „თვითმფრინავების სადგომი ბაქნის გაფართოების მიზანია C კატეგორიის საჰაერო ხომალდების [სტანდარტული სამგზავრო ლაინერების] სადგომის მოწყობა, ასევე ვერტმფრენის სადგომის მოწყობა… გაფართოების ტერიტორიაზე გათვალისწინებულია არსებული კომუნიკაციების – სანიაღვრე სისტემის, საკანალიზაციო ქსელის, ელექტრო მომარაგების, მიწისქვეშა ხაზების გაყვანის ადგილების ცვლილება და ახალი დაერთებების დაპროექტება“.

ასევე, ფართოვდება მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობაც:

„არსებულ მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობას მიაშენდება სამი სივრცე: I სივრცე [194.3 კვადრატული მეტრი] – დაგეგმილია გამოყენებული იქნას დასაქმებული პერსონალის საოფისედ; II სივრცე [126.4 კვადრატული მეტრი] – დამხმარე მიშენება დასაქმებული პერსონალისა და აეროპორტის ოპერირების გასაუმჯობესებლად; III სივრცე [103 კვადრატული მეტრი] – მგზავრთა ნაკადის კომფორტისა და მოწესრიგებისთვის“.

სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაცია“ გეგმავს ჩაატაროს ახალი კვლევა, იმის განსასაზღვრად, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმის აეროპორტის მიმდებარედ ტერიტორიის უსაფრთხოების ზონა. ამ კვლევის ჩასატარებლად ტენდერია გამოცხადებული.

ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით კი, აეროპორტის უსაფრთხოების წესები და გეოგრაფია აფერხებს ბათუმის მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებას. კერძოდ, ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები მხოლოდ ზღვის მიმართულებით ფრინდებიან და ზღვის მიმართულებიდან ეშვებიან. შექმნილია სპეციალური უსაფრთხოების ზონა, რომელი ზონაც „ზღუდავს ქალაქის განვითარებას“.

ამ თემაზე ვრცლად:

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

„გამოცდის ჩაბარება აღარ იქნება საჭირო“ – სამინისტრო მასწავლებლის კარიერული წინსვლის გამოცდაზე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, 2026 წლიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ამოქმედდება.

მისი თქმით, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისთვის გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, რადგან „კარიერული განვითარება მასწავლებლისთვის არ არის სავალდებულო“.

„ადრე ასე იყო, რომ კარიერული განვითარება თუ გინდოდა, უნდა ჩაგებარებინა გამოცდა და სტატუსს იმაღლებდი. ეს გამოცდა სკოლის საჭიროებაზე იდენტიფიცირებულ საკითხებს ვერ მოიცავდა, მაინც და მაინც. ჩვენ რა მოდელს ვთავაზობთ – 3 მიმართულებით შეგიძლია, რომ განვითარდე და არანაირი გამოცდის ჩაბარება აღარ იქნება საჭირო, იმიტომ, რომ ეს იყო სერიოზული სტრესი მასწავლებლებისთვის. კონკრეტული აქტივობებით და პრაქტიკულად უნდა დამიდასტურო, რომ შენ ეს შეგიძლია.

რა მიმართულებებია – ეს არის კვლევა, სწავლა-სწავლება და მართვა-ადმინისტრირება“, – ამბობს თამარ მახარაშვილი.

მისი თქმით, სკოლა აიდენტიფიცირებს რა მიმართულებით აქვს პრობლემა. შიდა ხარისხის უზრუნველყოფაში სად უჭირს, მასწავლებელი ამის შესახებ აკეთებს განაცხადს და მთელი წელი რა მიმართულებითაც მას უნდა, რომ იმუშაოს, იწყებს მუშაობას. ერთი წლის თავზე შესაბამისი კომისია, მათ შორის, მოსწავლეების გამოკითხვით და მშობლების ჩართულობით ადასტურებს, რომ ამ მასწავლებელმა გარდა იმისა, რომ კარგი და ხარისხიანი გაკვეთილები ჩაგვიტარა, ამ მიმართულებითაც შეუძლია მუშაობა.

ანუ, ადრე თუ ერთი გამოცდა საზღვრავდა, ახლა პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომაზე გადავდივართ. თუ აქ ხარ ძლიერი, მაშინ შეგიძლია აიმაღლო სტატუსი“, – ამბობს თამარ მახარაშვილი, რაც სინამდვილეში არც არის სიახლე, რადგან კარიერული წინსვლის ფარგლებში მასწავლებლებს ყოველთვის ევალებოდათ როგორც სკოლის საჭიროებებზე კვლევების მომზადება, ასევე კლასში პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის დანერგვა.

აქტივობებზე დაფუძნებული სწავლება, ასევე, თითქმის ყველა კარიერული სქემის ნაწილი იყო.

მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემა ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყოველ წელს იცვლებოდა და ყველა ახალი მინისტრი დაახლოებით ერთსა და იმავეს იმეორებდა, თუმცა პროფესიული წინსვლისთვის გამოცდების ჩაბარება თითქმის ყველა სქემის ნაწილი იყო.

„ქართული ოცნების“ განათლების ახალი რეფორმის მიხედვით, რომელსაც განათლების ბევრმა სპეციალისტმა „დეფორმა“ უწოდა მისი პრობლემურობიდან გამომდინარე, ითვალისწინებს საჯარო სკოლების 11-წლიან სწავლებაზე გადასვლას. ამ იდეას საზოგადოების დიდი ნაწილი აკრიტიკებს.

________________

მსგავს თემაზე:

რა წაართვა „ოცნებამ“ აბიტურიენტებს – განათლების „დეფორმა“

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

აქ შეგვეძლო გვეთქვა – ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო, თუმცა, უკვე ერთი კვირაა თიბისის მობაილბანკში დეკემბრის მარათონი სრული სვლით გიზგიზებს.

გასული კვირის ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებში კი, „რამდენი კლიკი დააგროვე?“ „ამდენი მონეტა რანაირად გაქვს?“ და „რამდენი მეგობარი მოიწვიე?“ – ლიდერობენ.

მარათონის პირველი სათამაშო კვირის შემდეგ, 320 გამარჯვებულზე ბონუს პრიზებად უკვე 32 000 ლარი გაიცა. შეგახსენებ, რომ თუ მილიონ მონეტას დააგროვებ, შენც გახდები 100 ლარის მფლობელი.

უკვე გამოვლინდა პირველი კვირის ლიდერი და გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად 10 000 ლარი გადაეცა. მარათონის დასრულებამდე ჯერ 3 კვირაა დარჩენილი; ამიტომ, შენი წარმატების შანსი კი არ იკლებს, პირიქით – მატულობს.

გახსოვდეს, რომ ყველაზე მეტი მონეტის დაგროვება მეგობრების მოწვევითაა შესაძლებელი. მოიწვიე მეგობარი, ვისაც თიბისის მობაილბანკი ჯერ არ აქვს და მიიღე 800 მონეტა საჩუქრად.

250 000-ზე მეტი აქტიური მოთამაშე, ერთმანეთს კვირისა და მარათონის მთავარი პრიზის მოსაგებად ერკინება. გვიან არასდროსაა, შემოუერთდი დეკემბრის მარათონს ახლავე – შენი შანსი თიბისის მობაილბანკშია.

მთავარია გჯეროდეს!

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთების პროექტის საჯარო განხილვის დრო ცნობილია

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ წარადგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ვიდრე სააგენტო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე დაგეგმილია პროექტის საჯარო განხილვა. გზების დეპარტამენტის მიერ სააგენტოში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის [გზშ] საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო განხილვები სხვადასხვა ადგილზე 2026 წლის 21-23 იანვარს ჩატარდება. კონკრეტულად:

  • 2026 წლის 21 იანვარი, 14:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
  • 2026 წლის 21 იანვარი, 17:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუცუბნის საჯარო სკოლის შენობა
  • 2026 წლის 22 იანვარი, 12:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
  • 2026 წლის 22 იანვარი, 15:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბობოყვათის საჯარო სკოლის შენობა
  • 2026 წლის 23 იანვარი, 12:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საჩინოს საჯარო სკოლის შენობა
  • 2026 წლის 23 იანვარი, 15:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის N1 საჯარო სკოლის შენობა

„წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 6 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).“ – წერს სააგენტო.

გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე აცხადებს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში თავად უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას.

საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს [დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112, თბილისი; ელფოსტა: eia@mepa.gov.ge, ტელ.: +995 32 2439503/+995 32 2439510].

„გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზების დეპარტამენტის მხრიდან განცხადება დარეგისტრირდა 2025 წლის 1-ელ დეკემბერს. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 85-ე დღისა და არაუგვიანეს 90-ე დღისა სააგენტო გამოსცემს აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ან [კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას] იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.“ – წერს სააგენტო.

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.

პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს, ასაშენებელი გზა მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად, თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, მრუდების გაუმჯობესების მიზნით.

პროექტის შერჩეული ვარიანტით ახალი გზის ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 581 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით – 10 031 191 კვ.მ. აქედან კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობაა – 193; მთლიანი ფართობი – 2 491 944 კვ.მ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთების რაოდენობა [სკოპინგის ანგარიშის მიხედვით] იყო – 246. სულ სავარაუდო განსახლების ღირებულება კი შეადგენდა – 19 252 485 ლარს.

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობისთვის, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯამში 480 მილიონი ლარია საჭირო. ეს თანხა 4 წელზეა [2026-2029 წწ] გადანაწილებული.

ამ თემაზე ვრცლად:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

რა ფილმებს ნახავთ ბათუმში „ბიაფის“ კინოკვირეულზე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF ბათუმში შაბათს, 13 დეკემბერს გაიხსნება და 17 დეკემბრამდე გასტანს.

წელს „ბიაფი“ შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში მხოლოდ კინოკვირეულს წარმოადგენს და არა საკონკურსო პროგრამას.

„ბიაფის“ კინოკვირეულზე ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია. რამდენიმე სექციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე (კანი, ვენეცია, სანდენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და ა.შ.) წლის გამორჩეული ფილმები.

კინოფესტივალს წელს ჟიური არ ეყოლება. ჟიურის ნაცვლად კინომოყვარულებს შეეძლებათ შეაფასონ ფილმები და გამოავლინონ აუდიტორიის პრიზი.

„ბიაფის“ კინოკვირეულზე წარმოდგენილი იქნება 15 სრულმეტრაჟიანი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

კინოსეანსები კინოთეატრ „კავეაში“ გაიმართება, „ბათუმი გრანდ მოლში“. ბილეთები იყიდება tkt.ge-ზე. ბილეთის ფასი 3-7 ლარი იქნება.

რაც შეეხება პროგრამას, წელს „ბიაფი“ მაყურებელს შემდეგ ფილმებს სთავაზობს:

  • BIAFF 2025 – კინოფესტივალების საუკეთესო ფილმების კოლექცია

„უსამართლობა“ – სოჰეილ ბეირაღი, ირანი, 2025; 104 წთ.
„ბუდაპეშტის დღიურები“ – რაფაელ კაპელინსკი, პოლონეთი/უნგრეთი, 2025; 100 წთ.
„ნუ დამიძახებ დედას“ – ნინა კნაგი, ნორვეგია, 2025; 108 წთ.
„რესპუბლიკის არწივები“ – თარიქ სალეჰი, შვედეთი/საფრანგეთი, 2025; 129 წთ.
„კულეი (მედლის ორი მხარე)“ – ქსავიერ ჟულავსკი, პოლონეთი, 2024; 148 წთ.
„სიგიჟემდე“ – პაოლო ჯენოვეზე, იტალია, 2025; 97 წთ.
„ნანდაური“ – ეთი ციცკო, ისრაელი/საქართველო/იტალია, 2025; 93 წთ.

  • BIAFF 2025 – დიდოსტატთა კოლექცია

„კიოლნი 75“ – იდო ფლუკი, გერმანია/პოლონეთი/ბელგია, 2025; 116 წთ.
„სინათლე“ – ტომ ტიკვერი, გერმანია, 2025; 162 წთ.
„სირათი“ – ოლივერ ლაქსე, ესპანეთი/საფრანგეთი, 2025; 115 წთ.
„წმინდა ლეღვის თესლი“ – მოჰამად რასულოფი, საფრანგეთი/გერმანია/ირანი, 2024; 167 წთ.

  • BIAFF 2025 – ფოკუსი უკრაინა

„2000 მეტრი ანდრიივკამდე“ – მსტისლავ ჩერნოვი, უკრაინა, 2025; 108 წთ.
„დივია, დმიტრო გრეშკო“ – პოლონეთი/უკრაინა/ნიდერლანდები/აშშ, 2025; 79 წთ.
„კრიტიკული მდგომარეობა“ – მილა ჟლუკტენკო, გერმანია, 2025; 24 წთ.
„769 კმ-ზე ნიუ-იორკი“ – სოფია ბუჰრი, უკრაინა, 2025; 15 წთ.

ამავე დროს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციაში ნაჩვენები იქნება ქართული და უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

კინოჩვენებების განრიგი შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე. 

წელს ფესტივალის სპონსორია „თიბისი ბანკი“. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ნორვეგიის კინოინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, უკრაინის საელჩო, კინოთეატრი CAVEA GRAND MALL, ბათუმის თოჯინების თეატრი, Grand Mall, „კალაპრინტი“, კომპანია LCC.

„მომავალ წელს ბიაფი დაუბრუნდება თავის ტრადიციულ ფორმატს და დარწმუნებული ვართ ძალიან საინტერესო საიუბილეო წელი იქნება, მანამდე კი არ გამოტოვოთ BIAFF 2025 -ის ექსკლუზიური  კინოკოლექცია“ – ვკითხულობთ კინოფესტივალის გვერდზე.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

“2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია” – საიას ანგარიში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

„როგორც წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, 2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია, რაც ნიშნავს, რომ ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე – იმ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიას ფუნქციურს ხდის.

2025 წელს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. წელსაც გრძელდებოდა დემონსტრანტების არასათანადო მოპყრობა. ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სისტემურ წამებაზე პასუხისმგებელი პირები კვლავ დაუსჯელები რჩებიან,“ – აცხადებს საია.

საიას ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი.

„ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ძირის მიზანმიმართული გამოთხრა სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებებით და დაჯარიმებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებითა და დეზინფორმაციის კამპანიებით. რეპრესიების განსაკუთრებულ სამიზნეს სწორედ ის ინსტრუმენტული უფლებები წარმოადგენდნენ, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და სხვა უფლებით სარგებლობის გარანტორები არიან: გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლებები,“ – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლება.

მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის აკრძალვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის დაცვის გარანტიების შესუსტებით, მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვით, სასამართლოებში მედიის საქმიანობის შეზღუდვით.

„გაუარესებას განაგრძობდა შეკრების თავისუფლების მდგომარეობაც. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი, ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი, ცვლილება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, შემოიღო ახალი სამართალდარღვევები, მნიშვნელოვნად გაზარდა სანქციები. მთელი წლის განმავლობაში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა უსაფუძვლო ადმინისტრაციული პატიმრობები, მაღალი ჯარიმები, ფიზიკური ძალადობა“.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე ყოველი წლის 10 დეკემბერს აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ პარიზში 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების სამახსოვრო თარიღს უკავშირდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის – „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში – 2025 წელს“ – ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

წვევამდელებს 6, 8 და 11 თვით სამხედრო სამსახურში გაიწვევენ – შერჩევა დეკემბერში დაიწყება

2025 წლის 10 დეკემბრიდან ამოქმედდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ მთავრობის დადგენილება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა 5 800-ით არის განსაზღვრული.

გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება ელექტრონულად განხორციელდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით.

წვევამდელებს დეკემბერში შეარჩევენ და 2026 წელს გაიწვევენ ეტაპობრივად, კერძოდ:

საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის ერთ ეტაპად 6 თვის ვადით – 2026 წლის 1-ელი მარტიდან;

საბრძოლო მხარდაჭერის ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის კი ოთხ ეტაპად 8 თვის ვადით, მათ შორის:

  • პირველი ეტაპი – ორ ნაწილად: I ნაწილი – 2026 წლის 1-ელი მარტიდან; II ნაწილი – 2026 წლის 1-ელი აპრილიდან;
  • მეორე ეტაპი – 2026 წლის 1-ელი ივნისიდან;
  • მესამე ეტაპი – 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან;
  • მეოთხე ეტაპი – 2026 წლის 1-ელი დეკემბრიდან;

უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე სამსახურისთვის ერთ ეტაპად 11 თვის ვადით – 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო სამსახურის ზემოთ აღნიშნული სახეების დაკომპლექტების ოდენობებს თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობიდან.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 18-იდან 27 წლამდე ასაკის პირებს, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების უფლება.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება განხორციელდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მუნიციპალური/რაიონული განყოფილებების მიხედვით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით.“

შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესი 2025 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ამ წესის მიხედვით შემთხვევითი შერჩევა უნდა განხორციელებულიყო ყოველი კალენდარული წლის 31 იანვრამდე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, თუმცა ეს ჩანაწერიც შეიცვალა და ჩაწერეს, რომ „შემთხვევითი შერჩევა ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ყოველი კალენდარული წლის დეკემბრის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული პირები გაიწვევიან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში.“.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებია:

  • საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე;
  • დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე;
  • უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვე.

ამ სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთის თავისი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება კი აქვს:

  • ა) გაწვევის გადავადების უფლების მქონე პირს, რომელმაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა;
  • ბ) პირს, რომელმაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახებამდე გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი;
  • გ) ასევე პირს, რომელიც გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო [ეხება უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს].

დადგენილების მიხედვით, „გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლება წარმოიშობა მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებაში შექმნილი გამწვევი კომისიის მიერ სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან და სრულდება წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 10  კალენდარული დღის ვადაში“.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებას იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან, სავარაუდოდ, თავს არიდებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.“ – წერია დადგენილებაში.

2024 წლის იანვრიდან მუნიციპალიტეტებთან არსებული მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურები გაუქმდა. ყოფილი სამსახურების ფუნქციები კი რეკრუტირების მუნიციპალურმა/რაიონულმა განყოფილებებმა შეითავსეს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებიან. წვევამდელთა გაწვევის პროცესის კოორდინაციას და კონტროლს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

_________________________

მთავარი ფოტო არქივიდან.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 183 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 404 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 692 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 34 969 ერთეული [+25]
  • MLRS – 1 563 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 431 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 89 066 ერთეული [+177]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 058 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 69 350 ერთეული [+107]
  • სპეცტექნიკა – 4 019 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 101 513 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 478 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 628 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 830 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 761 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვაშინგტონი და კიევი, რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, განიხილავენ წინადადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა შესაძლოა ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანდეს. ამის შესახებ The Washington Post-ის მიმომხილველი, დევიდ იგნატიუსი, ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პოლიციის უფროსის მოადგილის პენსიონერი დედა ბათუმსა და ქუთაისში კორპუსებს აშენებს

აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნის, 40 წლის მაიზერ ხვარეშიას დედის კომპანია ბათუმში, მწვანე კონცხზე მრავალბინიან კომპლექსს აშენებს. შპს „თალასა ჯგუფს“ რვასართულიანი კორპუსის კარკასის სამუშაოები უკვე დასრულებული აქვს და ბინებს ზღვისა და მთის ხედებით მაღალ ფასად ყიდის. მაიზერ ხვარეშია სულ სამი წლის განმავლობაში არ მუშაობდა შსს-ში და სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ის ოფიციალურად სამშენებლო ბიზნესში.

მიმდინარე მშენებლობა
რენდერი კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან

სამშენებლო პროექტის ღიობებიდან ერთ მხარეს ზღვისა და ქალაქის ხედები იშლება, მეორე მხარეს – მთის ხედები, რაც ბინების ფასს ბევრად ზრდის.

მიმდინარე მშენებლობა – აქ ერთი კვ.მეტრის ფასი 1500 დოლარიდან იწყება და იზრდება ხედისა და სიმაღლის მიხედვით.

მაიზერ ხვარეშია დაახლოებით ერთი თვის წინ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. მანამდე ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტში საორგანიზაციო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე კი, 2022 წლამდე ქუთაისის პოლიციის უფროსი იყო. შს სამინისტროს ინფორმაციით ის სასაზღვრო სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს.

შპს „თალასა ჯგუფი“ 2022 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის 50 პროცენტს „აია პლაზა“ ფლობს. ამ კომპანიის მფლობელი კი აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნის პენსიონერი დედა, ლია ბრეგვაძეა. რეესტრის მონაცემებით, „აია პლაზა“ მაიზერ ხვარეშიამ პოლიციიდან წასვლის შემდეგ, 2022 წელს დააფუძნა და თავად ფლობდა კომპანიის წილების ასივე პროცენტს 2025 წლის ივნისამდე. ოთხი თვის წინ მან კომპანიის ასივე პროცენტი დედას – ლია ბრეგვაძეს გადაუფორმა.

  • შპს „აია პლაზა“ – პოლიციელის დედის კომპანია ფლობს ასევე შპს „აია პლაზა 2“-ის 67 პროცენტს

„აია პლაზა 2“ 2024 წლის ნოემბერში „აია პლაზამ“ დააფუძნა. მისი დაფუძნების დღიდან კომპანიის დირექტორად მაიზერ ხვარეშია ფიქსირდებოდა, მალევე ეს თანამდებობა შოთა ჯავახაძეს გადააბარა. ეს კომპანია ქუთაისში, ყაუხჩიშვილის #7-ში, „თეთრ ხიდთან“ ახლოს საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, მშენებლობის ნებართვის თხოვნით ქუთაისის მერიას თავად მაიზერ ხვარეშიამ მიმართა და დადებითი პასუხიც მიიღო – 2024 წლის 4 ოქტომბერს მაიზერ ხვარეშიას, როგორც დამკვეთის სახელი და გვარი, ასევე მისი ტელეფონის ნომერია მითითებული პროექტის საინფორმაციო დაფაზეც.

 

სქრინი დოკუმენტიდან

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთები სამშენებლოდ ქუთაისში, ყაუხჩიშვილის ქუჩაზე, მაიზერ ხვარეშიას სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით უყიდია. ამ ნაკვეთებზე განთავსებული იყო ძველი შენობებიც. ოთხი მიწის ნაკვეთი აქ სახელმწიფომ 2022 წელს უპირობო აუქციონის წესით გაყიდა.  

  • 250 000 ლარი ძმის საჩუქარი

როგორც თავად ჩაწერა დეკლარაციაში, ხვარეშიას ყაუხჩიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებში 600 000-ზე მეტი ლარი გადაუხდია. წინა წლებში შევსებულ დეკლარაციებში დაფიქსირებული შემოსავალ-გასავლის მიხედვით ხვარეშიას დანაზოგი არ ჰქონდა, არც რაიმე ქონება გაუყიდია. დეკლარაციაში მითითებული აქვს წინა წელს აღებული სესხი, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტის ხარჯს ვერ დაფარავდა.

როგორც ჩანს, ხარჯების დასაბალანსებლად ზუსტად ამ წელს პოლიციელს ძმამ სოლიდური თანხა – 250 000 ლარი აჩუქა. თუმცა ეს 2022 წლის გასავალს მაინც ვერ აბალანსებს, რადგან მაიზერ ხვარეშიას 2022 წელს კიდევ ერთი სოლიდური ხარჯი ჰქონდა, მას ავტომანქანაში 215 000 ლარი გადაუხდია [მოდელი არ მიუთითა].

მშენებლობის ნებართვის მიღებიდან მალევე, 2024 წლის ნოემბერში, ხვარეშიამ კომპანიის წილები – 33 პროცენტი 1.1 მილიონ ლარად გაყიდა. 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში მან ეს 1.1 მილიონი საერთოდ არ ახსენა. ეს კი კანონის დარღვევაა და რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო უნდა აკონტროლებდეს.

2024 წლის ნოემბერში შესყიდული მიწის ნაკვეთები ყაუხჩიშვილის ქუჩაზე მაიზერ ხვარეშიამ დედის კომპანიას, შპს „აია პლაზას“ გადაუფორმა. რეესტრში არ არის მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, არც ჩუქება ფიქსირდება. დოკუმენტების მიხედვით, დედის კომპანიას მიწის ნაკვეთები პოლიციელმა გადასცა შეთანხმების საფუძველზე, რაც გულისხმობდა „სამეწარმეო საზოგადოებაში შენატანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას უძრავ ნივთზე“.

ამონაწერში მიუთითეს ასევე შპს „აია პლაზას“ დამფუძნებლის გადაწყვეტილების შესახებ“ – დამფუძნებელი კი თავად მაიზერ ხვარეშიაა.

მალევე ეს ქონება „აია პლაზა 2“-ს გადასცეს ისევ კომპანიების დამფუძნებლების გადაწყვეტილებების საფუძველზე.

2024 წლის 7 ნოემბერს მაიზერ ხვარეშიამ მიმართა საჯარო რეესტრს, როგორც „აია პლაზა 2“-ის წარმომადგენელმა, იმავე დღეს მან რეესტრს განცხადებით მიმართა, როგორც „აია პლაზას“ წარმომადგენელმაც.

  • ვინ გადაიხადა 1.1 მილიონი შპს „აია პლაზა 2“-ის წილებში

„აია პლაზა 2“ 2024 წლის 6 ნოემბერს „აია პლაზამ“ დააფუძნა, ამ დროს კომპანიის მფლობელი მაიზერ ხვარეშია იყო და წილები ჯერ დედისთვის გადაცემული არ ჰქონდა. „აია პლაზა 2“-ის 100 პროცენტის მფლობელი და დირექტორი მაიზერ ხვარეშია იყო. 2024 წლის 8 ნოემბერს კომპანიის 33 პროცენტი შპს „რონი 2024“-მა შეისყიდა 1 მილიონ 130 310 ლარად.

ყაუხჩიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის რენდერი

შპს „რონი 2024“ ვარლამ თვარაძეს ასევე 2024 წლის ნოემბერში დაუფუძნებია. 2024 წლის 22 ნოემბრიდან მაიზერ ხვარეშია კომპანიის დირექტორად აღარ ფიქსირდება, კომპანიაში ეს თანამდებობა შოთა ჯავახაძეს ჩააბარეს.

2022 წელს მაიზერ ხვარეშიას ქონებრივი დეკლარაცია შეუვსია, როგორც ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველოს ყოფილ უფროსს. ამ დეკლარაციის მიხედვით, ის თანამდებობაზე 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა, შემდეგ კი სავარაუდოდ გაათავისუფლეს. 2023-2024 წლებში მაიზერ ხვარეშიას ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია. 

მორიგი დეკლარაცია კი 2 წლის შემდეგ, 2025 წლის სექტემბერში შეავსო, როგორც აჭარის  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსმა. ამ დეკლარაციაში მან ხელფასზე არაფერი ჩაწერა [დეკლარაციაში 2024 წლის მონაცემები უნდა იყოს ასახული].

  • „თალასა ჯგუფი“

შპს „თალასა ჯგუფის“ წილებს ზვიად მჟავანაძე [60%] და თამარ ლომიძე [40%] იყოფდნენ. 2023 წლის აპრილში კომპანიის 50 პროცენტი „აია პლაზამ“ დაირეგისტრირა: თავისი წილები 337 531 ლარად სრულად გაყიდა თამარ ლომიძემ, ზვიად მჟავანაძემ კი კომპანიის წილების 10 პროცენტი მიჰყიდა „აია პლაზას“ 137 742 ლარად. ეს ჯამში ნახევარ მილიონამდე ლარია.

შპს „თალასა ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე ზვიად მჟავანაძე დანიშნეს.

  • „ნიუ ლაიფი“

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სამშენებლო საქმიანობა ლია ბრეგვაძეს 2017 წელს დაუწყია. მაიზერ ხვარეშია ამ დროს ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველოს უფროსი იყო. ამ წელს პოლიციელის დედამ შპს „ნიუ ლაიფი“ დააფუძნა, რომლის ასივე პროცენტის მფლობელიც თავადაა, კომპანიის დირექტორად კი ზეზვა ხვარეშია [სავარაუდოდ მაიზერ ხვარეშიას ძმა] ფიქსირდება.

2021 წელს ამ კომპანიის ასივე პროცენტი ლია ბრეგვაძემ ზეზვა ხვარეშიას გადაუფორმა. შპს „ნიუ ლაიფს“ ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსი აუშენებია.

  • „ეკო გარდენი”

2019 წელს პოლიციელის დედას შპს „ეკო გარდენი“ დაუფუძნებია გაგა ჩხეიძესთან ერთად. ლია ბრეგვაძე ამ კომპანიის 33, 3 პროცენტს ფლობდა მისი დაფუძნების დღიდან 2021 წლამდე, დარჩენილი 66.7 პროცენტი კი გაგა ჩხეიძის საკუთრება იყო.

კომპანიის დირექტორად ზეზვა ხვარეშია ფიქსირდება [პოლიციელის ძმა]. 2021 წელს ამ კომპანიის 33, 3 პროცენტი ლია ბრეგვაძემ გაგა ჩხეიძეს 80 000 ლარად მიჰყიდა. ეს კომპანია ფლობს 1147 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე.

  • შპს „მ ენდ ზ“

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მაიზერ ხვარეშიას სახელი და გვარი კიდევ ერთ კომპანიასთან იკვეთება. 2023 წლის თებერვალში მას შპს „მ ენდ ზ“ დაუფუძნებია – სავარაუდოდ ძმების ინიციალებია, ანუ მაიზერი და ზეზვა. კომპანიის წილების ასივე პროცენტი მაიზერ ხვარეშიას ეკუთვნოდა და კომპანიის დირექტორიც თავად იყო. 2025 წლის ივნისში მაიზერ ხვარეშიამ ეს კომპანიაც დედას, ლია ბრეგვაძეს გადაუფორმა უსასყიდლოდ.

შპს „მ ენდ ზ“ 400 კვ. მეტრზე მეტ ფართობს ფლობს ქუთაისში, აღმშენებლის ქუჩაზე, შპს „ნიუ ლაიფის“ მიერ აშენებულ კორპუსში.

  • რა ქონებას ფლობს მაიზერ ხვარეშია ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით

მაიზერ ხვარეშიამ 2025 წლის სექტემბერში ქონებრივ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ ფლობს ბინას ქუთაისში აღმაშენებლის ქუჩაზე, რომელიც 2021 წელს 36 000 დოლარად შეუძენია. ამავე წელს მას ირაკლი აბაშიძის ქუჩაზეც უყიდია ბინა 21 000 დოლარად. დეკლარაციაში ასევე მიუთითა, რომ 2021 წელს აიღო იპოთეკური სესხი – 80 000 დოლარი, ხოლო ამ სესხის მომსახურების გასავალი, წინა წელს, 12 000 დოლარი იყო.

2001-2002 წლებში, სხვადასხვა დროს, მაიზერ ხვარეშიას ხუთი მიწის ნაკვეთი მიუღია მემკვიდრეობით თერჯოლაში, სოფელ ეწერში, ლიანა ხვარეშიასგან.

ბოლო დეკლარაციაში მაიზერ ხვარეშიამ მხოლოდ შვილი ჩაწერა, მეუღლე კი გამოტოვა.

ამ დეკლარაციის მიხედვით, მაიზერ ხვარეშიას არ აქვს ძვირადღირებული მანქანა, არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, არ აქვს მნიშვნელოვანი დანაზოგი.

მაიზერ ხვარეშიას ქონებრივი დეკლარაციები 2015 წლიდან იძებნება, ამ დროს ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა – არ ჰქონდა საკუთარი ბინა, მანქანა და მიწის ნაკვეთი.

2017 წელს დეკლარაციაში იპოთეკური სესხის შესახებ მიუთითა. გარდა ამისა, ჩაწერა ბინით სარგებლობის საფასური. ამავე წელს მან ქუთაისში, გელათის ქუჩაზე 30 000 დოლარად იყიდა 1224 კვ.მიწის ნაკვეთი დამხმარე ნაგებობით. შემდეგ დეკლარაციებში ეს ქონება აღარ ჩანს, არც მისი გასხვისების შესახებ ინფორმაცია იძებნება.

2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მაიზერ ხვარეშიამ მემკვიდრეობით მიიღო მიწის ნაკვეთები თერჯოლაში, სოფელ ეწერში, იყიდა ავტომანქანა 6000 დოლარად, მითითებული აქვს ასევე სამომხმარებლო სესხის შესახებ.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, მეუღლემ, ანა დავითაშვილმა ქუთაისის მერიაში დაიწყო მუშაობა.

„ბათუმელებმა“ მაიზერ ხვარეშიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ვწერდით რომ მაიზერ ხვარეშია ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ის სასაზღვრო სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გადაიყვანეს. 

___________________________________

აჭარის პოლიციის უფროსის გუნდი და ძალადობის შემთხვევები რეგიონში

ამ კვირის ბოლოს ტროტუარზე პროტესტისთვის შესაძლოა დაგაპატიმრონ – ინტერვიუ „ოცნების“ კანონპროექტზე

„ეს კანონპროექტი რეალურად ახდენს მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის კრიმინალიზებას. მიზანი პრინციპში უკვე გასაგებია: კრიტიკული აზრი ან აღარ ისმოდეს ქვეყანაში, ან ისმოდეს იმგვარად, რომ ვერავინ ვერ გაიგოს,“ – ამბობს იურისტი გურამ იმნაძე. მას „ოცნების“ მორიგ კანონპროექტზე ვესაუბრეთ, რომლითაც ივანიშვილის დაჯგუფება რუსეთის მსგავსად საქართველოში პროტესტის აკრძალვას ცდილობს.

დღეს, 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციის წესებს კიდევ უფრო ამკაცრებს და ამჯერად ხალხის სავალ ადგილზე შეკრებასაც ზღუდავს. საიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ შეკრების თავისუფლების ფაქტობრივ გაუქმებას ცდილობს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამოც შეიძლება შსს-მ მოქალაქეები დააკავოს, თუ შსს ამ აქციის შესახებ გაფრთხილებული არ არის. შსს-ს შეუძლია აქციის მონაწილეებს უთხრას, რომ სხვა დროს გამართონ აქცია, ან არ გაიმართონ აქცია, მაგალითად, პარლამენტის შენობასთან.

„ის, რომ პროტესტი ჩატარდეს სივრცეში, სადაც არც ადამიანები არ ხვდებიან, არც არანაირი დისკომფორტი არ იქმნება ნორმალური ცხოვრების რიტმისთვის, ფაქტობრივად გამოდის, რომ პროტესტი უბრალოდ თავისი არსით უქმდება ქვეყანაში,“ – ამბობს გურამ იმნაძე.

„ბათუმელებმა“ იურისტ გურამ იმნაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გურამ, მორიგი კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურ პარლამენტში ნიშნავს იმას, რომ „ოცნების“ მთავრობა პრაქტიკულად კრძალავს პროტესტის გამოხატვას?

რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე არის პროტესტის კრიმინალიზება. შეუძლებელია მშვიდობიანი შეკრების მანიფესტაციის ორგანიზება, პირობითად თბილისში, ისე, რომ ის არ ტარდებოდეს სივრცეში, სადაც ავტომანქანების სავალი ნაწილი არ არის ან ადამიანები არ გადაადგილდებიან. პროტესტის ერთ-ერთი არსი სწორედ ის არის, რომ აქციის შინაარსი, აქციის მონაწილეების წუხილები და მოთხოვნები მივიდეს საზოგადოებამდე, როგორც ზოგადად მოსახლეობის ფართო ჯგუფებამდე, ასევე – პოლიტიკურ ადრესატებამდე.

ის, რომ პროტესტი ჩატარდეს სივრცეში, სადაც არც ადამიანები არ ხვდებიან, არც არანაირი დისკომფორტი არ იქმნება ნორმალური ცხოვრების რიტმისთვის, ფაქტობრივად გამოდის, რომ პროტესტი უბრალოდ თავისი არსით უქმდება ქვეყანაში.

  • „ოცნება“ ცდილობს, საქართველო სრულად დაამსგავსოს რუსეთს პროტესტის გამოხატვის კუთხით?

დიახ, პრინციპში დიდი ხანია უკვე აქეთ მიდის ჩვენი კანონმდებლობა და ამ კანონების აღსრულების პრაქტიკა კიდევ უფრო უარესია.

ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი ძალიან საგანგაშოა. აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტის დროსაც კი, თუნდაც ის მინიმალურ დისკომფორტს უქმნიდეს ფეხით მოსიარულეებს – აქ არ არის არანაირ საფრთხეზე საუბარი – შეიძლება სამართალდამცავებმა უბრალოდ სავალდებულო მითითება გასცენ იმაზე, რომ პროტესტი სხვა დროს გაიმართოს, ან სხვა ადგილას, ან სხვა მარშრუტით წარიმართოს.

პრობლემა ისიც არის, რომ ძალიან ფართო ჩანაწერებს შეიცავს ეს კანონპროექტი: რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასონ სამართალდამცავებმა, ვთქვათ, როდის ქმნის დაბრკოლებას შეკრება-მანიფესტაცია და როდის არ ქმნის?

  • კანონი როცა არ განსაზღვრავს, პოლიციელებმა უნდა შეაფასონ, მათი აზრით, როდის იკეტება ხალხის სავალი ნაწილი ხელოვნურად? 

ეს სიტყვა „ხელოვნურად“ რას ნიშნავს? მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის მკაფიოდ დასანახია, რა შეიძლება იყოს გადაკეტვა: სატრანსპორტო მოძრაობა წყდება, ფეხით მოსიარულეების შემთხვევაში კი ეს ძალიან ბუნდოვანია. არასდროს, მათ შორის, მაშინაც, როცა ძალიან მასშტაბურია შეკრება-მანიფესტაციები, აბსოლუტურად შეზღუდული თუ შეფერხებული არ არის ფეხით მოსიარულეების მოძრაობა.

რას ნიშნავს შეფერხება? აბსოლუტურად უნდა იყოს შეფერხებული გადაადგილება ფეხით მოსიარულეებისთვის და ამ დროს იძლევა პოლიცია ამგვარ მითითებას, თუ უბრალოდ ის, რომ ადამიანს იმავე ტემპით არ შეუძლია კონკრეტული სივრცის გავლა, რა ტემპითაც გაივლიდა, შეკრება რომ არ ჩატარებულიყო, ეს უკვე ითვლება მოძრაობის შეფერხებად? – ამაზე კანონპროექტს არ აქვს პასუხები, პოლიცია აფასებს მთლიანად და მას ნამდვილად ძალიან ფართო დისკრეცია აქვს.

  • განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები მიუთითებენ იმაზე, რომ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება მასში ჩარევა. ევროპული ქვეყნების გამოცდილებით, რა არგუმენტით შეიძლება იყოს გამართლებული მსგავსი ჩარევა?

არც ერთი იურისტი და უფლებადამცველი არ დავობს, რომ შეკრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ასე არ არის ნამდვილად, მაგრამ სახელმწიფოს ძალიან მკაცრი ტესტის დაკმაყოფილების ვალდებულება აქვს, როდესაც ზღუდავს შეკრების და გამოხატვის უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც არგუმენტად არის მოხმობილი ამ კანონპროექტში, მითუმეტეს ევროპულ სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის, – „მაქარაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ნამდვილად საუბრობს იმაზე, რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან გამოხატვას და რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მშვიდობიანი გამოხატვის უფლება ქვეყანაში იყოს დაცული.

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, თუკი იზღუდება ეს უფლებახდება, ეს უნდა ხდებოდეს უკიდურესი საფუძვლებით, როდესაც საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სხვა პირთა კონსტიტუციურ უფლებებს და ასე შემდეგ.

მშვიდობიანი შეკრებით – რაც ამ კანონპროექტის რეგულირების ობიექტია – არც ერთი მსგავსი ლეგიტიმური მიზანი არ არის სახეზე. ამ დროს არ ექმნება საფრთხე არც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და სხვა პირების უსაფრთხოებას, არც არსებითად არ იზღუდება სხვა პირების რამე კონსტიტუციური უფლება.

  • „ქართული ოცნების“ დეპუტატები მიუთითებენ იმაზე, რომ მოქალაქეებს ექმნებათ დისკომფორტი, ყოველდღიური ცხოვრების რუტინა ირღვევაო. ამ არგუმენტით რამდენად შეიძლება დაუწესდეს შეზღუდვა საპროტესტო აქციას?

შეკრება-გამოხატვის არსი არის ის, რომ თავისთავად გარკვეულ დისკომფორტს ისედაც ქმნის სახელისუფლებო გუნდისთვის, ადმინისტრაციული ორგანოსთვის, საზოგადოებისთვის. დისკომფორტში იგულისხმება ის, რომ შეკრება უნდა იყოს შესამჩნევი. შეიძლება ამან ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი გარკვეულწილად შეცვალოს, მაგრამ ამას არსებითი გავლენა არ ჰქონდეს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებზე. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ეს არასწორი არგუმენტია.

მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის საცობები პირობითად, – უხეში მაგალითი რომ ავიღოთ. ნიშნავს ეს იმას, რომ საკმარისი საფუძველია, ადამიანებს კერძო ავტომობილების ქონის უფლება შევუზღუდოთ? ხომ არასწორი იქნება მსგავსი მსჯელობა – ქალაქში ძალიან ბევრი ავტომანქანა გადაადგილდება, გამონაბოლქვია, ხმაურია, ამიტომაც, ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ საკუთრების უფლება შეიზღუდოს და ადამიანებს აეკრძალოთ ავტომანქანების შეძენის ან მათი გამოყენების უფლება?

  • შსს-მ შეიძლება თავად განსაზღვროს, სად და როდის გაიმართება საპროტესტო აქცია. ეს ნიშნავს თუ არა პირდაპირ პროტესტის უფლების წართმევას? 

რა თქმა უნდა. პროტესტის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ის, რომ გამოხატვის ფორმას, დროს, ადგილს უნდა განსაზღვრავდეს თავად ადამიანი, ეს მოქალაქის უფლებაა. თუკი სახელმწიფო უკარნახებს მოქალაქეს, რა ფორმით და როდის შეუძლია მას უკმაყოფილების დაფიქსირება, ეს აღარ არის უკვე რეალური გამოხატვის თავისუფლება, ეს სახელმწიფოს მხრიდან ნაკარნახევი გამოხატვაა.

ეს ნამდვილად არ არის იგივე, რასაც ჩვენი კონსტიტუცია თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები მოიაზრებს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში.

  • თუმცა „ოცნება“ განმარტავს, რომ საუბარია შსს-ს გაფრთხილებაზე და არა ნებართვის მიღებაზე.

დიახ, ფორმალურად ამას ჰქვია გაფრთხილება, მაგრამ შინაარსობრივად პრაქტიკულად ეს იქნება ნებართვის მექანიზმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერ დროს შეუძლია თქვას, რომ არა, აქ ამ ფორმით ამ დროს შეკრების გამართვა დაბრკოლებას შექმნის მოქალაქეების გადაადგილებისთვის, ამიტომაც, სხვა დროს უნდა გაიმართოს ეს შეკრება, მაგალითად, ერთი თვის შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ, ან შუა დღის საათებში გაიმართოს, ნაცვლად საღამოს საათებისა, ან საერთოდ შეიცვალოს შეკრების ადგილი, მაგალითად, არ გაიმართოს აქცია პარლამენტთან.

არა პირდაპირ, არამედ ირიბად ეს იქნება გამოყენებული, როგორც სანებართვო ინსტრუმენტი. მით უმეტეს, გაფრთხილების ხუთი დღით ადრე წარუდგენლობა დაკავშირებულია ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში, უკვე შემოდის სისხლის სამართალი.

  • რას აჩვენებს ის, რომ მუნიციპალიტეტი შეცვალა შსს-მ? აქამდე, თუ ავტომანქანების სავალის ნაწილი გადაკეტვას აპირებდნენ აქციაზე, მუნიციპალიტეტის გაფრთხილება იყო საჭირო.

ამ გაფრთხილების მიზანი არსებითად იცვლება. მუნიციპალიტეტისთვის გაფრთხილების წარდგენის მთავარი მიზანი ის იყო, რომ მუნიციპალიტეტი ყოფილიყო წინასწარ ინფორმირებული და, მაგალითად, თუ შეკრების შედეგად შეიზღუდებოდა ავტომანქანების გადაადგილება, ამისთვის მზად ყოფილიყო, ასევე, ალტერნატიული სამარშრუტო გზები დაეგეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პირდაპირ შეკრების მაკონტროლებელ ორგანოდ მოგვევლინა, რომელიც შედის შეფასებაში – ეს შეკრება იმ დროს თუკი ჩატარდება, რამდენად სწორია? რამდენად შეუქმნის სხვა ადამიანების უფლებებს და ინტერესებს დაბრკოლებას, გადაადგილების თავისუფლების შესაძლებლობას დაბრკოლებას? ამის საფუძველზე მას შეუძლია გააკონტროლოს უკვე შეკრების შინაარსი და ფორმებიც.

  • რა განსხვავებაა სპონტანური აქციის დროს?

სპონტანური საპროტესტო აქციის შემთხვევაში, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ თუკი ჩვეულებრივ დაგეგმილი აქციის დროს მის ორგანიზატორს აქვს ვალდებულება, მინიმუმ 5 დღით ადრე წარადგინოს გაფრთხილება შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპონტანური აქციის შეკრების შემთხვევაში, ასეთი წინასწარი, ხუთდღიანი ვადა არ არის დადგენილი. ვადად განსაზღვრული გონივრული დრო. როგორც კი ცნობილი გახდება პირისთვის შეკრების შესახებ, მას წარმოეშობა იმთავითვე ვალდებულება, ასევე წერილობით მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

  • ამ შემთხვევაშიც შეუძლია შსს-მ აქციის მონაწილეებს უთხრას, დაიშალონ და სულ სხვა ადგილას შეიკრიბონ?

კი, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩარევა, როგორც წინასწარ ინფორმირების შემთხვევაში, ასევე სპონტანური აქციის დროს. შსს-ს შეუძლია შეკრების მსვლელობის ფარგლებში ჩათვალოს, რომ შეკრება უქმნის დაბრკოლებას, მაგალითად, ფეხით მოსიარულეებს, ამიტომ ის უნდა შეწყდეს იმთავითვე, ან სხვა სივრცეში გადავიდეს და ასე შემდეგ.

  • როგორ აისახება პროტესტის პრაქტიკულად აკრძალვა სხვა უფლებებზე? როგორ აისახება ეს ადამიანების ცხოვრებაზე?

შეკრების უფლება არის ინსტრუმენტული უფლება, რომელიც ადამიანებს აძლევს უფლებას აზრი გამოხატოს ნებისმიერ საკითხზე. ეს დემოკრატიის ქვაკუთხედია. თუ ეს უფლება არსებითად, შინაარსობრივ ფორმებს შეიძენს და დაკარგავს მის რეალურ მნიშვნელობას, ძალას, ბუნებრივია, ამას პირდაპირი ეფექტი ექნება სხვა უფლებების სარგებლობაზე.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე, ის უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით. არ უნდა ხდებოდეს კონსტიტუციური დებულებების, კონსტიტუციური უფლებების ამგვარი უხეში ინტერპრეტირება, რომლებიც უბრალოდ შინაარსს უკარგავს კონსტიტუციურ უფლებებს.

  • იკითხება ივანიშვილის დაჯგუფების პირდაპირი განზრახვა: ქვეყანაში საერთოდ არ ისმოდეს პროტესტის ხმა?

ეს კანონპროექტი ამას აკეთებს რეალურად, ეს კანონპროექტი რეალურად ახდენს მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის კრიმინალიზებას. მიზანი პრინციპში უკვე გასაგებია: კრიტიკული აზრი ან აღარ ისმოდეს ქვეყანაში, ან ისმოდეს იმგვარად, რომ ვერავინ ვერ გაიგოს.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს პარლამენტმა. წესით ამ კვირაში უკვე შესაძლებელია, რომ იქნას მიღებული.

  • კვირის ბოლოს უკვე ამ ქვეყანაში პროტესტის გამოხატვა იქნება პრაქტიკულად კრიმინალიზებული, შეიძლება დაგვაპატიმრონ იმის გამო, რომ შსს-ს ნებართვის გარეშე დავდექით ტროტუარზე და პროტესტს გამოვხატავთ?

კი ბატონო.

ამ თემაზე:

„ოცნებამ“ I მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც ტროტუარზე შეკრებასაც ზღუდავს

რა წაართვა „ოცნებამ“ აბიტურიენტებს – განათლების „დეფორმა“

„ამ რეფორმას სრულიად სამართლიანად უწოდეს „დეფორმა“. იმიტომ, რომ დეკონსტრუქციაა იმ სიკეთეების, რაც აქამდე იყო განათლების სისტემაში და განსაკუთრებით უმაღლესი განათლების სისტემაში. ამ რეფორმით იგებს ხელისუფლება და აგებს საზოგადოება“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი, თსუ-ს პროფესორი, სოციოლოგი „ბათუმელებთან“.

ჩვენ მას ვკითხეთ, რას ართმევს „ქართული ოცნება“ ახალგაზრდებს, უნივერსიტეტებს ამ „რეფორმით“ და რას იგებს რეჟიმი.

იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, „ოცნება“ იმიტომ ცდილობს დღეს არსებული სისტემის დეფორმაციას, რომ მისი მიზანი უმაღლესი სასწავლებლების სრული კონტროლია.

„2005 წელს გამოვედით საბოლოოდ საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის ყაიდიდან და შევუერთდით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს, რადგან ამ წელს შევუერთდით ბოლონიის პროცესს.

ბოლონიის პროცესის, ანუ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების მთავარი ხიბლი იყო ის, რომ ახალგაზრდაზე – აბიტურიენტსა და სტუდენტზე იყო ორიენტირებული სწავლება და ეს სისტემა ხელს უწყობდა ახალგაზრდის და მისი ოჯახის თავისუფალ არჩევანს“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

იაგო კაჭკაჭიშვილი

მისი თქმით, თავისუფლების გამოხატულებაა, როდესაც სახელმწიფო ეუბნება ახალგაზრდას, რომ მე შენ გეხმარები, გაძლევ განათლების მიღების გრანტს და შენ გაქვს უფლება, ეს გრანტი მოიხმარო შენი ინტერესების შესაბამისად.

„რას ნიშნავს „შენი ინტერესების შესაბამისად“ გრანტის განკარგვა? – იმას, რომ შენ შეგიძლია წახვიდე იმ უნივერსიტეტში, რომელიც გინდა. შეგიძლია წახვიდე იმ პროგრამაზე ან პროგრამებზე, რომელიც გაინტერესებს. შესაძლოა, ერთი რამ არ გაინტერესებდეს, ამიტომ შეგიძლია სხვადასხვა პროგრამის მიმართ შენი ინტერესი დააფიქსირო.

შეგიძლია წახვიდე კერძო უნივერსიტეტში და იქ ისწავლო, თუ არ გინდა სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა. ასევე, შენ შეგიძლია შეიჩერო დროებით სწავლა, თუ აღმოაჩენ, რომ ამჯერად სხვა რამ გაინტერესებს. შეგიძლია შეინახო გრანტი და განაახლო სწავლა ერთი ან ორი წლის მერე. შეგიძლია მობილობა, ანუ გადასვლა ერთი სასწავლო პროგრამიდან სხვა სასწავლო პროგრამაზე, ერთი უნივერსიტეტიდან სხვა უნივერსიტეტში.

შეგიძლია აირჩიო საგნები და არ გაქვს „ხისტი ცხრილი“, რაც ჩვენ გვქონდა, ვთქვათ, საბჭოთა დროს.

საბჭოთა უნივერსიტეტებში იყო ასე, რომ არ არსებობდა არჩევანი. აი, ეს – არჩევანის თავისუფლება იყო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ურთიერთობის და მასთან შერწყმის ძირითადი უპირატესობა და ამას უტევს ხელისუფლება. მას სურს წაართვას აბიტურიენტს და სტუდენტს არჩევანი და აქციოს მარიონეტად, რომელიც იმოძრავებს მხოლოდ ხელისუფლების მითითებების შესაბამისად“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

მისი აზრით, განათლების სისტემის დეფორმიზაცია არ შეჩერდება, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ ააშენა საქართველოში ავტორიტარიზმი.

„მხოლოდ განათლების სფერო იყო ხელშეუხებელი და ამ სივრცეშიც დაიწყო ავტორიტარული ნაბიჯების გადადგმა. რა ნაბიჯებია ეს – დაფინანსების სისტემა იშლება, სტუდენტს არ შეუძლია რომელიმე სასწავლო პროგრამაზე ერთი ქალაქის ფარგლებში ისწავლოს მის მიერ არჩეულ უნივერსიტეტში.

სტუდენტს არ შეუძლია მისთვის საინტერესო, სასურველ სასწავლო პროგრამაზე ისწავლოს მის მიერ არჩეულ უნივერსიტეტში. მაგალითად, თუ მე ვცხოვრობ თბილისში და მინდა ვისწავლო სამართალი, სოციოლოგია ან სხვა რამ, სახელმწიფო მეუბნება – „შენ სამართალს ისწავლი მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში, თბილისში“.

დღეს, მაგალითად, სოციოლოგიის სწავლებას უზრუნველყოფს ოთხი უმაღლესი სასწავლებელი თბილისში – ჯავახიშვილის, ილიას უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი. სახელმწიფო ეუბნება აბიტურიენტს: შენ არ გაქვს უფლება, არჩევანი გააკეთო ამ უნივერსიტეტებს შორის.

კი ბატონო, შენ შეგიძლია წახვიდე კერძო უნივერსიტეტში, მაგრამ კერძო უნივერსიტეტში რომ წავიდე, გრანტი აღარ მომყვება ამ „დეფორმით“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტუდენტური სასწავლო გრანტების დასაფინანსებლად ყოველწლიურად 14 მილიონამდე ლარი გამოიყოფა. აქედან თანხის ყველაზე მეტი წილი სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიდის, რადგან კერძო უნივერსიტეტებში ნაკლები სტუდენტი სწავლობს და გრანტსაც ნაკლები სტუდენტი მოიპოვებს.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაგალითად, 2024-2025 სასწავლო წელს, მთლიანობაში, 125 612 სტუდებტი სწავლობს მხოლოდ საბაკალავრო პროგრამაზე.   

 მათგან 80 281 სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს, 45 331 სტუდენტი კი – კერძოში.

სახელმწიფო გრანტის ოდენობა 2 250 ლარია.

„საგრანტო დაფინანსების გაუქმების შემდეგ კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტთა კონტინგენტი მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ, რადგან სტუდენტს გრანტი აღარ ექნება, კერძოში კი სწავლა ძვირია.

უცხოელი სტუდენტები შეგიძლიათ მიიღოთო, რომ უთხრეს კერძოებს, ვერც ეს იქნება მათთვის გამოსავალი, რადგან საქართველოში უცხოელები (ინდოელები და პაკისტანელები გვყავს ჩვენ ძირითადად) მარტო სამედიცინო მიმართულებით სწავლობენ და სხვა სპეციალობებს ასე მასობრივად არ ირჩევენ. ეს მიმართულებაც შეუნარჩუნდება მხოლოდ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს და სხვებს აღარ ექნებათ ამ მიმართულებაზე უცხოელების მიღების შესაძლებლობა“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

რადგან „ოცნების“ რეფორმა ითვალისწინებს ფაკულტეტების შემცირებას სხვადასხვა უნივერსიტეტში, ეს გამოიწვევს პროფესორ-მასწავლებლების უმუშევრობასაც, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული კვოტები კი მისაღები ადგილების რაოდენობას შეამცირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტების დიდი ნაწილი უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დარჩება.

განათლების სამინისტრო ამ დრომდე არ ასახელებს კონკრეტულ ციფრს, თუ რამდენ სტუდენტს მიიღებენ მომავალ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტები.

„ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ საკომიტეტო მოსმენისას თქვა, რომ ამას შეგნებულად არ ამბობენ, რადგან ეს კვოტები ეკონომიკის სამინისტრომ შრომითი ბაზრის კვლევის შედეგად უნდა განსაზღვროს.

„ეს არის ქაოსის ილუსტრაცია, რომელიც ამ რეფორმის კონტექსტში ხდება. იმდენად ფორსირებულად მიდის და იმდენად მოუმზადებლად, რომ ძალიან ბევრ გამოწვევაზე მათ ჯერ პასუხი არ აქვთ. ამაშია ხელისუფლების ვირეშმაკობა, რომ ჯერ იწყებენ რაღაც ნაბიჯის გადადგმას და შემდეგ იზრდება მათი ავტორიტარული მადა. მაგრამ ფაქტია, რომ სტუდენტების რაოდენობა საქართველოში დრამატულად შემცირდება“, – გვეუბნება ის.

განათლების სამინისტრომ ასევე არ თქვა, როდის ჩაატარებს ბაზრის კვლევას ეკონომიკის სამინისტრო, რა ვადებში, რა პრინციპით ჩატარდება ეს კვლევა და თუ ჯერ არ არსებობს კვლევის შედეგები, მაშინ როგორ იგეგმება წინმსწრებად მსგავსი ძირეული ცვლილებები?

„უნივერსიტეტებში სპეციალობების დაგეგმვა შრომის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად, ეს არის „ველური კაპიტალიზმი“ და „ველური იმპერიალიზმი“, რადგან არსებობს სპეციალობები, რომლებზე მოთხოვნაც დაბალია, მაგალითად, კლასიკური ფილოლოგია, ფილოსოფია და ასე შემდეგ. მაგრამ შესაძლოა სასიცოცხლოდ შეესაბამებოდეს ეს სპეციალობები ახალგაზრდების ფუნდამენტურ ინტერესებს და რა გავაკეთოთ ახლა? რადგან ფილოსოფიაზე მოთხოვნა არ არსებობს, გავაუქმოთ ფილოსოფიის ფაკულტეტი? მხოლოდ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად სასწავლო პროგრამების ლეგიტიმაცია ძალიან სახიფათოა. ფრთხილი მიდგომა სჭირდება ამას და არ შეიძლება ასე ქირურგიულად ჩაერიო.

მე მგონია, რომ ფინანსური ნაწილი არ არის წამყვანი საკითხი. წამყვანია ის, რომ ამ განათლების სისტემას ხდი სახელისუფლებო ვერტიკალზე ჩამოკიდებულს და არ აძლევ მას თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას.

აკადემიური სივრცის მოთვინიერებაა ამ პროექტში მთავარი და ეს არის სრულიად ცალსახა.

ამას მოჰყვება უნივერსიტეტების დეკონსტრუქცია და შეიძლება გაუქმებაც კი. მაგალითად, ეს დეფორმა მიმართულია ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეს უნივერსიტეტი ყველაზე გამოკვეთილად კრიტიკულია. ამიტომ ამ ჩიტის დაჭერაც უნდათ და ასევე მოთვინიერება უმაღლესი და ზოგადი განათლების სფეროსი“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

სტატისტიკის მიხედვით, დღეს საქართველოში 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტია.

„ოცნების“ მიერ დაგეგმილ ცვლილებებზე ვესაუბრეთ განათლების მკვლევარ ლელა ჩახაისაც. მისი შეფასებით, აღნიშნული განათლების მოდელი დაჩაგრავს ნაკლებად თავდაჯერებულ აბიტურიენტებს.

ლელა ჩახაია, მკვლევარი

„წარმოიდგინეთ, მე თუ სოფლის სკოლა დავამთავრე და თან ვიცი, რომ, მაგალითად, თსუ-ს სამართალი არის ძალიან პოპულარული, მე მომინდება, რომ პირველად ეს უნივერსიტეტი შემოვხაზო და მერე გავაკეთო სხვა არჩევანი, ხომ? მაგრამ თუ მაკლია თავდაჯერება, განაცხადს გავაკეთებ ნაკლებად მოთხოვნად უნივერსიტეტზე. მით უმეტეს, ახლა ისიც არ არის ცნობილი, რამდენიმე უნივერსიტეტის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ აბიტურიენტებს თუ არა“, – ამბობს ლელა ჩახაია.

მისი თქმით, თუ მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებთან დატოვებენ არჩევის უფლებას, მაშინ ჩარიცხვის სისტემა ერთიანი აღარ გამოვა და ასეთ შემთხვევაში, ჩარიცხვის ორი სისტემა უნდა დანერგონ, „რაც არასწორი იქნება“.

„თუკი არჩევანის უფლებას წაართმევენ აბიტურიენტებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ძალიან შემცირდება მიღებული სტუდენტების რაოდენობა. რამდენს მიიღებს ერთი უნივერსიტეტი ერთ ფაკულტეტზე? რესურსები არ არის შეუზღუდავი და ეს ხომ ისედაც გამოიწვეს ადგილების რაოდენობის შემცირებას.

ითქვა, რომ ამ ცვლილებებით 10 მილიონი ლარი დაიზოგება წელიწადში, თუმცა აქ ეს საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე მიზერულ თანხებს გამოყოფს. მსოფლიოს თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი დაფინანსება და მით უმეტეს, განვითარებულ ქვეყნებში.

ახლა ვითომ ხარისხის გასაუმჯობესებლად დაგეგმეს ეს რეფორმა ხომ? თან დაფინანსებას არ ზრდიან“ – ამბობს ლელა ჩახაია.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგრანტო დაფინანსებაზე 136 მლნ 950 ათასი ლარია გათვალისწინებული (2025 წლის ბიუჯეტში – 136 მლნ 150 ათასი ლარი იყო). ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების დაფინანსება ამ ახალი რეფორმის ფარგლებშიც მინიმალურად იზრდება. 

„დაფინანსება და ხარისხი მიდის ხელჩაკიდებული – არ არსებობს ხარისხის გაზრდა დაფინანსების გაზრდის გარეშე. ეს დაფინანსება კი ძალიან სასაცილოა. მაშინ, როცა ამბობენ, რომ ეკონომიკა იზრდება, დაფინანსება კი საერთოდ არა“, – ამბობს ლელა ჩახაია.

თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

ლონდონში გამართულ Banking Tech Awards-ის რიგით 26-ე დაჯილდოებაზე, თიბისი უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მფლობელი გახდა, კატეგორიაში – სამომხმარებლო სესხების მიმართულებით ტექნოლოგიების საუკეთესო გამოყენება.

საუკეთესოდ გამოყენებული ტექნოლოგიები, არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემის მომენტალური პროცესი – ნებისმიერ დროსა და ადგილზე, ნებისმიერი შემოსავლის საფუძველზე, დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე – ყველა ამ კომპონენტში თიბისი საუკეთესოდ აღიარეს ისეთ ბრენდებთან ერთად, როგორებიც არიან J.P. Morgan. DBS Bank, Deutche Bank, HSBC და სხვები.

ეს ჯილდო თიბისი ტექისა და FCL გუნდების უდიდესი ძალისხმევის შედეგია.  გამარტივდა და დაჩქარდა სესხის მიღების მთელი ციფრული პროცესი. ციფრული არხების ოპტიმიზაციამ, მთელი პროცესი მაქსიმალურად კომფორტული გახადა.

თიბისის მომხმარებლებისთვის, რეკორდულად სწრაფად, სამომხმარებლო სესხის 70% გაიცემა 5 წუთზე ნაკლებ დროში.

ხელოვნური ინტელექტის მოდელის დახმარებით, ბანკმა შესაძლებლობა მისცა თვითდასაქმებულებს, რომ აიღონ სესხი.

სესხის მოცულობის 80% გაიცემა ციფრული არხებით. ამასთან, გაჩნდა წინასწარ დამტკიცებული შეთავაზებები, რაც თანხის მიღებას ამარტივებს.

დაინერგა კომუნიკაციის ავტომატიზირებული სისტემები, რაც ზრდის ოპერაციულ ეფექტურობას და აუმჯობესებს მომხმარებელთან უკუკავშირს.

თიბისისთვის ეს აღიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან Banking Tech Awards ფინანსურ ტექნოლოგიებში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პლატფორმაა.

ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ თიბისი ქმნის პროდუქტს, რომელიც არამხოლოდ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავადვე ქმნის სტანდარტებს, საბანკო ტექნოლოგიების მომავალს და ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას.

მთავარია გჯეროდეს და ყველაფერი გამოვა!

საპატრიარქოს 700 ათას ლარს გადასცემენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – კობახიძის ახალი განკარგულება

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს 700 ათასი ლარი გამოუყვეს. შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 19 ნოემბერს მოაწერა, დოკუმენტი კი მოგვიანებით გასაჯაროვდა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა საპატრიარქოს სხვადასხვა სამუშაოს დასაფინანსებლად გადაეცემა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 700 000 ლარი, მათ შორის:

500 ათასი ლარი – ქალაქ გორში, აღდგომის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფარგლებში, ქვის მოსაპირკეთებელი  სამუშაოების დაფინანსების მიზნით;

200 ათასი ლარი – ქალაქ თბილისში, ბაგების 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფარგლებში, ფილის საიზოლაციო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაფინანსების მიზნით.“ – აღნიშნულია განკარგულებაში.

 

ქუთაისში, საწარმოო ზონაში ხანძარი იყო – არავინ დაშავებულა

ძლიერი ხანძარი იყო ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე.

ცეცხლი სენდვიჩ პანელების საწყობს გაუჩნდა.

ხანძრის ადგილას მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. პოლიციას ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.

როგორც “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

გუგუნავას ქუჩა, სადაც ცეცხლი გაჩნდა, საწარმოო ზონაა. ამ ქუჩაზე არის სხვადასხვა დანიშნულების საწყობები და საამქროები.

ზურაბ ჭავჭანიძე მშრალ შიმშილობას წყვეტს – რას წერს ბათუმელი მედროშე ციხიდან

„მინდა, ყველას ვაცნობო სამშობლო ჩემი საითკენ მიდის,“ – წერს ციხეში დაწერილ ლექსში ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე. ის პროტესტის ნიშნად უკვე 14 დღეა შიმშილობს.

ზურაბ ჭავჭანიძის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს, 9 დეკემბერს დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. ადვოკატი ნინო ლომინაძე ამბობს, რომ პროკურატურას არ აქვს წარმოდგენილი ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას.

ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, ზურაბ ჭავჭანიძე დღეიდან შეწყვეტს მშრალ შიმშილობას და წყლის მიღებას დაიწყებს.

„გადაჯიშებით გვემუქრებიან, სულ მთლად გაქრობას გვიპირებს მტერი“ – წერს საკანში დაწერილ ლექსში ზურაბ ჭავჭანიძე.

„ბოროტება მხოლოდ სიყვარულით მარცხდება“ – ასე სრულდება მისი წერილი.

ზურაბ ჭავჭანიძის წერილი ციხიდან

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი ადვოკატის თქმით, ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრია, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლესაც მიმართა:

„მე ვარ სოხუმელი და 15 ვაჟკაცი სოხუმში დამეღუპა საქართველოსთვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ ყველამ ვიცხოვროთ კარგ საქართველოში. ვილაპარაკებ ფაქტებით: რას ნიშნავს რუსული მმართველობა? მილიონამდე ქართველი მოკლეს, ყველა რუსი მმართველის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე“.

მიუხედავად იმისა, ვინ ვართ და ვის ვემხრობით, მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება. ამის მაგალითებს ვხედავთ. „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“ – ფიქრობენ ადამიანები. ყველას გვემუქრება ხიფათი.

ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ მთელი ცხოვრებაა. „ღმერთი სიყვარულია, გიყვარდეთ“ — დიდ კედელზე მაქვს დაწერილი. სიკეთე, სიყვარული, პატიოსნება და კანონმორჩილება მამოძრავებს.

სუსის თანამშრომელი მოვიდა სახლში და მითხრა თვითონვე, ყველაფერი ვიცით შენზე და კარგი კაცი ხარო. ერთადერთი ჩემი მოწოდება არის სიკეთე და სიყვარული, „მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და თუ მიყვარს, მართლა მიყვარს“ — ესაა ქართული სულის გამოძახილი. პატიოსნებისა და სიყვარულის მეტი მე არაფერი გამაჩნია“ – თქვა სასამართლო სხდომაზე ზურაბ ჭავჭანიძემ.

დღეს, 9 დეკემბერს, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული 14-პირიანი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი უძღვება, რომელსაც საზოგადოება უმეტესად ყოფილი პოლიტპატიმრის, გიორგი ახობაძის საქმიდან იცნობს.

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება, მიმდებარედ დასახლებები შეიქმნება – ახალი განკარგულება

„ოცნების“ მთავრობამ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ბახმაროს განაშენიანების გეგმის განახლება დაავალა. სააგენტოს ასევე ევალება „ახალი საკურორტო დასახლებების შესაქმნელად“ ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიები შეისწავლოს და შესაბამისად დაგეგმოს.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ნოემბერს მოაწერა.

„სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალოს „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №589 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების განახლება და სათანადო პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა, ასევე მიმდებარე ტერიტორიების შესწავლა/დაგეგმვა ახალი საკურორტო დასახლებების შესაქმნელად“ – წერია მთავრობის 2025 წლის 27 ნოემბრის განკარგულებაში.

ინფორმაციისთვის: მთავრობის 2019 წლის N589 დადგენილებით დამტკიცებულია ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ტექსტური ნაწილი, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმა და ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად. ამავე დადგენილებით გაუქმდა 2017 წლის განკარგულება „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“.

ბახმაროს განაშენიანების გეგმის განახლებასა და ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი დასახლებების შესაქმნელად საჭირო ღონისძიებების ხელშესაწყობად, მთავრობის ახალი განკარგულებით, ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას დაევალა, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ეთხოვა – კოორდინაციაში იყვნენ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან.

ამავე თემაზე:

„ორბი ჯგუფი ბახმაროს“, რომელსაც 2024 წლის მაისამდე კურორტ ბახმაროში სასტუმრო უნდა აემოქმედებინა, მთავრობამ ეს ვალდებულება 2028 წლის ივნისამდე გადაუვადა. სახელმწიფომ ბახმაროში „ორბს“ ჯამში 4 ჰექტარზე მეტი მიწა 1 ლარად მიჰყიდა.

ვრცლად: ბახმაროში „ორბს“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ვადა გაუგრძელეს – მთავრობის განკარგულება

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაკვეთით ბახმაროში ერთი ახალი უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი უკვე მომზადებულია და გარემოს ეროვნულ სააგენტოში სკრინინგის ანგარიშიც იყო გადაგზავნილი.

ვრცლად ამ თემაზე: 

ბახმაროში ახალი უბნის აშენება იგეგმება – სასტუმრო კომპლექსით და კოტეჯებით

 

„ვერ შევძლებდი რექტორთა შეხვედრებზე თავჩაქინდრულ ჯდომას“ – ყოფილი რექტორი „ოცნების“ რეფორმაზე

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ლადო მკერვალიშვილი „ქართული ოცნების“ რეფორმას ეხმაურება ფეისბუქზე და წერს, რომ ეროვნულ დონეზე განათლების რეფორმის მომზადებას წლები სჭირდება.

„ჩვენს განათლების სისტემაში დიდი შეცდომის დაშვება ერის მასობრივი განადგურების ტოლფასია. ამ საზიზღარ ვითომ კანონებს სწრაფად შეცვლი, მართლმსაჯულებას უფრო სწრაფად აღადგენ, ვიდრე მიწასთან გასწორებულ განათლების სისტემას“ – წერს ლადო მკერვალიშვილი.

„თითქმის არავინ იცით, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის რექტორი ვიყავი. სექტემბერში დავწერე განცხადება და წამოვედი.

ვერაფრით შევძლებდი რექტორთა შეხვედრებზე გაჩუმებულ და თავჩაქინდრულ ჯდომას და იმისთვის თავის დაკვრას, რაც ახალგაზრდების და ზოგადად, ერის ღალატად მიმაჩნია.

იმ კარგ კაცსაც, რომელმაც ბევრი იწვალა ამ უნივერსიტეტის შექმნისთვის, საქმეს ვერ გავუფუჭებდი.

აკრედიტაციის იმ საბჭოს სხდომას ვესწრებოდი, გიორგი უშიკიშვილის პროგრამას რომ აკრედიტაცია არ მისცეს და პირველად იქ ვიგრძენი საკუთარი თავის მიმართ სიძულვილი, ხმა რომ ვერ ამოვიღე ამხელა აბსურდის წინააღმდეგ.

უმძიმესი სანახავი იყო ათეულობით დადუმებული პროფესორი და ერთი უთავმოყვარეო ვითომ ექსპერტი და მორჩილებაში შესული აკრედიტაციის საბჭო.

მოკლედ, ეს ჩემი პიროვნული და აკადემიური თავისუფლება ყველაზე ძვირფასი რამ არის, ამიტომ მე ახლა შემიძლია ეს პოსტი დავწერო, იმათ – არა.

რადგან შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, ამიტომ უნდა გითხრათ, რომ ნამუშევარი ვარ ოქსფორდის, კემბრიჯის, ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტებში მიწვეულ პროფესორად და ვენეციის Ca’ Foscari-ს უნივერსიტეტში – მკვლევრად.

საქართველოში 2004 წელს დავიწყე GAU-ში მიწვეულ ლექტორად მუშაობა და ყველა ეტაპი გავიარე პროფესორობამდე.

2011 წლიდან ვარ აკრედიტაციის ექსპერტი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში და ბევრი უნივერსიტეტის სამზარეულო მაქვს შიგნიდან ნანახი.

რატომ მერიდება ამ თემაზე ლაპარაკი? იმიტომ, რომ განათლების და მეცნიერების სფეროში დიდი ადამიანები და პროფესიონალები ტრიალებენ, მე მათ ვერ გავუტოლდები. მაგრამ მოკლედ დავწერ ჩემს გამოცდილებას განათლების რეფორმასთან მიმართებით – ყველგან, სადაც ვიყავი, დარგობრივი ინტერესის გარდა, მაინტერესებდა, როგორ მუშაობდა განათლების და მეცნიერების სისტემა, როგორ ხდებოდა და რას ეფუძნებოდა სწავლა-სწავლების მეთოდების, მოდულების მოდერნიზაცია, ცვლილებები, ერთეულების რესტრუქტურიზაცია და ა.შ.

ყველგან ერთი პასუხი იყო – სათუთი, სარისკო და ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია და ნებისმიერი ცვლილება (რეფორმაზე აღარ ვლაპარაკობ) ყოველთვის ეფუძნება ხანგრძლივ დაკვირვებას, შესწავლას, მრავალმხრივ და მრავალშრიან ანალიზს, რისკების იდენტიფიცირებას და მართვას, მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირებას და ამიტომ ამ პროცესში ჩართული გვყავს საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო განათლების სპეციალისტები და სხვა დარგობრივი ექსპერტები“ – წერს ლადო მკერვალიშვილი.

ამავე პოსტში მას მოჰყავს საუნივერსიტეტო დონეზე რეფორმების მაგალითები.

„ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში, სწავლების მეთოდოლოგიაში ცვლილება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც საბაზისო მონაცემთა 2-სემესტრიანი ანალიზი, სტუდენტთა შედეგების შედარება და საგნობრივი ასოციაციების რეკომენდაციები მზად იქნება. არც ერთი ნაბიჯი არ კეთდება ინტუიციით, მხოლოდ მტკიცებულებებით;

Ca’ Foscari-ში პროგრამის რესტრუქტურიზაციას სჭირდებოდა საერთაშორისო-peer-review, შიდა ხარისხის ოფისის დასკვნა, შრომის ბაზრის მოთხოვნების ანალიზი და მინიმუმ 6-9-თვიანი განხილვები. იქ რეფორმას რეფორმის გამო არ აკეთებდნენ, შედეგების პროგნოზირება იყო მთავარი.

ეროვნულ დონეზე განათლების რეფორმის მომზადებას წლები სჭირდება:

  1. ფინეთში განათლების რეფორმას 20 წელი დასჭირდა და ყოველი ნაბიჯი ემყარებოდა კვლევას, პილოტირებასა და ათეულობით ექსპერტის დასკვნას. 10 წელზე მეტი სკოლების, მოსწავლეების, მასწავლებლების საჭიროებებს იკვლევდნენ. იქ არავინ სთხოვდა პარლამენტს, 15 წუთში მიეღო კანონი, რომლებიც მთელ სისტემას ცვლის.
  2. სინგაპურში განათლების რეფორმის დაწყებამდე 5 წელი მუშაობდნენ კვლევაზე, მოდელირებაზე და რისკების შეფასებაზე.
  3. დიდ ბრიტანეთში უმაღლესი საგანმანათლებლო რეფორმის თითოეული ცვლილება წინასწარ გადიოდა Regulatory Impact Assessment-ს, ანუ შედეგები წინასწარ ითვლება.

გეკითხებით – ჩვენთან ვინ იკვლია, რა იკვლია, რა ანალიზები გააკეთა, რა გამოცდილებები შეისწავლა, არსებობს თუ არა რისკების შეფასების და მართვის რეალური და არა საიდანღაც გადმოწერილი  დოკუმენტი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგების ანალიზი და ა.შ.

კი, იქნება რაღაც, მაგრამ ვისი გაკეთებულია და რამდენ ხანში? მითხარით, ვის აქვს ამის კომპეტენცია საქართველოში?

წუთებში რატომ გადის პარლამენტში საკითხი? რატომ არავის აქვს შეკითხვა, განსხვავებული აზრი. ვინ უდგას სათავეში განათლების რეფორმას, ვინ უნდა განახორციელოს და მართოს?

ჩვენს განათლების სისტემაში კიდევ დიდი შეცდომის დაშვება ერის მასობრივი განადგურების ტოლფასია.

ამ საზიზღარ ვითომ კანონებს სწრაფად შეცვლი, მართლმსაჯულებას უფრო სწრაფად აღადგენ, ვიდრე მიწასთან გასწორებულ განათლების სისტემას.

იფიქრეთ ხალხო, რეფორმა საჭიროა, მაგრამ არა ისეთი, რომლის შედეგებიც წინასწარ არ არის პროგნოზირებული და რისკები შეფასებული.

რაც წინ გვიდევს, უფულო, გაჭირვებული ოჯახების შვილების წინააღმდეგაა, მათ აღარ ექნებათ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. იმ გრანტსაც ისევ მდიდარი კაცის შვილი მიიღებს, ჩაწყობა რომ შეძლო.

გავიარეთ ეგ ამბავი, უფასოზე მოსახვედრად რომ მილიონებს იხდიდნენ!“ – წერს ლადო მკერვალიშვილი.

რატომ გაათავისუფლეს ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელები 500 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 დეკემბერს ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელი პირები.

პროკურატურა აცხადებს, რომ ამ სამმა ადამიანმა 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი, რომლის საბაჟო ღორებულება 15 000 000-ზე მეტი ლარია, რეზერვუარებში საბაჟოს გევრდის ავლით გადაინახეს. პროკურატურა ირწმუნება, რომ ამით სახელმწიფომ 3 მილიონი ლარი იზარალა.

სპეცოპერაცია ბათუმის ნავთობტერმინალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 დეკემბერს ჩაატარეს.

საჯარო განცხადების მიხედვით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელ პირებს სახელმწიფო ბრალდება საბაჟო წესების დარღვევას ედავებოდა, თუმცა არც პროკურატურას და არც ფინანსთა სამინისტროს დღემდე არაფერი უთქვამთ, მაგალითად, ვინ დაეხმარა ბრალდებულებს საბაჟოზე, როდესაც მათ გვერდი აუარეს საბაჟო კონტროლს და ამ გზით სახელმწიფო 3 მილიონი ლარით აზარალეს.

ასევე პროკურატურას არაფერი უთქვამს იმაზე, რის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ბრალდებულები [თუ ეს ბრალდება რეალურია] გავლენას არ მოახდენენ მოწმეებზე ან ინფორმაციას არ გაცვლიან საბაჟო მოხელეებთან, ვინც მათ დაეხმარა „დანაშაულის ჩადენაში“. მაშინ, როცა არაერთი ახალგაზრდა იმ მიზეზით დატოვეს წინასწარ პატიმრობაში, რომ თითქოსდა არსებობდა მოწმე პოლიციელებზე ზემოქმედების საფრთხე.

და მაინც, რატომ მოითხოვა პროკურატურამ გირაო მძიმე დანაშაულში ბრალდებულებთან მიმართებაში? – პროკურორმა ლევან მურვანიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელზეც ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს, განმარტა:

„ჩვენ გამოვიყენეთ საპროცესო იძულებითი ღონისძიება, დაკავება. ბრალდების მხარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს იყენებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საპროცესო იძულებით ღონისძიებას, თუ ამის საჭიროება არის. როდესაც ამის საჭიროება არ არის, შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ამ ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით.

როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ის საფრთხეები, რაც დავინახეთ გამოძიების პროცესში და იმ მომენტში, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობდა საპროცესო, საგამოძიებო მოქმედებები, გამოვიყენეთ საპროცესო-იძულებითი ღონისძიება დაკავება სამივე პირის მიმართ.

ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცებულებების მოპოვებას და გამოძიებას, მაგრამ იმ მომენტისათვის  მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებისთვის ეს საპროცესო იძულებითი ღონისძიება იყო საჭირო და ბრალდების მხარემ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეს გავაკეთეთ. რაც შეეხება გათავისუფლებას, მოხდა მათი გათავისუფლება ასევე საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან იმ მომენტისთვის უკვე დაკავება აღარ იყო საჭირო“.

სუსი და ფინანსური პოლიცია, სპეცრაზმის ჩართულობით, 3 დეკემბერს ბათუმის ნავთობტერმინალში საპროცესო მოქმედება/სპეცოპერაციას მთელი დღის განმავლობაში ატარებდა, სადაც ადამიანები საათობით ისხდნენ ერთ სივრცეში ისე, რომ ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უფლება არ ეძლეოდათ.

საპროცესო ღონისძიების შემდეგ კი, საქართველოს პროკურატურამ ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა:

„6 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურამ ყაზახეთის სამ მოქალაქეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო  სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა  საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და საბაჟო კონტროლისგან მალულად განკარგეს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ საბაჟო რეზერვუარებში შენახული, საბაჟო კონტროლის ქვეშ მოქცეული, 15 000 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების, 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი, რამაც სახელმწიფოსთვის 3 000 000 ლარამდე ოდენობის ზიანი გამოიწვია“.

 

პროკურორი ლევან მურვანიძე

ბრალდებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით აქვთ წარდგენილი, რაც გულისხმობს საბაჟო წესების დარღვევას, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და  ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

მთავარი ფოტო: სქრინი ,,ტვ პირველის” ვიდეოდან

ამავე თემაზე:

ბათუმის ნავთობტერმინალში 3 პირი დააკავეს, საგამოძიებო 15 მილიონის ნავთობზე საუბრობს

რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიციები გაორმაგდა – მესამე კვარტალის სტატისტიკა

რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის მესამე კვარტალში 8,8 მილიონი ლარით გაიზარდა 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირმა ინვესტიციამ რუსეთიდან 17,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა [სულ, მიმდინარე წლის სამ კვარტალში ერთად კი – 56,8 მილიონი აშშ დოლარი].

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში რუსეთიდან პირდაპირმა ინვესტიციამ საქართველოში 8,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ამ წლის განმავლობაში რუსეთიდან ჯამში 71,4 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა; 2023 წელს კი – 116,9 მილიონი აშშ დოლარის.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის III კვარტალში მთლიანობაში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია.

საქსტატი განმარტავს, რომ ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით. სავალო ვალდებულებებში კი აისახება სავაჭრო კრედიტები და სესხები.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილს რაც შეეხება, საქსტატის ინფორმაციით 2025 წლის III კვარტალში პირველ ადგილზეა აშშ – 93.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5 პროცენტს შეადგენს; მეორე ადგილზე იმყოფება ესპანეთი – 72.1 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი); ხოლო მესამეზე თურქეთი – 70.0 მლნ. აშშ დოლარით (13.1 პროცენტი). ამ სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2 პროცენტს შეადგენს.

2025 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2 პროცენტია.

მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი – 79.8 მლნ. აშშ დოლარით (15.0 პროცენტი).

მესამე ადგილზეა წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა – 71.5 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი).

წყარო: საქსტატი

საქსტატის განცხადებით, „2025 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 17 აგვისტოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება“.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 დეკემბრის 21 საათიდან 10 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 დეკემბერს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – სააგენტო

ბათუმში საბავშვო ბაღში კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უწყების ინსპექტორებმა მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში – “სტარ ბათუმში”.

„შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი დარღვევების გამოსწორებამდე“ – იუწყება სააგენტო.

რუსული კანონის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში 22 მხარე ჩაერთო – საია

სტრასბურგის სასამართლოში „რუსული კანონის საქმეზე“ ჯამში 22 მხარე ჩაერთო და 9 წერილობითი პოზიციაა წარმოდგენილი. ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

„საქმეში მესამე მხარედ ჩართულ პირებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო აქტორები, როგორებიცაა: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ვენეციის კომისია, Amnesty International და სხვა.

მესამე მხარეთა მიერ ამგვარი ჩართულობა და სასამართლოს მიერ ცხრა წერილობითი პოზიციის მიღება მიუთითებს, რომ საქმე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პრობლემას შეეხება, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფართო ინტერპრეტაციასა და სასამართლოს პრაქტიკის განვითარებაზე,“ – აღნიშნულია საიას მიერ დღეს, 9 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი დაინტერესებულ პირებს ანიჭებს უფლებას საკუთარი პოზიცია წარუდგინოს სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ მესამე მხარედ ჩართული პირები დავის მხარეებს არ წარმოადგენენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების ობიქტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებისას და რიგ შემთხვევებში სასამართლო მეგობრის დასკვნა ემთხვევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შინაარსს.

„ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წარდგენილ პოზიციაში აღნიშნა, რომ ტერმინი ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ხელისუფლებისა თუ პროსამთავრობო ჯგუფების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების „სახელმწიფოს მტრებად“, „გლობალური ომის პარტიად“ და ე.წ. „Deep State“-ად გამოცხადება უკვე ატარებს დამღუპველ ეფექტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეპუტაციაზე საქართველოში. Alliance Defending Freedom International-ის პოზიციით, ,,რუსული კანონი“ წარმოადგენს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შემზღუდველ კანონმდებლობას, რომლის მსგავსიც მოქმედებს რუსეთში, ინდოეთსა თუ ჩინეთში.

ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ ,,რუსული კანონი“ არის ფართო და ბუნდოვანი, რომელიც შესაბამის უწყებებს ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას.

Crew Against Torture ასევე მიუთითებს, რომ კანონი აკმაყოფილებს განჭვრეტადობის პრინციპს, ხოლო Media Defence-ის პოზიციით, საქართველოში მოქმედ „რუსულ კანონს“, რუსეთში მიღებული „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონებსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ კანონებს ერთი, საერთო ფოკუსი აერთიანებს, რაც ადამიანის უფლებების დამცველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად მომუშავე დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციასა და დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანონები ხშირად წარმოდგენილია, როგორც „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ ან „გამჭვირვალობის გაზრდის“ საშუალება, რეალურად ისინი მიზნად ისახავენ კრიტიკული აზრის ჩახშობას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას, ხოლო „International Network of Civil Liberties’ Organizations“-ის წევრების პოზიციით, ,,რუსული კანონი“ ჰგავს იმ შემზღუდველ კანონებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში მიიღეს და ამ კანონის მოქმედება შეუქცევადად ახდენს გავლენას სამოქალაქო საზოგადოებაზე მაშინაც კი, თუ ისინი მათ მიმართ არ გამოიყენება.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და Memorial Human Rights Defence Center-მა განმარტა, რომ სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლზე [„უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“], რამდენადაც რუსეთის მაგალითმა გვაჩვენა, რომ განვითარებული მოვლენები გადაიქცა ტოტალიტარული რეჟიმის მაგალითად. Amnesty International-ის მოსაზრებით, სახელმწიფო ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას და წინასწარ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს, რითაც იქმნება რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა.

მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების [მე-11 მუხლი], გამოხატვის თავისუფლების [მე-10 მუხლი], პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების [მე-8 მუხლი], დისკრიმინაციის [მე-14 მუხლი], სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების [მე-13 მუხლი] და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების [მე-18 მუხლის] დარღვევებზე დავობენ.

ამ თემაზე:

სტრასბურგის სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა

 

 

 

 

„რეჟიმი გვწამლავს“ – საპროტესტო სტენსილი ბათუმის ქუჩებში

„რეჟიმი ქიმიური იარაღით გვწამლავს“ – ამ შინაარსის სტენსილი ბათუმის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილზე შეგხვდებათ.

BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, 2024 წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა.

სუს-ის ინფორმაციით, „ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია“.

სტენსილი ბათუმში
სტენსილი ბათუმის ქუჩებში

ამ თემაზე:

„იციან, რომ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება“ – ინტერვიუ სუს-ის დასკვნაზე

GYLA: After Months of Delays, Amaglobeli to Receive Eye Examinations at Clinic of Her Choice

The Georgian Young Lawyers’ Association (GYLA) announces that, according to their information, Mzia Amaglobeli will undergo eye examinations this week at a clinic of her own choosing.

“GYLA has learned that this week the prison administration plans to have Mzia Amaglobeli undergo eye examinations at the clinic she selected,” the organization writes.

Mzia Amaglobeli — journalist, media manager, and laureate of the EU’s highest human rights award, the Sakharov Prize — has been held in unlawful imprisonment for 11 months.

Since her placement in the penitentiary facility, Mzia Amaglobeli’s eyesight has significantly deteriorated.

Despite doctors’ recommendations and repeated requests from her lawyer, she has still not been provided with the high-tech examinations necessary to assess her condition.

On December 8, GYLA released Mzia Amaglobeli’s medical history related to her vision, which shows that her eyesight has deteriorated alarmingly while in custody.

Mzia Amaglobeli and her lawyer have repeatedly requested comprehensive examinations at specialized clinics — the New Hospitals National Ophthalmology Center, where her previous test history is stored and where topographic data can be compared, or the Caucasus Medical Center.

An excerpt from the letter Mzia Amaglobeli sent to the prison administration:

“…The provider clinic of your institution, ‘Mzera,’ does not have the modern/necessary equipment, and the tests conducted there could not provide a complete picture. In addition, I was never consulted by the doctor from ‘Mzera’ who issued the recommendation.

My questions remain unanswered — what risks exist, and what consequences might the eye procedure they recommended entail?

I know there are no guarantees in medicine, accordingly none are given and I do not expect them. However, considering that I have preserved usable vision only in one eye (the right one), which allows me — mainly with the help of glasses — to read, I am obligated to be more cautious in making decisions.

I believe that preserving and/or improving my eyesight is possible based on my medical history, in a clinic equipped with modern technology and staffed by doctors experienced in treating patients diagnosed with keratoconus.”

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 182 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 403 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 691 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 34 944 ერთეული [+27]
  • MLRS – 1 563 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 431 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 88 889 ერთეული [+432]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 058 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 69 243 ერთეული [+61]
  • სპეცტექნიკა – 4 019 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 101 411 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 467 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 627 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 815 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 692 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული საჰაერო იერიში მიიტანა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„თავს ვარიდებთ ციფრის დასახელებას“ – რამდენ სტუდენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები?

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ დღეს, 8 დეკემბერს, „ოცნების“ პარლამენტში უმაღლესი განათლების მოდელის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აღარ ექნებათ რამდენიმე უნივერსიტეტი შემოხაზონ.

„დღეს არსებული მოდელის მიხედვით, როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი ვარდება.

ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე პერიოდში პირველადი შედეგები ნამდვილად გვექნება, რადგან იქ მოხვდებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე აბიტურიენტები“,- თქვა ზვიად გაბისონიამ, რაც იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის შანსები მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ.

ზვიად გაბისონიამ კომიტეტში დასმულ კითხვას, თუ რამდენი სტუდენტის მიღებას აპირებენ სამომავლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტები, პირდაპირ არ უპასუხა:

„სპეციალურად ვარიდებთ თავს ამ ციფრის დასახელებას, რადგან ეს დამოკიდებულია, ეკონომიკის სამინისტრო განსაზღვრავს თუ არა კვოტირებას.

მოგეხსენებათ, რომ საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე მოხდება ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იმის დადგენა, რა მიმართულებით რა კვოტირების ნაწილი გვჭირდება და სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამოაცხადებს მთავრობა იმ კვოტების ნაწილს, რა კვოტებშიც მოხდება სტუდენტების მიღება.

ე.წ პოპულარული პროფესიების გადანაცვლება უნდა მოხდეს მოთხოვნად პროფესიებში და ამ მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებს ველით“ – თქვა მან.

ახალი გადაწყვეტილებით, უქმდება აქამდე არსებული საგრანტო სისტემაც და მას სრულად ჩაანაცვლებს სახელმწიფოს დაფინანსების ახალი მოდელი.

„იგულისხმება სახელმწიფო უნივერსიტეტების პირდაპირ 100%-იანი დაფინანსების მოდელზე გადასვლა. შესაბამისად, გაუქმებული იქნება 100%-იანი, 70 და 50%-იანი საგრანტო სისტემა, თუმცა ამ მიმართულებით დაფინანსება გაუუქმდებათ კერძო უნივერსიტეტებსაც.

2025 წელს ჩარიცხული სტუდენტები ჩვეულებრივ შეინარჩუნებენ იმავე საგრანტო დაფინანსების მოდელს, რაც აქამდე არსებობდა“ – თქვა ზვიად გაბისონიამ.

„ოცნების“ რეფორმის მიხედვით, ბაკალავრიატი გახდება სამწლიანი, მაგისტრატურა კი – ერთწლიანი.

„3 წელი იქნება არარეგულირებადი პროფესიებისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი ერთწლიანი მაგისტრატურის გავლის შემდეგ სტუდენტი გადაწყვეტს, რომ სწავლა განაგრძოს დოქტორანტურის საფეხურზე, მას ექნება საშუალება, რომ დაიმატოს კრედიტები ერთი წლის კომპონენტის ნაწილში. ამით ბოლონიის პროცესის სრულ თანხვედრაში მოვალთ და სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მესამე საფეხურზე გააგრძელოს სწავლა.

უნივერსიტეტებს განათლების სამინისტრო განუსაზღვრავს იმ პროგრამების რაოდენობას, რასაც მთავრობა დაადგენს. მოდელში იგულისხმება „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი, რაც იმას გულისხმობს, რომ არ უნდა მოხდეს ერთ ქალაქში არსებულ უნივერსიტეტებში პროგრამების გამეორება.

უცხოელი უნივერსიტეტების კვოტები მთლიანად გადაინაცვლებს კერძო უნივერსიტეტებში და სახელმწიფო უნივერსიტეტებს დარჩება ძალიან მცირე რაოდენობით, ამიტომ კერძო უნივერსიტეტებს შეუძლიათ უცხოელი სტუდენტებისგან შეივსონ ფინანსური რესურსები“ – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

„იციან, რომ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება“ – ინტერვიუ სუს-ის დასკვნაზე

„სუს-ის განცხადებაში წერია, რომ ამ საშუალებებს იყენებდა შსს საჭიროებისამებრო. იმდენად არაკომპეტენტურად არის დაწერილი ეს განცხადება, ისიც კი არ ჩაამატეს მაგ მონაკვეთში, რომ „საჭიროებისამებრ, კანონის საფუძველზე“. ეგ ფრაზაც კი არ ჩაწერეს, რაც ძალიან სიმპტომატურია.. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ძალიან უხერხულია ამ ყველაფერს ეწოდოს გამოძიება,“ – ამბობს იურისტი ანა ნაცვლიშვილი. იგი კონკრეტულ არგუმენტებს ასახელებს, რის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ სუს-ს რეალური გამოძიება თბილისში აქციაზე ქიმიური საშუალებების გამოყენებაზე არ ჩაუტარებია.

„ფორმულირება, რომ ჩვენ არ გამოგვიყენებია აკრძალული ნივთიერება, არის სამართლებრივად ყალბი.

კანონმა მოგცა შენ კონკრეტულად ამა და ამ ფორმულით შექმნილი ნივთიერების გამოყენების უფლება? მოგცა, პირობითად, მისი იმ ფორმით გამოყენებით უფლება? ვთქვათ, წყალში გარეული, ან წყალთან ერთად, ან მისი გამოყენება იმ ტიპის არეალში, როგორიც არის რუსთაველის გამზირი, სხვა ადამიანები ცხოვრობენ? მოგცა კანონმა იმ მასშტაბის აქციაზე გამოყენების უფლება, რა მასშტაბიც იქ იყო? მოგცა, მაგალითად, ზამთარში გამოყენების უფლება?“ – კითხვებს სვამს იურისტი ანა ნაცვლიშვილი.

რა ჩანს სუს-ის გამოძიების ვერსიაში? – „ბათუმელებმა“ იურისტ ანა ნაცვლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე.

  • ქალბატონო ანა, გვითხარით თქვენი არგუმენტები: რატომ არ არის სარწმუნოს სუს-ის ვერსია „ქიმიური იარაღის გამოყენების საქმეზე“?

BBC წელიწადზე მეტია მუშაობდა ფილმზე, რომ ეს მასალები მოეგროვებინა სხვადასხვა წყაროსგან, შემდეგ მიეწოდებინა დარგის სპეციალისტებისთვის და მომზადებულიყო ფილმი შესაბამისი დასკვნების საფუძველზე.

ფილმზე წელიწადზე მეტი ხანი მუშაობდა ისეთი პროფესიონალი და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია, როგორიც არის BBC. ამის საპირწონედ გვაქვს „ქართული ოცნების“ სუს-ი, რომელსაც აქვს ნულოვანი რეპუტაცია ქვეყნის შიგნით, საერთაშორისოზე აღარ ვლაპარაკობ. სუს-მა ხუთ დღეში დაასრულა გამოძიება. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება 5 დღეში როგორ მოასწრეს? თუ ვინმეს ოდნავ შეხება ჰქონია საგამოძიებო მოქმედებებთან და არა თუ საგამოძიებო მოქმედებებთან – ინფორმაციის მოძიება-გადამოწმებაზე ვისაც უმუშავია და ადამიანების გამოკითხვაზე, თუნდაც ჟურნალისტური სტანდარტით – კი არ ვაკნინებ, უბრალოდ სხვადასხვაა – ფიზიკურად ვერ მოასწრებ 5 დღეში ამის გაკეთებას. ეს საკუთარი თავის აგდებაა, მაგრამ იმდენჯერ აიგდეს საკუთარი თავი, არ მიკვირს, სამწუხაროდ.

ამდენი მოწმის გამოკითხვას, ამდენი ინფორმაციის მოძიებას და გაანალიზებას 5 დღეში ვერ მოასწრებ. ეს გამორიცხულია.

მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია: ერთი და იგივე უწყებამ დაიწყო ორი რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით საკითხის ძიება, რაც თავშივე ანომალიაა: იძიებ უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფოს მხრიდან [სსკ-ის 332-ე მუხლი], თუ იძიებ მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას [სსკ-ის 319-ე მუხლი]? ეს უკვე არის ნიშანი იმისა, რომ სინამდვილეში ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა არ იყო ამ გამოძიების ამოცანა.

მაგალითად, როცა კითხავ მოწმეს, რა კუთხით ჰკითხავ? მოდი, ახლა ამ ქუდს დავიხურავ და უფლებამოსილების გადამეტების კუთხით დაგკითხავ, შემდეგ ორ წუთში კი, ამ ქუდს მოვიხსნი და სხვა კუთხით დავკითხავ? ეს თავისთავად არალოგიკურია და ვერ მოემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, როდესაც ერთად მიმდინარეობს ეს გამოძიება ერთი და იგივე უწყებაში, ერთი და იგივე ადამიანების მიერ და პარალელურად.

მათ რომ ჰქონოდათ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის სურვილი, კანონი მათ ავალდებულებდათ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე დაეწყოთ გამოძიება მაშინვე, როდესაც მოხდა ამ ნივთიერებების გამოყენება.

თავის დროზე არაერთი ადამიანი წერდა, რომ ჰქონდა ძალიან მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები. ჩვენ როგორც ვნახეთ, ეს სავარაუდო ნივთიერებები გრძელვადიან კვალს ტოვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომაც, შემდგომ თვეებში, ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა უფრო დამძიმდა.

იმ დღეებში მეც დავწერე – როცა გამოვცადე ეს ნივთიერება საკუთარ თავზე – ომი აქვთ გამოცხადებული ხალხთან-მეთქი. არ შეიძლება მშვიდობიან დროს სამოქალაქო პირს დაუშინო ეს იარაღი. ასევე, გვახსოვს ექიმების, ანუ პროფესიონალების განგაშის სიგნალი, რომლებმაც თქვეს – გვითხარით რა ნივთიერებას იყენებთ, რომ ჩვენ შევძლოთ ადეკვატური მკურნალობაo.

საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციები ავალდებულებდა უკვე სახელმწიფო უწყებებს, რომ გამოძიება დაეწყოთ. მაშინ რატომ არ დაიწყეს ეს გამოძიება?

მაშინ არ დაიწყეს ეს გამოძიება და 5 დღეში დაამთავრეს ახლა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ არანაირად არ ყოფილა მათი მიზანი გამოძიებულიყო სახელმწიფოს ბრალეულობა. უბრალოდ იმდენად მძიმე სკანდალში გაეხვივნენ, რომ თავიდანვე გამოძიება ცალმხრივად დაიწყეს ვითომ ორი მიმართულებით. ეს პირველი მიმართულება [უფლებამოსილების გადამეტება] 5 დღეში აორთქლდა და ახლა გრძელდება მხოლოდ მეორე მიმართულებით.

ერთი და იგივე უწყება რომ იძიებს ორივე მიმართულებას, ეს არის სერიოზული პრობლემა ობიექტურობისთვის: არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაუძლებს ამ წნეხს და ვინ ვერ გაუძლებს. მე რაც მოვისმინე საჯაროდ, ძალიან ღირსეული პასუხები ჰქონდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც BBC-ის გამოძიებაში ფიგურირებენ, როგორც რესპონდენტები.

თუმცა სახელმწიფო რომ გიბარებს და გეუბნება, სავარაუდო გადამეტებას ვიძიებ, მაგრამ თან შეიძლება შემოვატრიალო ეს საქმე და მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დაგაბრალოო – ეს არის პირდაპირი ზეწოლა მოწმეებზე, ასევე, იმ ადამიანებზე, ვინც შეიძლება არ ფიგურირებდეს BBC-ის ფილმში, მაგრამ დამატებით, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს და რადგან დაიწყო გამოძიება მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მუხლით, ამ ადამიანებმა, შესაძლოა, ხმა არ ამოიღონ.

  • BBC-ის ფილმის შემდეგ გამოძიების დაწყება სსკ-ის 319-ე მუხლით, რაც მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს, რას ნიშნავს?

ერთ მხარეს დევს ყველაზე მსუბუქი მუხლი, თუ რაიმეთი შეიძლებოდა სახელმწიფოს ბრალეულობაზე სამართლებრივი რეაგირება.

სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლები, რომლებიც გაცილებით უფრო ადეკვატურად და სრულყოფილად აღწერს იმ სავარაუდო დანაშაულს, რაც ჩადენილია, მაგრამ ყველაზე მსუბუქი შეარჩიეს, ხოლო მოქალაქეების წინააღმდეგ აიღეს ყველაზე უფრო მძიმე მუხლი.

აქ ზედაპირზე ჩანს მიკერძოება და მიზანი: ჭეშმარიტება კი არ უნდა დადგინდეს, არამედ წინასწარ განსაზღვრული და დაწერილი პასუხისთვის უნდა მომზადდეს სანოტარიუსო დამოწმება. აი, ეს იყო ახლა სუს-ის ამოცანა.

რაც შეეხება მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას: ელემენტარული საკითხია სამართალში, რომ კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი და მოქალაქეს, ვიდრე ნაბიჯს გადადგამს, უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია: ამ ნაბიჯის გადადგმა კანონთან ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში? არასდროს ამ ფილმამდე არცერთ სახელმწიფო უწყებას, არათუ რაიმე დადგენილება არ გამოუტანია ან კანონში არ ჩაუწერია, არ გაუფრთხილებია საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომ BBC არის მტრული ორგანიზაცია.

მაგალითად, რუსეთის „ეფესბესთან“ თანამშრომლობაზე ყველა მიხვდება, რომ არის ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურები და არ უნდა ითანამშრომლო მასთან, ხომ?! BBC-ის შესახებ სად წერია, ან რომელმა უწყებამ დაადგინა, რომ მტრული ორგანიზაციაა? თუ მოქალაქეს შენ წინასწარ არ აფრთხილებ და არ ეუბნები, რომ აი, ეს ორგანიზაცია არის მტრული და მასთან თანამშრომლობა კანონსაწინააღმდეგოა, შენ მოქალაქეს ფაქტობრივად წირავ იმისთვის, რომ ჩაადენინო რაღაც, რომელზეც მერე ეტყვი, რომ თურმე დანაშაული ყოფილა. ეს არის კანონიერი ჩარჩოსგან აბსოლუტურად გასული მოქმედება.

დღეს ალექსანდრე დარახველიძეს [შს მინისტრის მოადგილე] ვუსმინე და მან თქვა, შსს-მ დოკუმენტები მიაწოდა სუსსო. სუს-მა თუ გამოძიება იმის იმედად ჩაატარა, შსს რა დოკუმენტაციას მიაწვდიდა თავისი გადაწყვეტილებით და ნებით, ნუ, სასაცილოც არ არის უკვე.

იმას კი არ უნდა დაელოდო საგამოძიებო ორგანო უწყებისგან – რომელსაც სავარაუდოდ დანაშაული აქვს ჩადენილი – თავისი გადაწყვეტილებით რას მოგაწვდის და რას არ მოგაწვდის, შენ თვითონ უნდა შეხვიდე, ჩაატარო საგამოძიებო მოქმედებები და ამოიღო დოკუმენტაცია, მათ შორის, ძალიან ცოტა ადამიანს რომ აქვს წვდომა, იმ ტიპის ინფორმაცია. შენ უნდა წარმართო გამოძიება და არ დაელოდო იმას, შსს რა ინფორმაციას მოგაწვდის.

ან კიდევ 5 დღეში ექსპერტიზა როგორ მოასწრეს ასე სწრაფად? ძალიან ბევრი შეკითხვაა.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ გამოტოვა სუს-მა დემონსტრაციებზე წყლის ჭავლის გამოყენება 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე? სუს-ის ვერსია 4 და 5 დეკემბერს ქიმიური ნივთიერების გამოყენებას ეხება. 

როგორ შემოსაზღვრეს ეს დრო, რა ლოგიკით შემოსაზღვრეს? ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა შტურმი აქციების წინააღმდეგ, მათ შორის, სპეციალური საშუალებების გამოყენება…

სუსი რასაც აცხადებს, არის უკიდურესად ზოგადი. მაგალითად, გვეუბნება, რომ მაღალი თანამდებობის პირები გამოვკითხეთო. მაინტერესებს: უშუალოდ ამ საქმესთან შეხებაში მყოფი პირები თუ გამოჰკითხეს თავისი სტატუსით, ეს ხალხი ვინ არის?

ჩემი აზრით, მათ ზუსტად იციან, რომ ეს ამბავი არ დამთავრდება და მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება. ამიტომაც ავრცელებენ მანიპულაციურ ტექსტს, აი, დანაღმულ ველზე რომ დადიხარ და მოდი, აქ არ დავაბიჯებთ, იქ არ დავაბიჯებთ – ეს ეტყობა ყველა ტექსტს, მაგრამ ვერ მოახერხებენ ამას.

ჯანდაცვასთან დაკავშირებით მოწოდებულ ინფორმაციაზეც კონკრეტიკა არ გვაქვს: რომელ დღეებს გულისხმობენ? რამდენი პირი იყო დაზარალებული? 28 ნოემბრიდან და შემდგომ დღეებშიო. „შემდგომი დღე“ არის შემდგომი ორი დღეც და შემდგომი ორი კვირაც. კონკრეტულად რომელ შემდგომი დღეების სტატისტიკა მოგვაწოდეს?

  • ინტოქსიკაცია დაზარალებულებიდან მხოლოდ ხუთს აღენიშნებოდა და ხუთივე მეორე დღესვე გაწერეს საავადმყოფოდანო.

ეს ხუთი დღის სტატისტიკაა, თუ ხუთი თვის? იგივე საიასთვის მიწოდებულ ინფორმაციაში სხვა სტატისტიკა ჰქონდათ.

ეს იმდენად მძიმე ბრალდებაა და იმდენად კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია, რომ ყველა სამართლებრივი სტანდარტით, გამოძიების დაწყებისთანავე, ძალიან მალევე, კონკრეტულ პირებს უნდა შეფარდებოდათ აღკვეთის ღონისძიება. კანონი გვეუბნება, რომ როდესაც დაიწყება გამოძიება, თუ არსებობენ პირები, რომლებსაც აქვთ სამიდან ერთი რისკი: მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა, მტკიცებულებების განადგურება, მიმალვა, მაშინ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა შეეფარდოთ პატიმრობა გამოძიების დასრულებამდე.

ჩვენ გვაქვს ათობით საქმე საქართველოში, როდესაც სამიდან ერთიც ვერ მტკიცდებოდა და ამის მიუხედავად ადამიანებს პატიმრობაში უშვებენ განაჩენის მოლოდინში. მზია ამაღლობელის საქმეზე და პოლიტიკური პატიმრებზე აღარ ვლაპარაკობ – ზოგადადაც, არაერთი დაუსაბუთებელი განჩინება შეგვისწავლია და გამოგვიქვეყნებია, როცა არც მიმალვის საფრთხე დასტურდებოდა და არც მოწმეზე ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდა ადამიანს და ის დააპატიმრეს.

ამ დროს ესაა კლასიკური საქმე, როდესაც იმ პირებს, ვის კვალზეც ობიექტური გამოძიება გავა, სწორედ თანამდებობრივი ბერკეტები აქვთ, რომ მტკიცებულებებიც გაანადგურონ, მოწმეებზეც შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა…

თუ უნდათ, რომ მარტო მძღოლს და ჩამსხმელს გადაატეხონ ჯოხი, ასე ვერ იქნება: უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობის და უშუალო ბრძანების გარეშე ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება.

  • „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განაცხადი გაიმეორა პრაქტიკულად სუს-მა გამოძიების დასკვნაში, ის ქიმიური ნივთიერება, რაც გამოვიყენეთ, „არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერების კატეგორიასო.“

ფორმულირება, რომ ჩვენ არ გამოგვიყენებია აკრძალული ნივთიერება, არის სამართლებრივად ყალბი ფორმულირება.

სტანდარტი, რომ რაც აკრძალული არ არის, ნებადართულია, მოქმედებს სამართალში მოქალაქის ქცევაზე: თუ სახელმწიფო არ კრძალავს რაიმეს, მოქალაქეს მისი გაკეთების უფლება აქვს.

„აკრძალული არა მაქვს ამის გაკეთება და შესაბამისად ნებადართული მქონდა და გავაკეთე“ – ეს სტანდარტი საჯარო ძალაუფლებაზე არ მოქმედებს. საჯარო ძალაუფლებაზე მოქმედებს სტანდარტი: პირდაპირ, ექსპლიციტურად და უშუალოდ კანონი უნდა მაძლევდეს კონკრეტული ქმედების გაკეთების შესაძლებლობას და ზუსტად იმ ფარგლებში უნდა გავაკეთო, რა ფარგლებსაც კანონი მისაზღვრავს.

  • თუ შსს-მ, აქციის ფორმიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩათვალა ქიმიური ნივთიერების გამოყენება, რომლის გამოყენებაც კანონით პირდაპირ აკრძალული არ არის, სამართლებრივად ეს პრობლემაა?

კანონი როდესაც იწერება, არის დადგენილი კონკრეტული ქიმიური ფორმულები, რომელიც უკვე დატესტილია და ვიცით მისი დამანგრეველი შედეგები ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. არსებობს ამ ნივთიერებების ჩამონათვალი, მაგრამ საქმე აქ არ მთავრდება – შეიძლება ახალი ქიმიური ფორმულა შეიქმნას, რომელიც ისეთივე დამანგრეველი შედეგის მომტანი იქნება ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც ძველი, უკვე შექმნილი ფორმულები. კანონი ყოველდღე ვერ გადაამოწმებს, შექმნილია თუ არა ახალი ქიმიური ფორმულა. ეს არის განვითარებადი, ცოცხალი პროცესი.

ამიტომაც, კანონი ამომწურავ სიას ვერ მოგვცემს, რა ნივთიერებებია აკრძალული. ხვალ შეიძლება სულ სხვა ფორმულა შეიქმნას, რომელსაც კანონი წინასწარ ვერ დაინახავს, მაგრამ მას ისეთივე დამანგრეველი შედეგი ჰქონდეს, როგორც ნივთიერებებს, რომლებიც კანონში წერია.

კანონმა მოგცა შენ კონკრეტულად ამა და ამ ფორმულით შექმნილი ნივთიერების გამოყენების უფლება?! მოგცა, პირობითად მისი იმ ფორმით გამოყენებით უფლება?! ვთქვათ, წყალში გარეული, ან წყალთან ერთად, ან მისი გამოყენება იმ ტიპის არეალში, როგორიც არის რუსთაველის გამზირი, სადაც სხვა ადამიანები ცხოვრობენ?! მოგცა კანონმა იმ მასშტაბის აქციაზე გამოყენების უფლება, რა მასშტაბიც იქ იყო?! მოგცა, მაგალითად, ზამთარში გამოყენების უფლება?!

მეორეა, რა არის მიზანი ამ საპოლიციო საშუალებების გამოყენების? – მიზანი არამც და არამც არ შეიძლება იყოს ადამიანების დასჯა. თუ აქცია გახდა ძალადობრივი ხასიათის, ძალადობრივი მონაკვეთის გაჩერება იმ წუთას უნდა იყოს მიზანი და არა მთელი აქციის დაშლა და მითუმეტეს ათასობით ადამიანის დასჯა.

BBC-ის ფილმში სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში ექსპერიმენტზე საუბრობს. ესენი მაგიტომ მანიპულირებენ ზუსტად, რომ აი, აკრძალული არ იყოო: ექსპერიმენტი აქვთ ჩატარებული და ეს ძალიან ცხადად ჩანს, ეს ერთი და მეორე – ეს იყო დემონსტრანტების დასჯა! ეს არის დასჯა ადამიანების, რაც არის კლასიკური წამების შემადგენელი. ეს არანაირად არ ემსახურებოდა დემონსტრაციის დაშლას, ეს ემსახურებოდა დემონსტრანტების დასჯას.

სუს-ის განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ საშუალებებსო იყენებდა შსს საჭიროებისამებრო. იმდენად არაკომპეტენტურად არის დაწერილი ეს განცხადება, ისიც კი არ ჩაამატეს მაგ მონაკვეთში, რომ ეს მოხდა „საჭიროებისამებრ, კანონის საფუძველზე“.

კანონს აქვს სამსაფეხურიანი ტესტი. პირველი – ეს არის, როდესაც კანონი გაძლევს გამოყენების საშუალებას; მეორე – როდესაც ისეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იყენებ ამ საშუალებებს, როგორიც არის, მაგალითად, იმ წუთას არსებული საფრთხის გაუნებელყოფა, თუმცა ლეგიტიმური მიზანი აქ არ იკვეთება და მესამე ტესტი, რომელიც უნდა გაიაროს სახელმწიფოს ქმედებამ – კიდეც რომ იყოს ძალადობა აქციაზე და კიდეც რომ ლეგიტიმური მიზანი გამოძრავებდეს, აღადგინო საზოგადოებრივი წესრიგი – საშუალება, რომელიც გამოიყენე, იყო თუ არა პროპორციული მიზნის მისაღწევად, რაც ადამიანურ ენაზე იმას გულისხმობს, რომ ყველაზე ნაკლებად მძიმე საშუალება უნდა გამოიყენო, თუ ეს საშუალება მიზანს მიგაღწევინებს. იმიტომ რომ ადამიანებთან გაქვს საქმე.

ამათ ყველაზე უფრო მძიმე გამოიყენეს.

ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს ძალიან მკაფიო სურათს, რომ აქ არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ძალიან უხერხულია ამ ყველაფერს ეწოდოს გამოძიება.

  • ამ მოცემულობაში რამდენად არსებობს მტკიცებულებების გადარჩენის შანსი? ჩატარდება საერთაშორისო გამოძიება?

აუცილებლად ჩატარდება საერთაშორისო გამოძიება. ეს გარდაუვალია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიტიკული და მსხვილი საერთაშორისო შეთანხმება, რომ აკრძალული ნივთიერებები არ გამოიყენებოდეს წევრ სახელმწიფოებს შორის.

კონვენციის წევრ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, ერთმანეთი აკონტროლონ, რომ ეს არ მოხდეს. თუ ერთი პრეცედენტი დაიშვა დაუსჯელობის, ეს ბევრ სხვა სახელმწიფოს მისცემს პირდაპირ სიგნალს, რომ მათაც შეუძლიათ თავის მოქალაქეებს ასე მოექცნენ. ეს არღვევს საერთაშორისო წესრიგს, რომელიც შექმნილი არის ახლა ქიმიური იარაღის ირგვლივ.

რა მტკიცებულებები იქნება ხელმისაწვდომი გამოძიებისთვის, ცალკე საკითხია. ძალიან გამალებით მუშაობს ახლა „ოცნება“, რომ ეს მტკიცებულებები გააქროს და ჩაფარცხოს.

ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არსებობს სხვა შესაძლებლობებიც. ყველას კარგად ესმის, ხალხი, რომელიც ამაზე არის წამსვლელი, რა თქმა უნდა, არც გამოძიებას ჩაატარებს და არც მტკიცებულებებს შეინახავს. ამ სპეციფიკურ გარემოში მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს, როდესაც მალავენ და ანადგურებენ მტკიცებულებებს, მაგრამ მაინც შეგიძლია, რომ გახვიდე დანაშაულის კვალზე შესაბამისი მეთოდოლოგიით.

ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ვთხოვო ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად შეინახონ, ყველა სიმპტომი აღწერონ, დაასურათონ, თუ ეს სიმპტომები კიდევ გრძელდება. მესმის, რომ მათთვის არის ძალიან ტრავმული გამოცდილება, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჰააგაში არის ასეთი გზა, რომ თვითონ პროკურორმა გადაწყვიტოს ერთპიროვნულად – აქვს მას ამის კანონიერი უფლებამოსილება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც ეს „აგვისტოს ომის საქმეზე“ მოხდა, ასევე, სხვა სახელმწიფოსაც შეუძლია გააკეთოს მიმართვა, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი რიგის ამოცანა არის მტკიცებულებების შეგროვება და კომპეტენტურად სამართლებრივი მწყობრი საქმის აგება. ჰააგა იქნება უფრო ადეკვატური ადგილი, სადაც უნდა დავიცვათ დაზარალებულების უფლებები და ინტერესები.

ყველა ქეისი, რომელსაც ჰააგა იძიებს, მითუმეტეს – დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი, ეს არის ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოების საქმეები, სადაც დღემდე ვერ შედგა დემოკრატია.

ამ ტიპის ყველა გამოძიება, რომელზეც ჰააგამ იმსჯელა, არშემდგარ სახელმწიფოებს უკავშირდება. ეს მძიმე ტერმინია, მაგრამ ასეა. ჰააგა რომ სჭირდება საქმეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი მონგრეული და გაუბედურებულია.

ჩვენ კი ვართ ახლა მაგ მდგომარეობაში, რომ არცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია არ ფუნქციონირებს მოქალაქის და კანონისთვის, მაგრამ პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქესთვის და ქართველი იურისტისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიცვალოს მართლმსაჯულება ისე, რომ მან შეძლოს გასამართლება ამ ადამიანების და საქართველოს სახელით გამოვიდეს განაჩენი.

  • ეს წინაპირობა გააჩინა ამ საქმემ, რომ შეიცვალოს პოლიტიკური სიტუაცია? როგორც პოლიტიკოსი რას ამჩნევთ, რა წონა შეიძინა ქიმიური იარაღის გამოყენების საქმემ ივანიშვილის დაჯგუფებისთვის?

პოლიტიკური პროცესს და ცვლილებას კიდევ ბევრი სხვა რაღაც სჭირდება.

ამ ადამიანებს სხვა არაერთი მძიმე და სისტემური დანაშაული აქვთ ჩადენილი. ქვეყნის კონსტიტუციური გადატრიალება ამ ხალხმა ჩაიდინა. მათ შეცვალეს ყველა ფუნდამენტური, კონსტიტუციური პოსტულატი, რომელიც გვიწერია… მასობრივი წამება ჩაიდინეს, მასობრივი უკანონო და უსამართლო განაჩენები გამოიტანეს, წარმოუდგენელი სისწრაფით ამუშავებენ ერთპარტიულ პარლამენტს კანონების შესაცვლელად.

უკვე ისეთი პროცესია, სიტყვა „კანონის“ გამოყენებაც კი, უხერხული ხდება.

მათ აქვთ ნულოვანი ლეგიტიმაცია, არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2024 წლის 26 ოქტომბერს, არავინ არ აღიარა მსოფლიოში, როგორც დემოკრატიული, შეჯიბრებითი, თავისუფალი, ლეგიტიმური არჩევნები. ერთპარტიული პარლამენტი შექმნეს, აქვთ უმძიმესი ლეგიტიმაციის კრიზისი საერთაშორისო დონეზე და ამას ეხლა ემატება ძალიან სანდო ბრალდება.

ამათ რომ რეალურად სურვილი ჰქონოდათ და არ ეშინოდეთ იმის, რაც ჩადენილი აქვთ, პირველივე საათებში უნდა გამოსულიყო კობახიძე და ეთქვა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო მისია ჩამობრძანდით, ყველაფერს ვხსნით, მოდით და ნახეთო.

როცა არა გაქვს დანაშაული ჩადენილი, რეაქცია ასეთი იქნებოდა.

  • ამ საქმეზე „ოცნების“ მთავრობის და კობახიძის რეაქცია რას აჩვენებს?

აჩვენებს იმას, რომ როდესაც წაგასწრებენ დანაშაულზე, მერე იწყებ სხვადასხვა ვერსიების შეთხზვას, იმისთვის რომ სიმართლე მიჩქმალო. ურთიერთგამომრიცხავი მესიჯები ჰქონდათ, აიხლართნენ საკუთარ ტყუილში. როცა სიმართლეს ამბობ, ერთი ვერსია გაქვს და ვერ აიხლართები, როცა ტყუილს ამბობ და რაღაც დიდს მალავ, მაშინ გემართება ეს.

მათი მიზანი იყო საზოგადოების დასჯა, პროტესტანტების დასჯა, რაც არის აბსოლუტურად უკანონო და დანაშაულებრივი. ამოცანა არის ის, რომ როგორმე დაიძვრინონ თავი სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობისგან, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.

„გასაჯაროვდეს Eagle Hills-თან დადებული ყველა ხელშეკრულება“ – ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება

14 დეკემბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნებისგან“ ითხოვენ მიიღონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია არაბულ კომპანია Eagle Hills-თან კრწანისსა და გონიოში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების შესახებ.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ეროვნული, დემოგრაფიული, ეკონომიკური, და ეკოლოგიური ინტერესებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნებისგან“ მოვითხოვთ:

  • გასაჯაროვდეს კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში დაგეგმილი დასახლებების პროექტებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება და დანართი.
  • გაიმართოს საჯარო განხილვები მოსახლეობის ფართო ჩართულობით.
  • არ განხორციელდეს პროექტთან დაკავშირებული არცერთი მოქმდება, სანამ არ იქნება მიღებული საქართველოს მოსახლეობის თანხმობა აღნიშნულ პროექტებზე,“ – ნათქვამია საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები არიან ორგანიზაციები – „ქართული რესპუბლიკა“, „სართული – ახალი თაობის ძალა“ და „ეროვნული თანხმობა“.

საპროტესტო აქცია 14 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან დაიწყება, შემდეგ კი გაიმართება მსვლელობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლისკენ.

აქციაზე შეგროვდება ხელმოწერები პეტიციისთვის, რომელიც საპროტესტო აქციის მოთხოვნებს მოიცავს.

არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

„ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი არ აქვს, ხელშეკრულების გასაიდუმლოება კი სტანდარტული პრაქტიკაა.

ამავე თემაზე:

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

 

Exit mobile version