მთავარი,სიახლეები

რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში? – სუს-მა გამოძიება დაასრულა

06.12.2025 •
რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში? – სუს-მა გამოძიება დაასრულა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნივთიერება, რომელიც შსს-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პროევროპული აქციების დარბევისას გამოიყენა არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი. სუს-ის უფროსის მოადგილის, ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერება შსს-მ ორჯერ – 2007 და 2009 წლებში იყიდა ებრაული კომპანიისგან.ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, ქიმიური ექსპერტიზა ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.რაც შეეხება ბრომობენზილ ციანიდს, იგივე კამიტს, უწყებაში აცხადებენ, რომ “ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია”.

“ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შსს-ისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან. შსს-ის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 1-ელი და მე-2 სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა. ხსენებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი.

აღნიშნული ნივთიერება შსს-ის მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 17 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ქლოროტრიქლორეთილენთან ერთად. მას, ტრანსპორტირებისას, მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს გადაზიდვის კოდი – UN1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის, გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც.

ნიმუშის სახით ამოღებულია 17,5 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება – ქოლობენზინიდილ მალონონიტრილი, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439

[…] გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისთვის გამოყენებულ იქნა ნივთიერება ქლორობენზინიდილ მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება პრომილენ გლიკოლის ხსნარი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერებების კატეგორიას”, – განაცხადა მაღრაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოიღეს შემდეგი ნივთიერებები:

  1. ქლორობენზილიდინ მალონოლიტრინი;
  2. ტრიქლორეთილები (ამ შემთხვევაში  საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე – 880 ლიტრის ოდენობით);
  3. პრომილენ გლიკოლი.

გარდა ამისა, ლაშა მაღრაძის თქმით, BBC-ის გამოძიებაში ნახსენები კოდების ქვეშ არსებული ნივთიერებები, ბოლო 20 წლის განმავლობაში, შსს-ის გარდა სხვა ქართულ ორგანიზაციებსაც აქვთ შემოტანილი. მათ შორის, “ავერსი რაციონალს”, “ჯიპისი”, “რუსთავის აზოტს” და ა.შ.

“ტრანსპორტირების ტვირთი UN3439 – 507-ჯერ და ტრანსპორტირების კოდი UN1710 – 99-ჯერ არის დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის სააღრიცხვო ბაზებში”, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომლებზეც გამოძიება 5 დღის წინ, 1-ელ დეკემბერს დაიწყო, “ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები”.

“საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება კამიტს.

ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ კამიტის გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ.

გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხნენ მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებიც. ასევე, ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით, საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად, შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ნივთიერება ბრომობენზილციანიდის, ე.წ. კამიტის გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში, ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში”, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

მისი თქმით, სუს-მა ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეებში, სასწრაფოს ბრიგადებმა სტაციონარში გადაიყვანეს 54 ადამიანი, რომელთაგან მხოლოდ 5-ს აღენიშნებოდა მსუბუქი ინტოქსიკაცია. მაღრაძის თქმით, 5-ვე მათგანი მეორე დღესვე გაწერეს საავადმყოფოდან.

მაღრაძის თქმით, გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთი მათგანის, შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა. უწყებაში ამბობენ, რომ შერგელაშვილის მიმართ მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები “ახლო წარსულში [მომხდარ] ერთ-ერთ რეზონანსულ, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, მათ შორის, ასაფეთქებელი ნივთიერების, ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს”. მაღრაძის თქმით, საქმე ეხება სავარაუდოდ, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ ამბავს.

“გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს აღნიშნული საბრძოლო მასალის ასაფეთქებელი ნივთიერებსა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში.

ამრიგად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი კამიტის მომიტინგეთა წინააღმდეგ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები და BBC-ის ფილმის ავტორებთან ერთად, მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად.

შესაბამისად, ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთად დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ, წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ კამიტის გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია. სახელ,წიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც სსკ-ის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს”, – განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილემ.

ამავე თემაზე:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: