მთავარი,სიახლეები

უსახლკაროები: ბათუმის მერიამ ქირის ფულს მოგცემთო, მაგრამ მესაკუთრეები ხელშეკრულებას არ გვიფორმებენ

10.12.2025 •
უსახლკაროები: ბათუმის მერიამ ქირის ფულს მოგცემთო, მაგრამ მესაკუთრეები ხელშეკრულებას არ გვიფორმებენ

„მთელი ქალაქი დავიარე, გასაქირავებელ ყველა ბინაში მივედი, ერთი მესაკუთრეც კი ვერ ვნახე, რომელიც თანახმაა ხელშეკრულების გაფორმებაზე,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე. ის ერთ-ერთია ბათუმელ უსახლკაროებს შორის, რომელიც წლებია ყურადღებას ითხოვენ.

უსახლკაროები ბათუმის ახალი მერის, გიორგი ცინცაძის მიდგომაზე ჰყვებიან: მერიას ამჯერადაც არ აქვს კონკრეტული პროგრამა, უსახლკაროებს არც ბინებს აძლევენ მერიის საბინაო ფონდიდან, მაგრამ გიორგი ცინცაძე უსახლკაროებს სთავაზობს ქირის ფულის გადახდას 6 თვით, თვეში 900 ლარამდე.

„მერია გვთხოვს ბინის გამქირავებელმა გაგვიფორმოს ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმება არავის სურს,“ – თითქმის ერთნაირად აღწერენ უსახლკარო მოქალაქეები პრობლემას.

ქირავნობის ხელშეკრულების დარეგისტრირების შემთხვევაში, რასაც ბათუმის მერია უსახლკარო მოქალაქეებს სთხოვს, ბინის მესაკუთრემ შემოსავლის 5% ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს. ასევე, შეავსოს წლიური დეკლარაცია ფინანსური შემოსავლის შესახებ.

რა გამოსავალს სთავაზობს ბათუმის მერია უსახლკაროებს? – ბათუმის მერიაში „ბათუმელების“ შეკითხვები უსახლკაროების პრობლემებზე დღესაც უპასუხოდ დატოვეს.

მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში წლებია მთავრობის ყურადღებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე აჭარის მთავრობას ან ბათუმის მერიას უსახლკაროებისთვის ცალკე პროგრამა არ შეუქმნია. ამ ადამიანებს შორის არიან მარტოხელა დედები, შშმ პირები, სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული პირები… წლებია ამ ოჯახების საჭიროებები აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას არც კი შეუსწავლია. 

უსახლკარო მარტოხელა დედები: მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს წინასაარჩევნო პერიოდშიც შეხვდნენ და დაპირება მიიღეს, რომ პრობლემა მოგვარდებოდა. ისინი ჰყვებიან, რომ მერის დაპირება ჯერ კიდევ არ სრულდება.

მზიური ბალაძე ახლობლის დახმარებით წლებია ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს, მაგული ფუტკარაძე კი, უკვე ნაქირავებ ბინაშია იმ იმედით, რომ მერია დაეხმარება და თავად უშოვის ბინას, სადაც ხელშეკრულება გაფორმდება და ქირის თანხასაც გადაუხდიან.

„ორი თვეა ვარ ნაქირავებ ბინაში, როგორც ჩანს, ისევ ქუჩაში უნდა დავრჩე ჩემს შვილთან ერთად, ის შშმ პირია,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე, – „მანამდე, რამდენიმე თვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის დახმარებით მაცხოვრეს ფსიქიკური ჯანმრთელების პრობლემის მქონე მოქალაქეების საცხოვრისში, როგორ ვთქვა, მაგრამ აღარ შემეძლო იქ ყოფნა…

წინასაარჩევნოდ დამპირდა გიორგი ცინცაძე, რომ 900 ლარამდე თანხის გადახდა შეეძლო მერიას, ოღონდ ხელშეკრულებაა საჭიროო. დავიარე ბინები ილონასთან ერთად [კიდევ ერთი უსახლკარო დედა, რომელსაც 3 შვილი და ქმარი შშმ პირი ჰყავს] და ვერსად ვნახეთ ასეთი ბინა. მესაკუთრეები არაფერს ამბობენ, მაგრამ გვითხრეს, რომ არ სურთ ხელშეკრულების რეესტრში გაფორმება.

არჩევნების მერე შევხვდი ისევ გიორგი ცინცაძეს. მერიის სხვადასხვა სამსახური ჩართო და ყველას დაავალა, ასეთი ბინა უნდა მოიძებნოსო. ორი თვე გავიდა და არაა. ხვალ მაქვს გადასახდელი ისევ ბინის ფული, რომელსაც აქამდე სხვების დახმარებით ვიხდიდი, არ ვიცი, რა უნდა ვქნა… მე ჩამირიცხონ ეს 900 ლარი და მე გადავუხდი თავად მესაკუთრეს, ამის დადასტურებაც არის შესაძლებელი, თუ მერიას დოკუმენტი სჭირდება,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

მაგული ფუტკარაძე

„არჩევნების შემდეგ მივედი ისევ მერიაში, ბათუმის საკრებულოს ახალ თავმჯდომარესაც შევხვდი, მაგრამ არაფერი არ იცვლება. დაპირებები არ სრულდება . საკრებულოს თავმჯდომარე უხეშად მელაპარაკა, თქვენ 500 ლარი გაქვთ აღებულიო,“ – გვიყვება მზიური ბალაძე. ისიც უსახლკარო დედაა. მზიური ბალაძის შვილიც შშმ პირია. 

მზიური ბალაძეც წლებია დგას საპროტესტო აქციაზე, მათ შორის, პროევროპულ საპროტესტო აქციაზე და უსახლკარობის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

მზიური ბალაძე და მაგული ფუტკარაძე

„ბათუმში არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც თანახმა იქნება ხელშეკრულებაზე… არ მახვედრებდნენ არც გიორგი ცინცაძეს, მაგრამ მაინც შევხვდი, როცა ავტომანქანით ტოვებდა მერიის ეზოს. მითხრა, რომ ქირის გადახდა შეუძლია.

ჩემთვის ქირა მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ მივიღებ საცხოვრებელ ბინას. ამდენი წელია ქუჩაში ვარ, ვიბრძვი. რასაც ვუყურებ, ნდობა დაკარგული მაქვს…

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო მაისურაძემ ისიც კი მითხრა, თქვენი განაცხადი არ არის შემოტანილიო, არადა, იმდენჯერ მაქვს დატოვებული განცხადება. მაშინვე ჩავედი მოქალაქეთა მისაღებში და დავადასტურე, რომ ნამდვილად მქონდა დატოვებული განაცხადი,“ – გვიყვება მზიური ბალაძე.

„ის ფაქტი, რომ უარს ეუბნებიან მოქალაქეებს ხელშეკრულების გაფორმებაზე, ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ბაზარზე პრობლემურია ისევ სამართლებრივად გამართული დოკუმენტების არსებობა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში,“ – ამბობს იურისტი თამარ წულუკიძე. იურისტი განმარტავს, რომ უსახლკაროებისთვისაც უკეთესი იქნება, თუ ხელშეკრულება გაფორმდება, მაგრამ რადგან ეს ვერ ხერხდება, იურისტის აზრით, მერიამ ალტერნატივაზე უნდა იფიქროს:

„ქონების გამქირავებლები თავს იკავებენ მსგავსი ტიპის ხელშეკრულების დადებისგან, რადგან ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადასახადის გადახდა, რომელიც არის კანონით გათვალისწინებული. მათ უწევთ საშემოსავლო გადასახადის არა 20%-ით გადახდა, არამედ 5%-ის ოდენობით. პირდაპირ გვაქვს საგადასახადო კანონმდებლობაში გაწერილი, რომ 5%-იანი გადახდის ვალდებულება საცხოვრებელი ფართის გაქირავების შემთხვევაში, როდესაც ფიზიკური პირი არის მდგმური, ეს არის სავალდებულო.

შესაძლებელია, მერიამ იფიქროს ალტერნატივაზე: ვთქვათ, ვაუჩერიზაციის პრინციპი, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ეს თანხა. ბუნებრივია, უნდა არსებობდეს იმის გარანტია, რომ ამ თანხის გამოყენება შემდგომ სწორედ ქირის დანიშნულებით მოხდება,“ – აღნიშნა იურისტმა თამარ წულუკიძემ „ბათუმელებთან“.

რატომ არ სთავაზობს „ოცნების“ მთავრობა არაფერს უსახლკაროებს, როცა ის ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს? – ბათუმის მერიისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.

სოციალურად დაუცველი უსახლკაროები წლებია ბათუმში მთავრობის ყურადღებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არანაირი პროგრამა არ შეუქმნიათ. მათი საცხოვრებელი პირობები და რეალური ქონებაც კი რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან არავის შეუსწავლია.

„ოცნების“ მთავრობა წლების განმავლობაში აიგნორებდა უსახლკარო ადამიანებს, მაგალითად, „ოცნების ქალაქში“, კრიტიკულ ეტაპზე კი, 2022 წელს „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველი ადამიანები საარჩევნო სქემაში ჩართო: „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები თვითმმართველობის წინა არჩევნებზე მასობრივად დაარეგისტრირეს ბათუმში და დაჰპირდნენ ბინების გადაცემას, თუ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდნენ მხარს.

2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია, შუალედური არჩევნები ჩატარდა. საბოლოოდ, „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. 

მაშინ არჩევნებში „ოცნების ქალაქის“ ამ სქემის გამოყენების შედეგად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სწორედ რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და დევნილებთან და ეკომიგრანტებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. დღეს რამაზ ჯინჭარაძე „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.

მთავარ ფოტოზე: მაგული ფუტკარაძე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, 2024 წლის 16 ოქტომბერი, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამ თემაზე:

უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: