ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 დეკემბერს ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელი პირები.
პროკურატურა აცხადებს, რომ ამ სამმა ადამიანმა 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი, რომლის საბაჟო ღორებულება 15 000 000-ზე მეტი ლარია, რეზერვუარებში საბაჟოს გევრდის ავლით გადაინახეს. პროკურატურა ირწმუნება, რომ ამით სახელმწიფომ 3 მილიონი ლარი იზარალა.
სპეცოპერაცია ბათუმის ნავთობტერმინალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 დეკემბერს ჩაატარეს.
საჯარო განცხადების მიხედვით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელ პირებს სახელმწიფო ბრალდება საბაჟო წესების დარღვევას ედავებოდა, თუმცა არც პროკურატურას და არც ფინანსთა სამინისტროს დღემდე არაფერი უთქვამთ, მაგალითად, ვინ დაეხმარა ბრალდებულებს საბაჟოზე, როდესაც მათ გვერდი აუარეს საბაჟო კონტროლს და ამ გზით სახელმწიფო 3 მილიონი ლარით აზარალეს.
ასევე პროკურატურას არაფერი უთქვამს იმაზე, რის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ბრალდებულები [თუ ეს ბრალდება რეალურია] გავლენას არ მოახდენენ მოწმეებზე ან ინფორმაციას არ გაცვლიან საბაჟო მოხელეებთან, ვინც მათ დაეხმარა „დანაშაულის ჩადენაში“. მაშინ, როცა არაერთი ახალგაზრდა იმ მიზეზით დატოვეს წინასწარ პატიმრობაში, რომ თითქოსდა არსებობდა მოწმე პოლიციელებზე ზემოქმედების საფრთხე.
და მაინც, რატომ მოითხოვა პროკურატურამ გირაო მძიმე დანაშაულში ბრალდებულებთან მიმართებაში? – პროკურორმა ლევან მურვანიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელზეც ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს, განმარტა:
„ჩვენ გამოვიყენეთ საპროცესო იძულებითი ღონისძიება, დაკავება. ბრალდების მხარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს იყენებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საპროცესო იძულებით ღონისძიებას, თუ ამის საჭიროება არის. როდესაც ამის საჭიროება არ არის, შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ამ ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით.
როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ის საფრთხეები, რაც დავინახეთ გამოძიების პროცესში და იმ მომენტში, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობდა საპროცესო, საგამოძიებო მოქმედებები, გამოვიყენეთ საპროცესო-იძულებითი ღონისძიება დაკავება სამივე პირის მიმართ.
ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცებულებების მოპოვებას და გამოძიებას, მაგრამ იმ მომენტისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებისთვის ეს საპროცესო იძულებითი ღონისძიება იყო საჭირო და ბრალდების მხარემ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეს გავაკეთეთ. რაც შეეხება გათავისუფლებას, მოხდა მათი გათავისუფლება ასევე საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან იმ მომენტისთვის უკვე დაკავება აღარ იყო საჭირო“.
სუსი და ფინანსური პოლიცია, სპეცრაზმის ჩართულობით, 3 დეკემბერს ბათუმის ნავთობტერმინალში საპროცესო მოქმედება/სპეცოპერაციას მთელი დღის განმავლობაში ატარებდა, სადაც ადამიანები საათობით ისხდნენ ერთ სივრცეში ისე, რომ ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უფლება არ ეძლეოდათ.
საპროცესო ღონისძიების შემდეგ კი, საქართველოს პროკურატურამ ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა:
„6 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურამ ყაზახეთის სამ მოქალაქეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და საბაჟო კონტროლისგან მალულად განკარგეს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ საბაჟო რეზერვუარებში შენახული, საბაჟო კონტროლის ქვეშ მოქცეული, 15 000 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების, 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი, რამაც სახელმწიფოსთვის 3 000 000 ლარამდე ოდენობის ზიანი გამოიწვია“.

პროკურორი ლევან მურვანიძე
ბრალდებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით აქვთ წარდგენილი, რაც გულისხმობს საბაჟო წესების დარღვევას, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
მთავარი ფოტო: სქრინი ,,ტვ პირველის” ვიდეოდან
ამავე თემაზე:
ბათუმის ნავთობტერმინალში 3 პირი დააკავეს, საგამოძიებო 15 მილიონის ნავთობზე საუბრობს






