„ორბი ჯგუფი ბახმაროს“, რომელსაც 2024 წლის მაისამდე ბახმაროში სასტუმრო უნდა აემოქმედებინა, საქართველოს მთავრობამ ეს ვალდებულება 2028 წლის ივნისამდე გადაუვადა.
„ორბი ჯგუფი ბახმაროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ მთავრობის შესაბამის განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2024 წლის 17 ივნისს მოაწერა.
მთავრობის ახალი განკარგულებით ცვლილება შევიდა 2019 წლის განკარგულებაში, რომლითაც „ორბს“ სახელმწიფომ ბახმაროში ჯამში 4 ჰექტარზე მეტი მიწა 1 ლარად მიჰყიდა.
ვრცლად ამ თემაზე: ბახმაროში „ორბს“ საქართველოს მთავრობამ 9 ნაკვეთი 1 ლარად გადასცა
2019 წლის ხელშეკრულებით, „ორბს“ ბახმაროში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2029 წლის მაისამდე ეკრძალებოდა. ახალი ცვლილებით კი, 1 ლარად ნაყიდ მიწაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა კომპანიას 2034 წლის მაისამდე ეკრძალება.
ახალ განკარგულებაში „ორბის“ მთავარი ვალდებულება ასეა განსაზღვრული:
„პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არაუგვიანეს 19/06/2028 წლისა, უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის [რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო(ებ)ს, კომერციული დანიშნულების ფართ(ებ)ს; კვების ობიექტ(ებ)ს; სპორტულ მოედანს/მოედნებს, ქონების ან მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას] შექმნის მიზნით, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/ სარემონტო სამუშაოების [რაც ასევე შეიძლება, მოიცავდეს უძრავი ქონების ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს] განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმრო(ები)სა და კვების ობიექტ(ებ)ის ფუნქციონირების დაწყება.
ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს“.
მთავრობის განკარგულებით, ცვლილებები შევიდა ასევე „ორბთან“ გაფორმებულ სხვა [2020 წლის] ხელშეკრულებაშიც და კომპანიას ამ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადად 2027 წლის 31 დეკემბერი განუსაზღვრეს.
„ორბს“ ასევე დაევალა ახალი საბანკო გარანტიების წარმოდგენაც.
ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ახალი [შეცვლილი] ხელშეკრულების დადებამდე კი, მთავრობა „ორბისგან“ 284 ათას 936 ლარის გადახდას ითხოვს.
ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის, რომლებიც 2019 წელს სახელმწიფომ კომპანია „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცებული აქვს.
ვრცლად ამ თემაზე: ბახმაროში, 4 ჰექტარზე „ორბი“ მშენებლობას იწყებს – განაშენიანების გეგმა დამტკიცებულია
ბახმაროში კომპანია „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტს ორგანიზაცია ურბანული განვითარების ინსტიტუტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
ამასთან, „წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას… კომპლექსი წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთან“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ამ თემაზე:
ორბის მშენებლობა საფრთხეს უქმნის ბახმაროს – ურბანული განვითარების ინსტიტუტი
მოქალაქეებმა კი „ბახმაროს გადასარჩენად“ ეკონომიკის სამინისტროს პეტიციით მიმართეს.