მთავარი,სიახლეები

ამ კვირის ბოლოს ტროტუარზე პროტესტისთვის შესაძლოა დაგაპატიმრონ – ინტერვიუ „ოცნების“ კანონპროექტზე

09.12.2025 •
ამ კვირის ბოლოს ტროტუარზე პროტესტისთვის შესაძლოა დაგაპატიმრონ – ინტერვიუ „ოცნების“ კანონპროექტზე

„ეს კანონპროექტი რეალურად ახდენს მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის კრიმინალიზებას. მიზანი პრინციპში უკვე გასაგებია: კრიტიკული აზრი ან აღარ ისმოდეს ქვეყანაში, ან ისმოდეს იმგვარად, რომ ვერავინ ვერ გაიგოს,“ – ამბობს იურისტი გურამ იმნაძე. მას „ოცნების“ მორიგ კანონპროექტზე ვესაუბრეთ, რომლითაც ივანიშვილის დაჯგუფება რუსეთის მსგავსად საქართველოში პროტესტის აკრძალვას ცდილობს.

დღეს, 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციის წესებს კიდევ უფრო ამკაცრებს და ამჯერად ხალხის სავალ ადგილზე შეკრებასაც ზღუდავს. საიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ შეკრების თავისუფლების ფაქტობრივ გაუქმებას ცდილობს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამოც შეიძლება შსს-მ მოქალაქეები დააკავოს, თუ შსს ამ აქციის შესახებ გაფრთხილებული არ არის. შსს-ს შეუძლია აქციის მონაწილეებს უთხრას, რომ სხვა დროს გამართონ აქცია, ან არ გაიმართონ აქცია, მაგალითად, პარლამენტის შენობასთან.

„ის, რომ პროტესტი ჩატარდეს სივრცეში, სადაც არც ადამიანები არ ხვდებიან, არც არანაირი დისკომფორტი არ იქმნება ნორმალური ცხოვრების რიტმისთვის, ფაქტობრივად გამოდის, რომ პროტესტი უბრალოდ თავისი არსით უქმდება ქვეყანაში,“ – ამბობს გურამ იმნაძე.

„ბათუმელებმა“ იურისტ გურამ იმნაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გურამ, მორიგი კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურ პარლამენტში ნიშნავს იმას, რომ „ოცნების“ მთავრობა პრაქტიკულად კრძალავს პროტესტის გამოხატვას?

რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე არის პროტესტის კრიმინალიზება. შეუძლებელია მშვიდობიანი შეკრების მანიფესტაციის ორგანიზება, პირობითად თბილისში, ისე, რომ ის არ ტარდებოდეს სივრცეში, სადაც ავტომანქანების სავალი ნაწილი არ არის ან ადამიანები არ გადაადგილდებიან. პროტესტის ერთ-ერთი არსი სწორედ ის არის, რომ აქციის შინაარსი, აქციის მონაწილეების წუხილები და მოთხოვნები მივიდეს საზოგადოებამდე, როგორც ზოგადად მოსახლეობის ფართო ჯგუფებამდე, ასევე – პოლიტიკურ ადრესატებამდე.

ის, რომ პროტესტი ჩატარდეს სივრცეში, სადაც არც ადამიანები არ ხვდებიან, არც არანაირი დისკომფორტი არ იქმნება ნორმალური ცხოვრების რიტმისთვის, ფაქტობრივად გამოდის, რომ პროტესტი უბრალოდ თავისი არსით უქმდება ქვეყანაში.

  • „ოცნება“ ცდილობს, საქართველო სრულად დაამსგავსოს რუსეთს პროტესტის გამოხატვის კუთხით?

დიახ, პრინციპში დიდი ხანია უკვე აქეთ მიდის ჩვენი კანონმდებლობა და ამ კანონების აღსრულების პრაქტიკა კიდევ უფრო უარესია.

ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი ძალიან საგანგაშოა. აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტის დროსაც კი, თუნდაც ის მინიმალურ დისკომფორტს უქმნიდეს ფეხით მოსიარულეებს – აქ არ არის არანაირ საფრთხეზე საუბარი – შეიძლება სამართალდამცავებმა უბრალოდ სავალდებულო მითითება გასცენ იმაზე, რომ პროტესტი სხვა დროს გაიმართოს, ან სხვა ადგილას, ან სხვა მარშრუტით წარიმართოს.

პრობლემა ისიც არის, რომ ძალიან ფართო ჩანაწერებს შეიცავს ეს კანონპროექტი: რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასონ სამართალდამცავებმა, ვთქვათ, როდის ქმნის დაბრკოლებას შეკრება-მანიფესტაცია და როდის არ ქმნის?

  • კანონი როცა არ განსაზღვრავს, პოლიციელებმა უნდა შეაფასონ, მათი აზრით, როდის იკეტება ხალხის სავალი ნაწილი ხელოვნურად

ეს სიტყვა „ხელოვნურად“ რას ნიშნავს? მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის მკაფიოდ დასანახია, რა შეიძლება იყოს გადაკეტვა: სატრანსპორტო მოძრაობა წყდება, ფეხით მოსიარულეების შემთხვევაში კი ეს ძალიან ბუნდოვანია. არასდროს, მათ შორის, მაშინაც, როცა ძალიან მასშტაბურია შეკრება-მანიფესტაციები, აბსოლუტურად შეზღუდული თუ შეფერხებული არ არის ფეხით მოსიარულეების მოძრაობა.

რას ნიშნავს შეფერხება? აბსოლუტურად უნდა იყოს შეფერხებული გადაადგილება ფეხით მოსიარულეებისთვის და ამ დროს იძლევა პოლიცია ამგვარ მითითებას, თუ უბრალოდ ის, რომ ადამიანს იმავე ტემპით არ შეუძლია კონკრეტული სივრცის გავლა, რა ტემპითაც გაივლიდა, შეკრება რომ არ ჩატარებულიყო, ეს უკვე ითვლება მოძრაობის შეფერხებად? – ამაზე კანონპროექტს არ აქვს პასუხები, პოლიცია აფასებს მთლიანად და მას ნამდვილად ძალიან ფართო დისკრეცია აქვს.

  • განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები მიუთითებენ იმაზე, რომ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება მასში ჩარევა. ევროპული ქვეყნების გამოცდილებით, რა არგუმენტით შეიძლება იყოს გამართლებული მსგავსი ჩარევა?

არც ერთი იურისტი და უფლებადამცველი არ დავობს, რომ შეკრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ასე არ არის ნამდვილად, მაგრამ სახელმწიფოს ძალიან მკაცრი ტესტის დაკმაყოფილების ვალდებულება აქვს, როდესაც ზღუდავს შეკრების და გამოხატვის უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც არგუმენტად არის მოხმობილი ამ კანონპროექტში, მითუმეტეს ევროპულ სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის, – „მაქარაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ნამდვილად საუბრობს იმაზე, რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან გამოხატვას და რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მშვიდობიანი გამოხატვის უფლება ქვეყანაში იყოს დაცული.

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, თუკი იზღუდება ეს უფლებახდება, ეს უნდა ხდებოდეს უკიდურესი საფუძვლებით, როდესაც საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სხვა პირთა კონსტიტუციურ უფლებებს და ასე შემდეგ.

მშვიდობიანი შეკრებით – რაც ამ კანონპროექტის რეგულირების ობიექტია – არც ერთი მსგავსი ლეგიტიმური მიზანი არ არის სახეზე. ამ დროს არ ექმნება საფრთხე არც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და სხვა პირების უსაფრთხოებას, არც არსებითად არ იზღუდება სხვა პირების რამე კონსტიტუციური უფლება.

  • ქართული ოცნებისდეპუტატები მიუთითებენ იმაზე, რომ მოქალაქეებს ექმნებათ დისკომფორტი, ყოველდღიური ცხოვრების რუტინა ირღვევა. ამ არგუმენტით რამდენად შეიძლება დაწესდეს შეზღუდვა საპროტესტო აქციას?

შეკრება-გამოხატვის არსი არის ის, რომ თავისთავად გარკვეულ დისკომფორტს ისედაც ქმნის სახელისუფლებო გუნდისთვის, ადმინისტრაციული ორგანოსთვის, საზოგადოებისთვის. დისკომფორტში იგულისხმება ის, რომ შეკრება უნდა იყოს შესამჩნევი. შეიძლება ამან ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი გარკვეულწილად შეცვალოს, მაგრამ ამას არსებითი გავლენა არ ჰქონდეს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებზე. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ეს არასწორი არგუმენტია.

მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის საცობები პირობითად, – უხეში მაგალითი რომ ავიღოთ. ნიშნავს ეს იმას, რომ საკმარისი საფუძველია, ადამიანებს კერძო ავტომობილების ქონის უფლება შევუზღუდოთ? ხომ არასწორი იქნება მსგავსი მსჯელობა – ქალაქში ძალიან ბევრი ავტომანქანა გადაადგილდება, გამონაბოლქვია, ხმაურია, ამიტომაც, ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ საკუთრების უფლება შეიზღუდოს და ადამიანებს აეკრძალოთ ავტომანქანების შეძენის ან მათი გამოყენების უფლება?

  • შსს-მ შეიძლება თავად განსაზღვროს, სად და როდის გაიმართება საპროტესტო აქცია. ეს ნიშნავს თუ არა პირდაპირ პროტესტის უფლების წართმევას? 

რა თქმა უნდა. პროტესტის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ის, რომ გამოხატვის ფორმას, დროს, ადგილს უნდა განსაზღვრავდეს თავად ადამიანი, ეს მოქალაქის უფლებაა. თუკი სახელმწიფო უკარნახებს მოქალაქეს, რა ფორმით და როდის შეუძლია მას უკმაყოფილების დაფიქსირება, ეს აღარ არის უკვე რეალური გამოხატვის თავისუფლება, ეს სახელმწიფოს მხრიდან ნაკარნახევი გამოხატვაა.

ეს ნამდვილად არ არის იგივე, რასაც ჩვენი კონსტიტუცია თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები მოიაზრებს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში.

  • თუმცა „ოცნება“ განმარტავს, რომ საუბარია შსს-ს გაფრთხილებაზე და არა ნებართვის მიღებაზე.

დიახ, ფორმალურად ამას ჰქვია გაფრთხილება, მაგრამ შინაარსობრივად პრაქტიკულად ეს იქნება ნებართვის მექანიზმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერ დროს შეუძლია თქვას, რომ არა, აქ ამ ფორმით ამ დროს შეკრების გამართვა დაბრკოლებას შექმნის მოქალაქეების გადაადგილებისთვის, ამიტომაც, სხვა დროს უნდა გაიმართოს ეს შეკრება, მაგალითად, ერთი თვის შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ, ან შუა დღის საათებში გაიმართოს, ნაცვლად საღამოს საათებისა, ან საერთოდ შეიცვალოს შეკრების ადგილი, მაგალითად, არ გაიმართოს აქცია პარლამენტთან.

არა პირდაპირ, არამედ ირიბად ეს იქნება გამოყენებული, როგორც სანებართვო ინსტრუმენტი. მით უმეტეს, გაფრთხილების ხუთი დღით ადრე წარუდგენლობა დაკავშირებულია ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში, უკვე შემოდის სისხლის სამართალი.

  • რას აჩვენებს ის, რომ მუნიციპალიტეტი შეცვალა შსს-მ? აქამდე, თუ ავტომანქანების სავალის ნაწილი გადაკეტვას აპირებდნენ აქციაზე, მუნიციპალიტეტის გაფრთხილება იყო საჭირო.

ამ გაფრთხილების მიზანი არსებითად იცვლება. მუნიციპალიტეტისთვის გაფრთხილების წარდგენის მთავარი მიზანი ის იყო, რომ მუნიციპალიტეტი ყოფილიყო წინასწარ ინფორმირებული და, მაგალითად, თუ შეკრების შედეგად შეიზღუდებოდა ავტომანქანების გადაადგილება, ამისთვის მზად ყოფილიყო, ასევე, ალტერნატიული სამარშრუტო გზები დაეგეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პირდაპირ შეკრების მაკონტროლებელ ორგანოდ მოგვევლინა, რომელიც შედის შეფასებაში – ეს შეკრება იმ დროს თუკი ჩატარდება, რამდენად სწორია? რამდენად შეუქმნის სხვა ადამიანების უფლებებს და ინტერესებს დაბრკოლებას, გადაადგილების თავისუფლების შესაძლებლობას დაბრკოლებას? ამის საფუძველზე მას შეუძლია გააკონტროლოს უკვე შეკრების შინაარსი და ფორმებიც.

  • რა განსხვავებაა სპონტანური აქციის დროს?

სპონტანური საპროტესტო აქციის შემთხვევაში, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ თუკი ჩვეულებრივ დაგეგმილი აქციის დროს მის ორგანიზატორს აქვს ვალდებულება, მინიმუმ 5 დღით ადრე წარადგინოს გაფრთხილება შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპონტანური აქციის შეკრების შემთხვევაში, ასეთი წინასწარი, ხუთდღიანი ვადა არ არის დადგენილი. ვადად განსაზღვრული გონივრული დრო. როგორც კი ცნობილი გახდება პირისთვის შეკრების შესახებ, მას წარმოეშობა იმთავითვე ვალდებულება, ასევე წერილობით მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

  • ამ შემთხვევაშიშეუძლია შსს-მ აქციის მონაწილეებს უთხრას, დაიშალონ და სულ სხვა ადგილას შეიკრიბონ?

კი, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩარევა, როგორც წინასწარ ინფორმირების შემთხვევაში, ასევე სპონტანური აქციის დროს. შსს-ს შეუძლია შეკრების მსვლელობის ფარგლებში ჩათვალოს, რომ შეკრება უქმნის დაბრკოლებას, მაგალითად, ფეხით მოსიარულეებს, ამიტომ ის უნდა შეწყდეს იმთავითვე, ან სხვა სივრცეში გადავიდეს და ასე შემდეგ.

  • როგორ აისახება პროტესტის პრაქტიკულად აკრძალვა სხვა უფლებებზე? როგორ აისახება ეს ადამიანების ცხოვრებაზე?

შეკრების უფლება არის ინსტრუმენტული უფლება, რომელიც ადამიანებს აძლევს უფლებას აზრი გამოხატოს ნებისმიერ საკითხზე. ეს დემოკრატიის ქვაკუთხედია. თუ ეს უფლება არსებითად, შინაარსობრივ ფორმებს შეიძენს და დაკარგავს მის რეალურ მნიშვნელობას, ძალას, ბუნებრივია, ამას პირდაპირი ეფექტი ექნება სხვა უფლებების სარგებლობაზე.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე, ის უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით. არ უნდა ხდებოდეს კონსტიტუციური დებულებების, კონსტიტუციური უფლებების ამგვარი უხეში ინტერპრეტირება, რომლებიც უბრალოდ შინაარსს უკარგავს კონსტიტუციურ უფლებებს.

  • იკითხება ივანიშვილის დაჯგუფების პირდაპირი განზრახვა: ქვეყანაში საერთოდ არ ისმოდეს პროტესტის ხმა?

ეს კანონპროექტი ამას აკეთებს რეალურად, ეს კანონპროექტი რეალურად ახდენს მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის კრიმინალიზებას. მიზანი პრინციპში უკვე გასაგებია: კრიტიკული აზრი ან აღარ ისმოდეს ქვეყანაში, ან ისმოდეს იმგვარად, რომ ვერავინ ვერ გაიგოს.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს პარლამენტმა. წესით ამ კვირაში უკვე შესაძლებელია, რომ იქნას მიღებული.

  • კვირის ბოლოს უკვე ამ ქვეყანაში პროტესტის გამოხატვა იქნება პრაქტიკულად კრიმინალიზებული, შეიძლება დაგვაპატიმრონ იმის გამო, რომ შსს-ს ნებართვის გარეშე დავდექით ტროტუარზე და პროტესტს გამოვხატავთ?

კი ბატონო.

ამ თემაზე:

„ოცნებამ“ I მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც ტროტუარზე შეკრებასაც ზღუდავს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: