Batumelebi | ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები – Batumelebi
RU | GE  

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

 

საქართველოს მთავრობამ ბობოყვათში ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკში გადაუცვალა. ეს ტყე-პარკი კი ეკლესიას თავის დროზე მთავრობისგან 1 ლარად ჰქონდა მიღებული. ქობულეთში, ბობოყვათის ზღვისპირა ტერიტორია, გარდა იმისა, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, იმავდროულად არქეოლოგიური ობიექტიცაა და სპეციალისტები მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

რატომ გადაწყვიტა მთავრობამ კრწანისის ტყე-პარკის უკან დაბრუნება, რა გეგმები აქვს ტყე-პარკთან დაკავშირებით და რატომ გაცვალა მასში ბობოყვათში მდებარე 35 მილიონად შეფასებული ქონება, რომლის აუქციონით გაყიდვასაც გეგმავდა?
„იქ იყო ქონების ჩანაცვლება და ცხადია, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტები მიიღო, რომლებსაც უფრო მეტი საინვესტიციო დატვირთვა ექნება“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით კი, მთავრობას კრწანისის ტყე-პარკთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს: „არ მინდა შევიდე ღირებულებით ნაწილში, თუმცა ღირებულებით ნაწილში მე ვფიქრობ, რომ კრწანისის ტერიტორია გაცილებით უფრო დიდია“.

ბობოყვათის რეზიდენციის საპატრიარქოსთვის გადაცემაზე კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემაც გააკეთა: „ინტერესი ინვესტორების მხრიდან არ გამოჩენილა სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროს მიმართულებით… ჩავარდა აუქციონი, ამიტომ, ვფიქრობ, იქნა სწორი გადაწყვეტილება მიღებული – სახელმწიფომ დაიბრუნა 700 ჰექტარი, რომელიც უფრო მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის, ვიდრე ბობოყვათის რეზიდენცია“.

ინვესტორები ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქონებით რომ არ დაინტერესდნენ, ექსპერტთა შეფასებით, იმის მანიშნებელი უფროა, რომ მთავრობა სათანადოდ ვერ მუშაობს.

„გაკეთდა კომენტარები, რომ კრწანისის ტყე-პარკი უფრო ღირებულია, ვიდრე ბობოყვათი, თუმცა, ეს ვინ შეაფასა, როგორ დათვალეს – ცალკე თემაა და მეორე, ტყე-პარკს ვერ გამოიყენებ ისე, როგორც შეიძლება გამოიყენო, ვთქვათ, ზღვის სანაპირო ზოლი. ტყე-პარკს აქვს სპეციალური სტატუსი და იქ თუ კორპუსებს ჩადგამ, ტყე-პარკი აღარ იქნება. თუ შეუცვლი სტატუსს და სხვა დატვირთვას მისცემ, ეს უკვე ცალკე განსჯის საგანია – საერთოდ უნდა შეუცვალო თუ არა სტატუსი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საიას იურისტი სულხან სალაძე.
საქართველოს საპატრიარქომ ამჯერად სახელმწიფოსგან ბობოყვათში 149 796 კვ/მ მიწის ნაკვეთი, 4 662,21 კვ/მ შენობა-ნაგებობები და მათში განთავსებული მოძრავი ქონება საკუთრებაში მიიღო, ხოლო ბობოყვათის ყოფილ სამთავრობო რეზიდენციასა და პლაჟს შორის არსებული ზოლი – ჯამში 11 810 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი – 49-წლიანი სარგებლობის უფლებით.

ზღვის სანაპირო, რომელიც საპატრიარქოს 49 წლით სარგებლობაში გადაეცა

მთავრობის წევრები დღეს კრწანისის ტყე-პარკში დიდ ინვესტიციებს „წინასწარმეტყველებენ“. “ბათუმელები” დაინტერესდა, ხომ არ აქვს ამ ტყე-პარკში რაიმე დაგეგმილი „ინვესტირების ფონდს“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, მაგრამ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება? მთავრობის ადმინისტრაციიდან ამ კითხვაზე ვერც დადებითი პასუხი მივიღეთ და ვერც უარყოფითი.

„თუ გადაწყვეტილი იყო გასხვისება, ორივე შემთხვევაში ეს უნდა მომხდარიყო აუქციონით და გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებდა სახელმწიფო… ცალკე საკითხია, თავიდან ტყე-პარკის გადაცემა, იყო შეზღუდვა, რომ მესამე პირს არ გადაცემოდა ქონება, შემდეგ ეს პირობა გაუქმდა, საბოლოოდ კი, ერთ მშვენიერ დღეს ვიგებთ, რომ მთავრობამ თურმე ერთი ქონება ჩაანაცვლა მეორეთი და ეს მეორე არის უფრო ძვირადღირებული… ამ შემთხვევაში ჩნდება გაცილებით სერიოზული კითხვები“, – აცხადებს სულხან სალაძე.

ვიდრე ბობოყვათის ტერიტორიას საქართველოს მთავრობა გაასხვისებდა, მანამდე ორი თვით ადრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ ადგილისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე წერილი მიიღო. წერილის ავტორი არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ნინო ინაიშვილია.

ბობოყვათის რეზიდენცია პეტრას ციხიდან

აუცილებელია არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭება პეტრას ნაქალაქარისთვის, რომელიც გაშენებული იყო პეტრას აკროპოლისის ჩრდილოეთით, ზღვის სანაპირო ზოლში, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე... ამ ტერიტორიისთვის არქეოლოგიური ზონის მინიჭების, ანუ ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდვა გამოიწვევს არქეოლოგიური მემკვიდრეობის განადგურებას, რაც ყოვლად დაუშვებელია“, – აღნიშნულია წერილში.

ქონების ეროვნული სააგენტოს პასუხი 2015 წლის 18 სექტემბრითაა დათარიღებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი 21 სექტემბერს მოაწერა ხელი განკარგულებას ამ ქონების საპატრიარქოსთვის გადაცემაზე.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პასუხად ნინო ინაიშვილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წერილები გადმოუგზავნა.

სააგენტოს წერილში აღნიშნულია: „ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად სამთავრობო რეზიდენციას მიენიჭოს არქეოლოგიური ზონის სტატუსი, მაგრამ დაუშვებელია, ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობის დაწყება მთლიანი ფართობის მეცნიერული შესწავლის გარეშე“.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წერილშიც მიუთითებს და „ბათუმელებთანაც“ ადასტურებს, რომ „თუ სამინისტროში წარმოდგენილი იქნება ზონის დადგენისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია, სამინისტრო განახორციელებს კანონით დადგენილ ყველა პროცედურას არქეოლოგიური ზონის დადგენის მიზნით და ამ დოკუმენტაციას გაუგზავნის საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად“.

„არქეოლოგიური დაცვის ზონა, ეს ძალიან მკაცრ რეგულაციებს გულისხმობს, რაც პროცესებს, თუნდაც პრივატიზაციისას ძალიან აქტიურად შეუშლიდა ხელს… სწორედ ამ პოზიციაზე ვდგავართ სააგენტოც და კულტურის სამინისტროც, რომ ინვესტორებს მივეხმაროთ რაც შეიძლება მაქსიმალურად“, განაცხადა „ბათუმელებთან“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ლომიტაშვილმა.

კითხვაზე, მიმართა თუ არა სააგენტომ შესაბამის ინსტანციებს ამ ტერიტორიისთვის სტატუსის მინიჭების პროცედურების დაწყების აუცილებლობაზე, დავით ლომიტაშვილი პასუხობს: „არ უთხოვია არავის და, შესაბამისად, ვერ გამოვიდოდი ინიციატორი. მე ვინც მომწერა, მას გავეცი პასუხი, რომ შევიკავოთ თავი არქეოლოგიური ზონის დადგენისგან, რადგან ინვესტორს ვაფრთხობთ“.

„ზოგადად, როცა ყიდი კულტურულ მემკვიდრეობას, მყიდველთან აფორმებ კონტრაქტს ამ მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაზე, მაგრამ ეკლესიის შემთხვევაში ასე არ ხდება. სააგენტო თავად ამბობს, რომ ის ვერ ჩაერევა, თუ ეკლესია რამეს აზიანებს, რადგან ეს არ არის მისი უფლებამოსილება. სააგენტო იმასაც ამბობს, რომ კონკორდატიდან გამომდინარე კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არ ვრცელდება ეკლესიაზე. თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელიც ეკლესიის საკუთრებაა რამე დაზიანდება, ან გაფუჭდება, ამაზე ვინ აგებს პასუხს, ამისი იდენტიფიცირება რთული იქნება“, – აცხადებს სულხან სალაძე.

„საპატრიარქოც იმ საერთო საკანონმდებლო სივრცეში უნდა მოექცეს, რასაც ჰქვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობა და თუ დაგეგმილი აქვს რაიმე მშენებლობა, მას ყველა ვარიანტში წინ უნდა უძღოდეს ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა“, – აცხადებს დავით ლომიტაშვილი. კითხვაზე – რამდენად ემორჩილება ეკლესია კანონს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, დავით ლომიტაშვილი პასუხობს: „ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი იქნება დილეტანტის… მე რას ვფიქრობ, ეს ნაკლებად დააინტერესებს საზოგადოებას, ვინაიდან საკითხი იურიდიულ ჭრილშია გადასული და, შესაბამისად, იურისტებმა უნდა გაგცენ პასუხი“.

რეზიდენციის შესასვლელი

იმავე კითხვაზე პასუხი „ბათუმელებმა“ ვერც სააგენტოს და ვერც ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურისტებისგან ვერ მიიღო.
იურისტი სულხან სალაძე კი აცხადებს, რომ „ვთქვათ, საპატრიარქომ გადაწყვიტა სასტუმროს ან თუნდაც ავტოფარეხის აშენება, ანუ სამუშაოები იწარმოებს ტერიტორიაზე, რომელიც იმავდროულად არის არქეოლოგიური ობიექტი. ამ შემთხვევაში რა ფორმით ჩაერევა შესაბამისი სამინისტრო? და მეორე მართალია, სააგენტო და სამინისტრო არ ყოფილა წინააღმდეგი ქონება გასხვისებულიყო, თუმცა სამინისტრო ამბობს, რომ თუ წარმოდგენილი იქნება დოკუმენტაცია, განიხილავს არქეოლოგიური ზონის დადგენის საკითხს – ამ შემთხვევაში ეკლესიის მონაწილეობა როგორი იქნება? თუ ეკლესია წინააღმდეგი წავა, რა მოხდება? ამაზე ადრე უნდა ეფიქრა ხელისუფლებას, ან შეიძლება არის რაღაც შეთანხმება და ეს პრობლემა არც დადგეს, არ ვიცი. უახლოესი პერიოდის პრაქტიკა კი ასეთია – სააგენტო ღიად აცხადებს, რომ ვერ ჩაერევა“.

“მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ტერიტორიის მომავალმა მესაკუთრემ, თუ მოხდება მისი გასხვისება, გაითვალისწინოს იქ არსებული ტერიტორიის სენსიტიურობა არქეოლოგიური თვალსაზრისით, რათა არ მოხდეს არქეოლოგიური ობიექტების უნებლიე დაზიანება“, – გვიპასუხეს სამინისტროში.

აღნიშნული მიმოწერითა და “ბათუმელებთან” გაკეთებული კომენტარით ირკვევა, რომ არქეოლოგიური ზონის დადგენის ინიციატივას არც სამინისტრო იჩენს.

იმის მაგალითი, რომ საპატრიარქო არ ითვალისწინებს ძეგლთა დაცვის სააგენტოს შენიშვნებს და რომ სააგენტო უძლურია კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას – სვეტიცხოველში შეცვლილი საფლავის ქვებითაც ნათელია. ასეთ მაგალითად ბათუმში ბარბარეს ეკლესიისა და ე.წ. პიაცასთან ნიკოლოზის ტაძრის “გარდასახვაც” გამოდგება; გარდა ამისა, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ფრესკები ნადგურდება.
ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე შუასაუკუნეების ეკლესიის ნანგრევებიცაა აღმოჩენილი, თუმცა როცა ამ ტერიტორიის გასხვისებაზე განაცხადა მთავრობამ, საპატრიარქოს თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„ბათუმელებს“ ბობოყვათში ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე საპატრიარქოში უარი უთხრეს. „გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას და დაელოდეთ“, – გვიპასუხეს აქ.

ვის რა ინტერესები აქვს კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ჯამში 7 მილიონ კვ/მ ფართობს მოიცავს? – ეს პარკი 2010 წელს 1 ლარად გადაეცა საქართველოს ეკლესიას, რომელსაც ევალებოდა იქ არსებული ნარგავების მოვლა-პატრონობა, საზოგადოებისთვის ამ ქონების ხელმისაწვდომობის შენარჩუნება, გამწვანების ზოლში არათავსებადი ობიექტების მშენებლობის დაუშვებლობა; ერთ-ერთი პირობით კი, საპატრიარქოს ეკრძალებოდა ამ ქონების მესამე პირისთვის საკუთრებაში გადაცემა. 2014 წლის მარტში, საპატრიარქომ ითხოვა ამ პირობის გაუქმება და ირაკლი ღარიბაშვილმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. საპატრიარქომ ქონება მესამე პირს [შპს „კრწანისის პარკს“] გადასცა.

„ბათუმელებმა“ „კრწანისის პარკის” გენერალურ დირექტორთან, რატი ღვამბერიასთან დაკავშირება ვერც ადრე და ვერც ახლა ვერ მოახერხა. ვინ დააფინანსებდა ტყე-პარკის განაშენიანების სამუშაოებს, მიმდინარე წლის დასაწყისში გარკვეული არ იყო, თუმცა „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგი“ და საპატრიარქო თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ არ გაახმაურებდნენ „კრწანისის პარკის” საქმიანობასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას. როგორც მოგვიანებით რატი ღვამბერიამ მედიასთან განაცხადა, ტყე-პარკში დაგეგმილი პროექტი არ განხორციელდა.

„კრწანისის პარკის“ შექმნიდან დღემდე ტყე-პარკის ტერიტორიაზე რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა“, – უთხრა „ბათუმელებს“ საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკის განვითარების ფონდის დირექტორმა შალვა კემულარიამ [მამა დავითი], რომელსაც, მისივე თქმით, ტყე-პარკის ბობოყვათის რეზიდენციაზე გადაცვლის შესახებაც არ აქვს ზუსტი ინფორმაცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე