განათლება,სიახლეები

ახალი მოდელით ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გამეზარდა – პედაგოგი

02.07.2024 •
ახალი მოდელით ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გამეზარდა – პედაგოგი

ნინო მელიქიშვილი დაბა კაზრეთში ინგლისურ და ფრანგულ ენებს ასწავლის. ახალი სახელფასო მოდელით მას ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გაეზარდა. ორი წლის შემდეგ კი ასე „გაზრდილ ხელფასსაც“ ვეღარ აიღებს, რადგან ახალი მოდელი ამ დანამატის გაუქმებას ითვალისწინებს.

პედაგოგი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ დარიგებული „საჩუქრების“ გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ის „ბათუმელებთან“ ახალი სახელფასო პოლიტიკის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს.

  • ქალბატონი ნინო, აგვიხსენით თქვენი პირადი მაგალითით, რატომ აზიანებს სასკოლო სისტემას და განათლების ხარისხს ახალი სახელფასო პოლიტიკა?

სულ სამი წელია, რაც მასწავლებელი ვარ, წინა წელს გავიარე 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა და შესაბამისად, მივიღე უფროსი მასწავლებლის სტატუსი. როცა მასწავლებლობაზე ვიფიქრე, რა თქმა უნდა, არ მიფიქრია იმაზე, რომ მთელი ცხოვრება 800 ლარი მექნებოდა ხელფასი და ვაპირებდი, რომ გავმხდარიყავი ჯერ წამყვანი და შემდეგ მენტორი მასწავლებელი. შესაბამისად, ჩემი ხელფასიც გაიზრდებოდა.

როცა ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლაში მიდის, ცხადია, ფიქრობს კარიერულ წინსვლაზე, რომ რაღაცას მიაღწიოს თავის მოსწავლეებთან ერთად. მით უმეტეს სოფლის და რეგიონის სკოლებში, სადაც ისედაც კადრების დეფიციტია.

ახლახან დეკრეტულ შვებულებაში გავედი და ფიზიკურად ვერ იპოვეს ფრანგულის მასწავლებელი, რომელიც შემცვლიდა. როგორ უნდა მოვიდეს ახალი კადრი სკოლაში ახალი სახელფასო პოლიტიკით? ან რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს სკოლაში მუშაობა?!

უპირველესი პრობლემა, რაც ამ ახალმა სისტემამ გამოკვეთა, არის ის, რომ განათლების სამინისტრო აიძულებს მასწავლებელს აიღოს რაც შეიძლება მეტი საათი, მაშინ როდესაც კვლევებითაც დასტურდება და პრაქტიკამაც გვაჩვენა, რომ მარტო საგაკვეთილო პროცესი არ ჰყოფნის ხარისხიან განათლებას.

ამიტომ ვცდილობთ პედაგოგები გავაძლიეროთ არაფორმალური განათლება.

მაგალითად, წინა წელს, თვეში მქონდა მხოლოდ ცხრა საათი ინგლისური და ფრანგული ერთად, მაგრამ ამის პარალელურად ვხელმძღვანელობდი 3 კლუბს, ჩართული ვართ eTwinning – ის პროექტებში და ვაკეთებთ კომპლექსურ დავალებებს, დაგეგმილი მქონდა, რომ მომავალს წელს მთლიანად გადამეყვანა ამ პროგრამაზე ბავშვები.

სკოლაში მხოლოდ მე-5 კლასიდან აქვთ ენის არჩევის უფლება მოსწავლეებს. ბევრს უნდოდა ფრანგულის სწავლა, ამიტომ მათ შევთავაზე, თუ მოხვალთ დილის რვა საათზე სკოლაში, გაკვეთილების დაწყებამდე ჩაგიტარებთ ფრანგულის გაკვეთილებს-მეთქი. ცხადია, სრულიად უფასოდ შევთავაზე მათ სწავლა. სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ არ მოვიდოდნენ, მაგრამ 17 ბავშვი მოგროვდა. კინაღამ ვიტირე, ამდენი ბავშვი რომ დავინახე მოსული.

სანამ სრულიად სხვა რელსებზე გადამიყვანდა განათლების სამინისტრო, ამ ზაფხულს მოველაპარაკე ჩემს ათამდე კოლეგას და სწორედ მათთან ერთად ვაპირებდი ერთობლივი პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას. ახლა კი ეს მოტივაცია აღარ აქვთ მასწავლებლებს.

  • აი, ამ ფორმულით, რაც ახლა გამოცხადდა, რამდენი ლარით გაიზარდა თქვენი ხელფასი?

არ გაზრდილა ჩემი ხელფასი, რადგან ცოტა საათები მაქვს. უბრალოდ, სახელმწიფო მაძლევს ე.წ. 200-ლარიან დახმარებას, რაზეც მეცინება და იმ მასწავლებლებსაც ეცინებათ, ვისაც ეს „დახმარება“ შეგვეხო.

  • „დახმარება“ რას ნიშნავს, იქნებ ესეც ავხსნათ.

800 ლარი მქონდა ხელფასი და რადგან არ მაქვს სრული საათი, 500 ლარით ვერ გამეზრდებოდა. ასეთ კატეგორიას დაგვემატა 200 ლარი და ამ 200-ლარიანი დანამატით ავიღებ სადღაც 950 ლარს, რადგან ის 200 ლარიც იბეგრება.

იანვარში 10 პროცენტი რომ გვემატებოდა, ესეც შეწყდება და იმის ნაცვლად 156 ლარი გამოვიდა, რომელსაც ჰქვია, რომ „მაჩუქეს“.

  • რა კატეგორიის მასწავლებლებს გამოუვიდათ 500 ლარით ხელფასის მატება?

ჩემს სკოლაში ასეთი მასწავლებელი არის ცოტა. იმიტომ, რომ ჩვენ სოფლის სკოლა ვართ, არ არის იმდენი საათი ფიზიკურად, რომ ყველა მასწავლებელმა 25 საათი ატაროს, ანუ სრულად დაიტვირთოს. სრული დატვირთვის შემთხვევაში გამოდის მხოლოდ 500 ლარი.

ასეთი არის ძალიან ცოტა და ისინი, ვინც დეფიციტურ საგნებს ასწავლიან. მაგალითად: ფიზიკა, გეოგრაფია და ასე შემდეგ. ფიზიკის და გეოგრაფიის მასწავლებელი ერთი გვყავს სკოლაში. მაგრამ, თუ ვთქვათ, ადრე ეს მასწავლებლები წახალისებული იყვნენ და ამბობდნენ – „დავიმატოთ ახალი კადრი და გავუნაწილოთ საათები სხვებს“, ახლა ეს აღარ მოხდება, იმიტომ რომ ფიზიკის და გეოგრაფიის მასწავლებლებსაც არ მოუნდებათ საათების განაწილება.

  • აქამდე სულ იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ მოეზიდათ ახალგაზრდა კადრები სკოლაში. მიეცათ მათთვის მოტივაცია, თუნდაც მაღალი ხელფასის სახით, ეს ახალი სახელფასო ფორმულა, გამოდის, რომ მთლიანად კეტავს ახალი კადრებისთვის სკოლის კარებს?

დიახ, ასეა. ახალგაზრდა კადრები ხშირად საყვედურობენ სისტემას, რომ ვერ შედიან საჯარო სკოლებში. მაგალითად, 60-კრედიტიანი პროგრამა ჩემთან ერთად ძალიან კარგმა 19-მა სტუდენტმა დაამთავრა  და მათგან მხოლოდ მე ვმუშაობ საჯარო სკოლაში.

უკარგესი, ძალიან გონიერი, 21-ე საუკუნის საჭიროებების მქონე მასწავლებლები, ტექნოლოგიაზე, ტექნიკაზე მორგებული ხალხი ვერ შედის საჯარო სკოლებში და ვეღარც შევა, იმიტომ, რომ თუ მე ადრე არ მინდოდა დამატებითი საათები და ვამბობდი, რომ „მოვიყვანოთ ვინმე ახალი“, ახლა იგივე აღარ მოხდება.

ფაქტობრივად ამ სისტემამ ჩაკეტა ახალი კადრებისთვის სკოლა. ვფიქრობ, ძალიან შემცირდება სკოლაში დასაქმების რიცხვი.

  • მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე იმიტომ ზრუნავდნენ, რომ აემაღლებინათ სტატუსი და ამის შესაბამისად აეღოთ მაღალი ხელფასი. თუ ახლა ხელფასის ოდენობას საათების რაოდენობა გადაწყვეტს, ექნება კი დაინტერესება პედაგოგს, რომ კარიერულ ზრდაზე იფიქროს?

ამ კატეგორიის ხალხს ფინანსური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აღარ უღირს განვითარდეს პროფესიულად. თუმცა არც ის ვიცით ჯერ, უნდა დატოვოს თუ არა კარიერული წინსვლის საკითხი სამინისტრომ მასწავლებლების კეთილ ნებაზე.

თუ ადრე მასწავლებელს ჰქონდა არა მარტო მოტივაცია, დროც ჰქონდა, რომ განვითარებულიყო, ახლა დრო აღარ გვექნება, იმიტომ, რომ 25 საათის ჩატარება ნიშნავს, რომ კვირაში 50 საათი უნდა იმუშაო.

წესით, ყველა გაკვეთილი უნდა დაიგეგმოს ხომ? ამ წლის ყველა შემაჯამებელი უნდა დაიგეგმოს, შემაჯამებლებს შორის დიაგნოსტიკური ტესტები უნდა დაიგეგმოს, სასწავლო გეგმები უნდა გავაკეთოთ, კომპლექსურები უნდა დავგეგმოთ, წლიური კურიკულუმები თავისი აქტივობებით და რამდენად რეალურია ეს 25 საათის ქონის შემთხვევაში, არ ვიცი.

მე როცა სკოლაში ვსწავლობდი, არ მქონდა შეგრძნება, რომ ვინმე ამ ყველაფერს გეგმავდა, შესაბამისად, ეჭვი მაქვს, რომ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება ახლაც სკოლა.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა ასე განათლების სამინისტრო, რა მიზანი ჰქონდა?

მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ მოახლოებულ არჩევნებს.

მასწავლებლების გადამზადების რეფორმა იყო ძალიან მტკივნეული და ორივე ხელისუფლებამ ბევრი მასწავლებელი მოიმდურა. ახლა კი უცებ, ამ 15-წლიან რეფორმაზე ხაზის გადასმა, სერიოზული პრობლემაა.

კი, ნამდვილად იყო ხარვეზები, მაგრამ ამის გამოსწორების ნაცვლად ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. ამ რეფორმაზე მილიონით ლარია დახარჯული და ესეც წყალში გადაყარეს. ამდენი ფული ჩავყარეთ, ამდენი ადამიანი მოვიმდურეთ და საბოლოდ სისტემა დავაყენეთ ახალი პრობლემების წინაშე.

ამ 25 საათის ჩატარებაც არ მიმაჩნია ჯანმრთელად, რადგან მასწავლებელს მარტო გაკვეთილების ჩატარება არ ევალება, მით უმეტეს, როცა ვხედავთ, რომ სკოლის ინფრასტრუქტურა არ გვიწყობს ხელს. იძულებული ვარ რაღაც ახალი მოვიგონო, რომ დავაინტერესო ბავშვი. ლიდერის თვისება სად უნდა გამოავლინოს ბავშვმა? აი, ამისთვის მოვიფიქრე, მაგალითად, „კაზრეთი.პრეს“, სადაც რედაქტორებიც თვითონ არიან ბავშვები, ჟურნალისტებიც, წამყვანებიც და აქ ავლენენ ამ უნარებს.

მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში, იმარჯვებენ პროექტებში. მაგალითად „კაზრეთპრეს“-ის თანამშრომელი მოსწავლეები ახლა ბოლნისში მიიწვიეს ჯერ ტრენინგზე და ბოლნისის რადიოში აიყვანეს სტაჟიორებად, სადაც დეკემბრამდე იმუშავებენ მოხალისეებად. სად გააკეთებდნენ ამ ყველაფერს, სად შეიძენდნენ ამ უნარებს, გაკვეთილზე ამას როგორ გავაკეთებინებდი?

ხან სად გვეპატიჟებიან, ხან სად, ეს ბავშვები ხომ უნდა წავიყვანო პრაქტიკის გაზიარებაზე, საკონფერენციო თემა ხომ უნდა დავწერო, ხომ უნდა დავეხმარო ბავშვებს, ეს როდისღა უნდა ვაკეთოთ?

სამინისტრომ ჩათვალა, რომ საარჩევნოდ ამით იყიდდა მასწავლებლების ხმებს, მაგრამ ის ვერ გათვალა, რომ მასწავლებლებს არ აქვთ იმდენი საათი, რომ ასე 500 ლარით ემატოთ ხელფასი.

ამ ახალ სახელფასო პოლიტიკამდე ჩვენ აღტყინებულები ვგეგმავდით მომავალი წლისთვის ძალიან ბევრ პროექტს, ახლა კი ბევრი მეუბნება, რომ ხალისი აღარ აქვთ.

  • კარიერული წინსვლის სისტემა გაუქმდა?

საგნობრივ გამოცდებს ჩააბარებენ პედაგოგები, მაგრამ კარიერული წინსვლის გამოცდები, როგორც ითქვა, გაუქმდა. ახალ სქემას გამოვაცხადებთო, ასე ითქვა. მე რომ მომინდეს სტატუსის ამაღლება, ჯერჯერობით ვერანაირად ვერ ავიმაღლებ. ყველაფერი არის კითხვის ნიშნის ქვეშ.

მბობენ, შევიმუშავებთ პროფესიული წინსვლის სქემასო და ვნახოთ, აბა. ესეც, იმედია, პოპულისტური არ იქნება. „ყველას წინასწარ გენდობითო“ ასე დაწერეს და …

  • როგორ გაიგეთ ეს ფრაზა, რას ნიშნავს „წინასწარ გენდობით“, რა იგულისხმა სამინისტრომ ამაში?

მე ასე მესმის – „ახლა ხმა მომეცით და მერე, ვნახოთ“.

ჩემს მოსწავლეებს ვეუბნები ხოლმე, თუ რამის თქმა გინდათ, თქვით. ამირანები ნუ ხართ და გულში ნუ მღერით. მათ გულში რა არის, არ ვიცი.

  • თუ ეს სისტემა დარჩება, რა ელოდება სკოლას, განათლების ხარისხს?

ბევრი ფაქტორია, რომელიც ერთმანეთთან კავშირშია, მათ შორის ინფრასტრუქტურის პრობლემა და ახლა ეს პრობლემაც დაამატა სკოლებს განათლების სამინისტრომ.

მე, როგორც მასწავლებელი, როგორც მშობელი, ვვარაუდობ, რომ ამ ყველაფერმა შესაძლოა გააუარესოს განათლების ხარისხი, რადგან რასაც აკეთებს გაკვეთილი, მაგაზე ორჯერ მეტს აკეთებს არაფორმალური აქტივობა, რისთვისაც დრო აღარ დაგვრჩება.

ეს აქტივობები ყოველთვის არაანაზღაურებადი იყო, მაგრამ ვაკეთებდით, იმიტომ, რომ თავი, ენერგია მქონდა ამისთვის, ახლა კი თუ საათებით დატვირთვა დაიწყება, 20-25 გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მასწავლებლის ამის თავი ნაკლებად ექნება.

დაწყებითების მასწავლებლებს სულ 13 საათი გვაქვს, მეტი ფიზიკურად არ არსებობს, ამიტომ სამინისტრომ ე.წ 200 ლარიან დახმარება მოგვცა და შემდეგ ესეც მოიხსნება.

პირადად მე ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს ამ ე.წ. „დახმარების“ გამო, რადგან ჩემთვის ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება არის უდიდესი სირცხვილი, ჩემი რეპუტაციისთვის უდიდესი დარტყმა, რადგან ეს არ არის ჩემი ჯამაგირი, ეს არის წინასაარჩევნო „დახმარება“.

  • როგორი უნდა იყოს ამ ყველაფერზე მასწავლებლების პასუხი, როგორ ფიქრობთ?

არიან კარგი, აქტიური პედაგოგები, რომლებმაც დააორგანიზეს პეტიცია და მეც მოვაწერე ხელი, რადგან არ მოგვწონს ახალი სახელფასო პოლიტიკა. ვსაუბრობ ღიად ამ პრობლემაზე, რადგან ადამიანები, მოქალაქეები იმსახურებენ იმის ცოდნას, თუ რატომ გვიხდის ამ 200-ლარიან ჯამაგირს სახელმწიფო.

მასწავლებელს ხელფასი აუცილებლად უნდა მომატებოდა, მაგრამ არა ასეთი ფორმით.

_________________

ფოტო: ნინო მელიქიშვილი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: