დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ საჯაროს სკოლების რეფორმა წარმოადგინა.
მისი განცხადებით, სკოლის საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად – დაწყებითი იქნება I-VI კლასის ჩათვლით, საბაზო – VII-IX, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასი.
გივი მიქანაძის თქმით, მე-12 კლასი მხოლოდ იმათთვის გაიხსნება, ვისაც ამ საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილი ექნება.
„განათლების სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი განათლება იქნება საკმარისი იმისათვის, რომ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს.
ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს. მათთვის მე-12 კლასი სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ“- განაცხადა გივი მიქანაძემ.
მიქანაძის თქმით, დღეს არსებული განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის, შესაბამისი კონკურენტუნარიანობის მქონე ახალგაზრდების სრულფასოვნად აღზრდას. მისი აზრით, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ყოფილა 2004 წელს მიღებული ეროვნული მიზნების ზოგადი დოკუმენტი, რომელიც მიქანაძის თქმით, „გაჯერებული იყო ლიბერალური ღირებულებებით“.
მან თქვა, რომ 2023-2024 წელს განათლების სამინისტრომ შეიმუშავა განათლების მიზნების „სრულიად ახალი დოკუმენტი და ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, მთლიანად შეიცვალა ის მიდგომები, სულისკვეთება და ღირებულებები, რომლებიც სასწავლო პროცესთან არის დაკავშირებული“. მან თქვა, რომ დოკუმენტი დაეფუძნა „ეროვნულ ღირებულებებს, ეროვნულ ფასეულობებს და პატრიოტულ სულისკვეთებას“.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უკვე 13 წელია ხელისუფლებაშია, „ოცნების“ განათლების მინისტრი დღესაც საუბრობს ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა სასკოლო, კვებისა და სასპორტო ინფრასტრუქტურა, სახელმძღვანელოები და არაფორმალური განათლება, რომელიც მიქანაძის თქმით, ფრაგმენტულია და ვერ აძლევს ბავშვს ხარისხიან განათლებას.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ სკოლა ვერ ართმევს თავს დამამთავრებელ საფეხურზე მოსწავლეს მისცეს ხარისხიანი რჩევები კარიერულ განვითარებაზე. „ისეთივე სუსტია, როგორც კლასგარეშე სწავლების კომპონენტი“- თქვა მან.
დღეს „ოცნების“ განათლების მინისტრმა ახსენა სკოლების დაფინანსების საკითხიც. მიქანაძის აზრით, სათანადოდ ვერ მუშაობენ რესურსცენტრებიც და ეს პრობლემა ისევ რჩება. „გადასახედია სკოლების ვაუჩერული დაფინანსებაც“ – განაცხადა გივი მიქანაძემ, თუმცა რის შეცვლას აპირებს „ოცნება“ ამ მიმართულებით, ამის შესახებ მას პრეზენტაციისას არ უსაუბრია.






