„სუს-ის განცხადებაში წერია, რომ ამ საშუალებებს იყენებდა შსს საჭიროებისამებრო. იმდენად არაკომპეტენტურად არის დაწერილი ეს განცხადება, ისიც კი არ ჩაამატეს მაგ მონაკვეთში, რომ „საჭიროებისამებრ, კანონის საფუძველზე“. ეგ ფრაზაც კი არ ჩაწერეს, რაც ძალიან სიმპტომატურია.. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ძალიან უხერხულია ამ ყველაფერს ეწოდოს გამოძიება,“ – ამბობს იურისტი ანა ნაცვლიშვილი. იგი კონკრეტულ არგუმენტებს ასახელებს, რის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ სუს-ს რეალური გამოძიება თბილისში აქციაზე ქიმიური საშუალებების გამოყენებაზე არ ჩაუტარებია.
„ფორმულირება, რომ ჩვენ არ გამოგვიყენებია აკრძალული ნივთიერება, არის სამართლებრივად ყალბი.
კანონმა მოგცა შენ კონკრეტულად ამა და ამ ფორმულით შექმნილი ნივთიერების გამოყენების უფლება? მოგცა, პირობითად, მისი იმ ფორმით გამოყენებით უფლება? ვთქვათ, წყალში გარეული, ან წყალთან ერთად, ან მისი გამოყენება იმ ტიპის არეალში, როგორიც არის რუსთაველის გამზირი, სხვა ადამიანები ცხოვრობენ? მოგცა კანონმა იმ მასშტაბის აქციაზე გამოყენების უფლება, რა მასშტაბიც იქ იყო? მოგცა, მაგალითად, ზამთარში გამოყენების უფლება?“ – კითხვებს სვამს იურისტი ანა ნაცვლიშვილი.
რა ჩანს სუს-ის გამოძიების ვერსიაში? – „ბათუმელებმა“ იურისტ ანა ნაცვლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე.
- ქალბატონო ანა, გვითხარით თქვენი არგუმენტები: რატომ არ არის სარწმუნოს სუს-ის ვერსია „ქიმიური იარაღის გამოყენების საქმეზე“?
BBC წელიწადზე მეტია მუშაობდა ფილმზე, რომ ეს მასალები მოეგროვებინა სხვადასხვა წყაროსგან, შემდეგ მიეწოდებინა დარგის სპეციალისტებისთვის და მომზადებულიყო ფილმი შესაბამისი დასკვნების საფუძველზე.
ფილმზე წელიწადზე მეტი ხანი მუშაობდა ისეთი პროფესიონალი და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია, როგორიც არის BBC. ამის საპირწონედ გვაქვს „ქართული ოცნების“ სუს-ი, რომელსაც აქვს ნულოვანი რეპუტაცია ქვეყნის შიგნით, საერთაშორისოზე აღარ ვლაპარაკობ. სუს-მა ხუთ დღეში დაასრულა გამოძიება. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება 5 დღეში როგორ მოასწრეს? თუ ვინმეს ოდნავ შეხება ჰქონია საგამოძიებო მოქმედებებთან და არა თუ საგამოძიებო მოქმედებებთან – ინფორმაციის მოძიება-გადამოწმებაზე ვისაც უმუშავია და ადამიანების გამოკითხვაზე, თუნდაც ჟურნალისტური სტანდარტით – კი არ ვაკნინებ, უბრალოდ სხვადასხვაა – ფიზიკურად ვერ მოასწრებ 5 დღეში ამის გაკეთებას. ეს საკუთარი თავის აგდებაა, მაგრამ იმდენჯერ აიგდეს საკუთარი თავი, არ მიკვირს, სამწუხაროდ.
ამდენი მოწმის გამოკითხვას, ამდენი ინფორმაციის მოძიებას და გაანალიზებას 5 დღეში ვერ მოასწრებ. ეს გამორიცხულია.
მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია: ერთი და იგივე უწყებამ დაიწყო ორი რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით საკითხის ძიება, რაც თავშივე ანომალიაა: იძიებ უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფოს მხრიდან [სსკ-ის 332-ე მუხლი], თუ იძიებ მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას [სსკ-ის 319-ე მუხლი]? ეს უკვე არის ნიშანი იმისა, რომ სინამდვილეში ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა არ იყო ამ გამოძიების ამოცანა.
მაგალითად, როცა კითხავ მოწმეს, რა კუთხით ჰკითხავ? მოდი, ახლა ამ ქუდს დავიხურავ და უფლებამოსილების გადამეტების კუთხით დაგკითხავ, შემდეგ ორ წუთში კი, ამ ქუდს მოვიხსნი და სხვა კუთხით დავკითხავ? ეს თავისთავად არალოგიკურია და ვერ მოემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, როდესაც ერთად მიმდინარეობს ეს გამოძიება ერთი და იგივე უწყებაში, ერთი და იგივე ადამიანების მიერ და პარალელურად.
მათ რომ ჰქონოდათ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის სურვილი, კანონი მათ ავალდებულებდათ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე დაეწყოთ გამოძიება მაშინვე, როდესაც მოხდა ამ ნივთიერებების გამოყენება.
თავის დროზე არაერთი ადამიანი წერდა, რომ ჰქონდა ძალიან მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები. ჩვენ როგორც ვნახეთ, ეს სავარაუდო ნივთიერებები გრძელვადიან კვალს ტოვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომაც, შემდგომ თვეებში, ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა უფრო დამძიმდა.
იმ დღეებში მეც დავწერე – როცა გამოვცადე ეს ნივთიერება საკუთარ თავზე – ომი აქვთ გამოცხადებული ხალხთან-მეთქი. არ შეიძლება მშვიდობიან დროს სამოქალაქო პირს დაუშინო ეს იარაღი. ასევე, გვახსოვს ექიმების, ანუ პროფესიონალების განგაშის სიგნალი, რომლებმაც თქვეს – გვითხარით რა ნივთიერებას იყენებთ, რომ ჩვენ შევძლოთ ადეკვატური მკურნალობაo.
საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციები ავალდებულებდა უკვე სახელმწიფო უწყებებს, რომ გამოძიება დაეწყოთ. მაშინ რატომ არ დაიწყეს ეს გამოძიება?
მაშინ არ დაიწყეს ეს გამოძიება და 5 დღეში დაამთავრეს ახლა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ არანაირად არ ყოფილა მათი მიზანი გამოძიებულიყო სახელმწიფოს ბრალეულობა. უბრალოდ იმდენად მძიმე სკანდალში გაეხვივნენ, რომ თავიდანვე გამოძიება ცალმხრივად დაიწყეს ვითომ ორი მიმართულებით. ეს პირველი მიმართულება [უფლებამოსილების გადამეტება] 5 დღეში აორთქლდა და ახლა გრძელდება მხოლოდ მეორე მიმართულებით.
ერთი და იგივე უწყება რომ იძიებს ორივე მიმართულებას, ეს არის სერიოზული პრობლემა ობიექტურობისთვის: არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაუძლებს ამ წნეხს და ვინ ვერ გაუძლებს. მე რაც მოვისმინე საჯაროდ, ძალიან ღირსეული პასუხები ჰქონდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც BBC-ის გამოძიებაში ფიგურირებენ, როგორც რესპონდენტები.
თუმცა სახელმწიფო რომ გიბარებს და გეუბნება, სავარაუდო გადამეტებას ვიძიებ, მაგრამ თან შეიძლება შემოვატრიალო ეს საქმე და მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დაგაბრალოო – ეს არის პირდაპირი ზეწოლა მოწმეებზე, ასევე, იმ ადამიანებზე, ვინც შეიძლება არ ფიგურირებდეს BBC-ის ფილმში, მაგრამ დამატებით, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს და რადგან დაიწყო გამოძიება მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მუხლით, ამ ადამიანებმა, შესაძლოა, ხმა არ ამოიღონ.
- BBC-ის ფილმის შემდეგ გამოძიების დაწყება სსკ-ის 319-ე მუხლით, რაც მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს, რას ნიშნავს?
ერთ მხარეს დევს ყველაზე მსუბუქი მუხლი, თუ რაიმეთი შეიძლებოდა სახელმწიფოს ბრალეულობაზე სამართლებრივი რეაგირება.
სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლები, რომლებიც გაცილებით უფრო ადეკვატურად და სრულყოფილად აღწერს იმ სავარაუდო დანაშაულს, რაც ჩადენილია, მაგრამ ყველაზე მსუბუქი შეარჩიეს, ხოლო მოქალაქეების წინააღმდეგ აიღეს ყველაზე უფრო მძიმე მუხლი.
აქ ზედაპირზე ჩანს მიკერძოება და მიზანი: ჭეშმარიტება კი არ უნდა დადგინდეს, არამედ წინასწარ განსაზღვრული და დაწერილი პასუხისთვის უნდა მომზადდეს სანოტარიუსო დამოწმება. აი, ეს იყო ახლა სუს-ის ამოცანა.
რაც შეეხება მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას: ელემენტარული საკითხია სამართალში, რომ კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი და მოქალაქეს, ვიდრე ნაბიჯს გადადგამს, უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია: ამ ნაბიჯის გადადგმა კანონთან ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში? არასდროს ამ ფილმამდე არცერთ სახელმწიფო უწყებას, არათუ რაიმე დადგენილება არ გამოუტანია ან კანონში არ ჩაუწერია, არ გაუფრთხილებია საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომ BBC არის მტრული ორგანიზაცია.
მაგალითად, რუსეთის „ეფესბესთან“ თანამშრომლობაზე ყველა მიხვდება, რომ არის ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურები და არ უნდა ითანამშრომლო მასთან, ხომ?! BBC-ის შესახებ სად წერია, ან რომელმა უწყებამ დაადგინა, რომ მტრული ორგანიზაციაა? თუ მოქალაქეს შენ წინასწარ არ აფრთხილებ და არ ეუბნები, რომ აი, ეს ორგანიზაცია არის მტრული და მასთან თანამშრომლობა კანონსაწინააღმდეგოა, შენ მოქალაქეს ფაქტობრივად წირავ იმისთვის, რომ ჩაადენინო რაღაც, რომელზეც მერე ეტყვი, რომ თურმე დანაშაული ყოფილა. ეს არის კანონიერი ჩარჩოსგან აბსოლუტურად გასული მოქმედება.
დღეს ალექსანდრე დარახველიძეს [შს მინისტრის მოადგილე] ვუსმინე და მან თქვა, შსს-მ დოკუმენტები მიაწოდა სუსსო. სუს-მა თუ გამოძიება იმის იმედად ჩაატარა, შსს რა დოკუმენტაციას მიაწვდიდა თავისი გადაწყვეტილებით და ნებით, ნუ, სასაცილოც არ არის უკვე.
იმას კი არ უნდა დაელოდო საგამოძიებო ორგანო უწყებისგან – რომელსაც სავარაუდოდ დანაშაული აქვს ჩადენილი – თავისი გადაწყვეტილებით რას მოგაწვდის და რას არ მოგაწვდის, შენ თვითონ უნდა შეხვიდე, ჩაატარო საგამოძიებო მოქმედებები და ამოიღო დოკუმენტაცია, მათ შორის, ძალიან ცოტა ადამიანს რომ აქვს წვდომა, იმ ტიპის ინფორმაცია. შენ უნდა წარმართო გამოძიება და არ დაელოდო იმას, შსს რა ინფორმაციას მოგაწვდის.
ან კიდევ 5 დღეში ექსპერტიზა როგორ მოასწრეს ასე სწრაფად? ძალიან ბევრი შეკითხვაა.
- თქვენი დაკვირვებით, რატომ გამოტოვა სუს-მა დემონსტრაციებზე წყლის ჭავლის გამოყენება 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე? სუს-ის ვერსია 4 და 5 დეკემბერს ქიმიური ნივთიერების გამოყენებას ეხება.
როგორ შემოსაზღვრეს ეს დრო, რა ლოგიკით შემოსაზღვრეს? ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა შტურმი აქციების წინააღმდეგ, მათ შორის, სპეციალური საშუალებების გამოყენება…
სუსი რასაც აცხადებს, არის უკიდურესად ზოგადი. მაგალითად, გვეუბნება, რომ მაღალი თანამდებობის პირები გამოვკითხეთო. მაინტერესებს: უშუალოდ ამ საქმესთან შეხებაში მყოფი პირები თუ გამოჰკითხეს თავისი სტატუსით, ეს ხალხი ვინ არის?
ჩემი აზრით, მათ ზუსტად იციან, რომ ეს ამბავი არ დამთავრდება და მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება. ამიტომაც ავრცელებენ მანიპულაციურ ტექსტს, აი, დანაღმულ ველზე რომ დადიხარ და მოდი, აქ არ დავაბიჯებთ, იქ არ დავაბიჯებთ – ეს ეტყობა ყველა ტექსტს, მაგრამ ვერ მოახერხებენ ამას.
ჯანდაცვასთან დაკავშირებით მოწოდებულ ინფორმაციაზეც კონკრეტიკა არ გვაქვს: რომელ დღეებს გულისხმობენ? რამდენი პირი იყო დაზარალებული? 28 ნოემბრიდან და შემდგომ დღეებშიო. „შემდგომი დღე“ არის შემდგომი ორი დღეც და შემდგომი ორი კვირაც. კონკრეტულად რომელ შემდგომი დღეების სტატისტიკა მოგვაწოდეს?
- ინტოქსიკაცია დაზარალებულებიდან მხოლოდ ხუთს აღენიშნებოდა და ხუთივე მეორე დღესვე გაწერეს საავადმყოფოდანო.
ეს ხუთი დღის სტატისტიკაა, თუ ხუთი თვის? იგივე საიასთვის მიწოდებულ ინფორმაციაში სხვა სტატისტიკა ჰქონდათ.
ეს იმდენად მძიმე ბრალდებაა და იმდენად კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია, რომ ყველა სამართლებრივი სტანდარტით, გამოძიების დაწყებისთანავე, ძალიან მალევე, კონკრეტულ პირებს უნდა შეფარდებოდათ აღკვეთის ღონისძიება. კანონი გვეუბნება, რომ როდესაც დაიწყება გამოძიება, თუ არსებობენ პირები, რომლებსაც აქვთ სამიდან ერთი რისკი: მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა, მტკიცებულებების განადგურება, მიმალვა, მაშინ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა შეეფარდოთ პატიმრობა გამოძიების დასრულებამდე.
ჩვენ გვაქვს ათობით საქმე საქართველოში, როდესაც სამიდან ერთიც ვერ მტკიცდებოდა და ამის მიუხედავად ადამიანებს პატიმრობაში უშვებენ განაჩენის მოლოდინში. მზია ამაღლობელის საქმეზე და პოლიტიკური პატიმრებზე აღარ ვლაპარაკობ – ზოგადადაც, არაერთი დაუსაბუთებელი განჩინება შეგვისწავლია და გამოგვიქვეყნებია, როცა არც მიმალვის საფრთხე დასტურდებოდა და არც მოწმეზე ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდა ადამიანს და ის დააპატიმრეს.
ამ დროს ესაა კლასიკური საქმე, როდესაც იმ პირებს, ვის კვალზეც ობიექტური გამოძიება გავა, სწორედ თანამდებობრივი ბერკეტები აქვთ, რომ მტკიცებულებებიც გაანადგურონ, მოწმეებზეც შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა…
თუ უნდათ, რომ მარტო მძღოლს და ჩამსხმელს გადაატეხონ ჯოხი, ასე ვერ იქნება: უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობის და უშუალო ბრძანების გარეშე ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება.
- „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განაცხადი გაიმეორა პრაქტიკულად სუს-მა გამოძიების დასკვნაში, ის ქიმიური ნივთიერება, რაც გამოვიყენეთ, „არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერების კატეგორიასო.“
ფორმულირება, რომ ჩვენ არ გამოგვიყენებია აკრძალული ნივთიერება, არის სამართლებრივად ყალბი ფორმულირება.
სტანდარტი, რომ რაც აკრძალული არ არის, ნებადართულია, მოქმედებს სამართალში მოქალაქის ქცევაზე: თუ სახელმწიფო არ კრძალავს რაიმეს, მოქალაქეს მისი გაკეთების უფლება აქვს.
„აკრძალული არა მაქვს ამის გაკეთება და შესაბამისად ნებადართული მქონდა და გავაკეთე“ – ეს სტანდარტი საჯარო ძალაუფლებაზე არ მოქმედებს. საჯარო ძალაუფლებაზე მოქმედებს სტანდარტი: პირდაპირ, ექსპლიციტურად და უშუალოდ კანონი უნდა მაძლევდეს კონკრეტული ქმედების გაკეთების შესაძლებლობას და ზუსტად იმ ფარგლებში უნდა გავაკეთო, რა ფარგლებსაც კანონი მისაზღვრავს.
- თუ შსს-მ, აქციის ფორმიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩათვალა ქიმიური ნივთიერების გამოყენება, რომლის გამოყენებაც კანონით პირდაპირ აკრძალული არ არის, სამართლებრივად ეს პრობლემაა?
კანონი როდესაც იწერება, არის დადგენილი კონკრეტული ქიმიური ფორმულები, რომელიც უკვე დატესტილია და ვიცით მისი დამანგრეველი შედეგები ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. არსებობს ამ ნივთიერებების ჩამონათვალი, მაგრამ საქმე აქ არ მთავრდება – შეიძლება ახალი ქიმიური ფორმულა შეიქმნას, რომელიც ისეთივე დამანგრეველი შედეგის მომტანი იქნება ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც ძველი, უკვე შექმნილი ფორმულები. კანონი ყოველდღე ვერ გადაამოწმებს, შექმნილია თუ არა ახალი ქიმიური ფორმულა. ეს არის განვითარებადი, ცოცხალი პროცესი.
ამიტომაც, კანონი ამომწურავ სიას ვერ მოგვცემს, რა ნივთიერებებია აკრძალული. ხვალ შეიძლება სულ სხვა ფორმულა შეიქმნას, რომელსაც კანონი წინასწარ ვერ დაინახავს, მაგრამ მას ისეთივე დამანგრეველი შედეგი ჰქონდეს, როგორც ნივთიერებებს, რომლებიც კანონში წერია.
კანონმა მოგცა შენ კონკრეტულად ამა და ამ ფორმულით შექმნილი ნივთიერების გამოყენების უფლება?! მოგცა, პირობითად მისი იმ ფორმით გამოყენებით უფლება?! ვთქვათ, წყალში გარეული, ან წყალთან ერთად, ან მისი გამოყენება იმ ტიპის არეალში, როგორიც არის რუსთაველის გამზირი, სადაც სხვა ადამიანები ცხოვრობენ?! მოგცა კანონმა იმ მასშტაბის აქციაზე გამოყენების უფლება, რა მასშტაბიც იქ იყო?! მოგცა, მაგალითად, ზამთარში გამოყენების უფლება?!
მეორეა, რა არის მიზანი ამ საპოლიციო საშუალებების გამოყენების? – მიზანი არამც და არამც არ შეიძლება იყოს ადამიანების დასჯა. თუ აქცია გახდა ძალადობრივი ხასიათის, ძალადობრივი მონაკვეთის გაჩერება იმ წუთას უნდა იყოს მიზანი და არა მთელი აქციის დაშლა და მითუმეტეს ათასობით ადამიანის დასჯა.
BBC-ის ფილმში სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში ექსპერიმენტზე საუბრობს. ესენი მაგიტომ მანიპულირებენ ზუსტად, რომ აი, აკრძალული არ იყოო: ექსპერიმენტი აქვთ ჩატარებული და ეს ძალიან ცხადად ჩანს, ეს ერთი და მეორე – ეს იყო დემონსტრანტების დასჯა! ეს არის დასჯა ადამიანების, რაც არის კლასიკური წამების შემადგენელი. ეს არანაირად არ ემსახურებოდა დემონსტრაციის დაშლას, ეს ემსახურებოდა დემონსტრანტების დასჯას.
სუს-ის განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ საშუალებებსო იყენებდა შსს საჭიროებისამებრო. იმდენად არაკომპეტენტურად არის დაწერილი ეს განცხადება, ისიც კი არ ჩაამატეს მაგ მონაკვეთში, რომ ეს მოხდა „საჭიროებისამებრ, კანონის საფუძველზე“.
კანონს აქვს სამსაფეხურიანი ტესტი. პირველი – ეს არის, როდესაც კანონი გაძლევს გამოყენების საშუალებას; მეორე – როდესაც ისეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იყენებ ამ საშუალებებს, როგორიც არის, მაგალითად, იმ წუთას არსებული საფრთხის გაუნებელყოფა, თუმცა ლეგიტიმური მიზანი აქ არ იკვეთება და მესამე ტესტი, რომელიც უნდა გაიაროს სახელმწიფოს ქმედებამ – კიდეც რომ იყოს ძალადობა აქციაზე და კიდეც რომ ლეგიტიმური მიზანი გამოძრავებდეს, აღადგინო საზოგადოებრივი წესრიგი – საშუალება, რომელიც გამოიყენე, იყო თუ არა პროპორციული მიზნის მისაღწევად, რაც ადამიანურ ენაზე იმას გულისხმობს, რომ ყველაზე ნაკლებად მძიმე საშუალება უნდა გამოიყენო, თუ ეს საშუალება მიზანს მიგაღწევინებს. იმიტომ რომ ადამიანებთან გაქვს საქმე.
ამათ ყველაზე უფრო მძიმე გამოიყენეს.
ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს ძალიან მკაფიო სურათს, რომ აქ არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ძალიან უხერხულია ამ ყველაფერს ეწოდოს გამოძიება.
- ამ მოცემულობაში რამდენად არსებობს მტკიცებულებების გადარჩენის შანსი? ჩატარდება საერთაშორისო გამოძიება?
აუცილებლად ჩატარდება საერთაშორისო გამოძიება. ეს გარდაუვალია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიტიკული და მსხვილი საერთაშორისო შეთანხმება, რომ აკრძალული ნივთიერებები არ გამოიყენებოდეს წევრ სახელმწიფოებს შორის.
კონვენციის წევრ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, ერთმანეთი აკონტროლონ, რომ ეს არ მოხდეს. თუ ერთი პრეცედენტი დაიშვა დაუსჯელობის, ეს ბევრ სხვა სახელმწიფოს მისცემს პირდაპირ სიგნალს, რომ მათაც შეუძლიათ თავის მოქალაქეებს ასე მოექცნენ. ეს არღვევს საერთაშორისო წესრიგს, რომელიც შექმნილი არის ახლა ქიმიური იარაღის ირგვლივ.
რა მტკიცებულებები იქნება ხელმისაწვდომი გამოძიებისთვის, ცალკე საკითხია. ძალიან გამალებით მუშაობს ახლა „ოცნება“, რომ ეს მტკიცებულებები გააქროს და ჩაფარცხოს.
ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არსებობს სხვა შესაძლებლობებიც. ყველას კარგად ესმის, ხალხი, რომელიც ამაზე არის წამსვლელი, რა თქმა უნდა, არც გამოძიებას ჩაატარებს და არც მტკიცებულებებს შეინახავს. ამ სპეციფიკურ გარემოში მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს, როდესაც მალავენ და ანადგურებენ მტკიცებულებებს, მაგრამ მაინც შეგიძლია, რომ გახვიდე დანაშაულის კვალზე შესაბამისი მეთოდოლოგიით.
ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ვთხოვო ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად შეინახონ, ყველა სიმპტომი აღწერონ, დაასურათონ, თუ ეს სიმპტომები კიდევ გრძელდება. მესმის, რომ მათთვის არის ძალიან ტრავმული გამოცდილება, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჰააგაში არის ასეთი გზა, რომ თვითონ პროკურორმა გადაწყვიტოს ერთპიროვნულად – აქვს მას ამის კანონიერი უფლებამოსილება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც ეს „აგვისტოს ომის საქმეზე“ მოხდა, ასევე, სხვა სახელმწიფოსაც შეუძლია გააკეთოს მიმართვა, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი რიგის ამოცანა არის მტკიცებულებების შეგროვება და კომპეტენტურად სამართლებრივი მწყობრი საქმის აგება. ჰააგა იქნება უფრო ადეკვატური ადგილი, სადაც უნდა დავიცვათ დაზარალებულების უფლებები და ინტერესები.
ყველა ქეისი, რომელსაც ჰააგა იძიებს, მითუმეტეს – დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი, ეს არის ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოების საქმეები, სადაც დღემდე ვერ შედგა დემოკრატია.
ამ ტიპის ყველა გამოძიება, რომელზეც ჰააგამ იმსჯელა, არშემდგარ სახელმწიფოებს უკავშირდება. ეს მძიმე ტერმინია, მაგრამ ასეა. ჰააგა რომ სჭირდება საქმეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი მონგრეული და გაუბედურებულია.
ჩვენ კი ვართ ახლა მაგ მდგომარეობაში, რომ არცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია არ ფუნქციონირებს მოქალაქის და კანონისთვის, მაგრამ პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქესთვის და ქართველი იურისტისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიცვალოს მართლმსაჯულება ისე, რომ მან შეძლოს გასამართლება ამ ადამიანების და საქართველოს სახელით გამოვიდეს განაჩენი.
- ეს წინაპირობა გააჩინა ამ საქმემ, რომ შეიცვალოს პოლიტიკური სიტუაცია? როგორც პოლიტიკოსი რას ამჩნევთ, რა წონა შეიძინა ქიმიური იარაღის გამოყენების საქმემ ივანიშვილის დაჯგუფებისთვის?
პოლიტიკური პროცესს და ცვლილებას კიდევ ბევრი სხვა რაღაც სჭირდება.
ამ ადამიანებს სხვა არაერთი მძიმე და სისტემური დანაშაული აქვთ ჩადენილი. ქვეყნის კონსტიტუციური გადატრიალება ამ ხალხმა ჩაიდინა. მათ შეცვალეს ყველა ფუნდამენტური, კონსტიტუციური პოსტულატი, რომელიც გვიწერია… მასობრივი წამება ჩაიდინეს, მასობრივი უკანონო და უსამართლო განაჩენები გამოიტანეს, წარმოუდგენელი სისწრაფით ამუშავებენ ერთპარტიულ პარლამენტს კანონების შესაცვლელად.
უკვე ისეთი პროცესია, სიტყვა „კანონის“ გამოყენებაც კი, უხერხული ხდება.
მათ აქვთ ნულოვანი ლეგიტიმაცია, არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2024 წლის 26 ოქტომბერს, არავინ არ აღიარა მსოფლიოში, როგორც დემოკრატიული, შეჯიბრებითი, თავისუფალი, ლეგიტიმური არჩევნები. ერთპარტიული პარლამენტი შექმნეს, აქვთ უმძიმესი ლეგიტიმაციის კრიზისი საერთაშორისო დონეზე და ამას ეხლა ემატება ძალიან სანდო ბრალდება.
ამათ რომ რეალურად სურვილი ჰქონოდათ და არ ეშინოდეთ იმის, რაც ჩადენილი აქვთ, პირველივე საათებში უნდა გამოსულიყო კობახიძე და ეთქვა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო მისია ჩამობრძანდით, ყველაფერს ვხსნით, მოდით და ნახეთო.
როცა არა გაქვს დანაშაული ჩადენილი, რეაქცია ასეთი იქნებოდა.
- ამ საქმეზე „ოცნების“ მთავრობის და კობახიძის რეაქცია რას აჩვენებს?
აჩვენებს იმას, რომ როდესაც წაგასწრებენ დანაშაულზე, მერე იწყებ სხვადასხვა ვერსიების შეთხზვას, იმისთვის რომ სიმართლე მიჩქმალო. ურთიერთგამომრიცხავი მესიჯები ჰქონდათ, აიხლართნენ საკუთარ ტყუილში. როცა სიმართლეს ამბობ, ერთი ვერსია გაქვს და ვერ აიხლართები, როცა ტყუილს ამბობ და რაღაც დიდს მალავ, მაშინ გემართება ეს.
მათი მიზანი იყო საზოგადოების დასჯა, პროტესტანტების დასჯა, რაც არის აბსოლუტურად უკანონო და დანაშაულებრივი. ამოცანა არის ის, რომ როგორმე დაიძვრინონ თავი სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობისგან, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.






