„მინდა, ყველას ვაცნობო სამშობლო ჩემი საითკენ მიდის,“ – წერს ციხეში დაწერილ ლექსში ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე. ის პროტესტის ნიშნად უკვე 14 დღეა შიმშილობს.
ზურაბ ჭავჭანიძის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს, 9 დეკემბერს დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. ადვოკატი ნინო ლომინაძე ამბობს, რომ პროკურატურას არ აქვს წარმოდგენილი ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას.
ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, ზურაბ ჭავჭანიძე დღეიდან შეწყვეტს მშრალ შიმშილობას და წყლის მიღებას დაიწყებს.
„გადაჯიშებით გვემუქრებიან, სულ მთლად გაქრობას გვიპირებს მტერი“ – წერს საკანში დაწერილ ლექსში ზურაბ ჭავჭანიძე.
„ბოროტება მხოლოდ სიყვარულით მარცხდება“ – ასე სრულდება მისი წერილი.

ზურაბ ჭავჭანიძის წერილი ციხიდან
ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი ადვოკატის თქმით, ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრია, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლესაც მიმართა:
„მე ვარ სოხუმელი და 15 ვაჟკაცი სოხუმში დამეღუპა საქართველოსთვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ ყველამ ვიცხოვროთ კარგ საქართველოში. ვილაპარაკებ ფაქტებით: რას ნიშნავს რუსული მმართველობა? მილიონამდე ქართველი მოკლეს, ყველა რუსი მმართველის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე“.
მიუხედავად იმისა, ვინ ვართ და ვის ვემხრობით, მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება. ამის მაგალითებს ვხედავთ. „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“ – ფიქრობენ ადამიანები. ყველას გვემუქრება ხიფათი.
ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ მთელი ცხოვრებაა. „ღმერთი სიყვარულია, გიყვარდეთ“ — დიდ კედელზე მაქვს დაწერილი. სიკეთე, სიყვარული, პატიოსნება და კანონმორჩილება მამოძრავებს.
სუსის თანამშრომელი მოვიდა სახლში და მითხრა თვითონვე, ყველაფერი ვიცით შენზე და კარგი კაცი ხარო. ერთადერთი ჩემი მოწოდება არის სიკეთე და სიყვარული, „მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და თუ მიყვარს, მართლა მიყვარს“ — ესაა ქართული სულის გამოძახილი. პატიოსნებისა და სიყვარულის მეტი მე არაფერი გამაჩნია“ – თქვა სასამართლო სხდომაზე ზურაბ ჭავჭანიძემ.
დღეს, 9 დეკემბერს, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული 14-პირიანი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი უძღვება, რომელსაც საზოგადოება უმეტესად ყოფილი პოლიტპატიმრის, გიორგი ახობაძის საქმიდან იცნობს.






