10 დღეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, რა ქიმიური ნივთიერება შეურიეს წყლის ჭავლში, რომელიც 28-29 ნოემბრის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოიყენეს.
არც შსს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობენ კითხვაზე, რა შეურიეს წყლის ჭავლში 30 ნოემბერს ან 1-4 დეკემბრამდე პერიოდში.
გამოძიების დაწყებიდან 5 დღეში სუსმა თქვა, რომ გამოძიება დაასრულა და ნივთიერება, რომელიც აქციის დასარბევად 4-5 დეკემბერს გამოიყენა, არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი.
რატომ საუბრობს სუსი იმაზე, რა გამოიყენეს 4-5 დეკემბერს და რატომ არ ამბობს, რას ურევდნენ წყლის ჭავლში 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე? – ეს შეკითხვა პოლიტოლოგ ლელა ჯეჯელავას დავუსვით.
„თუ ჩვენ საერთოდ რაიმე მნიშვნელობას ვანიჭებთ სუს-ის გამოძიებას, მაშინ ეს კითხვა, ცხადია, ლეგიტიმურია.
როგორ შეიძლება, ხუთი დღის განმავლობაში გამოეძიებინა სუს-ს ქიმიური მოწამვლის საქმე? ქიმიური მოწამვლის დადასტურება ან უარყოფა, ხუთ დღეში რამდენად იყო შესაძლებელი? 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ერთი კვირა მაინც იყენებდნენ აქციებზე ჭავლს და ეს ყველაფერი 5 დღეში გამოიძიეს?
ამ აქციის მონაწილეებს კარგად ახსოვთ რა დაზიანებები გამოიწვია ამ ჭავლმა, ამიტომ მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ სუს-ის გამოძიება საერთოდ უნდა მივიღოთ რამის მტკიცებულებად ან უარყოფად.
ერთი რამ ჩანს ცხადად – სუს-ს და „ქართულ ოცნებას“ გაცილებით უფრო მძიმედ აქვთ საქმე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. უბრალოდ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ ამას ადეკვატურად ვუპასუხოთ.
პირველი და მთავარი კითხვა – რაში სჭირდებოდა საერთოდ გამოძიება იმას, თუ რა ნივთიერება გამოიყენეს? მათ ხომ ძალიან კარგად იცოდნენ? პროტოკოლის გარეშე, შესაბამისი მითითების და ბრძანებულების გარეშე შეუძლებელია, რომ რამე ნივთიერების გამოყენება მომხდარიყო. ზეპირი ბრძანებით ხომ არ მოხდებოდა ეს?
BBC-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ძალიან მკაფიოდ იყო ნაჩვენები, რომ 2019 წელს ინვენტარში შსს-ს ჰქონდა ცნობილი კოდებით გაერთიანებული ორი ნივთიერება, რომლის გამოყენებაც პრაქტიკულად შეუძლებელია და არის დანაშაულის ტოლფასი.
სუს-ის გამოძიება იყო სატყუარა ისევ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის. ეს არც საერთაშორისო რეპუტაციული ზიანის გასანეიტრალებლად არ ყოფილა, არც ჩვენთვის არ ყოფილა. ფაქტია, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მათთვის ნაკლებად საინტერესოა.
ეს „გამოძიება“ ჩატარდა სწორედ „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომელსაც შემდეგ მოჰყვა აი, ის საშინელი ფსიქოლოგიური ტერორი სოციალურ ქსელებში, რაც განახორციელა “ქართულმა ოცნებამ” და რომელიც შეიძლება ნაკლებ დამაზიანებელი არ იყოს ადამიანის ფსიქიკისათვის, ვიდრე ნებისმიერი ქიმიური იარაღის გამოყენება. ეს მოხდა რეალურად.
გარდა ამისა, ფაქტია, რომ სუ-მა იცრუა, როდესაც საავადმყოფოში მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათი მონაცემებიდან ძალიან მალე საიამ დადო ოფიციალური დოკუმენტი. ამ დოკუმენტის თანახმად, საიამ გასული წლის დეკემბერში ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. სამინისტროდან კი მიიღეს ოფიციალური პასუხი, რომ 207 ადამიანი გადაიყვანეს სასწრაფო დახმარებით სტაციონარებში. ანუ ოთხჯერ მეტმა ვიდრე სუს-ის გამოძიებით გვითხრეს. ცალკეა თვითდინებით მისული ადამიანები. რომ შევაჯამოთ, სტაციონარებში მისული ადამიანების ზუსტი რიცხვი ზუსტად აღწერილი არ არის და ის შეიძლება დაადასტუროს მხოლოდ ნამდვილმა გამოძიებამ.
ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრი რამ აქვს დასამალი და სუს-ის გამოძიება სწორედ ამისთვის შედგა, რომ მაქსიმალურად, რამდენადაც შესაძლებლობას იძლევა მოცემულობა, დაემალათ ის, რაც დასამალი აქვთ.
აქედან ერთადერთ გამოსავალს ვხედავ – საერთაშორისო გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა ნივთიერებას იყენებდნენ 29-ში, პირველში, 4-5-ში თუ მთელი ის პერიოდი, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეებს წყლის ჭავლით არბევდნენ.
მეორე ამბავიცაა – ჩვენ დადასტურებით ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ სპეცრაზმი, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაზარალებულებს სცემდა, აწამებდა, დაკავების მანქანებში გაზის კაფსულებს უყრიდა და ეს ყველაფერი გათანაბრებულია არაადამიანურ მოპყრობასთან. როცა ეს ყველაფერი დადასტურებულად ვიცით, არ ვიცი, რატომ უნდა შეეპაროს ვინმეს ეჭვი, რომ მათ გამოიყენეს ისეთი ნივთიერება მოსახლეობის დასაშლელად, რომელიც აკრძალულია?! ან არ არის აკრძალული და ისეთი დოზით გამოიყენეს, რომელიც უტოლდება აკრძალული ნივთიერების გამოყენებას. ყველაფერი შესაძლებელია.
სანამ ჩვენ ზუსტი პასუხები არ გვექნება, ვერაფრით ვერ უარყოფს „ქართული ოცნება“ იმას, რომ მათ გამოიყენეს აკრძალული ნივთიერება.
პირდაპირი ეთერები არსებობს, სადაც ჩანან ადამიანები, რომლებიც 28-29 ნოემბრის ღამეს მოხვდნენ წყლის ჭავლში. უჭირს სუნთქვა, სპაზმური შეტევები აქვთ, დამწვარი აქვთ სახე, ვერ ახელენ თვალებს. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ წყლის ჭავლში რაღაც შეურიეს. როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მოქმედებას, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ასეთ ძალადობრივ საშუალებებს იყენებს?!
ჩემი შეფასება სრულიად კარგავს აზრს, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად „ქართული ოცნების“ პრემიერად წოდებულმა თვითონ შეაფასა ეს პროცესი – „ნულოვანი თანაგრძნობაო“ – როდესაც გამოაცხადა.
ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ხალხის მიმართ აქვს ნულოვანი თანაგრძნობა. ეს არის დეჰუმანიზებული ხელისუფლება, რომლის მსგავსსაც სამწუხაროდ კაცობრიობის ისტორია და მათ შორის თანამედროვე ისტორიაც იცნობს და ყველამ იცის მათი ბედი როგორ დასრულდა… დაწყებული ჰუსეინიდან, კადაფი და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ ჩამონათვალს.
ვერსად ვერ გაექცევა ირაკლი კობახიძე თავის იმ შეფასებას – „ნულოვანი თანაგრძნობისას“, რომელიც პოლიტიკად აქცია „ქართულმა ოცნებამ“.
აი, ახლა ბოლო ცვლილებები რომ შეაქვთ კანონში, ტროტუარზე დგომის დროსაც ნებართვა იქნება საჭირო. შალვა პაპუაშვილმა ძალიან საინტერესო წინადადება თქვა, ანუ ეს იყო რეალურად წამოცდენა: „არაფერი ამ კანონში ადამიანური სტანდარტებისგან აცდენილი არ არისო“. ანუ მათ მიაჩნიათ, რომ სამართალი ადამიანურობის გარეშე შეიძლება არსებობდეს.
აი, ეს არის მათი ხელისუფლების ფილოსოფია, მათი მართვის მოდელი და ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ.
ჩემთვის ყველაფერი დგას თავის ადგილზე. ამიტომ არიან ისინი ანტიცივილური სამყაროს ნაწილი – იმას ნაწილი, რასაც რუსეთი ჰქვია, რასაც ჩინეთი ჰქვია, რასაც ირანი ჰქვია. ცივილიზებული დასავლეთის ნაწილად არ განიხილავენ თავს, სადაც, რასაკვირველია, შეიძლება არსებობდეს პრობლემები, მაგრამ ნებისმიერი პრობლემის მიუხედავად, რომელიც დასავლურ სამყაროში არსებობს, იქ მაინც რჩება ძალიან მყარი პრინციპი, რომ ადამიანი არის ღირებულება. ანტიცივილური სამყაროსათვის კი ადამიანი არის საშუალება.
ასე განიხილავს „ქართული ოცნებაც“ თავის მოსახლეობას: რომ ადამიანი არის საშუალება, რომელიც მათ ძალაუფლებას უნდა მოემსახუროს და არა ღირებულება“ – ამბობს ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“.






