განათლება,მთავარი,სიახლეები

„ზოგი სკოლა 3 ცვლაში მუშაობს, შემოიხედონ კლასებში რა მდგომარეობაა“ – მასწავლებელი განათლების ხარისხზე

10.12.2025 •
„ზოგი სკოლა 3 ცვლაში მუშაობს, შემოიხედონ კლასებში რა მდგომარეობაა“ – მასწავლებელი განათლების ხარისხზე

„რომელ ხარისხზე ვსაუბრობთ, როცა სკოლები დანგრეულია. ჩვენი სკოლაც ორ ცვლაში მუშაობს და ზოგიერთი, სამ ცვლაში. შემოიხედონ კლასებში და ნახონ რა მდგომარეობაა“, – ამბობს თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი, თამარ ცანავა „ბათუმელებთან“.

მას ვესაუბრეთ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სასკოლო ცვლილებებსა და მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაზე.

  • ქალბატონო თამარ, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2026 წლიდან მასწავლებელს კარიერული წინსვლისთვის აღარ მოუწევს გამოცდის ჩაბარება. „ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ „პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომაზე გადავდივართო“ და თუ პრაქტიკაში მასწავლებელი ძლიერია, მაშინ შეუძლია აიმაღლოს სტატუსი. თქვენ როგორ გაიგეთ ეს და ხედავთ თუ არა რაიმე სიახლეს ამაში?

სამინისტრომ ისიც თქვა, თუ რესურსებზე დაკვეთა იქნება მასწავლებლის მხრიდან, ჩვენ ხელს შევუწყობთო. მიაწოდებენ რესურსცენტრებს რა სჭირდებათ და, შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ მასწავლებლებსო.

  • რესურსების საჭიროებაზე 13 წელია საუბრობთ პედაგოგები და ჯერ არ გაუგიათ რა სჭირდებათ მასწავლებლებს კლასში?

ჩვენ, მაგალითად, ყოველი წლის დასაწყისში გვეკითხება დირექტორი, რა გვჭირდება კათედრაზე. იქნება ეს პოსტერები თუ რაღაც ჭურჭელი ლაბორატორიისთვის, ისედაც ყიდულობს ხოლმე სკოლა, თუ არის ამის საშუალება. მაგრამ, ჭკვიანი დაფა მჭირდება-მეთქი, რომ მოვითხოვო, რომელიც 3000-5000 ლარი ღირს, სკოლა ვერ იყიდის. ვერც რესურსცენტრი იყიდის და რით აპირებენ ჩვენ გამხნევებას, მაინც ვერ გავიგე კარგად.

  • სამინისტრო ამბობს, რომ მასწავლებელს რაც შეუძლია კლასში უნდა დაამტკიცოს – ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილი და სკოლასაც დაეხმაროს შიდა ხარისხის ამაღლებაში. რამდენად გააზრებული აქვს სამინისტროს ის, რაზეც საუბრობენ?

ჩემთვის ხარისხიანია ისეთი გაკვეთილი, სადაც ყველა ბავშვი ჩართულია თანაბრად. ხარისხიანია გაკვეთილი, სადაც მასწავლებელი სხვადასხვა მეთოდს იყენებს მიზანზე გასასვლელად, მაგრამ ასევე სკოლიდან არის ხელშეწყობა ინფრასტრუქტურულად.

მე, ინგლისურის გაკვეთილს ხარისხიანად ვერ ჩავატარებ მხოლოდ დაფით და ცარცით, როგორც ეს იყო მე-19, მე-20 საუკუნეში. აუცილებლად მჭირდება პროექტორი, დინამიკი და სხვადასხვა რესურსი – პოსტერები, ფლაერები, ფლიპჩარტები და ათასი ნივთი, რომ ხარისხიანი გაკვეთილი გამოვიდეს.

დაფით და ცარცით ბავშვებს მაქსიმუმ გრამატიკული წესები ვასწავლო და ვაწერინო, მაგრამ 21-ე საუკუნის ბავშვი მხოლოდ ცარცით ვერ მიხვდება, რა არის ონლაინქვიზები, თამაშები, ათასი რაღაც არსებობს.

კი, მასწავლებელზეც არის დამოკიდებული ხარისხი, მაგრამ სკოლა როგორ შეუწყობს ხელს ამაში, ამაზეც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული.

თბილისის სკოლებში შესაძლოა არის პროექტორები, მაგრამ რაიონის სკოლებში, მაღალმთიანეთში კატასტროფული სიტუაციაა, საპირფარეშოებიც კი არ არის სკოლებში მოწესრიგებული, არათუ სხვა ინფრასტრუქტურა და დამხმარე მასალები. ასეთ ვითარებაში საუბრობენ, რომ აი, მობილურები უნდა შევზღუდოთ და ასე შემდეგ.

  • ამ დროს, მობილური შესაძლოა ძალიან კარგად ჩართო საგაკვეთილო პროცესში, თუ იქნება კლასში ინტერნეტი, არა?

მობილური ტელეფონების არამიზნობრივად გამოყენება კლასში ჩვენ ისედაც შეზღუდული გვაქვს. დილას, დამრიგებლები აგროვებენ ხოლმე მობილურებს და ინახავენ. ეს სკოლის შინაგანაწესზეა დამოკიდებული და აქ ახალი არაფერია.

მაგრამ, დღეს ჩავატარე გაკვეთილი ადამიანის უფლებებზე და გაკვეთილის ბოლოს ბავშვებს ვათამაშე „კაჰუტი”, რომელიც მჭირდება იმისთვის, რომ გავარკვიო, როგორ გაიგეს ბავშვებმა კონკრეტული მასალა. ისინი წინასწარ გავაფრთხილე, რომ ყველას ჰქონოდა მობილური ტელეფონები. ზოგჯერ საჭიროც კია ტელეფონი გაკვეთილზე და როცა საჭიროა, ვერავინ ამიკრძალავს მე, მასწავლებელს, რომ მობილური გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში.

  • როცა მასწავლებელს ეუბნებიან – „მაჩვენე ხარისხი გაკვეთილზე“, ხომ არ უნდა იყოს პირიქით, რომ ჯერ სამინისტრომ გვაჩვენოს, როგორ კლასში შეჰყავს მასწავლებელი და მოსწავლე?

რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ასე უნდა იყოს. ჯერ შემოიხედონ კლასში და ნახონ რა მდგომარეობაა. დაინახავენ რა სჭირდება ხარისხიან გაკვეთილს. ან რომელ ხარისხზე ვსაუბრობთ, როცა სკოლები დანგრეულია. ჩვენი სკოლა ორ ცვლაში მუშაობს და ზოგიერთი სამ ცვლაშიც.

მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, სკოლების – არა. ვარკეთილში, ახლა სადაც ვცხოვრობ, დაახლოებით ოთხი მიკრორაიონია და თითო სკოლა აღარ არის საკმარისი. ირგვლივ კიდევ ემატება კორპუსები. 5 კლასზე მეტი ვერ იხსნება სკოლაში – რადგან ორ ცვლაში ვართ, ფიზიკურად არ არის საკლასო ოთახები.

თუ სკოლები არ დაამატეს და ინფრასტრუქტურულად არ აღჭურვეს, როგორ განვითარდება ბავშვი?

საიდანაც ცვლილება უნდა დაიწყოს, ეს არის ახალი სკოლების მშენებლობა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. ბავშვების რაოდენობა უნდა შეამცირონ ჯერ საკლასო ოთახებში – 40-წუთიან გაკვეთილზე 28-30 ბავშვია კლასში და ხარისხზე როგორ უნდა გახვიდე?

მაშინ, 7-8 საათამდე უნდა ისწავლონ ბავშვებმა სკოლაში. მასწავლებლებს ისედაც დილის 9-იდან 18:00 საათამდე უწევთ სკოლაში ყოფნა, ვინც ორ ცვლაში მუშაობს. აი, ამ პრობლემების მოგვარება იყო ჯერ საჭირო და არა მობილურების აკრძალვა ან სკოლის ფორმების შემოტანა.

  • კარიერული წინსვლის გამოცდა იმიტომ ავკრძალეთ, რომ სკოლის საჭიროებებზე არ იყო ორიენტირებულიო. ახლა კი, მასწავლებელი დაწერს ამ საჭიროებებზე და წარმოგვიდგენს ერთწლიან პროგრამასო. რამდენად დამაჯერებელია, რომ ის, რაც არ შეცვალეს 13 წელში, ამის შემდეგ შეცვლიან?

მეც ვერ გავიგე, ეს რატომ წერია. ახალი სქემის დოკუმენტი როცა მომივიდა, გავუგზავნე უკუკავშირი, თუმცა რაიმე განსაკუთრებული სიახლე ამ ახალ სქემაში არ არის. ვთქვათ, გამოცდა მოიხსნა, მაგრამ ამის ნაცვლად რა ხდება? წამყვანის და მენტორის კურსებით ჩაანაცვლეს ეს გამოცდა და რაღაც ტრენინგებზე მაინც ხომ მოუწევს სიარული და ბოლოს რაღაც ქვიზის თუ ტესტის დაწერა მასწავლებელს?

ანგარიშების დაწერა ახლაც მიწევს მე, როგორც წამყვან მასწავლებელს და ისედაც ხომ მაქვს გარკვეული ვალდებულებები ამ სტატუსის ფარგლებში – ვითანამშრომლო კათედრებთან სკოლის გარეთ თუ შიგნით. ხშირად, მასწავლებლებს მაინც იმაზე მეტის გაკეთება გამოგვდის, ვიდრე გვევალება.

სქემა ნებაყოფლობითიაო, რომ ამბობენ, უფროსისთვის არის ნებაყოფლობითი, მაგრამ წამყვანმა და მენტორმა, გვინდა თუ არა, მაინც უნდა ვაკეთოთ რაღაცები სქემის მიხედვით. თუ ვთქვათ, რესურსცენტრი გამოაცხადებს, რომ რაღაც პროექტისთვის სჭირდება მენტორი მასწავლებლები, ამ პროცესში ავტომატურად ჩაერთვებიან ეს მასწავლებლები. ვინმე გადაუხდის ამ ზედმეტი მუშაობისთვის მასწავლებელს?

თუ არავინ არ გვიხდის და მაინც ვიქნებით ვალდებული, რომ ჩავერთოთ, მაშინ, სად არის ნების და არჩევანის თავისუფლება? ეს რაღაცები გასარკვევია და იმედი მაქვს, ამ კითხვებზე პასუხები იქნება გაცემული.

  • რეალურად, ამ სქემაშიც იმიტომ ერთვებოდნენ მასწავლებლები, რომ სტატუსზე ემატებოდათ ხელფასი. თუმცა სტატუსის დანამატი ამილახვრის მინისტრობის დროს გაუქმდა და ახლა რატომ ექნება მოტივაცია მასწავლებელს, რომ მეტი იშრომოს?

ასეა. წამყვანი მასწავლებელი ვარ და მენტორი თუ გავხდები, 150 ლარით მომემატება ხელფასი. ამის სანაცვლოდ გიწევს აკეთო აქტივობები, კვლევები და ამაზე მიწევს ჩემი რესურსების ხარჯვა. თუ რესურსცენტრი მომაწვდის რესურსებს, კი ბატონო, მაგრამ თუ არავინ არ მომაწვდის, ჩემი ხარჯი გადის ხომ? მიღირს კი ხელფასის 150-ლარიანი მატება ამად? მირჩევნია ეს დრო დამრჩეს ჩემი მოსწავლეებისთვის, ვისთვისაც ისედაც ვაკეთებ ამ ყველაფერს.

  • აქამდე სულ იყო დაპირებები ხელფასების ზრდაზე, ახლა კი არც ამას ჰპირდებიან მასწავლებლებს?  

აქაც იყო ორაზროვნად ნათქვამი, რომ საჯარო მოხელეებს ემატებათ ხელფასიო, მაგრამ მასწავლებელი საჯარო მოხელე არ არისო. თუ საჯარო მოხელე არ ვარ, მაშინ რატომ ვრცელდება ჩვენზე ორ სამსახურთან დაკავშირებული შეზღუდვები? მერე თქვეს, საჯარო დაწესებულებაში რომ მუშაობთ, იმიტომო. მაშინ ხელფასის ზრდაც უნდა შეგვხებოდა, მაგრამ – არა.

შეეხო მხოლოდ დირექციას და ტექნიკურ პერსონალს. მათ ნამდვილად უნდა მომატებოდათ, რადგან ტექნიკური პერსონალის ხელფასი ძალიან დაბალია, მაგრამ მასწავლებლის ხელფასიც უნდა გაზრდილიყო, 2024 წლის შემდეგ ფასებმა ხომ მოიმატა პროდუქტებზე.

  • გამოცდების გაუქმება ან ის „სიახლეები“, რომელზეც „ოცნების“ განათლების მინისტრი და სხვები საუბრობენ, ბევრმა შეაფასა როგორც პოპულიზმი. რა გვექნება თუნდაც 5-6 წლის შემდეგ, ამ ე.წ. რეფორმით, თუ არ გამოსწორდა ის პრობლემები რაზეც ისაუბრეთ?

ორი-სამი წლის მერე გვექნება უფრო გადატვირთული საკლასო ოთახები და სკოლები ახალ მოსწავლეებს ვეღარ მიიღებენ ფიზიკურად.

თუკი სკოლები არ ააშენეს, სახელმძღვანელოების პრობლემა არ მოაგვარეს და არ მოარგეს თანამედროვე სტანდარტებს ინფრასტრუქტურა, მერე ყველა პრობლემა ერთდროულად იფეთქებს.

ამიტომ, სანამ შესაძლებელია, მანამდე იზრუნონ ამ პრობლემების მოგვარებაზე. ეს არის გამოსასწორებელი სასწრაფოდ, ვიდრე ის მარტივი საკითხები, რაზეც დაიწყეს საუბრები.

უნდა გვქონდეს კრიტიკის მიმღებლობაც, რადგან ეს არ აზიანებს სისტემას. პირიქით, ყველას გვინდა კარგი სამუშაო და სასწავლო გარემო. ხომ შეიძლება მოგვისმინონ და გაითვალისწინონ. მასწავლებლებსაც ხვდებიან კი, მაგრამ ხშირად 200 ადამიანი რომ ზის დარბაზში, 2-3 თუ ამოიღებს ხმას. ასეთი მიდგომებით არაფერი შეიცვლება.

მასწავლებლებიც საჭიროებების მიხედვით უნდა გადამზადდნენ და არ არის საჭირო ეს თავსმოხვეული სქემები. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ამერიკაშიც ვიყავი და მსგავსი სქემებით არსად ხდება მასწავლებლის პროფესიული ზრდა. სულ სხვა სტანდარტებია იქ.

ამიტომ, შემოიხედონ სკოლებში და ნახავენ რა სჭირდება ხარისხიან განათლებას. ბევრი მასწავლებელი იღებს უკვე ამაზე ხმას და მოგვისმინონ. მშობლებსაც მოუსმინონ და მიხვდებიან სინამდვილეში რა პრობლემები გვაქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: