მთავარი,სიახლეები

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

05.07.2018 • 7790
უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

ბათუმში არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვისაა დაშვებული. აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო სტანდარტით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მოთხოვნებით, დადგენილია სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები და დაშვებული სიმაღლეები. ამ კონვენციას  საქართველოც მიერთებულია.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „ბათუმის მერიამ სამშენებლო ნებართვის გაცემამდე უნდა გაითვალისწინოს აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ დადგენილი დასაშვები სიმაღლე და ტექნიკური პირობები“.

ბათუმის მერიაში კი, რომელიც მშენებლობის ნებართვებს გასცემს, აცხადებენ, რომ ყველა პროექტი ნებართვის გაცემამდე ეგზავნება ბათუმის აეროპორტს.

„მშენებლებს აეროპორტისგან თანხმობებიც აქვთ და ოფიციალური წერილებიც მოაქვთ, ან ჩვენ ვავალდებულებთ დამკვეთს, რომ მოიტანოს თანხმობა. იყო აეროპორტისგან უარიც და გადააკეთეს პროექტი“, – გვითხრა მირიან მეტრეველმა, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

„ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აეროდრომის განლაგების რაიონში სიმაღლეები აეროდრომის ექსპლუატანტთან თანხმდება 2015 წლის 11 დეკემბრიდან. მანამდე სიმაღლეები ექსპლუატანტთან არ თანხმდებოდა.

2016 წლიდან დღემდე, „იყო შემთხვევები, როდესაც ასაშენებელი ობიექტის საპროექტო სიმაღლე აღემატებოდა დასაშვებ სიმაღლეებს, რაზედაც ჩვენ მიერ განსაზღვრული იქნა დასაშვები სიმაღლეები და შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა განმცხადებელს“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

ამავე კომპანიის ინფორმაციით: „ობიექტები, რომელთა დასაშვები სიმაღლე განისაზღვარა აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, ამჟამად არის მშენებლობის პროცესში ან მათი მშენებლობა არ დაწყებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე ბათუმის მერიას რამდენად აქვს გათვალისწინებული ობიექტის დადგენილი დასაშვები სიმაღლე და ტექნიკური პირობები ამჟამად უცნობია“.

საერთაშორისო სტანდარტებს [ტექნიკურ ნორმებს] აეროდრომის დაცვის არეების განსაზღვრისათვის, სამოქალაქო ავიაციის  საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) ადგენს. საქართველოში, შესაბამისი კანონმდებლობით, აეროდრომის დაცვის არეს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ეს არე გულისხმობს აეროდრომისათვის დაბრკოლებებისაგან შემზღუდავი ზედაპირების დაწესებას, რომელიც კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება.

ბათუმის აეროპორტის დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული აეროდრომის რაიონის სქემა. ამ მოქმედ სქემაზე წითელი ხაზით აღნიშნულია დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების საზღვარი. აეროდრომის დაცვის არე შედგება შემდეგი შემზღუდველი ზედაპირებისაგან: აფრენისა და დაფრენის ზედაპირი, შიდა გარდამავალი ზედაპირი, გარდამავალი ზედაპირი, შიდა ჰორიზონტალური ზედაპირი და კონუსური ზედაპირი რომელთაც გააჩნიათ განსხვავებული პარამეტრები. / წყარო: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის აეროდრომთან მიმართებაში, მათ მიერ დადგენილია და შესაბამის ნებართვის გამცემ უწყებებისთვის დაგზავნილია ბათუმის აეროდრომის დაცვის არე [რაიონი].

„დაგეგმილი შენობა-ნაგებობის სიმაღლის შესათანხმებლად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ან დაინტერესებული პირები მიმართავენ აეროდრომის ექსპლუატანტებს. სიმაღლის გათვლა ხორციელდება სამშენებლო მოედნის შემაღლების გათვალისწინებით [თუ რა შემაღლება გააჩნია ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან მიმართებაში] და რომელი შემზღუდველი ზედაპირის გავრცელების არეალში ხვდება კონკრეტული შენობა-ნაგებობა, რასაც სამშენებლო მოედნის დაცილების, შემაღლებისა და შემზღუდველი ზედაპირების ურთიერთმიმართების გაანგარიშების საფუძველზე ითვლის აეროდრომის ექსპლუატანტი. ის შეითანხმებს დაგეგმილ სიმაღლეს ან გასცემს რეკომენდაციას სიმაღლის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ხოლო, შეუსაბამობის შემთხვევაში უფლებამოსილია მოითხოვოს დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა“, – მოგვწერეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან.

ბათუმის აეროდრომის დაცვის რაიონი და ხელოვნური დაბრკოლებები

ქ. ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები. ყვითელი ზოლებით დატანილია შეზღუდვის რაიონები, სადაც განსხვავებული სიმაღლეებია დაშვებული / წყარო: ბათუმის მერია

ნებისმიერი აეროდრომისთვის არსებობს არეალი, რაიონი, სადაც დაშვებულია მაქსიმალური სიმაღლე. ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში ეს არეალი ასაფრენი ბილიკიდან 6,1 კილომეტრ რადიუსზე ვრცელდება და თითქმის მთლიანად მოიცავს ქალაქს [აეროპორტიდან პორტამდე, ასევე ჭოროხის დელტას, ხელვაჩაურსა და გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიებს]. თითოეულ რაიონში კი კონკრეტული სიმაღლეებია დაშვებული.

„ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში ის შენობები, რომლებიც კვეთენ დაცვის დადგენილ სიბრტყეებს [ანუ დაშვებულ სიმაღლეზე მაღალია – ავტ.] აეროპორტის ექსპლუატანტისა და შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ აღირიცხება და ქვეყნდება სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP), ასევე ხდება მათი გათვალისწინება ფრენის სტანდარტული პროცედურების შემუშავების დროს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების უსაფრთხოება“, – მოგვწერეს სააგენტოდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ  ისინი საფრენოსნო სქემას გადაფარვის პრინციპით ამუშავებენ ყველაზე მაღალი დაბრკოლების გათვალისწინებით.

„საქაერონავიგაციის“ ინფორმაციით, 2018 წლის 21 ივნისიდან აამუშავეს ახალი საფრენოსნო სქემა, „რომლის სტანდარტული პროცედურების შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნა ყველა ბუნებრივი თუ ხელოვნურად არსებული დაბრკოლება, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს საკმაოდ სპეციფიკურს ხდის“.

„საქნავიგაციაში“ აცხადებენ, რომ ახალი სქემის შემუშავებისას, „ყურადღება მიექცა ბათუმში მაღლივი კორპუსების მშენებლობას, რომელიც გარკვეულწილად პრობლემას ქმნის ზოგადად ავიაციისთვის, ვინაიდან აეროდრომის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ეს შენობები, როგორც ხელოვნური დაბრკოლებები. 21 ივნისისთვის გათვალისწინებული იქნა ყველა მშენებარე და დასრულებული კორპუსი და მაქსიმუმია გაკეთებული, რომ აეროპორტის გამტარუნარიანობა დაცული იყოს. ჩიკაგოს კონვენციის რამდენიმე დანართი არსებობს და იმ მოთხოვნებს, რომელთა დაცვაც ჩვენი ვალდებულებაა, ვასრულებთ ჩვენი ფუნქციის ფარგლებში. ნავიგაციის კუთხით ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დაფრენის პროცედურა ბათუმის აეროპორტში იქნება უსაფრთხო“.  

ქ. ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები, სიმაღლეების მითითებით [ახლო ხედით ბათუმზე] / წყარო: ბათუმის მერია. მერიაში და „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ეს რუკა მოძველებულია, თუმცა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დაცვის არეალი და სიმაღლეები არ შეცლილა და ახალ რუკაზე ახლა მუშაობენ. რუკა მოძველებულად შეიძლება მივიჩნიოთ იმ კუთხით, რომ მასზე დატანილი არ არის ის მაღლივი შენობები, რომლებიც ამ რუკის შედგენის შემდეგ აშენდა ბათუმში.

ბევრი შენობა ბათუმში გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს დაშვებულია სქემით [განსაკუთრებით ასაფრენი ზოლიდან 4-კილომეტრიან რადიუსში, სადაც მაქსიმალურ სიმაღლედ დაშვებულია 45 მეტრი სიმაღლის შენობა] არის თუ არა ეს მაღალი შენობები პრობლემა აეროპორტის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის?

„ბათუმში არსებული არც ერთი მაღალი შენობა არ კვეთს უსაფრთხოებისთვის აუცილებელ სიბრტყეებს, მაქსიმალურად არის დაცული ICAO-ს საერთაშორისო საავიაციო სტანდარტები და არანაირ საფრთხეს არ უქმნის ბათუმის აეროპორტში უსაფრთხო ფრენების განხორციელებას“, – მოგვწერეს „საქაერონავიგაციიდან“.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით კი, „4-კილომეტრიან რადიუსში [გარდა დაფრენაზე შესვლის და აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირებისა] საშუალო ზღვის დონიდან 45 მეტრი სიმაღლის შენობის განთავსება დასაშვებია ასაფრენ/დასაფრენი ზოლის ღერძულა ხაზიდან 470 მეტრის დაშორებით. შენობა-ნაგებობები, რომელთა სიმაღლე საშუალო ზღვის დონიდან აღემატება 45 მეტრს ითვლება დაბრკოლებად, აყვანილია შესაბამის კონტროლზე და გათვალისწინებულია სახელსაწყო დაფრენის სქემებზე“.

როგორ მოქმედებს ეს ხელოვნური დაბრკოლებები, ანუ კონკრეტულ ზოლებში დაშვებულ სიმაღლეზე მაღალი შენობები ნავიგაციაზე? – „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, რომ მათი მოვალეობაა გარკვეულ სიმაღლეზე თვითმფრინავი დაეშვას უსაფრთხოდ: „თუ აღიმართება რაიმე შენობა, ჩვენ ისე გავმართავთ დაშვების პროცედურას, რომ ამ მაღალ შენობასაც გავითვალისწინებთ. და ყველა მომდევნო ასეთი შენობის აღმართვის შემთხვევაში ჩვენ მოვახდენთ ამ პროცედურის მოდიფიკაციას. თუმცა, ეს, საბოლოო ჯამში, აეროდრომზე იქონიებს გავლენას, მაგრამ უსაფრთხოება იქნება გარანტირებული“. 

დაფრენის პროცედურებთან დაკავშირებით მეტი განმარტება „საქაერონავიგაციიდან“ ვერ მივიღეთ. კომპანიაში გვითხრეს, რომ „დაფრენის პროცედურა გათვლილია მფრინავისთვის და არა საზოგადოებისთვის“.

თუ დაფრენისას თვითმფრინავი აეროდრომზე ვერ ჯდება, მან მანევრი, ანუ მეორე წრეზე წასვლა ბათუმის თავზე უნდა განახორციელოს. მაღლივი შენობების გათვალისწინება კი სწორედ ასეთი აუცილებლობის დროს ხდება.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ქალაქში ახალი მაღლივი კორპუსების მშენებლობებმა ნავიგაციაზე? – „საქნავიგაციაში“ გვიპასუხეს, რომ „თუ გაგრძელდა ეს მშენებლობები, აეროპორტის მახასიათებლები შეიცვლება და შესაძლოა კომპანიებმა გადაწყვიტონ, რომ თუნდაც ცუდ ამინდში ვერ იფრენენ ბათუმში. ეს ეხება ნებისმიერ აეროპორტს, რომლის სიმაღლეების შეზღუდვის ზონებში შეიქმნება ხელოვნური დაბრკოლებები“.

აუცილებელია თუ არა ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, მაგალითად, 4-კილომეტრიან რადიუსში, მშენებლობის დროს დაცული იქნას არსებული შეზღუდვა და არ აშენდეს 45 მეტრზე მაღალი შენობა? – ამ კითხვით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მივმართეთ.

„აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან მიმართებაში, 4-კმ რადიუსში [შიდა ჰორიზონტალურ სიბრტყეში], მიზანშეწონილია დაცული იქნას 45-მეტრიანი სიმაღლის შეზღუდვა, მაგრამ დასაშვებია 45 მ-ზე მაღალი ობიექტის განთავსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე არსებული უფრო მაღალი ობიექტი დაჩრდილავს ასაშენებელ ობიექტს“, – მოგვწერეს ავიაციის სააგენტოდან.

4-კილომეტრიანი რადიუსი, რომელიც მაგალითისთვის ავიღეთ, საკმაო ტერიტორიას მოიცავს და აეროპორტიდან თითქმის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფომდე ვრცელდება. ამ სივრცეში კი არაერთი შენობაა 45 მეტრზე მაღალი [მათ შორის 75 და 105 მეტრის]. ამ ეტაპზე სააგენტოსთან არ დაგვიკონკრეტებია, რომელი შენობა რომელს ჩრდილავს, თუმცა გვაქვს დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ იგივე სააგენტოს წერილის საფუძველზე, დაახლოებით 6 წლის წინ, ამ ზოლში, ერთ-ერთ კომპანიას არ მისცეს უფლება აეშენებინა 45 მეტრზე მაღალი შენობა.

საუბარია აეროპორტის ასაფრენ ზოლთან ახლოს, პლაჟთან არსებულ ნაკვეთზე, სადაც „რეკან გრუპ ჯორჯია“ სასტუმროსა და აპარტოტელებს აშენებს. მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიის მიერ 2016 წლის მარტშია გაცემული 48,5 მეტრი სიმაღლის შენობების აშენებაზე. ამ ნაკვეთზე კი სხვა კომპანიას – „სისთემ ინშაათს“, რომელსაც აქ 200 ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, უარი ეთქვა 45 მეტრზე მაღალი შენობის აშენებაზე.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „სისთემ ინშაათ“-ის განცხადებით, „მშენებლობის ნებართვის პროცესში გაირკვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო მსგავსი პროექტის განხორციელება, ვინაიდან სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ წერილით ირკვევა, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიახლოვეს და აღნიშნულ ტერიტორიაზე შეუძლებელია 45 მეტრზე მეტი შენობის აშენება. შესაბამისად [ბათუმის] მერის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანებით უარი ეთქვათ პროექტის შეთანხმებაზე“.

იზრდება თუ არა შემზღუდავ ზონებში დაშვებული სიმაღლე

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ მათთან არსებული სქემა მოძველებულია და ელოდებიან ახალს.

„აეროპორტიდან რუკები როცა გადმოგვცეს, გვითხრეს, რომ ამა და ამ არეალში რაც კი იქნება დაგეგმილი მშენებლობა შეგვითანხმეთ პროექტებიო. აეროპორტის სიახლოვეს რაც მშენებლობებია – მაღალი თუ დაბალი, ყველა პროექტს ვაგზავნით აეროპორტში. იყო გაუგებრობები ამ რუკებთან დაკავშირებით და ჩვენ ვაპირებთ მივწეროთ შესაბამის უწყებას გამოგვიგზავნონ ბოლო რუკა/სქემა… სამშენებლო პროცესს ვერ შევაჩერებთ, მოგვაწოდონ უნდა არეალების მიხედვით, სად რა სიმაღლეა დაშვებული, რაც გვაქვს, იმაზე თქვეს, მოძველებულიაო“, – ამბობს მირიან მეტრეველი.

„ტავ ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ მერიაში ახალი სქემა გადაგზავნილია, „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“ კი, ვინც ადგენს ამ სქემას, აცხადებენ, რომ ახალი სქემა ჯერ შემუშავების პროცესშია.

„სააგენტოს მიერ დადგენილი აეროდრომის დაცვის არეების პარამეტრები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება [სტანდარტები დადგენილია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მოთხოვნების თანახმად], ასევე უცვლელი დარჩება სიმაღლეების შეზღუდვის არეალებიც, მოხდება მისი ელექტრონულ ფორმატში ვიზუალიზაცია და სეგმენტებად დაყოფა, რაც გააადვილებს და მოაწესრიგებს სამომავლოდ სიმაღლეების შეთანხმებისა და აღრიცხვის პროცესებს“, – მოგვწერეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან.

შემუშავების პროცესში მყოფი აეროდრომის დაცვის არე [სიმაღლეების მითითებით საშუალო ზღვის დონიდან]. ამ ნახაზის მიხედვით, მაგალითად იმ რაიონში, სადაც ჩიკაგოს კონვენციით და მოქმედი სქემით დაშვებული სიმაღლეა 45 მეტრი, ახალ სქემაში დაშვებული სიმაღლე იქნება 56 მეტრი/წყარო სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

სააგენტომ ბათუმის აეროდრომის დაცვის არის ნახაზი მოგვაწოდა, რომლის მიხედვით, იმ რაიონში, სადაც ჩიკაგოს კონვენციით და მოქმედი სქემით დაშვებული სიმაღლეა, მაგალითად 45 მეტრი, ახალ სქემაში დაშვებული სიმაღლე იქნება 56 მეტრი. ზრდის თუ არა დაშვებულ სიმაღლეებს სააგენტო?

„აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან მიმართებაში, 4-კმ რადიუსში 45-მეტრის სიმაღლეზე მდებარე შემზღუდველი ზედაპირი [შიდა ჰორიზონტალურ სიბრტყე] აითვლება აეროდრომის შემაღლებიდან, რაც ბათუმის მაგალითზე შეადგენს 11 მ-ს საშუალო ზღვის დონიდან [შესაბამისად 11+45=56], ხოლო ჩვენს მიერ მოწოდებულ ნახაზზე აღნიშნული სიმაღლე 56 მეტრი მოცემულია საშუალო ზღვის დონიდან“, – განმარტავენ სააგენტოში.​

გადააქვთ თუ არა ბათუმის აეროპორტი

საქართველოს მთავრობამ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა გონიოს განვითარების კონცეფცია, თუმცა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ინვესტიციის მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დღემდე არაფერი გაკეთებულა. ტერიტორია, რომელიც 2 მილიონ 800 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია.

ეს ტერიტორია მოქცეულია ასევე ბათუმის აეროდრომის იმ სივრცეში [დაფრენისას აეროდრომიდან მარჯვნივ], სადაც სიმაღლეები შეზღუდულია. აბრკოლებს თუ არა ეს შეზღუდვა ყოფილი პოლიგონის განვითარებას?

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქალაქ ბათუმის აეროდრომის ფრენების პროცედურების დიზაინის შესაბამისად, საჰაერო ხომალდი დასაფრენად მეორე წრეზე წასვლის შემთხვევაში, მანევრს ქალაქზე გადაფრენით ახორციელებს. მეორე წრეზე წასვლა შეზღუდულია აეროდრომიდან სამხრეთ მიმართულებით, ვინაიდან იქ არსებობს გონიო-ახალსოფლის მთა, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ შემზღუდავ ზონას, რის გამოც გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე აღნიშნული სიმაღლეების შეზღუდვა არ ხორციელდება“.

ფაქტობრივად იგივე გვითხრეს „ტავ ჯორჯიაში“: „სახელსაწყო დაფრენის შესრულებისას საჰაერო ხომალდის მეორე წრეზე წასვლა შესაძლებელია მხოლოდ მარცხენა მოხვევით ქ. ბათუმის მიმართულებით, შემდგომ ზღვაზე გასვლით. სახელსაწყო დაფრენის პროცედურები, გონიოს მიმართულებით არსებული რელიეფის გამო, არ ითვალისწინებს საჰაერო ხომალდის მარჯვნივ შემობრუნებას“. 

აჭარაში, ზოგიერთ მსხვილ მშენებელ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ყოფილი პოლიგონის და, ზოგადად, ბათუმის განვითარება მიბმულია აეროპორტთან. „ქალაქს ისედაც პატარა ტერიტორია აქვს და სიმაღლეები სჭირდება. ქალაქი კი ერთიანი კონცეფციის ფარგლებში და აეროპორტის ჭრილში უნდა განვითარდეს. თუ აეროპორტი დარჩება, სხვა კონცეფციაა საჭირო, თუ არ დარჩება, მაშინ სხვა“, – გვითხრეს ერთ-ერთ კომპანიაში.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე, განაშენიანების გეგმაზე და ასე შემდეგ. გათვალისწინებულია თუ არა სიმაღლეების შეზღუდვის ზონები ამ გეგმებზე მუშაობის დროს და უშლის თუ არა აეროპორტი ხელს აღნიშნული გეგმების შემუშავებას – ზოგადად ქალაქის განვითარებას სიმაღლეების შეზღუდვის ზონებში? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ქალაქის მერს მიმართა, თუმცა პასუხი კონკრეტული მისგან ვერ მივიღეთ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აეროპორტის საკითხი გეგმების შემუშავებაში გათვალისწინებული იქნება.

თვითმფრინავის აფრენა ბათუმის აეროპორტიდან / მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვინაიდან ბათუმის აეროპორტს გაფართოების შანსი არ აქვს, ამასთან, ერთგვარად ხელს უშლის ქალაქის განვითარებას [სიმაღლეში გაზრდას – სიმაღლის შემზღუდავი სივრცეების გამო], საქართველოს მთავრობაში განიხილებოდა აეროპორტის ბათუმიდან გადატანის საკითხი.

ბათუმის მომავალი აეროპორტის სავარაუდო ადგილად კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მერია [აქ ადრე აეროდრომი იყო] ან ქობულეთის აეროდრომის ტერიტორია განიხილებოდა.

„ბათუმელებს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და ბათუმის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით უთხრეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ. „საქაერონავიგაციაში“ კი განაცხადეს, რომ ეს საკითხი „მაღალ დონეზეა გადასაწყვეტი, თუმცა ჩვენ პირველ რიგში გავიგებდით, ბევრი პროცედურაა, მიმდინარე გეგმის დონეზეც არ არის, მეტიც, 5-წლიან გეგმაშიც კი ბათუმის აეროპორტის გადატანა არც გვაქვს ჩადებული“. 

აეროპორტის შესაძლო გადატანაზე ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“.

[red_box]ბათუმის აეროპორტის გადატანის მიზეზი კი „საჭიროების შემთხვევაში“ შესაძლოა ადვილად გამოინახოს:[/red_box]

[checklist]

  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მთების განლაგების გამო, ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავის როგორც დაფრენა, ისე აფრენა, მხოლოდ ერთი მიმართულებით [კურსით], ზღვის მხრიდან ხორციელდება. ეს ერთი აფრენა-დაფრენის კურსი კი ძალიან ზღუდავს ბათუმის აეროპორტის შესაძლებლობებს.
  • ბუნებრივი დაბრკოლებისა და ასევე საქართველო-თურქეთის საზღვართან სიახლოვის გამო საჭიროების შემთხვევაში აეროდრომზე დაფრენის დროს საჰაერო ხომალდის მეორე წრეზე წასვლა შეზღუდულია და მან მანევრი მხოლოდ ბათუმის თავზე უნდა განახორციელოს.
  • აეროპორტებისთვის ერთ-ერთ დაბრკოლებად მიიჩნევა ასევე ის, არის თუ არა ახლოს ნაგავსაყრელი [უსაფრთხოების მიზნით აქ ფრინველების სიმრავლე განიხილება, რამაც შესაძლოა პრობლემა შეუქმნას თვითმფრინავის ფრენის უსაფრთხოებას]. ბათუმის აეროდრომთან ახლოს ფუნქციონირებს ბათუმის ნაგავსაყრელი, რომლის გადატანა გადაწყვეტილია, თუმცა, ჭოროხის დელტა და მდინარის შესართავი ზღვასთან, ბათუმის იმ ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრის“ ნაწილია, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. აეროდრომის დაცვის არე კი დიდწილად ამ „სამიგრაციო ძაბრსაც“ მოიცავს.

[/checklist]

თვითმფრინავის დაფრენის დროს ბათუმის აეროდრომიდან აფრენილი ფრინველები / მანანა ქველიაშვილის ფოტო

საქართველოს კანონი – საქართველოს საჰაერო კოდექსი:

 „აეროდრომის რაიონში მიწის ნაკვეთის, შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ობიექტების მფლობელები მათი განთავსებისას ან გამოყენებისას ვალდებული არიან, მათი გამოყენების და ამ ობიექტებით სარგებლობის პირობები აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირთან შეათანხმონ და შესაბამისი სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვით აწარმოონ“. [მუხლი 41]

„იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც არღვევენ აეროდრომის რაიონში მიწათსარგებლობის და ობიექტების მშენებლობის წესებს, ვალდებული არიან, აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მოთხოვნით, მიწათსარგებლობის პირობები და ახალი მშენებლობები დადგენილ ნორმებს შეუსაბამონ ან საკუთარი სახსრებით აიღონ ობიექტები“. [მუხლი 41]

„[სამოქალაქო ავიაციის] სააგენტო უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განხორციელებისას მოპოვებული ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე ან საავიაციო უშიშროებაზე, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-19 დანართის შესაბამისად“. [მუხლი 8]

თვითმფრინავის დაშვება ბათუმის აეროპორტში / ვიდეო „ბათუმელების“ არქივიდან:

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: