„ეს არაკონსტიტუციურია, კონსტიტუციის შეუსაბამოა აშკარად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა „ოცნების“ მიერ მიღებულ ბოლო რეპრესიული კანონმდებლობიდან რამდენიმე სამართლებრივ ნორმაზე.
თეთრიწყაროს სასამართლოში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული რამდენიმე რეპრესიული, სამართლებრივი ნორმა არ გამოიყენა, საქმისწარმოება შეაჩერა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსამართლის ერთ-ერთი ასეთი წარდგინება ჯარიმების გადაუხდელობის გამო პირის აუცილებელ დაპატიმრებას ეხება. მოსამართლე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კანონის ახალი ჩანაწერი.
- თუ რომელიმე მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ბუნდოვანია, ან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მას შეუძლია საქმის განხილვა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. საქმისწარმოების განახლება ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
- მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას თეთრიწყაროში შეუჩერებია რამდენიმე ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რომელიც შეეხება წვრილმან ხულიგნობას [ასკ-ის 166-ე მუხლი], ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას [ასკ-ის 173-ე მუხლი]. ამ მუხლებით აკავებენ ყველაზე ხშირად პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეებს.
„…ბოლო პერიოდის ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმის გადაუხდელობის გამო მინიმუმ 30-დღიან პატიმრობას პირისთვის, თუ ის განმეორებით ჩაიდენს იმავე სამართალდარღვევას, მაშინ, როცა სხვა ნაწილები უფრო მძიმე სანქციას ითვალისწინებენ ჯარიმის სახით,“ – უთხრაა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ბათუმელებს“. – „დავუშვებთ, ერთი ადამიანი გადაიხდის ჯარიმას – ის არ იქნება დაპატიმრებული, თუ ვერ გადაიხდის – მინიმუმ 30 დღით უნდა იყოს დაპატიმრებული. აქ სასამართლოს სხვა საშუალება არ აქვს.
მე, უშუალოდ, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არ მაქვს საქმე განსახილველად, მე მქონდა მხოლოდ პოლიციელის, ასე ვთქვათ, დაუმორჩილებლობა – წარმოებაში რა საქმეც მქონდა. თუმცა ანალოგიური ცვლილებებია შესული ამ მანიფესტაციების მარეგულირებელ ნორმებშიც. ერთად შევიდა ეს ცვლილებები კანონში 2025 წელს.
ეს აშკარად შეუსაბამოა კონსტიტუციასთან. წინააღმდეგობაში მოდის პირდაპირ ადამიანის ძირითად უფლებებთან,“ – გვითხრა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ.
- რატომ მიაჩნია მოსამართლეს, რომ „ოცნების“ პარლამენტის მიღებული ახალი სამართლებრივი ნორმები არაკონსტიტუციურია?
„შეუძლებელია, რომ მხოლოდ ადამიანის სოციალურ და ეკონომიურ მდგომარეობაზე იყოს დამოკიდებული: ადამიანი იქნება თუ არა თავისუფალი. შეუძლებელია, ადამიანს, რომელსაც აქვს სოციალური პრობლემა, მას არ აქვს თანხა იმის, რომ გადაიხადოს ჯარიმა, ის ამისთვის უპირობოდ იყოს 30-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში მაშინ, როცა თუ გადაიხდის თანხას, შესაძლებელია, რომ ის პატიმრობაში არ იყოს.
თუ ვერ იხდი ჯარიმას, მოსამართლემ უნდა მოგცეს 173-ე მუხლის შემთხვევაში 30 დღიდან 60 დღემდე პატიმრობა, უალტერნატივოდ,“ – ამბობს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა.
ამ მოსამართლის კიდევ ერთი წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანას ეხება.
„როცა ადამიანს მცირე ოდენობით [ერთი-ორი გრამი] უნახავენ მარიხუანას სახლში, არ აქვს მოხმარების ნიშნები და ვთქვათ ადამიანი ტაქსაობს, სახლში უნახეს 3 გრამი მარიხუანა, მას 3 წლით ერთმევა მართვის უფლება, ერთმევა ასევე სხვა უფლებები 5 წლით და ადამიანი რჩება შემოსავლის გარეშე… მივმართეთ ამ კუთხით, რომ არასამართლიანია სასჯელი.
ეს იგივეა, 20 ლიტრი ღვინო რომ გინახონ სახლში და გითხრან, შენ შეიძლება ეს ღვინო დალიო, დაჯდე საჭესთან, ამიტომ მართვის უფლებას ახლა ჩამოგართმევთო,“ – გვითხრა ვლადიმერ ხუჭუამ.
„ოცნების“ პარლამენტის მიერ შეცვლილი კანონმდებლობით 5 გრამზე მეტი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სასჯელი 6 წლამდე პატიმრობაა
ამ თემაზე:
ვინ არის ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი უბნების გაბათილებაზე






