განათლება,მთავარი,სიახლეები

„სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება აეკრძალებათ“- მიქანაძე

05.12.2025
„სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება აეკრძალებათ“- მიქანაძე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიღების შემდეგაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება აეკრძალებათ.

„უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით, მომდევნო სასწავლო წლიდან დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიზნით იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება.

გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა ფორმატით.

საგულისხმოა, რომ ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში“ – ამბობს გივი მიქანაძე.

მისივე ინფორმაციით, დღეს მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 19 უნივერსიტეტია სახელმწიფო, ხოლო 45 კერძოა.

„შესაბამისად, მათ [უცხოელ სტუდენტებს] თავისუფლად შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ და სასურველ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასურველ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა“- ამბობს გივი მიქანაძე.

„ოცნების“ მინისტრის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე პრესრელიზში, რომელიც დღეს, 5 დეკემბერს გავრცელდა, ნათქვამია, რომ სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ და სტუდენტს გრანტი აღარ ექნება.

„შესაბამისად, დაფინანსების ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება და კერძო უნივერსიტეტებისთვისაც ეს სიახლე თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ახალი დაფინანსების მოდელი მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იქნება მიმართული.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ“ – ამბობს გივი მიქანაძე.

მისივე განმარტებით, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე. (მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე) და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: