„ამ რეფორმას სრულიად სამართლიანად უწოდეს „დეფორმა“. იმიტომ, რომ დეკონსტრუქციაა იმ სიკეთეების, რაც აქამდე იყო განათლების სისტემაში და განსაკუთრებით უმაღლესი განათლების სისტემაში. ამ რეფორმით იგებს ხელისუფლება და აგებს საზოგადოება“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი, თსუ-ს პროფესორი, სოციოლოგი „ბათუმელებთან“.
ჩვენ მას ვკითხეთ, რას ართმევს „ქართული ოცნება“ ახალგაზრდებს, უნივერსიტეტებს ამ „რეფორმით“ და რას იგებს რეჟიმი.
იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, „ოცნება“ იმიტომ ცდილობს დღეს არსებული სისტემის დეფორმაციას, რომ მისი მიზანი უმაღლესი სასწავლებლების სრული კონტროლია.
„2005 წელს გამოვედით საბოლოოდ საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის ყაიდიდან და შევუერთდით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს, რადგან ამ წელს შევუერთდით ბოლონიის პროცესს.
ბოლონიის პროცესის, ანუ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების მთავარი ხიბლი იყო ის, რომ ახალგაზრდაზე – აბიტურიენტსა და სტუდენტზე იყო ორიენტირებული სწავლება და ეს სისტემა ხელს უწყობდა ახალგაზრდის და მისი ოჯახის თავისუფალ არჩევანს“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

იაგო კაჭკაჭიშვილი
მისი თქმით, თავისუფლების გამოხატულებაა, როდესაც სახელმწიფო ეუბნება ახალგაზრდას, რომ მე შენ გეხმარები, გაძლევ განათლების მიღების გრანტს და შენ გაქვს უფლება, ეს გრანტი მოიხმარო შენი ინტერესების შესაბამისად.
„რას ნიშნავს „შენი ინტერესების შესაბამისად“ გრანტის განკარგვა? – იმას, რომ შენ შეგიძლია წახვიდე იმ უნივერსიტეტში, რომელიც გინდა. შეგიძლია წახვიდე იმ პროგრამაზე ან პროგრამებზე, რომელიც გაინტერესებს. შესაძლოა, ერთი რამ არ გაინტერესებდეს, ამიტომ შეგიძლია სხვადასხვა პროგრამის მიმართ შენი ინტერესი დააფიქსირო.
შეგიძლია წახვიდე კერძო უნივერსიტეტში და იქ ისწავლო, თუ არ გინდა სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა. ასევე, შენ შეგიძლია შეიჩერო დროებით სწავლა, თუ აღმოაჩენ, რომ ამჯერად სხვა რამ გაინტერესებს. შეგიძლია შეინახო გრანტი და განაახლო სწავლა ერთი ან ორი წლის მერე. შეგიძლია მობილობა, ანუ გადასვლა ერთი სასწავლო პროგრამიდან სხვა სასწავლო პროგრამაზე, ერთი უნივერსიტეტიდან სხვა უნივერსიტეტში.
შეგიძლია აირჩიო საგნები და არ გაქვს „ხისტი ცხრილი“, რაც ჩვენ გვქონდა, ვთქვათ, საბჭოთა დროს.
საბჭოთა უნივერსიტეტებში იყო ასე, რომ არ არსებობდა არჩევანი. აი, ეს – არჩევანის თავისუფლება იყო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ურთიერთობის და მასთან შერწყმის ძირითადი უპირატესობა და ამას უტევს ხელისუფლება. მას სურს წაართვას აბიტურიენტს და სტუდენტს არჩევანი და აქციოს მარიონეტად, რომელიც იმოძრავებს მხოლოდ ხელისუფლების მითითებების შესაბამისად“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
მისი აზრით, განათლების სისტემის დეფორმიზაცია არ შეჩერდება, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ ააშენა საქართველოში ავტორიტარიზმი.
„მხოლოდ განათლების სფერო იყო ხელშეუხებელი და ამ სივრცეშიც დაიწყო ავტორიტარული ნაბიჯების გადადგმა. რა ნაბიჯებია ეს – დაფინანსების სისტემა იშლება, სტუდენტს არ შეუძლია რომელიმე სასწავლო პროგრამაზე ერთი ქალაქის ფარგლებში ისწავლოს მის მიერ არჩეულ უნივერსიტეტში.
სტუდენტს არ შეუძლია მისთვის საინტერესო, სასურველ სასწავლო პროგრამაზე ისწავლოს მის მიერ არჩეულ უნივერსიტეტში. მაგალითად, თუ მე ვცხოვრობ თბილისში და მინდა ვისწავლო სამართალი, სოციოლოგია ან სხვა რამ, სახელმწიფო მეუბნება – „შენ სამართალს ისწავლი მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში, თბილისში“.
დღეს, მაგალითად, სოციოლოგიის სწავლებას უზრუნველყოფს ოთხი უმაღლესი სასწავლებელი თბილისში – ჯავახიშვილის, ილიას უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი. სახელმწიფო ეუბნება აბიტურიენტს: შენ არ გაქვს უფლება, არჩევანი გააკეთო ამ უნივერსიტეტებს შორის.
კი ბატონო, შენ შეგიძლია წახვიდე კერძო უნივერსიტეტში, მაგრამ კერძო უნივერსიტეტში რომ წავიდე, გრანტი აღარ მომყვება ამ „დეფორმით“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტუდენტური სასწავლო გრანტების დასაფინანსებლად ყოველწლიურად 14 მილიონამდე ლარი გამოიყოფა. აქედან თანხის ყველაზე მეტი წილი სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიდის, რადგან კერძო უნივერსიტეტებში ნაკლები სტუდენტი სწავლობს და გრანტსაც ნაკლები სტუდენტი მოიპოვებს.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაგალითად, 2024-2025 სასწავლო წელს, მთლიანობაში, 125 612 სტუდებტი სწავლობს მხოლოდ საბაკალავრო პროგრამაზე.
მათგან 80 281 სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს, 45 331 სტუდენტი კი – კერძოში.
სახელმწიფო გრანტის ოდენობა 2 250 ლარია.
„საგრანტო დაფინანსების გაუქმების შემდეგ კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტთა კონტინგენტი მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ, რადგან სტუდენტს გრანტი აღარ ექნება, კერძოში კი სწავლა ძვირია.
უცხოელი სტუდენტები შეგიძლიათ მიიღოთო, რომ უთხრეს კერძოებს, ვერც ეს იქნება მათთვის გამოსავალი, რადგან საქართველოში უცხოელები (ინდოელები და პაკისტანელები გვყავს ჩვენ ძირითადად) მარტო სამედიცინო მიმართულებით სწავლობენ და სხვა სპეციალობებს ასე მასობრივად არ ირჩევენ. ეს მიმართულებაც შეუნარჩუნდება მხოლოდ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს და სხვებს აღარ ექნებათ ამ მიმართულებაზე უცხოელების მიღების შესაძლებლობა“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
რადგან „ოცნების“ რეფორმა ითვალისწინებს ფაკულტეტების შემცირებას სხვადასხვა უნივერსიტეტში, ეს გამოიწვევს პროფესორ-მასწავლებლების უმუშევრობასაც, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული კვოტები კი მისაღები ადგილების რაოდენობას შეამცირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტების დიდი ნაწილი უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დარჩება.
განათლების სამინისტრო ამ დრომდე არ ასახელებს კონკრეტულ ციფრს, თუ რამდენ სტუდენტს მიიღებენ მომავალ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტები.
„ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ საკომიტეტო მოსმენისას თქვა, რომ ამას შეგნებულად არ ამბობენ, რადგან ეს კვოტები ეკონომიკის სამინისტრომ შრომითი ბაზრის კვლევის შედეგად უნდა განსაზღვროს.
„ეს არის ქაოსის ილუსტრაცია, რომელიც ამ რეფორმის კონტექსტში ხდება. იმდენად ფორსირებულად მიდის და იმდენად მოუმზადებლად, რომ ძალიან ბევრ გამოწვევაზე მათ ჯერ პასუხი არ აქვთ. ამაშია ხელისუფლების ვირეშმაკობა, რომ ჯერ იწყებენ რაღაც ნაბიჯის გადადგმას და შემდეგ იზრდება მათი ავტორიტარული მადა. მაგრამ ფაქტია, რომ სტუდენტების რაოდენობა საქართველოში დრამატულად შემცირდება“, – გვეუბნება ის.
განათლების სამინისტრომ ასევე არ თქვა, როდის ჩაატარებს ბაზრის კვლევას ეკონომიკის სამინისტრო, რა ვადებში, რა პრინციპით ჩატარდება ეს კვლევა და თუ ჯერ არ არსებობს კვლევის შედეგები, მაშინ როგორ იგეგმება წინმსწრებად მსგავსი ძირეული ცვლილებები?
„უნივერსიტეტებში სპეციალობების დაგეგმვა შრომის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად, ეს არის „ველური კაპიტალიზმი“ და „ველური იმპერიალიზმი“, რადგან არსებობს სპეციალობები, რომლებზე მოთხოვნაც დაბალია, მაგალითად, კლასიკური ფილოლოგია, ფილოსოფია და ასე შემდეგ. მაგრამ შესაძლოა სასიცოცხლოდ შეესაბამებოდეს ეს სპეციალობები ახალგაზრდების ფუნდამენტურ ინტერესებს და რა გავაკეთოთ ახლა? რადგან ფილოსოფიაზე მოთხოვნა არ არსებობს, გავაუქმოთ ფილოსოფიის ფაკულტეტი? მხოლოდ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად სასწავლო პროგრამების ლეგიტიმაცია ძალიან სახიფათოა. ფრთხილი მიდგომა სჭირდება ამას და არ შეიძლება ასე ქირურგიულად ჩაერიო.
მე მგონია, რომ ფინანსური ნაწილი არ არის წამყვანი საკითხი. წამყვანია ის, რომ ამ განათლების სისტემას ხდი სახელისუფლებო ვერტიკალზე ჩამოკიდებულს და არ აძლევ მას თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას.
აკადემიური სივრცის მოთვინიერებაა ამ პროექტში მთავარი და ეს არის სრულიად ცალსახა.
ამას მოჰყვება უნივერსიტეტების დეკონსტრუქცია და შეიძლება გაუქმებაც კი. მაგალითად, ეს დეფორმა მიმართულია ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეს უნივერსიტეტი ყველაზე გამოკვეთილად კრიტიკულია. ამიტომ ამ ჩიტის დაჭერაც უნდათ და ასევე მოთვინიერება უმაღლესი და ზოგადი განათლების სფეროსი“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
სტატისტიკის მიხედვით, დღეს საქართველოში 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტია.
„ოცნების“ მიერ დაგეგმილ ცვლილებებზე ვესაუბრეთ განათლების მკვლევარ ლელა ჩახაისაც. მისი შეფასებით, აღნიშნული განათლების მოდელი დაჩაგრავს ნაკლებად თავდაჯერებულ აბიტურიენტებს.

ლელა ჩახაია, მკვლევარი
„წარმოიდგინეთ, მე თუ სოფლის სკოლა დავამთავრე და თან ვიცი, რომ, მაგალითად, თსუ-ს სამართალი არის ძალიან პოპულარული, მე მომინდება, რომ პირველად ეს უნივერსიტეტი შემოვხაზო და მერე გავაკეთო სხვა არჩევანი, ხომ? მაგრამ თუ მაკლია თავდაჯერება, განაცხადს გავაკეთებ ნაკლებად მოთხოვნად უნივერსიტეტზე. მით უმეტეს, ახლა ისიც არ არის ცნობილი, რამდენიმე უნივერსიტეტის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ აბიტურიენტებს თუ არა“, – ამბობს ლელა ჩახაია.
მისი თქმით, თუ მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებთან დატოვებენ არჩევის უფლებას, მაშინ ჩარიცხვის სისტემა ერთიანი აღარ გამოვა და ასეთ შემთხვევაში, ჩარიცხვის ორი სისტემა უნდა დანერგონ, „რაც არასწორი იქნება“.
„თუკი არჩევანის უფლებას წაართმევენ აბიტურიენტებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ძალიან შემცირდება მიღებული სტუდენტების რაოდენობა. რამდენს მიიღებს ერთი უნივერსიტეტი ერთ ფაკულტეტზე? რესურსები არ არის შეუზღუდავი და ეს ხომ ისედაც გამოიწვეს ადგილების რაოდენობის შემცირებას.
ითქვა, რომ ამ ცვლილებებით 10 მილიონი ლარი დაიზოგება წელიწადში, თუმცა აქ ეს საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე მიზერულ თანხებს გამოყოფს. მსოფლიოს თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი დაფინანსება და მით უმეტეს, განვითარებულ ქვეყნებში.
ახლა ვითომ ხარისხის გასაუმჯობესებლად დაგეგმეს ეს რეფორმა ხომ? თან დაფინანსებას არ ზრდიან“ – ამბობს ლელა ჩახაია.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგრანტო დაფინანსებაზე 136 მლნ 950 ათასი ლარია გათვალისწინებული (2025 წლის ბიუჯეტში – 136 მლნ 150 ათასი ლარი იყო). ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების დაფინანსება ამ ახალი რეფორმის ფარგლებშიც მინიმალურად იზრდება.
„დაფინანსება და ხარისხი მიდის ხელჩაკიდებული – არ არსებობს ხარისხის გაზრდა დაფინანსების გაზრდის გარეშე. ეს დაფინანსება კი ძალიან სასაცილოა. მაშინ, როცა ამბობენ, რომ ეკონომიკა იზრდება, დაფინანსება კი საერთოდ არა“, – ამბობს ლელა ჩახაია.






