მთავარი,სიახლეები

“2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია” – საიას ანგარიში

10.12.2025 •
“2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია” – საიას ანგარიში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

„როგორც წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, 2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია, რაც ნიშნავს, რომ ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე – იმ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიას ფუნქციურს ხდის.

2025 წელს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. წელსაც გრძელდებოდა დემონსტრანტების არასათანადო მოპყრობა. ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სისტემურ წამებაზე პასუხისმგებელი პირები კვლავ დაუსჯელები რჩებიან,“ – აცხადებს საია.

საიას ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი.

„ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ძირის მიზანმიმართული გამოთხრა სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებებით და დაჯარიმებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებითა და დეზინფორმაციის კამპანიებით. რეპრესიების განსაკუთრებულ სამიზნეს სწორედ ის ინსტრუმენტული უფლებები წარმოადგენდნენ, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და სხვა უფლებით სარგებლობის გარანტორები არიან: გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლებები,“ – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლება.

მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის აკრძალვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის დაცვის გარანტიების შესუსტებით, მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვით, სასამართლოებში მედიის საქმიანობის შეზღუდვით.

„გაუარესებას განაგრძობდა შეკრების თავისუფლების მდგომარეობაც. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი, ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი, ცვლილება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, შემოიღო ახალი სამართალდარღვევები, მნიშვნელოვნად გაზარდა სანქციები. მთელი წლის განმავლობაში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა უსაფუძვლო ადმინისტრაციული პატიმრობები, მაღალი ჯარიმები, ფიზიკური ძალადობა“.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე ყოველი წლის 10 დეკემბერს აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ პარიზში 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების სამახსოვრო თარიღს უკავშირდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის – „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში – 2025 წელს“ – ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: