2025 წლის 10 დეკემბრიდან ამოქმედდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ მთავრობის დადგენილება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა 5 800-ით არის განსაზღვრული.
გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება ელექტრონულად განხორციელდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით.
წვევამდელებს დეკემბერში შეარჩევენ და 2026 წელს გაიწვევენ ეტაპობრივად, კერძოდ:
საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის ერთ ეტაპად 6 თვის ვადით – 2026 წლის 1-ელი მარტიდან;
საბრძოლო მხარდაჭერის ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის კი ოთხ ეტაპად 8 თვის ვადით, მათ შორის:
- პირველი ეტაპი – ორ ნაწილად: I ნაწილი – 2026 წლის 1-ელი მარტიდან; II ნაწილი – 2026 წლის 1-ელი აპრილიდან;
- მეორე ეტაპი – 2026 წლის 1-ელი ივნისიდან;
- მესამე ეტაპი – 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან;
- მეოთხე ეტაპი – 2026 წლის 1-ელი დეკემბრიდან;
უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე სამსახურისთვის ერთ ეტაპად 11 თვის ვადით – 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო სამსახურის ზემოთ აღნიშნული სახეების დაკომპლექტების ოდენობებს თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობიდან.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 18-იდან 27 წლამდე ასაკის პირებს, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების უფლება.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება განხორციელდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მუნიციპალური/რაიონული განყოფილებების მიხედვით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით.“
შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესი 2025 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ამ წესის მიხედვით შემთხვევითი შერჩევა უნდა განხორციელებულიყო ყოველი კალენდარული წლის 31 იანვრამდე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, თუმცა ეს ჩანაწერიც შეიცვალა და ჩაწერეს, რომ „შემთხვევითი შერჩევა ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ყოველი კალენდარული წლის დეკემბრის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული პირები გაიწვევიან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში.“.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებია:
- საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე;
- დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე;
- უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვე.
ამ სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთის თავისი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება კი აქვს:
- ა) გაწვევის გადავადების უფლების მქონე პირს, რომელმაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა;
- ბ) პირს, რომელმაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახებამდე გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი;
- გ) ასევე პირს, რომელიც გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო [ეხება უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს].
დადგენილების მიხედვით, „გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლება წარმოიშობა მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებაში შექმნილი გამწვევი კომისიის მიერ სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან და სრულდება წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში“.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებას იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან, სავარაუდოდ, თავს არიდებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.“ – წერია დადგენილებაში.
2024 წლის იანვრიდან მუნიციპალიტეტებთან არსებული მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურები გაუქმდა. ყოფილი სამსახურების ფუნქციები კი რეკრუტირების მუნიციპალურმა/რაიონულმა განყოფილებებმა შეითავსეს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებიან. წვევამდელთა გაწვევის პროცესის კოორდინაციას და კონტროლს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
_________________________
მთავარი ფოტო არქივიდან.






