ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ქობულეთის შემოვლითი გზა შესაძლოა 4-ზოლიანად გადააკეთონ – 10,5 მილიონი პროექტისთვის

30.04.2023 • 6201
ქობულეთის შემოვლითი გზა შესაძლოა 4-ზოლიანად გადააკეთონ – 10,5 მილიონი პროექტისთვის

ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზა, შესაძლოა 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადააკეთონ. მანამდე საჭიროა შესაბამისი კვლევა და პროექტი, რომელიც სხვა დეტალებთან ერთად განსახლებისა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემასაც უნდა ითვალისწინებდეს. არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და პროექტი კერძო საკუთრებას აუცილებლად შეეხება.

ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ ახალი გზის სავალი ნაწილი უნდა მოეწყოს არსებული გზის გასწვრივ და მოძრაობის ნაკადების შეუფერხებლად.

„ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10,5 მილიონი ლარია.

წინადადებების მიღება 2023 წლის 26 მაისს დაიწყება და 31 მაისს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით, ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების დეტალური პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა/კონსულტანტმა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 18 თვეში უნდა მოამზადოს.

კონსულტანტისგან გზების დეპარტამენტი მომსახურებას 2 ნაწილად შეისყიდის – ჯერ, კვლევა-დასაბუთებას და შემდეგ დეტალურ პროექტს.

დეტალური პროექტის მომზადებით განისაზღვრება იმ თანხის სავარაუდო ოდენობაც, რაც ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის იქნება საჭირო.

თუმცა, გზების დეპარტამენტი – თუ კვლევის შედეგებს გზის 4-ზოლიანად გადაკეთებისთვის არასაკმარისად ჩათვლის – იტოვებს უფლებას შეაჩეროს ხელშეკრულება და აღარ გააგრძელოს პროექტირებაზე მუშაობა.

„ქობულეთის შემოსავლელი გზა იწყება შეკვეთილიდან და სრულდება ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან, აღნიშნული საავტომობილო გზის სრული სიგრძე შეადგენს დაახლოებით 31,3 კილომეტრს“ – აღნიშნულია სატენდერო დავალებაში.

ინფორმაციისთვის:

[checklist]

  • 4-ზოლიანად გადაკეთების შემდეგ, ქობულეთის მაგისტრალი, შეკვეთილიდან, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის გაგრძელება იქნება, რომელიც ასევე 4-ზოლიანია და რომლის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. გასული წლის ბოლოს ამ გზის მხოლოდ 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს.
  • ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან კი, იწყება ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც 2-ზოლიანი იქნება, და რომლის მშენებლობაც ამ დრომდე არ დასრულებულა.
  • ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება ჭოროხი-სარფის ახალი მაგისტრალი უნდა იყოს. ამ გზის პროექტირების დასრულება 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, მშენებლობის კი – 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა, დღეს პროექტიც არ არის მზად. ჭოროხი-სარფის ახალი გზის პროექტირება, ბოლო ინფორმაციით 2023 წელში უნდა დამთავრდეს.

[/checklist]

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 თვის წინ, ჯაპანა-სამტრედიის მშენებარე ავტობანზე რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა.

მეწყრის საშიშროების გამო კი, რიკოთის უღელტეხილზე [სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს] ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი არაპროგნოზირებადია.

ქობულეთის შემოვლითი გზა

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკური დავალებიდან:

  • „არსებული გზების და სხვა ხელოვნური ნაგებობების მოდერნიზება საჭიროების მოძრაობის გამტარუნარიანობის გაზრდას, მათ შორის საშუალო ტოპოგრაფიულ და გეოლოგიურ მდგომარეობაში არსებული ხელოვნური ნაგებობების მოდერნიზებას მოძრაობის ნაკადების შეუფერხებლად.

ღონისძიება 1: ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა; პროექტის განხორციელებადობის დადგენა.

ღონისძიება 2: ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რაც საშუალებას მისცემს დამკვეთს მშენებლობისათვის შეისყიდოს სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება.

შენიშვნა: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მე-2 ღონისძიების გაგრძელებაზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის [პირველი ღონისძიების] შედეგებისა და მიგნებების საფუძველზე.

„ღონისძიება 1“-ის მიგნებებში გამოკვეთილი რეკომენდაციების შედეგების საფუძველზე, დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გააგრძელოს აღნიშნული დავალება. დეპარტამენტს ასევე აქვს უფლება შეაჩეროს ხელშეკრულება.

  • ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებისას, კონსულტანტმა, ხარჯების ეფექტიანობის მიღწევის მიზნით, უნდა გაითვალისწინოს საინჟინრო და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები ყველა ელემენტისათვის. პროექტის შერბილება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც საჭირო ეკონომია იქნება მიღებული და სადაც უსაფრთხოებაზე არ იქონიებს მნიშვნელოვან ზემოქმედებას.
  • კონსულტანტი მოამზადებს განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის შეძენის, ადგილობრივი ოჯახებისა და კომერციული საწარმოების ფიზიკური ადგილმონაცვლეობის, შემოსავლების დაკარგვისა და პროექტის განხორციელებით გამოწვეული სხვა სოციალური შედეგების პოლიტიკა და პროცედურები.
  • კონსულტანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული პროექტი არის არსებული გზის 4-ზოლიანად მოდერნიზება, და კონკრეტულად კი ის
    ფაქტი, რომ ახალი გზის სავალი ნაწილი მოეწყობა არსებული გზის გასწვრივ და გამოყენებული უნდა იქნას საპროექტო სტანდარტები ისე, რომ ისინი შესაბამისობაში მოდიოდეს არსებული მიმართულების გეომეტრიასთან და ა.შ.
  • „ღონისძიება 1“-ის განხორციელებისთვის, ანუ, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის, გამოყოფილია 4 თვე.
  • კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს შედეგები რომელიც როგორც მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    – გზის სიგრძე, სიგანე, საფარის კონსტრუქცია, საინვესტიციო, განსახლების, გარემოს დაცვითი, წლიური მოვლა-შენახვის ხარჯები; მოსალოდნელი ნორმალური მოძრაობის ინტენსივობა გახსნისას, მოსალოდნელი გენერირებული/ინდუცირებული მოძრაობა გახსნისას, მოძრაობის მოსალოდნელი გადართვა გახსნისას, მოძრაობის ინტენსივობა სულ გახსნისას;
  • ასევე: მგზავრობის დრო ავტომობილებისათვის, დაღუპვის სიხშირე, ეკონომიკური მოგების შიდა ნორმა, წმინდა დისკონტირებული ღირებულება, მოსახლეობა, რომელსაც მოემსახურება გზა, უპირატესობები, არახელსაყრელი პირობები“.

„ოთხზოლიანი რომ გახდეს მოძრაობა, საჭიროა, ინტენსივობა გახდეს უფრო მაღალი. უნდა არსებობდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა… სავალი ზოლი ავარიების გამო არ დამატებია ქუთაისის შემოვლით გზას, ეს დაემატა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გამო,“ – უთხრა დაახლოებით 1 წლის წინ „ბათუმელებს“ სალომე წურწუმიამ, გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, რომელსაც გახშირებული ავარიების გამო, ვკითხეთ ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად შესაძლო გადაკეთებაზე, ასევე, რატომ გახადეს, მაგალითად, ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიანი, სადაც ხშირად ხდებოდა ავარია და იღუპებოდნენ ადამიანები.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/397176/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: