ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ წარადგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ვიდრე სააგენტო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე დაგეგმილია პროექტის საჯარო განხილვა. გზების დეპარტამენტის მიერ სააგენტოში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის [გზშ] საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო განხილვები სხვადასხვა ადგილზე 2026 წლის 21-23 იანვარს ჩატარდება. კონკრეტულად:
- 2026 წლის 21 იანვარი, 14:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
- 2026 წლის 21 იანვარი, 17:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუცუბნის საჯარო სკოლის შენობა
- 2026 წლის 22 იანვარი, 12:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
- 2026 წლის 22 იანვარი, 15:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბობოყვათის საჯარო სკოლის შენობა
- 2026 წლის 23 იანვარი, 12:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საჩინოს საჯარო სკოლის შენობა
- 2026 წლის 23 იანვარი, 15:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის N1 საჯარო სკოლის შენობა
„წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 6 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).“ – წერს სააგენტო.
გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე აცხადებს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში თავად უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას.
საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს [დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112, თბილისი; ელფოსტა: eia@mepa.gov.ge, ტელ.: +995 32 2439503/+995 32 2439510].
„გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზების დეპარტამენტის მხრიდან განცხადება დარეგისტრირდა 2025 წლის 1-ელ დეკემბერს. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 85-ე დღისა და არაუგვიანეს 90-ე დღისა სააგენტო გამოსცემს აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ან [კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას] იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.“ – წერს სააგენტო.
ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.
პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს, ასაშენებელი გზა მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად, თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, მრუდების გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის შერჩეული ვარიანტით ახალი გზის ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 581 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით – 10 031 191 კვ.მ. აქედან კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობაა – 193; მთლიანი ფართობი – 2 491 944 კვ.მ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთების რაოდენობა [სკოპინგის ანგარიშის მიხედვით] იყო – 246. სულ სავარაუდო განსახლების ღირებულება კი შეადგენდა – 19 252 485 ლარს.
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობისთვის, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯამში 480 მილიონი ლარია საჭირო. ეს თანხა 4 წელზეა [2026-2029 წწ] გადანაწილებული.
ამ თემაზე ვრცლად:
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის ასაშენებლად 480 მილიონია საჭირო






