კორონავირუსის გამო ავიაკომპანიებს მასშტაბური კრიზისი ემუქრებათ

ავიაკომპანიები მასშტაბური კრიზისის წინაშე არიან კორონავირუსის გამო – წერს BBC-ი. კრიზისის პირველი მსხვერპლი უკვე გახდა ბრიტანული ავიაკომპანია Flybe, რომელიც დიდი ხანია გაკოტრების პირას იყო და კორონავირუსის გამო შემქნილი კრიზისი მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

სხვა ავიაკომპანიები ჯერჯერობით ბაზარზე რჩებიან, თუმცა კრიზისი გარდაუვალია. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ [IATA] განაცხადა, რომ ვირუსის გამო ავიაკომპანიების ბრუნვა 30 მილიარდი დოლარით შემცირდა, 5 მარტს კი ამ  რიცხვმა 63 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუ კი ვირუსის გავრცელება ვერ მოხერხდება, დანაკარგი 113 მილიარდს მიაღწევს.

ახალ წლამდე საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმადაც მსოფლიო ავიაციაში 4%-იანი ზრდა და 30 მილიარდის სუფთა მოგება იყო მოსალოდნელი, თუმცა ახალი წლიდან ორი თვის შემდეგ საუბარია არა ავიაკომპანიების მოგებაზე, არამედ კომპანიების გადარჩენაზე.

ბრიტანული ავიაკომპანია Flybe ფრენებს მცირე ზომის, რეგიონალური აეროპორტებიდან ასრულებდა და მისი გაკოტრება არა მარტო 2400 ადამიანს დააკარგვინებს სამსახურს, არამედ ცალკეული რეგიონების ეკონომიკას მიაყენებს ზიანს.

კორონავირუსის გავრცელების ფონზე ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორები არიან: British Airways-ი, KLM-ი, Lufthansa, United-ი და სხვები მარშრუტებს ამცირებენ, ყინავენ ინვესტიციებს და არ აჰყავთ ახალი თანამშრომლები. იმავე ზომებს მიმართავენ დაბალბიუჯეტური კომპანიები: Ryanair-ი, EasyJet-ი და Wizz Air-ი.

თუ ვირუსის გავრცელება გაგრძელდება, ავიაკომპანიებს მასშტაბური კრიზისი ემუქრებათ.

________________

მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით. 

„ჩვენ არ ვიცით კორონავირუსის ბუნება, შემთხვევების მატება აუცილებლად იქნება“

თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი: 

„ბევრი ელის, რომ დათბობასთან ერთად ეპიდემია შესაძლოა გახდეს მილევადი, როგორც გრიპის შემთხვევაში ხდება. ჩვენ არ ვიცით ახალი კორონავირუსის ბუნება როგორია, ის მოიქცევა ისე, როგორც გრიპის ვირუსი, თუ არა. თუ ეს არ მოხდა, ველოდებით მატებას, იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ჩინეთის გარდა, მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად იზრდება [ინფიცირებულების] რაოდენობა.

შემთხვევების მატება აუცილებლად იქნება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა არ გაცდეს ინფიცირებულთა რაოდენობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს.

…ჯერჯერობით, ვირუსი არსად გამქრალა. როგორც ითვლება, მსუბუქი შემთხვევების დროსაც გამოჯანმრთელება იწყება ორი კვირის შემდეგ. მათ ორი კვირა ჯერ არ გასვლიათ. ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება გამოჯანმრთელება“.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 13 ადამიანი ინფიცირებული კორონავირუსით. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 128 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 59. 

_________________

ფოტოზე: თენგიზ ცერცვაძე 

 

პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილ ცოლს მოსაკლავად დანა რამდენჯერმე დაარტყა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მ.ლ. – ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

2020 წლის 5 მარტს, მ.ლ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდისა და მუცლის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანა არაერთხელ დაარტყა ყოფილ მეუღლეს ს.ჩ-ს, რომელმაც გაქცევა შეძლო.

პროკურატურის ცნობით. მ.ლ., ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა ყოფილი ცოლის მოკვლა, დაეწია მას და კვლავ მიაყენა დანით მრავლობითი დაზიანება. შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მ.ლ.-ს გააგდებინეს დანა, დაზარალებული კი  გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დროული სამედიცინო ჩარევით შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

მ.ლ-ს წარედგინა ბრალდება ყოფილი მეუღლის მიმართ, გენდერის ნიშნით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109 მუხლის მეორე ნაწილის “დ” პრიმა და “ვ” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში თბილი, უნალექო დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 8-9 მარტს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

კვირას, პირველ მარტს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა,ზვავსაშიშროება.

ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი ღელვა. მომდევნო ორ დღეს, 2-3 მარტს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15-20 გრადუსი
  • ღამით: 5-10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი

სინოპტოკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 10-11 მარტს, მოსალოდნელია  უნალექო ამინდი.

_________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

11 წლის წინ დაკარგული კატა პატრონმა იპოვა – BBC

კატა, რომელიც თითქმის 11 წლის წინ დაიკარგა, პატრონმა იპოვა – ამის შესახებ BBC წერს.

კატა, სახელად მისი, 2009 წელს დაიკარგა ქალაქ ბირმინგემში, იგი მანქანიდან გაიქცა და მისი პოვნა, მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს.

მისი იპოვეს მოქალაქეებმა მისი მეპატრონის სახლიდან დაახლოებით 8 მილის დაშორებით, ნაგავსაყარზე და შენიშნეს, რომ კატას მიკროჩიპი ჰქონდა, რომელსაც შინაურ ცხოველებს უკეთებენ.

კატა მისი ახლა 17 წლისაა.

„ვერ ვიჯერებ, რომ მისი ცოცხალია, არასდროს შემიწყვეტია მასზე ფიქრი, მან ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ ის ჯერ ისევ ჩემი კატაა“ – ამბობს მისი მეპატრონე, 72 წლის მისის მაკდონელი.

____________

ფოტო: BBC

 

აქცია გონიოში საკარანტინო ზონის გადატანის მოთხოვნით ისევ გაიმართა

ხმაური იყო დღეს გონიოში, იმ სასტუმროს წინ, სადაც კარანტინში მყოფი ადამიანები არიან მოთავსებული. სასტუმროს მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებას კარანტინში მყოფი მოქალაქეების სხვა ადგილას გადაყვანას სთხოვს.

„ეს სასტუმრო, რომელშიც კარანტინის ხალხია, მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში. ეს ადამიანები აივანზე გამოდიან, სიგარეტს ეწევიან და ნამწვავებს ეზოში გვიყრიან. ამ ეზოში კი ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. გვინდა, რომ ეს საკარანტინო ზონა გადაიტანონ სხვაგან, ისეთ ადგილას, სადაც მჭიდრო დასახლება არ იქნება,” – ამბობს გონიოს მცხოვრები გელა დუმბაძე.

ეს არ არის პირველი აქცია, რომელიც გონიოში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა ამ საკითხზე გამართა. ისინი აქციის გამართვას ხვალ, 8 მარტსაც აპირებენ.

5 მარტს, გამართულ აქციაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე შეხვდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

„ავუხსენით, რომ სასტუმროში ჯანმრთელი ადამიანები არიან და, ასევე, რას ნიშნავს დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტი, რა დროს შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი, რომ აუცილებელია 14-დღიანი მეთვალყურეობა საიზოლაციო ზონაში მათთვის, ვინც საყოფაცხოვრებო პირობებში ვერ ახერხებს თვითიზოლაციას. მათზე დამყარებულია მკაცრი მონიტორინგი, ჩვენი ეპიდემიოლოგები დღეში ორჯერ ახორციელებენ ვიზიტს და დეტალურად სწავლობენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რისკები არის აბსოლუტურად ნული. ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდეთ, თვითონაც გაგებით უნდა მოეკიდონ,” – თქვა “ბათუმელებთან” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით გადადის – ანუ იმ სითხეებიდან, რომელიც პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა და არა ჰაერით. კორონავირუსის გადადება ხდება 15 წუთი და მეტი ხანგრძლივობის კონტაქტის შედეგად ინფიცირებულ ადამიანთან, ერთი მეტრის რადიუსის დაშორებით. თუ გამონაყოფი წვეთებით [დაცემინების, დახველების შედეგად] ბინძურდება გარემო, გამონაყოფმა შეიძლება 24 საათზე მეტის ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა, ამიტომაც არის საჭირო სველი წესით დასუფთავება და ჰიგიენური ნორმების დაცვა. 

ავარია გვირაბთან – ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 7 მარტს, ავარია მოხდა ბათუმში, ჩაქვის გვირაბთან. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურის ცნობით, ოთხი დაშავებულიდან სამი სხვადასხვა კლინიკში გადაჰყავთ, ხოლო ერთმა პირმა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების  წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ბათუმში კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა – ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სამი პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგები კორონავირსუზე უარყოფითია. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ახლახან [18:31] გახდა ცნობილი.

სამი პირი, რომლებსაც იტალიაში მოგაზურობის ისტორია აქვთ, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ მოათავსეს. ერთი პირი სარფის საბაჟოდან შემოვიდა, ორი კი თვითიზოლაციაში იყო, ანუ უფრო ადრე დაბრუნდნენ იტალიიდან და გუშინ დაუფიქსირდათ მაღალი ტემპერატურა.

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სამი პირის გარდა, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინში კიდევ 30 პირი იმყოფება.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დადასტურდა. დღეის, 7 მარტის მდგომარეობით კი უკვე 12 პირია ინფიცირებული, მათ შორის არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი. ნიკოლოზ გამყრელიძე კორპორაცია „ევექსის“ გენერალური დირექტორია.

გიორგი კოხრეიძე: ჯერ არ ვიცი, ვინ წაიყვანს 8-საათიან საინფორმაციოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ჯერ არ იცის, ვინ წაიყვანს არხზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.

„იქნება ყველაფერი ისე, როგორც  საჭიროა. გადავწყვიტავთ. პრობლემა არ იქნება,“ –  ამბობს გიორგი კოხრეიძე.

რვასაათიანი საინფორმაციო გამოშვება „მთავარს“ წამყვანი 6 მარტის შემდეგ აღარ ჰყავს – გიორგი კოხრეიძემ გუშინ შეუჩერა თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით.

„ბათუმელებმა“ გიორგი კოხრეიძეს ჰკითხა, არხის გამოშვების ახალი წამყვანი ხომ არ იქნება ნინო გორჯელაძე. ამის შესახებ არაოფიციალურ ინფორმაციას ფლობენ თავად მაუწყებლის ჟურნალისტები.

„გეფიცებით, ნინო გორჯელაძე არის ჩემი მეგობარი, მაგრამ მსგავსი რამ, ჯერჯერობით, ამ მომენტამდე თავში არც გამივლია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. მიუხედავად იმისა, რომ ნინო გორჯელაძე არის ჩემი მეგობარი და კარგად ვიცნობ მას. ახლა თქვენ მეუბნებით ამას. სხვამაც ცოტა ხნის წინ მითხრა და საიდან გორდება ეს ჭორები ვგიჟდები,“ –  ამბობს გიორგი კოხრეიძე „ბათუმელებთან“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როდის გახდება ცნობილი საინფორმაციოს ახალი წამყვანის ვინაობა, გიორგი კოხრეიძე პასუხობს:

„ახლა ხომ დასვენების დღეა. დავისვენოთ ყველამ. ორშაბათი გათენდება და იმედია ყველაფერი კარგად იქნება“.

ნინო გორჯელაძე 2019 წელს აჭარის მთავრობაში მედიასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა. მანამდე კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი იყო.

რაც შეეხება თეონა ბაკურიძეს, ტელეწამყვანი ორშაბათს სასამართლოში იმ ბრძანებას გაასაჩივრებს, რის საფუძველზეც დროებით უფლებამოსილება შეუჩერდა. მის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და EMC დაიცავენ.

„გიორგი კოხრეიძეს ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა,“ –  მიიჩნევენ საიაში.

პაატა დიასამიძე საიას აჭარის ფილიალის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ახალი თავმჯდომარე პაატა დიასამიძე გახდა.

პაატა დიასამიძე 6 მარტს, საიას აჭარის ფილიალის გამგეობამ ხუთკაციანი შემადგენლობით, ერთხმად აირჩია.

“ვფიქრობ რთული წლები იქნება. 2020 წლის არჩევნები გვაქვს წინ. ამასთან, აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, ყველაზე აქტიური რეგიონი ამ წუთისთვის აჭარაა. ჩვენს ორგანიზაციას ყველა გამოწვევაზე ექნება ექნება შესაბამისი რეაგირება და აქტიურად ჩვერთვებით ყველა საკითხში,” –  ამბობს საიას აჭარის ფილიალის ახლადარჩეული თავმჯდომარე “ბათუმელებთან” საუბარში.

პაატა დიასამიძე საიას აჭარის ფილიალში სხვადასხვა პროექტებში  2013 წლიდან იყო  ჩართული. 2015 წლიდან კი სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე იყო და ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

საიას აჭარის ფილიალს 2018 წლის 17 მარტიდან ანნა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ზედიზედ ორჯერ აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წელს ამოეწურა. საიას აჭარის ფილიალის წესდება კრძალავს ერთი და იგივე პირის მესამე ვადით არჩევას. ანნა მდინარაძის თქმით, ის კერძო საადვოკატო საქმიანობის დაწყებას გეგმავს.

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში 12-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა განთავსებული. ვებგვერდი საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის შექმნა.

ვებგვერდის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 140 პირია გადაყვანილი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 42 ადამიანი რჩება.

“ევექსის” გენერალურ დირექტორს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენდირექტორს ნიკოლოზ გამყრელიძეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ნიკა გამყრელიძემ ვირუსის დადასტურების  შესახებ, თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

“მეგობრებო, როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონა ვირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი გადავედით თვით იზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა რომ ვარ დაინფიცირებული კორონა ვირუსით.

შესაბამისად გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა. საბედნიეროდ საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია, ( მხოლოდ ხუთშაბათს 05/03 ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი) რა თქმა უნდა ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში. თავს ვგრძნობ კარგად:) მიუხედავად იმისა რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია (ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია), გადავწყვიტე რომ გავხადო საჯარო (გამჟღავნების უფლება ოფიციალურად ასევე მივეცი დაავადებათა კონტროლის ცენტრს) რამოდენიმე მიზეზით:

1. მიმაჩნია რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის.

2. არ მინდა ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი

3. და რაც მთავარია არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო.
დარწმუნებული ვარ რომ თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას,” –  წერს ნიკოლოზ გამყრელიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

ნიკოლოზ გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილია.

გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 20 თებერვალს, ნიგერიის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია.  ისინი საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან.

“საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მეზღვაურების გატაცების დღიდან ჩართული იყო პროცესში. საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისაგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი,” – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებით მეზღვაურების გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ.

20 თებერვალს, ღამით, შეიარაღებული პირები ნიგერიაში, ლაგოსის პორტთან ახლოს, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს თავს დაესხნენ. საიდანაც  10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის 4 მეზღვაური ქართველი იყო.

 

გატაცებულია 10 მეზღვაური, მათ შორის 4 ქართველი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

„სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები“ – მიმართვა ჟურნალისტების დასჯის მოწოდებით

დღეს, 6 მარტს, მაშინ, როცა აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდი და თანამშრომლების ნაწილი ევროპის მოედანზე შეიკრიბა მაუწყებელში არსებული კრიზისული სიტუაციის და მთავარი საინფორმაციო სამსახურის წამყვანის, თეონა ბაკურიძის მხარდასაჭერად, აჭარის ტელევიზიის შენობის წინ მაუწყებლის ის თანამშრომლები შეიკრიბნენ, რომლებიც თვლიან, რომ დღეს აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელზე, გიორგი აბაზაძეზე სამსახურეობრივი ბულინგი განხორციელდა.

მათ ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მიმართეს სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები დისკრიმინაციის ჩამდენი თანამშრომლების მიმართ.

„6 მარტს რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი აბაზაძის მიმართ ბულინგი და მობინგი განხორციელდა. რამდენიმე თანამშრომელი მას დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და  დისკრიმინაციული სიტყვებით მიმართავდა. აიძულებდნენ დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ. საჭირო გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. გიორგი აბაზაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას წინასაინფაქტო მდგომარეობა დაუდგინდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ საინფორმაციო გამოშვებებში დამახინჯებულად გაშუქდა თანამშრომლის დისკრიმინაციის ფაქტი. მაყურებელს მიეწოდა მცდარი ინფორმაცია.

ეს ვითარება წააგავს ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, როცა წინა მენეჯმენტის დროს, ტელევიზიის ოპერატორები გაიფიცნენ, მათი პოზიცია კი ეთერში სათანადოდ არ შუქდებოდა. ასევე ეთერში ვერ ხვდებოდა მაუწყებლიდან უკანონოდ დათხოვნილთა პრეტენზიები.

სამსახურის უფროსის მითითების შესრულება ყველა თანამშრომლის ვალდებულებაა, რაც ხელშეკრულებაში გაწერილი. დღეს მომხდარი ინციდენტი დროს კი რამდენიმე თანამშრომელმა უხეშად დაარღვია არა მარტო ხელშეკრულება, არამედ ორგანიზაციის შინაგანაწესი და ეთიკური ნორმები. მოახდინა ადამიანის დისკრიმინაცია.

მივმართავთ დირექტორს სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები დისკრიმინაციის ჩამდენი თანამშრომლების მიმართ“, – განაცხადეს მაუწყებლის თანამშრომლებმა. მათ შორის იყვნენ მაუწყებლის სხვადასხვა სამსახურის უფროსები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ერთმანეთს უპირისპირდებიან აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა და ტელევიზიის ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ნაწილი, დაახლოებით 90 ადამიანი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დირექტორს უნდა აჭარის მაუწყებლის მიერ მომზადებული ახალი ამბები აკონტროლოს, შეცვალოს აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და თავიდან მოიშოროს ყველა, ვინც ამაში ხელს უშლის.

დღეს მაუწყებლის დირექტორმა აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა, რაც, იურისტების განმარტებით, „ცალსახად უკანონო გადაწყვეტილებაა.“

თეონა ბაკურიძემ დღეს განაცხადა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, დღეს, მათთან შეხვედრის შემდეგ, შეხვდა მენეჯმენტის წარმომადგენლებს და სწორედ მას შემდეგ გახდა შეუძლოდ. მისივე თქმით, გიორგი აბაზაძემ თანაშრომლებს უთხრა, რომ გადადგომაზე განცხადება დაწერა და შემდეგ დახია.

„ბათუმელებმა“ გიორგი აბაზაძეს საინფორმაციო სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ ჰკითხა მის მიერ ფეისბუქში დაწერილი და გაზიარებული ჰომოფობიური და ქალების დამაცირებელი პოსტების შესახებ.

ვრცლად ამავე თემაზე: 

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

 

 

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 3 პირი მოათავსეს

ბათუმის ინფექციურ საავდმყოფოში სამი პირია მოთავსებული კორონავირუსზე ეჭვით, სამივე მათგანი იტალიაში იმყოფებოდა. მათ ანალიზები უკვე აუღეს და ხვალ, სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი პასუხი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ერთი პირი სარფის საბაჟოზე იქნა იდენტიფიცირებული, ხოლო ორმა თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს რესპირატორული დაავადების მსუბუქი სიმპტომებით.

„სამივეს ჰქონდა შეხება იტალიასთან უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში, სამივეს აქვს ძალიან მსუბუქი რესპირატორული ჩივილები, ტემპერატურა მხოლოდ 37,2-37,3 აღენიშნებათ. ცხელების ეპიზოდი არ დაფიქსირებულა, მაგრამ რადგან იტალიასთან ჰქონდათ შეხება, მიზანშეწონილად ჩაითვალა მათი ინფექციურში ჰოსპიტალიზება. აღებულია კვლევის მასალა და ხვალისთვის ველოდებით პასუხს“- ამბობს ნინო ნიჟარაძე.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 42 პირი. 

ბათუმში აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები აქციას მართავენ

ამ წუთებში [20:18] აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ევროპის მოედანზე აქციას მართავენ. საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნას უკავშირდება, მას უფლებამოსილება შეუჩერეს.

ბრძანებაში, რომელსაც  მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დღეს მოაწერა ხელი, წერია, რომ თეონა ბაკურიძეს დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“.

ბრძანების მიხედვით დღეს, 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის  ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. თეონა ბაკურიძეს ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერეს უფლებამოსილება.

ამ ბრძანების მიხედვით, დირექტორმა მხოლოდ ახლადდანიშნული რედაქტორის ფირუზ ბოლქვაძის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის კონსულტანტის – ლალი ბერძენიშვილის პოზიციები მოისმინა, რომლის მიხედვითაც თეონა ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად ახდენდა

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

 

„აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა“ – საია და ეთიკის ქარტია

„გიორგი კოხრეიძეს ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა,“ – მიიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის – თეონა ბაკურიძისთვის დროებით უფლებამოსილების შეჩერებაზე.

დღეს, 6 მარტს, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ნიუსრუმში შემდგარ კამათზე ფაქტის მოკვლევა დაიწყო. დირექტორმა ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე გადაწყვიტა წამყვანის „დასჯა“, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის, გია ქარცივაძის აზრით, უკანონოა, რადგან მსგავს სამართლებრივ ურთიერთობას შრომითი კანონმდებლობა ან ტელევიზიის შიდაგანაწესი არ სცნობს.

„ბრძანებას აქვს დასაბუთების სერიოზული პრობლემა, ვიდრე მივალთ სარეზოლუციო ნაწილამდე. არსად არ არის მითითებული, რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება დირექტორმა. სარეზოლუციო ნაწილში ასევე არ ჩანს, კონკრეტულად რის საფუძველზე მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება დირექტორმა, რადგან ტელევიზიის შიდაგანაწესი მსგავს შემთხვევას ითვალისწინებს მხოლოდ დისციპლინური სახდელის სახით, ამ შემთხვევაში კი დისციპლინური საქმისწარმოება არ დასრულებულა. მსგავს დროებით ღონისძიებას ტელევიზიის შიდაგანაწესი, ან შრომითი კანონმდებლობა არ იცნობს,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა. მან უკვე შესთავაზა სამართლებრივი მხარდაჭერა თეონა ბაკურიძეს.

ნიკა სიმონიშვილი ყურადღებას ამახვილებს სასამართლო პრაქტიკაზეც, რომლის მიხედვითაც შრომითი დავების დროს დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობის შეჩერების, ან შეზღუდვის დროს კონკრეტული სამართლებრივი ნორმა უნდა დაასახელოს. მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელსაც გიორგი კოხრეიძე მიუთითებს ბრძანებაში, მხოლოდ დირექტორის უფლებამოსილებაზეა საუბარი და არ მოიცავს კონკრეტიკას.

საია-ს იურისტი ამბობს, რომ სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის სახით კოხრეიძის ბრძანების შეჩერებას მოითხოვს, რაც სასამართლომ 24 საათში უნდა განიხილოს.

გიორგი კოხრეიძის ბრძანებას უკანონოდ აფასებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც.

„ეს არის ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება და რეალურად ემსახურება სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ეს ბრძანება ადასტურებს იმას, რომ საკითხის შესწავლა და ობიექტური რეალობის დადგენა კი არ იყო მიზანი, არამედ მიზანი იყო თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნა და ეს არის მცდელობა, შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა,“ – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს გია ქარცივაძეც, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი:

„მას მინიმუმ უნდა მოესმინა თავად თეონა ბაკურიძის აზრი და ჯერ მოკვლევა უნდა ჩატარებულიყო. ასეთ ფორმას კანონი არ იცნობს. გიორგი კოხრეიძე უთითებს იმ მუხლს, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს მსგავს სამართლებრივ ურთიერთობას დასაქმებულთან,“ – ამბობს გია ქარცივაძე.

რა იყო აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ტელევიზიიდან გაშვების სამართლებრივი საფუძველი? – ამ კითხვის დასმა ჩვენ გიორგი კოხრეიძისთვის გვსურდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ტელეფონს არ უპასუხეს არც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ კვოტით არიან არჩეულნი.

 

აჭარის ტელევიზიაში თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ბრძანებაში, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ მოაწერა ხელი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, წერია, რომ თეონა ბაკურიძეს „დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“.

ბრძანების მიხედვით დღეს, 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის  ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. თეონა ბაკურიძეს ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერეს უფლებამოსილება.

ამ ბრძანების მიხედვით, დირექტორმა მხოლოდ ახლადდანიშნული რედაქტორის ფირუზ ბოლქვაძის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის კონსულტანტის – ლალი ბერძენიშვილის პოზიციები მოისმინა, რომლის მიხედვითაც თეონა ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად ახდენდა.

დღეს თეონა ბაკურიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, საინფორმაციოს ახალი უფროსი გიორგი აბაზაძე შესაძლოა ზეწოლის ქვეშ იყოს.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა მცდელობა, დაეწერა განცხადება. ნიუსრუმის რამდენიმე თანამშრომელს უთხრა – დავწერე და დავხიეო. ჩვენ მას დღეს დახმარებაც შევთავაზეთ, იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებდა ასეთ ფაქტებს. არ ვიცი, როგორ შეაფასებს იგი არსებულ პროცესს და როგორი იქნება მისი პასუხები მას შემდეგ, რაც გააკეთებს კომენტარს, მაგრამ მე მაქვს ეჭვი, რომ იგი ზეწოლის ქვეშაა“, – განაცხადა თეონა ბაკურიძემ.

ტელეწამყვანი გიორგი აბაზაძე 4 მარტს დანიშნეს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

ჟურნალისტების თქმით, გიორგი აბაზაძესთან კამათი დილით ჰქონდათ, დაახლოებით 40 წუთში, მას შემდეგ, რაც ის რადიოს შენობაში გადავიდა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

თეონა ბაკურიძე სამი წელია აჭარის მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანია. ორი კვირის წინ მან განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორი გიორგი კოხრეიძე დევნის მისთვის არასასურველ ადამიანებს.

__________________

ვრცლად ამ თემაზე: 

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

 

 

იტალიის პატარა სოფელში ონკანებიდან წყლის ნაცვლად ღვინო წამოვიდა

იტალიაში ალკოჰოლური სასმელების ქარხნის ტექნიკური ხარვეზით ხსნიან იმ უცნაურ ფაქტს, რომ მოდენასა და ბოლონიას შორის  მდებარე პატარა სოფელ სეტეკანში 4 მარტს, ოთხშაბათს, იტალიური გამოცემის La Repubblica– ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფლის მცხოვრებლების ონკანებიდან წყლის ნაცვლად წითელი სითხე წამოვიდა.

სოფელ სეტეკანის მცხოვრებლებმა სოცქსელში გაავრცელეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ რეცხავენ ჭურჭელს ონკანიდან წამოსული უცნაური სითხით.

სინამდვილეში ეს კომპანია Lambrusco Grasparossa di Castelvetro-ს გაზიანი ალკოჰოლური სასმელი – ლამბრუსკო იყო.

ქარხნის მეპატრონემ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ღვინის ჩამომსხმელი სისტემის სარქველი მწყობრიდან გამოვიდა, სითხე წყლის მილებს შეერია და რახან ღვინის წნევა წყალთან შედარებით მაღალია, ცირკულირება დაიწყო. შედეგად ქარხანასთან ახლომდებარე დასახლებაში ონკანებიდან წყლის ნაცვლად ღვინო წამოვიდა.

კომპანიისვე განცხადებით, პრობლემა სწრაფად აღმოიფხვრა.

აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მაუწყებელში დღეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ რედაქტორების გათავისუფლების შემდეგ, 4 მარტს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დირექტორმა გოგა კოხრეიძემ გიორგი აბაზაძე დანიშნა. დღეს გიორგი აბაზაძე შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არხის მთავარი გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის თქმით, გიორგი აბაზაძე ზეწოლის ქვეშაა.

გთავაზობთ ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებას:

„აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მდგომარეობას ვაფასებთ როგორც – საგანგაშოს. განსაკუთრებით ბოლო კვირის განმავლობაში, ყოველდღიური ხასიათი მიიღო ხელმძღვანელობის ნდობით აღჭურვილ პირებსა და ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლებს შორის კონფლიქტმა, რომელზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მაუწყებლის ხელმძღვანელობას.

მმართველთა საბჭოზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით, ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დაინიშნა, მაუწყებელში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა [განმუხტვის ნაცვლად].

ამ მომენტში, აუცილებლობად მიგვაჩნია ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ კონფლიქტური სიტუაციების გაღვივება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ სიტყვიერი და სხვა სახის შეურაცხყოფა, შესაძლოა, გადაიზარდოს უმართავ და უკონტროლო პროცესებში.
ჩვენ ნათლად ვხედავთ და ყოველდღიურად საკუთარ თავზე ვცდით, თუ როგორ ნეგატიურად აისახება აჭარის მაუწყებელში არსებული ვითარება თანამშრომელთა ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაზე. ვითარება ხელს უწყობს და ახალისებს ჩვენს დემორალიზებას და, ფაქტობრივად, აფერხებს პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელმძღვანელობას და პროცესში ჩართულ პირებს – გამონახონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი სიტუაციის განმუხტვისთვის და მოამზადონ ნიადაგი მედიაციისთვის.
იმედს ვიტოვებთ, რომ მაუწყებლის არც ერთი თანამშრომლის ჯანმრთელობას არ დაემუქრება საფრთხე და მენეჯმენტი უზრუნველყოფს მშვიდი სამუშაო გარემოს შექმნას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულ პროფესიულ გაერთიანებას, ვითარების დროებით დასტაბილურების საუკეთესო გზად მიგვაჩნია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის ჩართულობა მიმდინარე პროცესში“.

შეიხედე რესტავრირებულ სახლში, რომელიც ასი წლისაა – ბათუმი [ფოტო]

სადარბაზოს დიდი ხის კარი, ზუსტად ისეთი, როგორსაც ბათუმში სახლები სხვადასხვა ფერში იმეორებდნენ, ხის ჩარჩოებიანი ფანჯრები, დარაბები, ხის იატაკი, კედელში ჩაშენებული ღუმელი, რომელიც მთელი სახლის გათბობას უზრუნველყოფდა, ეზოზე გამავალი შუშაბანდი და რკინის გისოსებიანი აივნები, რომლებიც ქუჩას გადაჰყურებენ – XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ეს სახლი სამშენებლო კომპანიას და, შესაბამისად, დანგრევას გადაურჩა. სახლმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. შიდა ინტერიერის რესტავრაციის შემდეგ, ამ სახლში ხელოსნები ფასადის რესტავრირების ბოლო დეტალებზე მუშაობენ.

ორსართულიან სახლს ორი კერძო მესაკუთრე ჰყავს.

 

გორგასლის # 24 ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ღუმელი, რომლითაც მთელ სახლს ათბობდნენ

სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

სპეციალისტის შეფასებით, XX საუკუნის დასაწყისში აგებული L-ფორმის ორსართულიანი სახლი მთავარი ფასადით ქუჩაზე გამოდის. საფასადო სიბრტყე ეკლექტურად არის გადაწყვეტილი. ეკლექტიკური რენესანსის არქიტექტურიდან ნასესხებ დეტალებთან  ერთად გამოყენებულია მოდერნისთვის სახასიათო დეკორი. ცუდი ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, ნაგებობა თავდაპირველი გეგმარებითი სტრუქტურისა თუ საფასადო და ინტერიერის დეკორის დაცულობის მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა ბათუმში. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის მასშტაბისა და არქიტექტურული სახის განსაზღვრაში.

2015 წელს, ძეგლების აღწერის შემდეგ, ამ სახლთან დაკავშირებით სპეციალისტმა ჩარევის სარეკომენდაციო ფორმად რესტავრაცია/რეკონსტრუქცია მიუთითა

ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში არსებული შენობები, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის თანახმად, ფონური ნაგებობაა. შესაბამისად, ამ არეალში აკრძალულია ისეთი მშენებლობები, რომლებიც ძეგლის აღქმას შეუშლის ხელს. მიუხედავად ამისა, ბათუმში ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრი მსგავსი სახლი დაანგრიეს და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი სახლები ააშენეს.

ეს ძველი საათი ახალრესტავრირებულ სახლში დაგვხვდა

სახლის რეაბილიტაციის პროექტი და  სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შეისყიდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,შპს იბექსმა’’ შეასრულა. პროექტის ღირებულება 337 000 ლარია. შენობა პირვანდელი სახით აღდგება და ყველა ავთენტურ დეტალს შეინარჩუნებს.

შუშაბანდი, რომელიც შიდა ეზოზე გადის. მას ეზოში ჩასასვლელი კიბე უერთდება

 

 

მაქვს ეჭვი, რომ საინფორმაციოს ახალი უფროსი ზეწოლის ქვეშაა – ტელეწამყვანი

„მაქვს ეჭვი, რომ ის ზეწოლის ქვეშაა,“ – ამბობს აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე გიორგი აბაზაძის შესახებ, რომელიც 4 მარტს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. გიორგი აბაზაძე ამ დროისთვის კლინიკა „მედცენტრში“ იმყოფება.

ჟურნალისტების თქმით, გიორგი აბაზაძესთან კამათი დილით ჰქონდათ, დაახლოებით 40 წუთში, მას შემდეგ, რაც ის რადიოს შენობაში გადავიდა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„ნიუსრუმში იყო ხმამაღალი კამათი და ჩვენ ვკითხეთ აბაზაძეს, რატომ აიღო მან ეს პასუხისმგებლობა თავზე, როცა არ აქვს გამოცდილება. ამის შემდეგ აბაზაძე გაიყვანეს ოთახიდან… ის იყო ზედა სართულზე, შემდეგ – რადიოში, სადაც იმყოფება მრჩეველთა საბჭო და მენეჯმენტი. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა იქ, მაგრამ ჩვენგან გასვლის შემდეგ, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, გახდა შეუძლოდ,“ – გვიყვება თეონა ბაკურიძე.

ჟურნალისტი ეჭვობს, რომ გიორგი აბაზაძე ზეწოლის ქვეშაა და მას რეალურად თანამდებობის დატოვება სურდა.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა მცდელობა, დაეწერა განცხადება. ნიუსრუმის რამდენიმე თანამშრომელს უთხრა – დავწერე და დავხიეო. ჩვენ მას დღეს დახმარებაც შევთავაზეთ, იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებდა ასეთ ფაქტებს. არ ვიცი, როგორ შეაფასებს იგი არსებულ პროცესს და როგორი იქნება მისი პასუხები მას შემდეგ, რაც გააკეთებს კომენტარს, მაგრამ მე მაქვს ეჭვი, რომ იგი ზეწოლის ქვეშაა“, – ამბობს თეონა ბაკურიძე.

____

მაუწყებლის თანამშრომლების განცხადება

აბაზაძის დისკრიმინაციული განცხადებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის სტანდარტს – ჟურნალისტები

აჭარის მაუწყებელში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე 4 მარტს დანიშნეს.

გიორგი აბაზაძე: ახლა გახდა საინტერესო ჩემი შარშანდელი პოსტები? 

აჭარის ტელევიზიაში ყოფილი დირექტორის იმპიჩმენტის შემდეგ ქართული ოცნების კვოტით არჩეულმა მრჩეველთა საბჭოს წევრებმა დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. მაუწყებელში მის მიერ გატარებულმა საკადრო [სამი რედაქტორი გაათავისუფლა] თუ სხვა სახის ცვლილებებმა, მაუწყებელი კრიზისში შეიყვანა.

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი ბათუმში ძალიან ცუდია

დღეს, 6 მარტს, ბათუმში მტვრის ნაწილაკებით [PM10 მკგ/მ3] ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არის 116.76, რაც ძალიან ცუდია.

აღნიშნული მაჩვენებელი 35-დან-50-მდე არის „საშუალო“; 50-დან 100-მდე კი -„ცუდი“.

ამ მონაცემებს ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური აფიქსირებს.

„ცუდია“ ჰაერში PM2.5 მკგ/მ3 მყარი ნაწილაკების შემცველობაც.

„მიმდინარე წლის 5 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება. არსებული სინოპტიკური სიტუაციის ანალიზი უჩვენებს, რომ ატმოსფეროს მაღალ ფენებში ადგილი აქვს სამხრეთის ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მასების გავრცელებას. საქართველოში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება ტრანსასაზღვრო ხასიათისაა და  აღნიშნული მოვლენა საჰარის უდაბნოს მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული,“ – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:

ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების წყაროებია: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

ჯანმრთელობაზე ზეგავლენა: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა [რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან] განთავსებული. ეს სადგური მოქმედებს 2017 წლის დეკემბრიდან და აქ ჰაერის დამბინძურებლებზე დაკვირვება საათობრივად მიმდინარეობს. ბათუმში განლაგებულ დანარჩენ სადგურზე კი – გარკვეული პერიოდულობით.

აბაზაძის დისკრიმინაციული განცხადებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის სტანდარტს – ჟურნალისტები

აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გადაარჩინონ პოლიტიკური ჩარევებისგან, დღეს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი საგაფიცვო რეჟიმში მუშაობს, ამიტომ ისინი მედიაციის დასრულებამდე დირექტორს სთავაზობენ მის მიერ გათავისუფლებული რედაქტორების ნაცვლად, რომელიმე მოქმედი რედაქტორი დანიშნოს მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად. დირექტორმა მათი თხოვნა არც ამჯერად გაითვალისწინა და ამ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დანიშნა.

„გიორგი აბაზაძის დანიშვნამ რამდენიმეთვიანი კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. ახალი ამბების სამსახურიდან უსამართლოდ და სარედაქციო პოლიტიკის საბოლოოდ შეცვლის მიზნით, მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის გათავისუფლების ფონზე, ჩვენთვის მიუღებელია მოვალეობის შემსრულებლად არაკომპეტენტური პირის დანიშვნა…

ამასთან, მისი შეხედულებები უმცირესობებთან დაკავშირებით, სექსისტური და დისკრიმინაციული განცხადებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის ეთიკურ სტანდარტს. მაუწყებლის დირექტორის ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ იგი არ იზიარებს ახალი ამბების გუნდის სულისკვეთებას და არ სურს ვითარების განმუხტვის მიზნით, დროებით, მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნოს ჩვენ მიერ შეთავაზებული ანალიტიკური გუნდის გამოცდილი რედაქტორები,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დღეს, 6 მარტს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა გაავრცელეს.

ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძის დანიშვნამ კრიზისი გააღრმავა. ახალი ამბების გუნდი ტელევიზიის მენეჯმენტს კონკურსამდე უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ირინა ყურუას ან ლაშა ზარგინავას დანიშვნას ითხოვდა.

ჟურნალისტები ეხმაურებიან სხვა საკადრო ცვლილებასაც:

„ბოლო საკადრო გადაწყვეტილებებისას, დირექტორმა ახალი ამბების უფროსთან (რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლა) შეთანხმების გარეშე რედაქტორის პოზიციაზე დანიშნა ფირუზ ბოლქვაძე. ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი არ იზიარებდა გუნდის ერთსულოვნებას და არასდროს გამოირჩეოდა მგრძნობელობით მიმდინარე პროცესებში ღირებულებითი საკითხების მიმართ. ამ შეთავაზების მიღებით კი, იგი ფაქტობრივად დაეთანხმა მენეჯმენტის უსამართლო გადაწყვეტილებებს.

კიდევ ერთი გარემოება ახალი ამბების სამსახურის უფროსის კონსულტანტს უკავშირდება. ეს პოზიცია დირექტორმა ლალი ბერძენიშვილს ჩააბარა და გიორგი აბაზაძეს დამხმარედ დაუნიშნა (კონსულტანტი ამბობს, რომ არ არის პასუხისმგებელი შინაარსზე).

ცნობისთვის, დირექტორი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ამტკიცებდა, რომ ახალი ამბების უფროსს მოადგილე (დამხმარე) არ სჭირდებოდა. ამ გადაწყვეტილებამ კი კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა, რომ გიორგი კოხრეიძის და მისი მხარდამჭერი მრჩევლების მთავარი მიზანი კონკრეტული ადამიანის – მაია მერკვილაძის რედაქციიდან ჩამოშორება იყო,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბების ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ წინა პროცესებზეც და აჭარის უმაღლეს საბჭოს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ: მათ მოლოდინი აქვთ, რომ ამ პროცესის საბოლოო შედეგი ცენზურა იქნება.

„ამასთან, ყველასთვის ცნობილია, როგორ აირჩიეს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ, სასამართლოს იარაღად გამოყენების შედეგად, გიორგი კოხრეიძე „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა. ცნობილია, რომ სწორედ ამის შემდეგ გახდა ნათია ზოიძე ზეწოლის და დევნის მსხვერპლი. ამას მოჰყვა რედაქტორის, ნათია შავაძის შეთავაზების გარეშე გათავისუფლება, შემდეგ მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება, მიუღებელი პოლიტიკის გამო ნინო ხოზრევანიძის სამსახურიდან წასვლა და ახალი ამბების უფროსის შორენა ღლონტის დისციპლინური დევნის საფუძველზე, რედაქციიდან ჩამოშორება.

ქრონოლოგია და ფაქტები დღითიდღე გვარწმუნებს, რომ საბოლოო შედეგი იქნება ახალი ამბების შინაარსის შეცვლა და ცენზურა, რაც დირექტორის პირველივე საჯარო განცხადებებიდან იკვეთებოდა.

მივმართავთ მენეჯმენტს და მრჩეველთა საბჭოს აიღონ პასუხისმგებლობა შექმნილ მძიმე ვითარებაზე და გადადგან ადეკვატური ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იქნება კიდევ უფრო მეტი გათავისუფლებული, ან სამსახურიდან იძულებით წასული ადამიანი, დაშლილი წარმატებული გუნდი და მხოლოდ დირექტორის და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მრჩევლების მხარდაჭერილი კადრებით შექმნილი შინაარსი.

მივმართავთ, აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის დეპუტატებს, აიღოს პასუხისმგებლობა მათ მიერ მიღებული გადაწყეტილებების შედეგებზე და პატივი სცენ”, – წერია განცხადებაში.

——————————–

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. ტელევიზიის ალტერნატიულმა პროფკავშირმა საგაფიცვო მოთხოვნებით უკვე მიმართა ტელევიზიის მენეჯმენტს. მას შემდეგ, რაც ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს მისი უფროსი შორენა ღლონტი და რედაქტორები: მაია მერკვილაძე და ნათია შავაძე ჩამოაშორეს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დანიშნეს. საინფორმაციო სამსახურის რედაქტორების ძველ პოზიციებზე დაბრუნება და სტატუსკვოს შენარჩუნება ერთ-ერთი საგაფიცვო მოთხოვნაა. ტელევიზიაში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

ამ თემაზე:

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

გაეროს მოსახლეობის ფონდის რეკომენდაციები ორსულებს – კორონავირუსის პრევენცია

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) რეპროდუქციული ასაკის და ორსულ ქალებს COVID-19-თან დაკავშირებული პოტენციური რისკების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

ასევე გაიცა რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა მიიღონ მათ დროული სამედიცინო დახმარება.

„ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID-19 ვირუსის მიმართ. თუმცა ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირატორული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს. სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, არასახარბიელო შედეგების მომატებული რისკიდან გამომდინარე,“ – ნათქვამია UNFPA-ს განცხადებაში.

გაეროს მოსახლეობის ფონდის თანახმად, ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული. კერძოდ, უნდა მოერიდონ ახლო კონტაქტს იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნით ან სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ. ასევე, საკვების მიღებისას თერმულად კარგად უნდა დაამუშაონ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ხორცი და კვერცხი.

თუ ორსული ქალების მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მათ COVID-19 ვირუსი აქვთ, ან ინფიცირება დაუდასტურდებათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ, მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით.

ცალკე რეკომენდაციაა მეძუძური დედებისათვის. მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირატორული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს აუცილებელი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული:

[checklist]

  • სიმპტომების მქონე დედამ, რომელიც საკმარისად კარგად გრძნობს თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებოს, ნიღაბი უნდა ატაროს, როცა ბავშვთან ახლოს იქნება (კვების დროსაც). ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით), ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყონ.
  • თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მან უნდა გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს – ამ დროს აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია.

[/checklist]

„აქაურობა ფეკალიებით დაიტბორა, ჩნდება ეპიდემიის საფრთხე“ – აქცია ოცნების ქალაქში

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა დღეს, 6 მარტს, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დასახლებულ ტერიტორიაზე ეპიდემიის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობენ. მოქალაქეების თქმით, რადგან დასახლებას არ აქვს საკანალიზაციო სისტემა, ფეკალური მასები მიწის ზედაპირზე ამოედინება, რაც გაუსაძლის პირობებს ქმნის.

„ფეკალური მასებით დაიტბორა დასახლების ნაწილი, სადაც ბევრი ბავშვი ცხოვრობს. სასწრაფოდ უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რადგან ეპიდემიის და ვირუსების აფეთქება გარდაუვალი იქნება.

კორონავირუსია, სკოლები დაკეტეს და აქ ბავშვებს ანტისანიტარიაში უხდებათ ცხოვრება. არანაირი უსაფრთხოების ზომები არ მიუღია არავის, არც პირბადეები, არც ხსნარები, რომ რაღაც ზომები მაინც მივიღოთ ჰიგიენის. არაერთხელ დავაყენეთ ეს პრობლემა და დღემდე იგივე სიტუაციაა. მარტო საარჩევნოდ ვახსენდებით“, – ამბობს დასახლების მცხოვრები სოფო ბერიძე.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს ანტისანიტარიის და სიღარიბის გამო

„გაზაფხული მოდის, დათბება მალე და აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდება. გარდა იმისა, რომ საშინელი სუნია, დაავადებებიც შეიძლება გავრცელდეს. მერიას მივმართეთ განცხადებითაც, მაგრამ მდგომარეობა არ შეცვლილა“, – ამბობს ნაზი სურმანიძე.

მოქალაქეები დასახლებაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემების გარდა სოციალურ პრობლემაზეც საუბრობენ. მათი ნაწილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სოციალური შემწეობები შეუჩერეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„მასობრივად დაიწყეს სოციალური შემწეობების შეჩერება. ვფიქრობ, ეს ამ დასახლებაში კორპუსების მშენებლობას უკავშირდება, რადგან კატეგორიები როცა დადგინდება, იქ სოციალურად დაუცველის სტატუსი ვისაც არ ექნება, ის შესაძლოა ვეღარ მოხვდეს. ეს კორპუსები 582  ოჯახზეა გათვლილი და ალბათ ამ ფორმით ცდილობენ რაოდენობის შემცირებას“, – გვეუბნება კახა ხიმშიაშვილი,  რომელიც შიშობს, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა ბინათმშენებლობები აღარც გააგრძელონ.

კანალიზაციის წყალი საცხოვრებელი ქოხის ირგვლივ

კახა ხიმშიაშვილი დასახლებაში არსებულ რთულ სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ანტისანიტარიის გამო, საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას.

„ამ პრობლემას ორმოების ერთხელ ან ორჯერ ამოტუმბვა ვერ მოაგვარებს, ზედაპირული გაწმენდა არ არის საკმარისი, საკანალიზაციო მილები უნდა გაკეთდეს“, – გვეუბნება ის.

21 თებერვალს „ოცნების ქალაქში“ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც იმყოფებოდნენ, მათ დასახლებაში კორპუსების მშენებლობის დაწყება დააანონსეს და მოსახლეობას სკოლისა და ბაღის მშენებლობას დაჰპირდნენ.

სად შეწყდება ხვალ საღამოს წყალი ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ახალი დაერთების გამო, 7 მარტს 23:00 საათიდან 8 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

გუდიაშვილის ქუჩას, მალაზონიას ქუჩას, გორდეზიანის ქუჩას, კაჭარავას ქუჩას, გენერალ ასლან აბაშიძის I შესახვევს, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩას აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე და ბაგრატიონის ქუჩას – ჯავახიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე.

„ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ  წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით – “გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით”.

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

თითქმის ერთი წელია საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. ტელევიზიებში და ონლაინ მედიაში ამ თემაზე არაერთ სიუჟეტსა და სტატიას ნახავდით, თუმცა ბევრისთვის მაინც გაუგებარია, რა ხდება აჭარის ტელევიზიაში: ესაა ცალკეული პირების დაპირისპირება ფულისა და გავლენების გამო, თუ ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადასარჩენად. ამჯერად შევეცადეთ მოკლედ გვეპასუხა ყველა იმ კითხვაზე, რაც აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. 

  • ჩემთვის, მაყურებლისთვის, რატომაა მნიშვნელოვანი რა ხდება აჭარის ტელევიზიაში?

საზოგადოებრივი მაუწყებლი არის ხალხის ფულით დაფინანსებული ორგანიზაცია. შესაბამისად, მან უნდა გააშუქოს ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესი, ისე, რომ მაყურებელმა მიიღოს ზუსტი და არა მთავრობის ინტერესებს მორგებული ინფორმაცია.

საქართველოს მოსახლეობა მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღებისთვის იხდის ფულს. შეგახსენებთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარია და ამ ფულს იხდით თქვენ, თქვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან.

  • როგორ და როდის დაიწყო დაპირისპირება?

პრობლემები ტელევიზიაში დაიწყო თითქმის 1 წლის წინ, 2019 წლის აპრილში, როცა აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა დააყენა ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი. იმპიჩმენტი შედგა და ნათია კაპანაძე გადააყენეს დირექტორის თანამდებობიდან. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს უკავშირდებოდა ხელისუფლებას, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონდა აჭარის ტელევიზიის კრიტიკული სიუჟეტები და დირექტორის მოხსნით აპირებდა ტელევიზიის „მოთვინიერებას“.

  • ვინ ვის უპირისპრდება ახლა აჭარის ტელევიზიაში?

ახლა ამ დაპირისპირებაში ორი მხარეა. ერთ მხარეს არის აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა და მეორე მხარეს – ტელევიზიის ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ნაწილი, დაახლოებით 90 ადამიანი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დირექტორს უნდა აჭარის მაუწყებელის მიერ მომზადებული ახალი ამბები აკონტროლოს, შეცვალოს აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და თავიდან მოიშოროს ყველა, ვინც ამაში ხელს უშლის.

  • რა ვერ გაიყვეს? თანამდებობები და ხელფასები უნდათ?

არა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები, რომლებიც აპროტესტებენ მაუწყებელში ახალი დირექტორის პოლიტიკას, არ ითხოვენ არც ხელფასების მომატებას და არც თანამდებობებს. ისინი ითხოვენ  მათ საქმიანობა თავისუფალი იყოს პოლიტიკური და სხვა ტიპის გავლენებისგან.

  • რატომ არ მოსწონთ ჟურნალისტებს დირექტორი?

ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ დირექტორი, გიორგი კოხრეიძე არის მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული კადრი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს მთავრობის მიერ მართული ტელევიზია. დანიშვის პირველივე დღეს გიორგი კოხრეიძემ ჟურნალისტიკა სტუმარ-მასპინძლობას შეადარა და განაცხადა, რომ რესპოდენტები უნდა გააკრიტიკო, მაგრამ ისე, როგორც ძმას ან შვილს აკრიტიკებ. მართალია, გიორგი კოხრეიძე მოსვლის დღიდანვე ამბობდა, რომ საფრთხე არავის ემუქრებოდა, რეალურად კი მისი მოსვლის შემდეგ 3 რედაქტორი გადააყენეს თანამდებობიდან, დირექტორის მოადგილე სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებით კი იძულებული გადა სამსახური დაეტოვებინა.

  • საიდან იციან, რომ ტელევიზიის დირექტორი მთავრობის მიერაა დანიშნული?

აჭარის მაუწყებლის დირექტორს ირჩევს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო, რომელშიც 5 წევრია. მათგან 3 წევრი, უმრავლესობა, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირია.

გარდა ამისა, ჟურნალისტების ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ გიორგი კოხრეიძის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ შეაჩერა მაუწყებლის დირექტორის კონკურსი, რაც, იურისტების განცხადებით, არასწორი, უსაფუძვლო გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხრიდან და ამით სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხის რეალურობას აჭარის ტელევიზიაში კიდევ უფრო ცხადი გახდა.  როცა სასამართლომ დირექტორის კონკურსი შეაჩერა, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ სასამართლო ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან.

  • მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო რა არის და რა როლი აქვს მას ამ პროცესებში?

მრჩეველთა საბჭო განსაზღვრავს მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს, ირჩევს დირექტორს და ა.შ. აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე მრჩეველთა საბჭო უშუალოდაა პასუხისმგებელი, რადგან მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ მხარი დაუჭირა წინა დირექტორის იმპიჩმენს და შემდეგ სამ მცდელობაზე ვერ აირჩია ახალი დირექტორი; ახალი მრჩეველთა საბჭო მხარს უჭერ დირექტორის თითქმის ყველა გადაწყვეტილებას ჟურნალისტების პროტესტის მიუხედავად, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს აჭარის ტელევიზიაში.

სხვათა შორის, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ახლა სწორედ ის პირია, რომელმაც ერთი წლის წინ ყოფილი დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. გიგა ჩხარტიშვილი იმპიჩმენტის და ახალი საბჭოს არჩევის შემდეგ აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარედ. ახალი საბჭოს წევრებმა ხელფასები გაიზარდეს და საახალწლოდ 2 000-ლარიანი პრემიებიც მიიღეს.

  • რა ცვლილებები მოჰყვა ახალი დირექტორის მოსვლას ტელევიზიაში?

ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ შეეხო ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს, რომელიც ახალ ამბებს ამზადებს.

ახალი დირექტორის დანიშვნისთანავე აჭარის ტელევიზია და რადიო დატოვეს წინა დირექტორის მიერ მოწვეულმა კონსულტანტებმა: ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ.

დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერსა და რედაქტორს ნათია შავაძეს.

დირექტორმა, თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც სარედაქციო პოლიტიკის მართვა ევალებოდა, შეუცვალა ხელშეკრულება და მას მხოლოდ ანგარიშების შედგენა დაავალა. ნათია ზოიძე იძულებული გახდა ჩამოშორებოდა საინფორმაციო სამსახურს. მან ტელევიზია დატოვა.

დირექტორმა, მრჩეველთა საბჭოს მხარდაჭერით, გააუქმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი და მაია მერკვილაძე, რომელიც მუშაობდა ამ თანამდებობაზე, იძულებული გახდა ჩამოშორებოდა საინფორმაციო სამსახურს.

დირექტორმა გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი სამსახურეობრივი გადაცდომის მიზეზით.

დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა  ტელეწამყვანი, 22 წლის გიორგი აბაზაძე, რომელსაც ამ დრომდე არ ჰქონია მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილება, მის კონსულტანტად კი დანიშნა ტელევიზიის თანამშრომელი ლალი ბერძენიშვილი., დირექტორს აქამდე მისი დანიშვნა საინფორმაციო სამსახურის უფროსად სურდა.

  • ვინ დაასაქმა დირექტორმა მაუწყებელში?

ამ დრომდე ყველაზე გახმაურებული ორი ახალი კადრის დანიშვნაა.

დირექტორის მოადგილედ, დახურულ კონკურსში აირჩიეს ვახო ხუზმიაშვილი, იგი „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა. ბოლო პერიოდში კი Prime Time-ის დირექტორი იყო. დირექტორის მოადგილის კონკურსის გამოცხადებისთანავე ითქვა, რომ დირექტორმა საგანგებოდ ხუზმიაშვილისთვის გამოაცხადა კონკურსი, რადგან კონკურსის პირობებში ეწერა, რომ დირექტორის მოადგილედ არჩევისათვის საკმარისი იყო ბაკალავრის დიპლომი, ხუზმიაშვილი კი ამ კონკურსში ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც მხოლოდ ბაკალავრის დიპლომი ჰქონდა და არა მაგისტირის ან მასთან გათანაბრებული.

მეორე, კიდევ უფრო გახმაურებული ამბავი საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად ნინო ხაჟომიას დანიშვნა იყო. ნინო ხაჟომიას კარიერა თავის დროზე გადაცემა „60 წუთში“ დაიწყო,  2012 წელს კი მუშაობდა „რეალ ტვ“- ში, რომელიც სახელდებოდა, როგორც მიკერძოებული, მკვეთრად პროსახელისუფლებო ტელევიზია. აჭარის საინფორმაციო სამსახურში ხაჟომიას ცივად შეხვდნენ, მან დანიშვნიდან ოთხ დღეში დატოვა რედაქტორის თანამდებობა.

  •  რას აპროტესტებენ ჟურნალისტები?

ჟურნალისტები და მაუწყებლის სხვა თანამშრომლები აპროტესტებენ დირექტორის პოლიტიკას, რომელიც, თავიდან იშორებს ყველა იმ კადრს, რომელსაც საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ენდობიან. მაუწყებლის თანამშრომლები თვლიან, რომ დირექტორი ცდილობს აჭარის მაუწყებელს წაართვას სარედაქციო დამოუკიდებლობა.

დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნიდან დღემდე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა გამართეს რამდენიმე აქცია. მათი მოთხოვნა და გზავნილები უცვლელია – „ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და არა – დირექტორისთვის“, მოგვეცით მუშაობის საშუალება, ნუ ჩაერევით სარედაქციო დამოუკიდებლობაში.

  • მთავრობა რას ამბობს ამაზე?

მთავრობა ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიის მიმდინარე მოვლენებში არ ერევა, თუმცა ასე არ ფიქრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

საქართველოში თითქმის ყველა ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა.

საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს უწოდა „საგანგაშო“, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს სამჯერ გამოეხმაურა გავლენიანი საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და საქართველოს მთავრობას მოუწოდა „პატივი სცეს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ჯგუფის სარედაქციო დამოუკიდებლობას“.

  • ახლა რა მოხდება?

ახლა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ის თანამშრომლები, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იბრძვიან, აპირებენ გაფიცვას, თუ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები. მათ უკვე შეიტანეს მაუწყებელში ოთხპუქტიანი მოთხოვნა, რომლის შესრულების შემთხვევაში სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული უნდა იყოს. ამჟამად მიმდინარეობს მედიაციის პროცესი, რომელშიც ტელევიზიის თანამშრომლების და მენეჯმენტის გარდა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროც უნდა ჩაერთოს. თუკი მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ამის შემდეგ შეეძლებათ მაუწყებლის თანამშრომლებს გაფიცვა.

___________

მარიამ მუთიძის ილუსტრაცია 

ბათუმის ახალ მეჩეთში დეზინფექცია ჩაატარეს

ბათუმის ახალი მეჩეთის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს. როგორც ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, დეზინფექცია მუსლიმების ინიციატივით ჩატარდა.

„ჩვენ გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, თანხა გადავიხადეთ და ჩავატარებინეთ დეზინფექცია. თუ შესაბამისი აუცილებლობა დადგება, იმ შემთხვევაში შევაჩერებთ მსახურებებს, თუმცა, ეს აუცილებლობა არ დგას“ – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

კითხვაზე, რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს მსგავს ხალხმრავალ ადგილებში დეზინფექცია და ხომ არ მიუღიათ ამაზე რეკომენდაცია, ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ მეჩეთებში ძირითადად პარასკევობით ხდება ხალხის მსახურება: „შესაბამისად, პარასკევის წინ, ყოველთვის ჩავატარებთ დეზინფექციას“.

ნაკაიძე ამბობს, რომ მორწმუნეები ინდივიდუალურად ცდილობენ დაიცვან რეკომენდაციები, „რთულია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ რეკომენდაციების დაცვას“.

ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება სხვა მეჩეთებშიც იგეგმება.

სადეზინფექციო სამუშაოები ბათუმის ახალ მეჩეთში

გონიოში, კარანტინში არიან საქართველოს ჯანმრთელი მოქალაქეები – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

გუშინ, 5 მარტს, ღამით, გონიოში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი შიშობენ, რომ გონიოში მდებარე სასტუმროში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში მოთავსებული ადამიანები მათ ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს.

„ისინი ფიქრობდნენ, რომ სასტუმროში იყვნენ დაავადებული პირები და გარკვეულ საშიშროებას გრძნობდნენ. ჩვენ ავუხსენით, რომ აქ არიან ჯანმრთელი ადამიანები და აბსოლუტურად უსაფრთხოა ეს ადგილი ირგვლივმყოფთათვის“, – გვითხრა ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომელიც უშუალოდ შეხვდა აქციის მონაწილეებს.

„ავუხსენით, რომ სასტუმროში ჯანმრთელი ადამიანები არიან და, ასევე, რას ნიშნავს დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტი, რა დროს შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი, რომ აუცილებელია 14-დღიანი მეთვალყურეობა საიზოლაციო ზონაში მათთვის, ვინც საყოფაცხოვრებო პირობებში ვერ ახერხებს თვითიზოლაციას. მათზე დამყარებულია მკაცრი მონიტორინგი, ჩვენი ეპიდემიოლოგები დღეში ორჯერ ახორციელებენ ვიზიტს და დეტალურად სწავლობენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რისკები არის აბსოლუტურად ნული. ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდეთ, თვითონაც გაგებით უნდა მოეკიდონ.

გვითხრეს, რომ იყო სასტუმროდან სიგარეტის ნამწვის გადმოგდების ფაქტი. სასტუმროში მყოფები მკაცრად გაფრთხილდნენ დანაგვიანებაზე. ერთი ფაქტის შესახებ ამბობენ და ეს შენიშვნაც მიღებული იქნა, აღარ განმეორდება, მაგრამ ის, რომ საერთოდ აივანზე ნუ გამოვა… ეს ხალხიც ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში, მათაც გაიგეს, თქვეს, ვიტყვით, რომ არ გვჭირს არაფერიო. აქციის მონაწილეები დავარწმუნეთ, რომ სასტუმროში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით გადადის – ანუ იმ სითხეებიდან, რომელიც პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა და არა ჰაერით. კორონავირუსის გადადება ხდება 15 წუთი და მეტი ხანგძლივობის კონტაქტის შედეგად ინფიცირებულ ადამიანთან, ერთი მეტრის რადიუსის დაშორებით. თუ გამონაყოფი წვეთებით [დაცემინების, დახველების შედეგად] ბინძურდება გარემო, გამონაყოფებმა შეიძლება 24 საათზე მეტის ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა, ამიტომაც არის საჭირო სველი წესით დასუფთავება და ჰიგიენური ნორმების დაცვა. 

„ბათუმელები“ გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეულში ბათუმის მერიის სერვისცენტრის მენეჯერს, გია თევთიძესაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ აქციის გამართვას გონიოში დღესაც აპირებდნენ, თუმცა ამ დროის მონაცემებით, აქცია არ გაიმართება.

„პირადად შევხვდი ადამიანებს, ავუხსენი, რომ საშიში არაფერია, საფრთხე არ არსებობს, ახლაც იქედან მოვდივარ“, – გვითხრა გია თევთიძემ.

ბათუმში, ქალაქგარეთ მდებარე სასტუმროში, კარანტინში, 30 პირი იმყოფება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, საიზოლაციოდ შერჩეულ სასტუმროში ეპიდემიოლოგიური და საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით არის ძალიან კარგი პირობები და კარანტინში მოთავსებული პირები არიან ჯანმრთელი ადამიანები, რომელთაც შეხება ჰქონდათ მაღალი რისკის ქვეყანასთან.

„14 დღის განმავლობაში მათზე დამყარდება მეთვალყურეობა, ეპიდემიოლოგი დღეში ორჯერ მიდის და მონიტორინგს აწარმოებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ვიმეორებ, ისინი არიან ჯანმრთელი პირები და ნებისმიერი ჩივილის გამოვლენისთანავე მოხდება მათი გადაყვანა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში,“ – აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

____________

ფოტოზე: აქცია გონიოში

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებები საქართველოსთვის შავ ზღვაში

ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (EMSA) ახალი კონფიგურაციის მომსახურების შემუშავებას იწყებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც შავი და კასპიის ზღვის რეგიონების (BCSEA) და SAFEMED IV პროექტის მე-2 ფაზაზე გადასასვლელად თავისი მზადყოფნა დაადასტურეს.

გადაწყვეტილება MAREΣ-ის (ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე საზღვაო რაიონების გემების მონიტორინგის ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მე-16 შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული, რომელიც გასული წლის დეკემბერში რომში გაიმართა. საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა და ამავე სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ გეგენავამ.

„შავი და კასპიის ზღვის რეგიონების ავტომატური საიდენტიფიკაციო მონაცემების ურთიერთგაცვლის (BCSEA) და SAFEMED IV საპილოტე პროექტები ევროპული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში საზღვაო გარემოს უშიშროების, უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით ერთიანი და ეფექტური მოქმედების უზრუნველსაყოფად ხორციელდება“, – აცხადებს თამარ იოსელიანი. მისივე თქმით, ამ პროექტებში მე-2 ფაზაზე გადასვლით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ევროპული სტანდარტებით შესრულებას შეძლებს, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის რეპუტაციაზე.

საპილოტე პროექტების პირველი ფაზა მიღებული ინფორმაციის შეკრებას და მათ გაცვლას ითვალისწინებდა SAFEMED / BCSEA არჩეულ წყვილ ქვეყნებს შორის. ეს ქვეყნებია: იორდანია, მაროკო, ტუნისი, საქართველო, უკრაინა და თურქეთი. პროექტის მე-2 ფაზა იტალიის სანაპირო დაცვის კოორდინაციით სისტემა MAREΣ-ის დახმარებით, თანაბარი უფლებებისა და პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით ამ ქვეყნებსა და ხმელთაშუა ზღვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის AIS მონაცემთა გაცვლას გულისხმობს.

ამ მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად ქართული მხარე რამდენიმე წელი მუშაობდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით საზღვაო სამაშველო-სააკოორდინაციო ცენტრი საზღვაო რადიოკავშირის სანაპირო, სატელიტური და გემების მონიტორინგის უახლესი სისტემით აღიჭურვა და ჩვენი პასუხისმგებლობის 150-მილიან ზონაში საერთაშორისო ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ოპერაციების მაღალი სტანდარტებით კოორდინაციის შესაძლებლობა შეიქმნა. გასულ წელს დასრულდა გემების ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის ეროვნული ქსელის (AIS) ჩამოყალიბება.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს სანაპირო ზოლი სრულიად კონტროლდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ხმელთაშუა ზღვის რეგიონალურ AIS სერვერს (AIS Regional MAREΣ Server) ონლაინ რეჟიმში ვაწვდით მონაცემებს საქართველოს პასუხისმგებლობის არეალში გემების მოძრაობის შესახებ.

 პედაგოგს, რომელმაც სიცოცხლის ფასად 10 ბავშვი გადაარჩინა, ციხისძირში მემორიალს უწყობენ 

ქობულეთის სოფელ ციხისძირში მდებარე სკვერში მარიამ კონცელიძის მემორიალი მოეწყობა. მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, კომისიამ გამარჯვებულად მოქანდაკე მინდია გურგენაძე გამოავლინა, რომელთანაც ხელშეკრულება 5 ათას ლარზე გაფორმდება.

მემორიალი 2020 წლის პირველ აპრილამდე უნდა მოეწყოს.

მარიამ კონცელიძემ, 33 წლის პედაგოგმა, ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა. მარიამი ციხისძირის საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო. მას 2 შვილი ჰყავდა.

ნახეთ ვრცლად:

ვინ არის 33 წლის პედაგოგი, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად 10 ბავშვი გადაარჩინა ქობულეთში

შაბათ-კვირას ბათუმში 20 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 6-7 მარტს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

კვირას, პირველ მარტს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა,ზვავსაშიშროება.

ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი ღელვა. მომდევნო ორ დღეს, 2-3 მარტს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15-20 გრადუსი
  • ღამით: 5-10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი

სინოპტოკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 8-9 მარტს, მოსალოდნელია  უნალექო ამინდი.

_________________

ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე

ლავასოღლის ახლობლების საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან

დღეს, 6 მარტს, ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან, მინდია ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ლავასოღლის საემიგრაციო ციხეში გადმოყვანას ითხოვენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე თურქეთის კონსულისგან დაპირებას არ მიიღებენ.

“არც შემახვედრეს მინდიას, ორი დღის წინ ჩამოვედი…  იზმირის ციხეშია ისევ. გამოუშვეს და მერე ისევ მომპარეს,” – ამბობს ირინა ლავასოღლი, მინდია ლავასოღლის და.

ადვოკატი ლექსო კობაიძის თქმით, ლავასოღლი განსაკუთრებით მძიმე პირობებში იმყოფება, სარდაფში ჰყავთ, საემიგრაციო ციხეში კი, ის შედარებით უკეთესად იქნება.

“ეს ჰგავს იმ ამბავს, როცა ნარკოტიკებზე აკავებდნენ პირს, ის არ აძლევდა ბიოლოგიურ მასალას, უშვებდნენ თუ არა, მერე ისევ აკავებენ.

თურქეთის საექსტრადაციო სასამართლოში საქართველო ვერ ადასტურებს იმას, რომ ლავასოღლი უნდა გადასცენ, ოფიციალურად ასეა.

გამოდის, საქართველო ოფიციალურად ლავასოღლის ექსტრადაციას ითხოვს, არაფორმალურად კი ეუბნება, რომ მოიცათ, ჯერ არ გამოუშვათ,” – აცხადებს ადვოკატი ლექსო კობაიძე.

საკონსულოსთან შეკრებილებმა გვითხრეს, რომ ისინი “ლავასოღლის შინაურები” არიან.

“ვიცით, რომ დედა ძალიან განიცდის… მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია. სანათესაო ბევრი ჰყავს მინდიას, აქ კიდევ ზღვაში წვეთი ვართ,” – ამბობს ზაირა ძნელაძე.

საპროტესტო აქცია გრძელდება.

____

მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 28 თებერვალს ამოეწურა, თუმცა 29 თებერვალს მას ხელახლა შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ გაურკვეველია პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი და ლავასოღლი უახლოეს დღეებში საქართველოს და თურქეთის წინააღმდეგ დავას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.

„28 თებერვალს ის გადაიყვანეს სადეპორტო განყოფილებაში, სადაც შედარებით თავისუფლებაა, მაგრამ ნახევარ დღეში ის ისევ დააპატიმრეს… თურქი ადვოკატები არკვევენ, რა არის ხელახალი საექსტრადაციო პატიმრობის საფუძველი. საქართველო ამბობს, რომ ითხოვს მის გადმოცემას, თურქეთის პოზიციაა, წაიყვანეთო, ამიტომ ორივეს უჩივის ლავასოღლი სტრასბურგის სასამართლოში,“ – გვითხრა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. მისივე ინფორმაციით, მინდია ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა – ინფიცირებულები იტალიიდან ჩამოვიდნენ

5 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის უკვე 9 შემთხვევაა დადასტურებული. ხუთი ახალი შემთხვევის შესახებ, გუშინ, ღამით გახდა ცნობილი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ხუთივე პაციენტი იმყოფებოდა იტალიაში იმ მამაკაცთან ერთად, რომელსაც 4 მარტს დაუდგინდა კორონავირუსი.

„ისინი ხუთივე იმყოფებოდნენ კონტაქტში იმ მამაკაცთან, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსით ინფექცია. ისინი ერთად იმყოფებოდნენ იტალიაში. ამ ხუთიდან ორი არის საშუალო ასაკის, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, სამი ახალგაზრდაა – ერთი ახალგაზრდა ქალი და ორი ვაჟი. ხუთიდან არც ერთი არ არის ხანდაზმული ასაკის, რაც მაღალი რისკის ჯგუფია შედეგების გამოსავლის თვალსაზრისით. ამ ხუთიდან ოთხის მდგომარეობა კარგია, დამაკმაყოფილებელია, მათ ტემპერატურის მომატება ან რაიმე ჩივილი ამ მომენტში არ აღენიშნებათ, ხოლო ერთ მათგანს აქვს მსუბუქი სიმპტომები, 37,3 აქვს ტემპერატურა და აღენიშნება ყელის ტკივილი.

ისინი პირველ მარტს ჩამოვიდნენ თბილისში დილით, ვინაიდან არ ჰქონდათ სიმპტომები, წავიდნენ ჩვეულებრივ სახლში და მხოლოდ შემდეგ, როცა მათთან მყოფ მამაკაცს დაუდასტურდა ეს ინფექცია, მათ მიაკითხეს ექიმებმა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ TV პირველის ღამის ეთერში.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც 4 მარტს დაუდასტურდა კორონავირუსი, საშუალო სიმძიმისაა.

„აქვს მაღალი ტემპერატურა, ჰქონდა 39-ზე მეტი, დღეს ჰქონდა 38,5 და საერთო სისუსტე… ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ამ დაავადებას ახასიათებს ერთი ვერაგი თვისება, გრიპთან შედარებით იწყება მსუბუქად და მერე ერთი კვირის მანძილზე შეიძლება დამძიმდეს. თუმცა ამ წუთში შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტს საფრთხე არ ემუქრება. დინამიკა უარყოფითი არ არის“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროისათვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში – 162 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 45. ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 9 შემთხვევა.

5 მარტის მონაცემებით, ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ძირითადი წყარო იტალიაა, სადაც ოფიციალურად 3 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში დაფიქსირებული 9 შემთხვევიდან 7 პირდაპირ უკავშირდება იტალიაში მოგზაურობას.

მთავარი რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს, არის:

  • დაიცავით პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ხშირად დაიბანეთ ხელები;
  • გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ მოგზაურობას;
  • იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თვითიზოლაციას საკუთარ სახლში, თუ ამის საშუალება არ არსებობს, იმ შემთხვევაში კარანტინში უნდა მოთავსდეთ;

კორონავირუს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა ბოლო ერთ დღეში მკვეთრად მოიმატა ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც.

5 მარტის მდგომარეობით, ნიდერლანდებში შემთხვევების რაოდენობა ერთ დღეში თითქმის გაორმაგდა და 82-ს მიაღწია, ინფიცირებულთა მნიშვნელოვან ნაწილს კი სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ინფიცირებულთა შორის არიან ის ექიმები და მედდები, რომლებიც მანამდე ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობდნენ.

ერთ დღეში 100-ით მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ გერმანიაში და 350-ს მიაღწია. შემთხვევების თითქმის ნახევარი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონშია დაფიქსირებული.

5 მარტს ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა საბერძნეთში. ისრაელიდან და ეგვიპტიდან დაბრუნებულ 21 ადამიანს ვირუსი აღმოაჩნდა, რის შედეგადაც, ინფიცირებულთა რაოდენობამ 31-ს მიაღწია. 377-მდე გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა საფრანგეთში

ჩაბნელებული და ნახევრადცარიელი კორპუსები ქალაქში – რას მოუტანს ეს ტენდენცია ბათუმს

ბათუმში, მით უფრო მის ცენტრალურ ნაწილში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები ძირითადად დაკეტილია და იქ არავინ ცხოვრობს, ვიდრე საკურორტო სეზონი არ დაიწყება. ამ ბინების უმეტესობა მესაკუთრემ გასაქირავებლად შეიძინა.

იგივე ვითარებაა ქალაქის გარეუბნებშიც. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ღამით, როცა მრავალბინიანი კორპუსების ფანჯრები თითქმის სრულად ჩაბნელებულია.

ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა – გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთიდან მელიქიშვილამდე ახალაშენებული სახლების ფანჯრები უმეტესწილად ჩაბნელებულია. ამ ქუჩაზე ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ახალაშენებული მრავალბინიანი სახლი და ასეულობით ბინაა. ღამით ამ მონაკვეთის ჩავლისას ბევრი ჩაბნელებული ფანჯარაა. იგივე ვითარებაა სხვა ქუჩებზეც.
ბათუმი, გორგილაძის ქუჩა – ხშირად ერთი სადარბაზოს ერთ სართულზე 9 ან 14 ბინაა, მაგრამ სინათლე ღამით მხოლოდ ერთი ან ორი ფანჯრიდან გამოდის, ზოგიერთი სართული კი სრულად ჩაბნელებულია.

ახალ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინები ვინც იყიდა, ამბობენ, რომ გასაქირავებელი, დაკეტილი ბინები მათ ბევრ პრობლემას უქმნის.

„ეს ნიშნავს უწესრიგობას, მოუვლელ სადარბაზოს, ლიფტს, გადაუხდელ გადასახადებს და ჩამოუყალიბებელ ამხანაგობას“, – ასე აღწერს ბათუმში, 26-სართულიან, მრავალბინიან სახლში მცხოვრები ინგა აბუსელიძე საკუთარ სადარბაზოში არსებულ ვითარებას.

ინგა ორ წელზე მეტია, რაც ფიროსმანის ქუჩაზე, 26-სართულიან სახლში ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. ის ამბობს, რომ ზამთარში მათ სადარბაზოში ბინების 80% დაკეტილია:

„ვიცოდი, რომ ერთ ჭერქვეშ რამდენიმე ათეული ბინა იქნებოდა. ეს პასუხისმგებლობების გაზიარებას გულისხმობს, თუმცა მეზობლები ზაფხულამდე არ ჩანან, მათგან ბევრს არ ვიცნობ, შეიძლება სეზონი ისე დასრულდეს, რომ მათ ვერც კი შეხვდე. შესაბამისად, არც სადარბაზოს, სადარბაზოს კოდირებული კარის, ლიფტის მომსახურებასთან დაკავშირებული გადასახადების დაფარვაში იღებენ მონაწილეობას.“

პრობლემას ქმნის ისიც, რომ ასეთი სახლების უმეტესობას ბათუმში არ აქვს პარკინგი, ან იმდენად მცირე ადგილი აქვს დატოვებული ავტომანქანების გასაჩერებლად, რომ ეს აქ მცხოვრებლებს თუ დამსვენებლებს ზაფხულობით სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით,  მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა. ამავე მონაცემებით, აჭარა მეორე ადგილზეა [ფართობის მიხედვით] დასრულებული ობიექტების კუთხითაც.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს აჭარაში 130 ობიექტის მშენებლობა დასრულდა და 1 261 ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცა… აჭარაში 2019 წელს დასრულდა 451 839 კვ.მ ფართობის მშენებლობა, ხოლო ნებართვა გაიცა 3 045 775 კვ.მ-ის მშენებლობაზე. ამ კუთხით აჭარა პირველ ადგილზეა ქვეყნის მასშტაბით, ანუ 2019 წელს გაცემული ნებართვების მიხედვით, ყველაზე მეტი ფართობი აჭარაში აშენდა.

პრობლემების განხილვისას გადაწყვეტილების მიმღები პირები მშენებლობების მასშტაბს პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს ქმნის სამუშაო ადგილებს და აძლიერებს ეკონომიკას.

ქაოტური მშენებლობებით ეკონომიკის გაძლიერებაზე განსხვავებული მოსაზრება აქვს არქიტექტორ ირაკლი ჟვანიას. მისი განმარტებით, ეკონომიკა თავისთავად მოიაზრებს ქალაქის დაგეგმვას, ტურიზმს, ტრანსპორტს, ასევე სხვა მიმართულებებს და ვერც მშენებლობებზე მიბმული დასაქმების ადგილი იქნება გრძელვადიანი:

„ეს სახლები უახლოეს მომავალში იქცევა არასასურველ სახლებად და მესაკუთრეები მოინდომებენ მათ გაყიდვას, რადგან მათ შეექმნებათ გაქირავების პრობლემა“, – ამბობს არქიტექტორი ირაკლი ჟვანია. ის არ გამორიცხავს, რომ ქალაქის შეცვლილი ინფრასტრუქტურის გამო შესაძლოა ეს სახლები ზაფხულშიც დაკეტილი დარჩეს.

„ის, რომ ქალაქის განვითარება არ იგეგმება მრავალი კუთხით, უკარგავს ბათუმს თავის იდენტობას, ასეთი ქალაქი ნამდვილად არ არის მიმზიდველი ხანგრძლივ პერსპექტივაში. ჩამომსვლელი რომ  დაინტერესდეს, ურბანული ხარისხის დონე უნდა იყოს უფრო მაღალი და არა დეგრადირებული ჯუნგლებით. ეს ვიზუალური მხარე პირდაპირ ურტყამს ტურიზმს პერსპექტივაში: მაღალი სახლები ერთმანეთთან ახლოს, პარკინგის არ არსებობა, გზების გადაჭედვა, კომუნიკაციების პრობლემა, თანაც ეს სახლები ცხრა თვე ცარიელია – ეს ყველაფერი აუარესებს ქალაქში ცხოვრების ხარისხს. როდესაც დეგრადირდება გარემო და ის აღარ არის მიმზიდველი, რა თქმა უნდა, ამ ბინებსაც შეექმნება გაქირავების პრობლემა.

შემდეგ მფლობელები დააპირებენ მათ გაყიდვას. დარჩება ეს სახლები რაღაც პერიოდის შემდეგ არასასურველ სახლებად, ეს იქცევა ეკონომიკურად არამიმზიდველ, არააქტიურ გარემოდ და როცა გარემო პასიურია, ეკონომიკურადაც კვდება. ქალაქს წართმეული აქვს შანსი, განვითარებულიყო საინტერესო და მდგრადი გზით, ყოფილიყო ეკონომიკურად ხანგრძლივ პერსპექტივაში მიმზიდველი“, – ამბობს არქიტექტორი.

______

ამავე თემაზე: მამუკა ხაზარაძის მოსაზრება ტურისტული თვალსაზრისით ბათუმის პერსპექტივაზე

 

10 წელში შეიძლება ბინების ნახევარზე მეტი დაკეტილი იყოს – ხაზარაძე ბათუმის განაშენიანებაზე 

Exit mobile version