მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი დახურულ კონკურსზე აირჩიეს

21.02.2020
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი დახურულ კონკურსზე აირჩიეს

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, დახურულ კონკურსზე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება დღეს, 21 თებერვალს საკონკურსო კომისიამ მიიღო. აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტში  ვახო ხუზმიაშვილის მოსვლის შესახებ ინფორმაცია გიორგი კოხრეიძის არჩევის დროსაც ვრცელდებოდა.

ვახო ხუზმიაშვილი აქამდე „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა. ბოლო პერიოდში იგი “Prime Time”-ის დირექტორი იყო.

კონკურსში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა: აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები – ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.

კომისია, რომელმაც ტელევიზიის დირექტორის მოადგილე შეარჩია, გასაუბრება დახურა. მიზეზებზე საუბარი „ბათუმელებთან“ კომისიის წევრმა, ნინო უტიაშვილმა არ ისურვა. იგი აჭარის ტელევიზიაში იურიდიული მხარდაჭერის სამსახურს ხელმძღვანელობს. კონკურსი დახურეს აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებისთვისაც, ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ დღეს საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ვახო ხუზმიაშვილთან გასაუბრების მოსასმენად ჟურნალისტები არ შეუშვეს.

ნინო უტიაშვილმა არ გვითხრა, ვინ შეარჩია კომისიამ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. მისი თქმით, კომისია მას შემდეგ გაასაჯაროებს კანდიდატის ვინაობას, როცა ამის შესახებ დირექტორს შეატყობინებენ.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის პოსტი 2 თებერვლის შემდეგაა ვაკანტური, როცა ნათია ზოიძემ ეს პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე მას ტელევიზიის ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ხელშეკრულება შეუცვალა და მოვალეობად მხოლოდ ანგარიშების მომზადება დაუტოვა.

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძის ტელევიზიიდან წასვლა პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.

________________

ფოტო ვახტანგ ხუზმიაშვილის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: