მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გაათავისუფლეს

28.02.2020
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ თავად მაუწყებელმა გაავრცელა.

მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით:

„როგორც ამას მაუწყებლის ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირების წევრები უკვე ორი კვირის განმავლობაში პროგნოზირებდნენ, დირექტორი, გიორგი კოხრეიძე საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლებასაც გეგმავდა. სწორედ ეს წერია დოკუმენტშიც, რომელიც ონლაინ სამსახურს დღის ბოლოს, 19:10 წუთზე დირექტორის თანაშემწემ გაუგზავნა“.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შორენა ღლონტი სამსახურიდან მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და ის სხვა თანამდებობაზე იქნება გადანიშნული.

”ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება”, – წერია განცხადებაში, რომელიც დირექტორის სახელით ონლაინ სამსახურს გამოუგზავნეს.

მაუწყებლის ინფორმაციითვე, დღეს, 24 თებერვალს, საინფორმაციოს რედაქტორად ოთხი დღის წინ დანიშნულმა ნინო ხაჟომიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ეს თანამდებობა, თუმცა ის მაუწყებელში რჩება. ახალი ამბების რედაქტორის მოვალეობას კი მაუწყებლის ერთ-ერთი ჟურნალისტი, „აგრორჩევების“ წამყვანი ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს.

19 თებერვალს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც გაუქმდა. მაია მერკვილაძეს კი, რომელიც მაუწყებლის მთავარი გამოშვების რედაქტორი იყო, თანამდებობიდან გადააყენეს. დირექტორმა მას არარსებული თოქ შოუს პროდიუსერობა ან რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობა შესთავაზა.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურიდან ბოლო ორი თვის განმავლობაში, ანუ გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ ოთხი რედაქტორი და მენეჯერი გაათავისუფლეს.

მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ პოლიტიკურ ზეწოლად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: