მთავარი,სიახლეები

გონიოში, კარანტინში არიან საქართველოს ჯანმრთელი მოქალაქეები – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

06.03.2020 • 2213
გონიოში, კარანტინში არიან საქართველოს ჯანმრთელი მოქალაქეები – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

გუშინ, 5 მარტს, ღამით, გონიოში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი შიშობენ, რომ გონიოში მდებარე სასტუმროში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში მოთავსებული ადამიანები მათ ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს.

„ისინი ფიქრობდნენ, რომ სასტუმროში იყვნენ დაავადებული პირები და გარკვეულ საშიშროებას გრძნობდნენ. ჩვენ ავუხსენით, რომ აქ არიან ჯანმრთელი ადამიანები და აბსოლუტურად უსაფრთხოა ეს ადგილი ირგვლივმყოფთათვის“, – გვითხრა ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომელიც უშუალოდ შეხვდა აქციის მონაწილეებს.

„ავუხსენით, რომ სასტუმროში ჯანმრთელი ადამიანები არიან და, ასევე, რას ნიშნავს დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტი, რა დროს შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი, რომ აუცილებელია 14-დღიანი მეთვალყურეობა საიზოლაციო ზონაში მათთვის, ვინც საყოფაცხოვრებო პირობებში ვერ ახერხებს თვითიზოლაციას. მათზე დამყარებულია მკაცრი მონიტორინგი, ჩვენი ეპიდემიოლოგები დღეში ორჯერ ახორციელებენ ვიზიტს და დეტალურად სწავლობენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რისკები არის აბსოლუტურად ნული. ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდეთ, თვითონაც გაგებით უნდა მოეკიდონ.

გვითხრეს, რომ იყო სასტუმროდან სიგარეტის ნამწვის გადმოგდების ფაქტი. სასტუმროში მყოფები მკაცრად გაფრთხილდნენ დანაგვიანებაზე. ერთი ფაქტის შესახებ ამბობენ და ეს შენიშვნაც მიღებული იქნა, აღარ განმეორდება, მაგრამ ის, რომ საერთოდ აივანზე ნუ გამოვა… ეს ხალხიც ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში, მათაც გაიგეს, თქვეს, ვიტყვით, რომ არ გვჭირს არაფერიო. აქციის მონაწილეები დავარწმუნეთ, რომ სასტუმროში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით გადადის – ანუ იმ სითხეებიდან, რომელიც პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა და არა ჰაერით. კორონავირუსის გადადება ხდება 15 წუთი და მეტი ხანგძლივობის კონტაქტის შედეგად ინფიცირებულ ადამიანთან, ერთი მეტრის რადიუსის დაშორებით. თუ გამონაყოფი წვეთებით [დაცემინების, დახველების შედეგად] ბინძურდება გარემო, გამონაყოფებმა შეიძლება 24 საათზე მეტის ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა, ამიტომაც არის საჭირო სველი წესით დასუფთავება და ჰიგიენური ნორმების დაცვა. 

„ბათუმელები“ გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეულში ბათუმის მერიის სერვისცენტრის მენეჯერს, გია თევთიძესაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ აქციის გამართვას გონიოში დღესაც აპირებდნენ, თუმცა ამ დროის მონაცემებით, აქცია არ გაიმართება.

„პირადად შევხვდი ადამიანებს, ავუხსენი, რომ საშიში არაფერია, საფრთხე არ არსებობს, ახლაც იქედან მოვდივარ“, – გვითხრა გია თევთიძემ.

ბათუმში, ქალაქგარეთ მდებარე სასტუმროში, კარანტინში, 30 პირი იმყოფება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, საიზოლაციოდ შერჩეულ სასტუმროში ეპიდემიოლოგიური და საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით არის ძალიან კარგი პირობები და კარანტინში მოთავსებული პირები არიან ჯანმრთელი ადამიანები, რომელთაც შეხება ჰქონდათ მაღალი რისკის ქვეყანასთან.

„14 დღის განმავლობაში მათზე დამყარდება მეთვალყურეობა, ეპიდემიოლოგი დღეში ორჯერ მიდის და მონიტორინგს აწარმოებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ვიმეორებ, ისინი არიან ჯანმრთელი პირები და ნებისმიერი ჩივილის გამოვლენისთანავე მოხდება მათი გადაყვანა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში,“ – აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

____________

ფოტოზე: აქცია გონიოში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: