მთავარი,სიახლეები

აქცია გონიოში საკარანტინო ზონის გადატანის მოთხოვნით ისევ გაიმართა

07.03.2020
აქცია გონიოში საკარანტინო ზონის გადატანის მოთხოვნით ისევ გაიმართა

ხმაური იყო დღეს გონიოში, იმ სასტუმროს წინ, სადაც კარანტინში მყოფი ადამიანები არიან მოთავსებული. სასტუმროს მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებას კარანტინში მყოფი მოქალაქეების სხვა ადგილას გადაყვანას სთხოვს.

„ეს სასტუმრო, რომელშიც კარანტინის ხალხია, მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში. ეს ადამიანები აივანზე გამოდიან, სიგარეტს ეწევიან და ნამწვავებს ეზოში გვიყრიან. ამ ეზოში კი ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. გვინდა, რომ ეს საკარანტინო ზონა გადაიტანონ სხვაგან, ისეთ ადგილას, სადაც მჭიდრო დასახლება არ იქნება,” – ამბობს გონიოს მცხოვრები გელა დუმბაძე.

ეს არ არის პირველი აქცია, რომელიც გონიოში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა ამ საკითხზე გამართა. ისინი აქციის გამართვას ხვალ, 8 მარტსაც აპირებენ.

5 მარტს, გამართულ აქციაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე შეხვდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

„ავუხსენით, რომ სასტუმროში ჯანმრთელი ადამიანები არიან და, ასევე, რას ნიშნავს დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტი, რა დროს შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი, რომ აუცილებელია 14-დღიანი მეთვალყურეობა საიზოლაციო ზონაში მათთვის, ვინც საყოფაცხოვრებო პირობებში ვერ ახერხებს თვითიზოლაციას. მათზე დამყარებულია მკაცრი მონიტორინგი, ჩვენი ეპიდემიოლოგები დღეში ორჯერ ახორციელებენ ვიზიტს და დეტალურად სწავლობენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რისკები არის აბსოლუტურად ნული. ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდეთ, თვითონაც გაგებით უნდა მოეკიდონ,” – თქვა “ბათუმელებთან” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით გადადის – ანუ იმ სითხეებიდან, რომელიც პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა და არა ჰაერით. კორონავირუსის გადადება ხდება 15 წუთი და მეტი ხანგრძლივობის კონტაქტის შედეგად ინფიცირებულ ადამიანთან, ერთი მეტრის რადიუსის დაშორებით. თუ გამონაყოფი წვეთებით [დაცემინების, დახველების შედეგად] ბინძურდება გარემო, გამონაყოფმა შეიძლება 24 საათზე მეტის ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა, ამიტომაც არის საჭირო სველი წესით დასუფთავება და ჰიგიენური ნორმების დაცვა. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: