მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიაში თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს

06.03.2020
აჭარის ტელევიზიაში თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ბრძანებაში, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ მოაწერა ხელი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, წერია, რომ თეონა ბაკურიძეს „დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“.

ბრძანების მიხედვით დღეს, 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის  ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. თეონა ბაკურიძეს ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერეს უფლებამოსილება.

ამ ბრძანების მიხედვით, დირექტორმა მხოლოდ ახლადდანიშნული რედაქტორის ფირუზ ბოლქვაძის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის კონსულტანტის – ლალი ბერძენიშვილის პოზიციები მოისმინა, რომლის მიხედვითაც თეონა ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად ახდენდა.

დღეს თეონა ბაკურიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, საინფორმაციოს ახალი უფროსი გიორგი აბაზაძე შესაძლოა ზეწოლის ქვეშ იყოს.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა მცდელობა, დაეწერა განცხადება. ნიუსრუმის რამდენიმე თანამშრომელს უთხრა – დავწერე და დავხიეო. ჩვენ მას დღეს დახმარებაც შევთავაზეთ, იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებდა ასეთ ფაქტებს. არ ვიცი, როგორ შეაფასებს იგი არსებულ პროცესს და როგორი იქნება მისი პასუხები მას შემდეგ, რაც გააკეთებს კომენტარს, მაგრამ მე მაქვს ეჭვი, რომ იგი ზეწოლის ქვეშაა“, – განაცხადა თეონა ბაკურიძემ.

ტელეწამყვანი გიორგი აბაზაძე 4 მარტს დანიშნეს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

ჟურნალისტების თქმით, გიორგი აბაზაძესთან კამათი დილით ჰქონდათ, დაახლოებით 40 წუთში, მას შემდეგ, რაც ის რადიოს შენობაში გადავიდა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

თეონა ბაკურიძე სამი წელია აჭარის მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანია. ორი კვირის წინ მან განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორი გიორგი კოხრეიძე დევნის მისთვის არასასურველ ადამიანებს.

__________________

ვრცლად ამ თემაზე: 

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: