მთავარი,სიახლეები

გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის თანამშრომლებს: არავის არაფერი არ ემუქრება

22.11.2019 • 1684
გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის თანამშრომლებს: არავის არაფერი არ ემუქრება

„აქ მე თუ მოვედი, არავის არაფერი არ ემუქრება, აბსოლუტურად არავის არაფერი არ ემუქრება. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ადამიანების შრომა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შრომას დებენ, დაფასდეს შესაბამისად…“ – აღნიშნა მრჩეველთა საბჭოსთან გასაუბრების დროს გიორგი კოხრეიძემ. იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატია.

გიორგი კოხრეიძემ სხდომაზე ფეისბუქის სქრინშოტებიც მიიტანა იმის საჩვენებლად, რომ ზოგიერთ გადაცემას მაყურებელი არ ჰყავს. გიორგი კოხრეიძემ ისაუბრა იმაზეც, დღეს ვინც მას უპირისპირდება, მათ ასწავლის, „როგორ არ უნდა შევიდნენ კონფლიქტში“.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია სახელი… მე ნამდვილად არ მინდა, ვიღაცა მაგინებდეს. დღეს მაგინებენ, ვითმენ, ვითმენ და დარწმუნებული ვარ, რომ აი, ეს ადამიანები, ვინც დღეს მაგინებენ, ხვალ მოვლენ, ბოდიშსაც მოიხდიან. დარწმუნებული ვარ მაგაში. მათი განწყობა ვიღაცამ გააუბედურა, მოდი, ასე ვთქვათ, მაგრამ მიზეზი არცერთმა მათგანმა არ იცის, რატომ? მე გადავეფარები თითოეულ მათგანს, ვასწავლი იმას, როგორ არ შევიდეს კონფლიქტში,“ – აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ.

გიორგი კოხრეიძე წინა კონკურსებშიც მონაწილეობდა. ერთ-ერთი კონკურსის შემდეგ, როცა მან ორი მრჩევლის ხმა მიიღო, ჩათვალა, რომ არჩეული დირექტორი თვითონ არის და სასამართლოს მიმართა. სასამართლომ გიორგი კოხრეიძის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კონკურსი შეჩერდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი კონკურსი განაახლა.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ დირექტორის კონკურსი შეაჩერა, „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებმა განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ „სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენეს“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს მრჩეველთა საბჭო დღეს ირჩევს.

მთავარი ფოტო: გიორგი კოხრეიძე გასაუბრებაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: