მთავარი,სიახლეები

„საგანგაშო ვითარებაა“ – ომბუდსმენი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მივიდა

19.02.2020 • 1802
„საგანგაშო ვითარებაა“ – ომბუდსმენი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მივიდა

დღეს, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მივიდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. იგი აპირებს სხდომას დაესწროს და გაესაუბროს მხარეებს. სახალხო დამცველის თქმით, აჭარის საზოგადოებრივ  მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ისევ აჩენს კითხვებს, რომ ეს არ არის ადმინისტრაციული ცვლილება და საქმე გვაქვს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობასთან:

„მაქვს სურვილი, რომ გავესაუბრო  მხარეებს და გამოვხატო ჩემი პოზიცია. პროცესები როგორც ვითარდება, აშკარად აჩენს კითხვებს, რომ რეალურად, დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს არამხოლოდ ორგანიზაციულ ცვლილებებს, არამედ კრიტიკული სარედაქციო მაუწყებლობის ცვლილებებს.

მე ვფიქრობ, ეს ძალიან საგანგაშო ვითარებაა. იმ ვითარებაში, როდესაც ზოგადად ქვეყანაში გვაქვს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ არის მცდელობა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის. ჩვენ გვაქვს არაერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკავშირდება დამოუკიდებელი მედიასაშუალების მფლობელების თუ მენეჯერების მიმართ დაწყებულ დევნას და ამ ფონზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაწყებული ეს პროცესი კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აჭარის მაუწყებელი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მას გააჩნია ვალდებულება, რომ კრიტიკულად და ობიექტურად გააშუქოს მიმდინარე მოვლენები, ამიტომ აქ მიმდინარე პროცესები არ უნდა იყოს მენეჯმენტის სუბიექტური გადაწყვეტილება. მრჩეველთა საბჭო ვალდებულია, ძალიან კრიტიკულად განიხილოს დღეს შემოთავაზებული ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების მხრიდანაც, ასევე ქვეყნის შიგნით, ეს შეფასდება აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ჩარევის მცდელობად,“  – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღეს სახალხო დამცველმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ განცხადებაც გაავრცელა. იგი შეშფოთებას გამოთქვამს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ მიმდინარე მოვლენების გამო, რაც მისი განცხადებით, „საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე“.

დღეს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განიხილავს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუქმდება რამდენიმე შტატი. აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებების მეშვეობით მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აპირებს თავიდან მოიშოროს არასასურველი ადამიანები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: