მთავარი,სიახლეები

გიორგი აბაზაძე: ახლა გახდა საინტერესო ჩემი შარშანდელი პოსტები? 

05.03.2020 • 3633
გიორგი აბაზაძე: ახლა გახდა საინტერესო ჩემი შარშანდელი პოსტები? 

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის – გიორგი აბაზაძის ფეისბუქპოსტებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მას არაერთხელ გამოუხატავს აგრესია ლგბტქ თემის თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ, ნახავთ ქალების დამამცირებელ/სექსისტურ პოსტებსაც.

რამდენად შეძლებს ტელევიზიის ახალი ამბების სამსახური შეინარჩუნოს დამოუკიდებელი და თავისუფალი რედაქციის პრინციპები, როცა მისი ხელმძღვანელი აგრესიულად არის განწყობილი უმცირესობების მიმართ? – „ბათუმელებმა“ გიორგი აბაზაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. მას ამ დრომდე საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. ის საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი წამყვანი იყო და სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი კოხრეიძემ გუშინ, 4 მარტს, დანიშნა.

  • რადგან თქვენ გახდით საინფორმაციო სამსახურის უფროსი, დავინტერესდით თქვენი ფეისბუქპოსტებით, სადაც ჩანს თქვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ. პირველ რიგში, ჰომოფობიის შესახებ უნდა გკითხოთ – თქვენ გქონდათ პოსტი „არა ლგბტ“, ან „არა ლგბტ სიბილწეს“…

მე ვფიქრობ, რომ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს რელიგიური აღმსარებლობა. პოსტი, სადაც წერია, არა ლგბტ-ს – გამოხატული იყო ეკლესიის პოზიცია, იმ ეკლესიის, რომლის წევრიც ვარ მე. ვფიქრობ, რომ ეს ჰომოფობიაში მაშინ გადავიდოდა, თუკი კონკრეტულ ადამიანებს მივაყენებდი შეურაცხყოფას. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ვინმეს აყენებს შეურაცხყოფას თავისი რელიგიური მრწამსის თუ სექსუალური ორიენტაციის გამო.

  • ანუ ფიქრობთ, რომ ჰომოფობი არ ხართ?

არა, რა თქმა უნდა, არა. მე, ზოგადად, ვიზიარებ ეკლესიის პოზიციას.

  • არ ფიქრობთ, რომ ეკლესიის ეს შეხედულება წინააღმდეგობაშია იმ პრინციპებთან, რაც თავისუფალ რედაქციას უნდა ჰქონდეს?

როგორ შეიძლება, რასთან უნდა იყოს? ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვართ და ნებისმიერი აღმსარებლის ინტერესებს ვიცავთ, ვაშუქებთ, როგორც რელიგიურ დღესასწაულს, ისე დავუშვათ, მუსლიმურს და რა შუაშია? რატომ მოდის წინააღმდეგობაში? მართლმადიდებლები არ არიან მაუწყებლის თანამშრომლები და მაყურებლები არ ჰყავს?

  • ასე უყურებთ სეკულარიზმის პრინციპის დაცვას რედაქციაში?

სეკულარიზმის პრინციპი კი არის, მაგრამ ის ადამიანი ხომ ირჩევს მართლმადიდებლობას? ჩვენ გვყავს სხვადასხვა აღმსარებლობის მაყურებელი და წინააღმდეგობაში რატომ მოდის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია?

  • იმ მაყურებელს რას ეუბნებით, რომელიც ლგბტქ თემის წევრია და თქვენ მას „ღირსების მარშის“ დროს უთხარით – რომელი ღირსების დასაცავად გამოდიხართო? 

არა, ნახეთ: ვის მოვუწოდე მე კონკრეტულად? ეგ იყო ჩემი ჩვეულებრივი კითხვა და მე საერთოდ არ ჩამითვლია, რომ ეს იყო ჰომოფობიური, არავითარ ჰომოფობიურ ნიადაგზე არ გამიკეთებია ეს განცხადება.

  • რა იყო ეს, რომ გვითხრათ? 

ჩვეულებრივი ნათქვამი იყო.

  • არა ლგბტ სიბილწეს“ – ესეც არაა ჰომოფობიური?

მე მგონი გითხარით ჩემი პოზიცია და ჩვენ ახლა პოლემიკაში შევდივართ.

  • ეს გვაინტერესებს იმიტომ, რომ თქვენ ეუბნებით არას ლგბტქ თემს, რაც აუცილებლად აისახება თქვენს მუშაობაზე ამ ჯგუფის პრობლემების გაშუქებისას…

სად ვუთხარი არა? ეთერში ვთქვი? კონკრეტულ ადამიანს მივმართე? მე არ ვარ არავის წინააღმდეგი.

  • ანუ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ თემის მიმართ, როცა წერთ „არა ლგბტ სიბილწეს“?

თავისუფლებას ვცემ პატივს ყველა ადამიანის… ახლა გახდა საინტერესო ჩემი შარშანდელი პოსტები პოპულარული, მაშინ არ ვიყავი მაუწყებლის სახე და არ გამოვხატავდი მაუწყებლის პოზიციას?

  • აქამდე იყავით ერთ-ერთი წამყვანი და ახლა ხართ გადაწყვეტილების მიმღები პირი, ვინც განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას.

სახე ვიყავი და ვახმოვანებდი იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა გუნდს, მაყურებელი ჩემგან იგებდა ამბავს… მე ვიქნები სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის გარანტი, რაიმე ახალს არ შევქმნი, ზუსტად ისე გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც ვმუშაობდით ამ ხნის მანძილზე. არ იფიქრონ, რომ მე ვერევი მათ სარედაქციო პოლიტიკაში, ამ დღეების მანძილზე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არ ჩავერიო თუნდაც გეგმის აწყობაში. ისინი ვერ იტყვიან, რომ მე რაღაცაში ჩავერიე ან რაღაც ავუკრძალე.

  • თქვენ იმისთვის ხართ ამ პოზიციაზე, რომ განსაზღვროთ სარედაქციო პოლიტიკა. ასეა ხომ?

მე ვარ დროებით. საინფორმაციო სამსახურის უფროსს, გარდა შინაარსობრივი საკითხებისა, ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხი აქვს მოსაგვარებელი, რომლის კრიზისიც იყო სამწუხაროდ. მე ვარ დროებით მოვალეობის შემსრულებელი და, სავარაუდოდ, მალე კონკურსი გამოცხადდება.

  • ვიდრე კონკურსი გამოცხადდება, თქვენ განსაზღვრავთ სარედაქციო პოლიტიკას. ასეა?

მე უბრალოდ ვიქნები იმის გარანტი, რომ როგორც იყო ჩვენი მუშაობა შეფასებული, ზუსტად ისე გაგრძელდეს.

  • თქვენი ფეისბუქპოსტებიდან ჩნდება განცდა, რომ ვერ იქნებით იმავე ღირებულებების მხარდამჭერი…

წინასწარ ნუ ვისაუბრებთ, რა შეიძლება იყოს და რა – არა. თუ ჩემი ხელმძღვანელობის დროს იქნება რაიმე ჰომოფობიური ტექსტი, მაშინ მე მივიღებ რადიკალურ ზომას და დავტოვებ თანამდებობას.

  • აქვე გკითხავთ რელიგიურ უმცირესობებზე. მაგალითად, გასულ წელს გეწერათ: „მართლმადიდებელმა მღვდელმა სელფები მაინცა და მაინც არ უნდა იღოს სხვა მიმდინარეობის სასულიერო პირთან“. 

ეს ჩემი პოზიციაა, როგორც ამ რელიგიის აღმსარებლის, რომ არა იმიტომ, რომ სხვა რელიგიის აღმსარებელთან არ უნდა ვიურთიერთობოთ. მე შევხედე ამას, როგორც ჩემი რელიგიური აღმსარებლობის სასულიერო პირის, რომ სელფის გადაღება მღვდლისთვის, ჩემი აზრით, შეუფერებელია. აქ მე არ გამომიხატია ის, თუ რატომ  ურთიერთობდა ის სხვა რელიგიის წარმომადგენელთან.

  • „ყველამ თავისთვის ილოცოსო…“ ესეც გეწერათ პოსტში.

ძალიან ისეთ რაღაცაში შევდივართ, რაც ძალიან ძველია და არ ეხება დღევანდელობას. დღეს ხომ არ გამომიქვეყნებია ეს პოსტები?

  • დღეს შეიცვალა თქვენი პოზიციები ამ საკითხებზე?

არ მქონია მე არანაირი განსაკუთრებული შეხედულებები. მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ.

  • თქვენს სექსისტურ განცხადებებზეც მინდა გკითხოთ, მაგალითად, როცა დაწერეთ: „გოგონები წერენ სტატუსს – ძალიან მაკლიხარ. ტვინზეა საუბარი ხო?“ 

2014 წლის სექტემბერზეა საუბარი, როცა მე ვიყავი 16 წლის. არანაირად არ ვიზიარებ მაშინ გაკეთებულ ჩემს განცხადებას და მგონი, არც თქვენ არ გაქვთ უფლება, 16 წლის ადამიანს მოსთხოვოთ რაიმე განმარტება.

  • გასული წლის მაისშიც გქონდათ ირონიული პოსტი: „როგორ იღებენ გოგოები ფოტოებს“…

არა, მე არ შემიფასებია, რომ ეს ასე იყო. თქვენ ისეთ რაღაცას მეკითხებით, საერთოდ არ მახსოვს, რა მქონდა გაზიარებული. მე მგონი საკმარისად გითხარით, რომ არავის წინააღმდეგი არ ვარ და დავიცავ უფლებებს. თუ თქვენ შეხედავთ ჩემს ეთერში, მაყურებელი ან რომელიმე ორგანიზაცია დადებს იმას, რომ ჩემი ხელმძღვანელობის დროს ვინმეს მიადგა ზიანი, კონკრეტულად რომელიმე რელიგიურ უმცირესობას, ან ვინმეს სექსუალურ ორიენტაციას, იმ დღესვე, იმ წამსვე დავტოვებ თანამდებობას.

______________

ინტერვიუ ქვეყნდება სტილის დაცვით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: