მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა – ინფიცირებულები იტალიიდან ჩამოვიდნენ

06.03.2020
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა – ინფიცირებულები იტალიიდან ჩამოვიდნენ

5 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის უკვე 9 შემთხვევაა დადასტურებული. ხუთი ახალი შემთხვევის შესახებ, გუშინ, ღამით გახდა ცნობილი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ხუთივე პაციენტი იმყოფებოდა იტალიაში იმ მამაკაცთან ერთად, რომელსაც 4 მარტს დაუდგინდა კორონავირუსი.

„ისინი ხუთივე იმყოფებოდნენ კონტაქტში იმ მამაკაცთან, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსით ინფექცია. ისინი ერთად იმყოფებოდნენ იტალიაში. ამ ხუთიდან ორი არის საშუალო ასაკის, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, სამი ახალგაზრდაა – ერთი ახალგაზრდა ქალი და ორი ვაჟი. ხუთიდან არც ერთი არ არის ხანდაზმული ასაკის, რაც მაღალი რისკის ჯგუფია შედეგების გამოსავლის თვალსაზრისით. ამ ხუთიდან ოთხის მდგომარეობა კარგია, დამაკმაყოფილებელია, მათ ტემპერატურის მომატება ან რაიმე ჩივილი ამ მომენტში არ აღენიშნებათ, ხოლო ერთ მათგანს აქვს მსუბუქი სიმპტომები, 37,3 აქვს ტემპერატურა და აღენიშნება ყელის ტკივილი.

ისინი პირველ მარტს ჩამოვიდნენ თბილისში დილით, ვინაიდან არ ჰქონდათ სიმპტომები, წავიდნენ ჩვეულებრივ სახლში და მხოლოდ შემდეგ, როცა მათთან მყოფ მამაკაცს დაუდასტურდა ეს ინფექცია, მათ მიაკითხეს ექიმებმა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ TV პირველის ღამის ეთერში.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც 4 მარტს დაუდასტურდა კორონავირუსი, საშუალო სიმძიმისაა.

„აქვს მაღალი ტემპერატურა, ჰქონდა 39-ზე მეტი, დღეს ჰქონდა 38,5 და საერთო სისუსტე… ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ამ დაავადებას ახასიათებს ერთი ვერაგი თვისება, გრიპთან შედარებით იწყება მსუბუქად და მერე ერთი კვირის მანძილზე შეიძლება დამძიმდეს. თუმცა ამ წუთში შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტს საფრთხე არ ემუქრება. დინამიკა უარყოფითი არ არის“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროისათვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში – 162 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 45. ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 9 შემთხვევა.

5 მარტის მონაცემებით, ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ძირითადი წყარო იტალიაა, სადაც ოფიციალურად 3 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში დაფიქსირებული 9 შემთხვევიდან 7 პირდაპირ უკავშირდება იტალიაში მოგზაურობას.

მთავარი რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს, არის:

  • დაიცავით პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ხშირად დაიბანეთ ხელები;
  • გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ მოგზაურობას;
  • იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თვითიზოლაციას საკუთარ სახლში, თუ ამის საშუალება არ არსებობს, იმ შემთხვევაში კარანტინში უნდა მოთავსდეთ;

კორონავირუს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა ბოლო ერთ დღეში მკვეთრად მოიმატა ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც.

5 მარტის მდგომარეობით, ნიდერლანდებში შემთხვევების რაოდენობა ერთ დღეში თითქმის გაორმაგდა და 82-ს მიაღწია, ინფიცირებულთა მნიშვნელოვან ნაწილს კი სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ინფიცირებულთა შორის არიან ის ექიმები და მედდები, რომლებიც მანამდე ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობდნენ.

ერთ დღეში 100-ით მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ გერმანიაში და 350-ს მიაღწია. შემთხვევების თითქმის ნახევარი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონშია დაფიქსირებული.

5 მარტს ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა საბერძნეთში. ისრაელიდან და ეგვიპტიდან დაბრუნებულ 21 ადამიანს ვირუსი აღმოაჩნდა, რის შედეგადაც, ინფიცირებულთა რაოდენობამ 31-ს მიაღწია. 377-მდე გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა საფრანგეთში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: