მთავარი,სიახლეები

გიორგი კოხრეიძე: ჯერ არ ვიცი, ვინ წაიყვანს 8-საათიან საინფორმაციოს

07.03.2020
გიორგი კოხრეიძე: ჯერ არ ვიცი, ვინ წაიყვანს 8-საათიან საინფორმაციოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ჯერ არ იცის, ვინ წაიყვანს არხზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.

„იქნება ყველაფერი ისე, როგორც  საჭიროა. გადავწყვიტავთ. პრობლემა არ იქნება,“ –  ამბობს გიორგი კოხრეიძე.

რვასაათიანი საინფორმაციო გამოშვება „მთავარს“ წამყვანი 6 მარტის შემდეგ აღარ ჰყავს – გიორგი კოხრეიძემ გუშინ შეუჩერა თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით.

„ბათუმელებმა“ გიორგი კოხრეიძეს ჰკითხა, არხის გამოშვების ახალი წამყვანი ხომ არ იქნება ნინო გორჯელაძე. ამის შესახებ არაოფიციალურ ინფორმაციას ფლობენ თავად მაუწყებლის ჟურნალისტები.

„გეფიცებით, ნინო გორჯელაძე არის ჩემი მეგობარი, მაგრამ მსგავსი რამ, ჯერჯერობით, ამ მომენტამდე თავში არც გამივლია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. მიუხედავად იმისა, რომ ნინო გორჯელაძე არის ჩემი მეგობარი და კარგად ვიცნობ მას. ახლა თქვენ მეუბნებით ამას. სხვამაც ცოტა ხნის წინ მითხრა და საიდან გორდება ეს ჭორები ვგიჟდები,“ –  ამბობს გიორგი კოხრეიძე „ბათუმელებთან“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როდის გახდება ცნობილი საინფორმაციოს ახალი წამყვანის ვინაობა, გიორგი კოხრეიძე პასუხობს:

„ახლა ხომ დასვენების დღეა. დავისვენოთ ყველამ. ორშაბათი გათენდება და იმედია ყველაფერი კარგად იქნება“.

ნინო გორჯელაძე 2019 წელს აჭარის მთავრობაში მედიასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა. მანამდე კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი იყო.

რაც შეეხება თეონა ბაკურიძეს, ტელეწამყვანი ორშაბათს სასამართლოში იმ ბრძანებას გაასაჩივრებს, რის საფუძველზეც დროებით უფლებამოსილება შეუჩერდა. მის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და EMC დაიცავენ.

„გიორგი კოხრეიძეს ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა,“ –  მიიჩნევენ საიაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: