დღეს, 16 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, ჟურნალისტები, იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რათა სოლიდარობა გამოეცხადებინათ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების გუნდისთვის. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამჟამად მიმდინარეობს პროცესი, რის შედეგადაც, მაუწყებლის ახალი ამბების გუნდის განცხადებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო და დირექტორი თავიდან იშორებენ არასასურველ ადამიანებს და საფრთხეს უქმნიან სარედაქციო დამოუკიდებლობას.
თამარ მამეიშვილი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული ცენტრის რეგიონალური კოორდინატორი, აქციაზე შვილთან ერთად მოვიდა. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი, როგორც მოქალაქის მოვალეობაა ამ აქციაზე ყოფნა:
„ვხედავ საფრთხეს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხდება არაჯანსაღი პროცესი, ეს პროცესები ბოლო თვეების განმავლობაში ვითარდებოდა და ვცდილობდით, ყოველთვის წინააღმდეგობა გაგვეწია როგორც პირადად მე, ერთ მოქალაქეს, ასევე ორგანიზაციულადაც. ჩემი, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრის მოვალეობაა, ვიდგე მაუწყებლის გვერდით და ხელი შევუშალო იმ მოვლენების განვითარებას, რაც ემუქრება ტელევიზიას. არ მინდა ეს სივრცე, როგორც ამ მაუწყებლის მაყურებელმა, დავკარგო“.
აქციაზე თბილისიდან ჩამოვიდა ჟურნალისტი ნათია ზოიძე, აჭარის მაუწყებლის დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელმაც თანამდებობა ორი კვირის წინ დატოვა, რადგან, მისივე განცხადებით, არ ეძლეოდა მუშაობის საშუალება. მან გვითხრა, რომ აქციაზე ყოფნის მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაა, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასია:
„აქ ვარ იმიტომ, რომ ვუგულშემატკივრო საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას საქართველოში. არ შემიძლია მშვიდად დავჯდე სახლში, გავაგრძელო ტელევიზორის ყურება, დავლიო ყავა და დაველოდო პროცესებს, რა იქნება. ყველა ეტაპზე ვიქნები მათ გვერდით. მე კი არა, აბსოლუტურად ყველა, ვისთვისაც რაიმე ღირებულებას აქვს მნიშვნელობა, ჩემი აზრით აქ უნდა იდგეს. გოგა კოხრეიძეს [აჭარის მაუწყებლის დირექტორი] და მრჩეველთა საბჭოს არაფერი არ გაუკეთებიათ ამ ტელევიზიისთვის გარდა იმისა, რომ ანგრევენ ნაბიჯ-ნაბიჯ და თან ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობენ. ამისთვის მათ მიიღეს ბიუჯეტიდან ჯილდო, მოსულები არ იყვნენ და გაიზარდა მათი ხელფასები, ერთ თვეში აიღეს უზარმაზარი პრემიები და ამის სანაცვლოდ ყოველდღიურად აწერენ ხელს რაღაც დოკუმენტებს, რომელიც პირდაპირ ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ჩანაწერი და შენობა არსებითი არ არის, მთავარი შინაარსია და ამ შინაარსს უნდა გავუფრთხილდეთ“ – განაცხადა ნათია ზოიძემ.
მას ასევე ვკითხეთ, არსებულ სიტუაციაში რაში ხედავს გამოსავალს.
„არ ვხედავ გამოსავალს იმაში, რომ კეთილშობილება გაიღვიძებს გოგა კოხრეიძეში ან მრჩეველთა საბჭოს ამ შემადგენლობაში. თავისთავად ცხადი იყო, რომ არც ერთი ეს ადამიანი, ვინც ბოლო პერიოდში აირჩიეს მრჩეველთა საბჭოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირებულებებს არ იზიარებდა, ისინი მოვიდნენ სხვა მიზნით.
ის, რასაც შეუძლია ეს ადამიანები შეაჩეროს, არ არის მათი სინდისი, ამ ადამიანების შეჩერება შეუძლია საზოგადოების რეაქციას. თუ ამ ქალაქში არის ვინმე ისეთი, ვინც დებს თავს, რომ არის ამ ქალაქის, ამ რეგიონის გულშემატკივარი, არ უნდა დაჯდეს ახლა სახლში მშვიდად, რადგან მაყურებლის თვალწინ ინგრევა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, ძალიან ძვირფასი ღირებულება. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ არის მხოლოდ იმ ხალხისთვის, ვინც აქ მუშაობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამოძრავებს მთელს რეგიონს, მთელს ქალაქს.
სად არიან უნივერსიტეტის პედაგოგები, რას ასწავლიან ისინი ლექციაზე სტუდენტებს? მართლა მაინტერესებს. არ ვიცი უნივერსიტეტში ამ ეტაპზე რამდენი პედაგოგია, მაგრამ ძალიან მინდოდა მეხილა ისინი აქ. არ უნდა დატოვონ ეს გუნდი მარტო სისტემის პირისპირ. ვერავინ მოერევა ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებულ გუნდს, მაგრამ ახლა მათ ხელს უგრეხს სისტემა და ეს უნდა გაათვიცნობიეროს ყველამ“ – ამბობს ნათია ზოიძე.
შეტევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე – ასე აფასებს ადვოკატი ირაკლი შავაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს. იგი ამბობს რომ ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, 2019 წლის გაზაფხულზე, როცა მრჩეველთა საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე:
„ამის შედეგი დგება დღეს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია და დაანახოს ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება იერიშის მიტანა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. აჭარის ტელევიზია ბოლო წლების განმავლობაში, მე ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო ტელევიზია იყო, რომელიც აშუქებდა პრობლემატურ საკითხებს. ასე საზოგადოება დაკარგავს ობიექტურ არხს, რომელიც, ჩემი აზრით, დაბალანსებულად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აჭარის ტელევიზია დიდი ალბათობით დაემსგავსება „იმედს“, რომელზეც წლების განმავლობაში არც კი გადამირთავს“.
აქციაზე იმყოფებოდა მაუწყებლის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, ჟურნალისტი და პროდიუსერი ნათია შავაძე, რომელსაც 2020 წლის დასაწყისში შეუწყვიტა მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება.
„ეს ტელევიზია არ არის არავის პირადი ბოსტანი, ეს არის საზოგადოების კუთვნილება და მას მჭირდება მხარდაჭერა. გული მწყდება, რომ კიდევ მეტნი არ ვართ, რადგან ამ ქვეყანაში ხელისუფლება ყოველთვის ითვლის ადამიანების რაოდენობას. ვფიქრობ, ხელისუფლება, ახალარჩეული დირექტორის ხელით, გადავიდა შეტევის ბოლო ეტაპზე და ცდილობენ მაუწყებელს მოაშორონ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას, ქმნიან საზოგადოებრივ მაუწყებელს. მე იმედი მაქვს, რომ ადამიანები სისტემასთან ბრძოლაში არ დამარცხდებიან და ამ ბრძოლას ექნება შედეგი“ – ამბობს ნათია შავაძე.
ტელევიზიასთან გამართულ აქციაზე მამასთან ერთად მოვიდა ფოტოგრაფი ედო მჟავანაძე. იგი აჭარის მაუწყებლის მაყურებელია, ამბობს, რომ მოსწონს, როგორც მუშაობენ ჟურნალისტები და აქ სოლიდარობის გამოსახატად მოვიდა:
„ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია, სახლში ვიჯდე და სოლიდარობა არ გამოვხატო ამ ტელევიზიის მიმართ“ – ამბობს ედო.
დღეს, ტელევიზიასთან გამართული აქციის ერთ-ერთი ინიციატორი სულხან მესხიძე იყო, TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. მან გვითხრა, რომ ამჯერად აქციაზე მოვიდა როგორც მოქალაქე და რიგითი მაყურებელი:
„ამ ტელეკომპანიას ახლა სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, ვისაც ეკუთვნის მაუწყებელი. ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზია არა ერთი შეტევის ობიექტი იყო ხელისუფლების მხრიდან. ეს უკვე აღარ არის მცდელობა, ეს აშკარა გავლენებია ხელისუფლების. აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტდა ისეთი ადამიანებით, რომლებიც ალბათ ყველაფერზე ხელს მოაწერენ, ყველაფერზე არიან წამსვლელები იმისთვის, რომ ხელისუფლებამ თავისი დასახული მიზანი მიიყვანოს ბოლომდე. საზოგადოების მხარდაჭერა ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან უნდა გადავარჩინოთ მაუწყებელი, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ. სოლიდარობას ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. იმედია შევძლებთ იმას, რომ ეს ტელევიზია არ დაბრუნდეს ძველ დროში. ამ არხზე არ ისმოდა თავისუფალი სიტყვა, თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ და გვინდა ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ“.
დღეს, 17 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდამჭერი, სოლიდარობის აქცია გაიმართა ქუთაისშიც, ხვალ, თბილისში, პარლამენტთან შეიკრიბებიან ჟურნალისტები აქციაზე სლოგანით – „სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს“ და სოლიდარობის აქცია გაიმართება ქალაქ ოზურგეთშიც.